საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში “გავრილიადა” გრძელვადიან მოვლენად იქცა და სამმოქმედებიან სპექტაკლს დაემსგავსა. ყველაფერი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თბილისური ვოიაჟის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციებით დაიწყო, რაც მალევე “გახარიაში” (საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა – Dalma News) გადაიზარდა. აქციებმა “გაბუნიადას” (ოპოზიციურ ტელეარხ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის ანტიპუტინურ განცხადებებთან დაკავშირებული სკანდალი – Dalma News) ტრანსფორმაცია განიცადა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროცესი დღემდე გრძელდება. სცენაზე მესამე მოქმედება დაიწყო. ყველა ძალიან დაღლილი და გამოფიტულია. დასვენება და სულის მოთქმა არავის აწყენდა, მაგრამ სამწუხაროდ, ივნისის მოვლენების შედეგი ტურისტული ემბარგოს სახით, საქართველოს ბუმერანგივით შემოუბრუნდა.
ტურისტები – გაბედულები და შეშინებულები
თბილისური შუადღე. მეტროსადგური “ავლაბარი”. სხვათა შორის, ეს რაიონი უკვე დიდი ხანია რუსი ტურისტების საყვარელი ადგილია. ალბათ, ისინი ყველაზე მძაფრად გრძნობენ ქალაქურ კოლორიტს. მეტროდან მარჯვნივ ნორ ეჩმიაძინის სომხური სამოციქულო ეკლესია, პატარა სკვერი და ადგილობრივი ე.წ. ბირჟაა. აქ ასეირნებენ ძაღლებს, თამაშობენ ნარდს, საუბრობენ და განიხილავენ მიმდინარე მოვლენებს. მიკროავტობუსების მძღოლებიც იქვე შეკრებილან და უსაქმურობით დაღლილი სახეებით “ბირჟავიკობენ”.
დაახლოებით 20 წუთში ტურისტები გამოჩნდნენ და ერთ-ერთ მძღოლს ეკითხებიან:
– კახეთში, მაგალითად სიღნაღში რამდენად წაგვიყვანთ?
– 150 ლარად, — პასუხობს რობერტი.
– ერთი ადამიანი? – აზუსტებს მამაკაცი.
– რას ლაპარაკობ, ძვირფასო! ჯგუფი! – იღიმის რობერტი.
– ჩვენ პიტერიდან ავტომობილით ჩამოვედით, – დაიწყო მამაკაცმა მოყოლა. – საქართველოში მოგზაურობა დაგეგმილი გვქონდა, მერე ეს არეულობები მოხდა, მაგრამ გეგმები არ შევცვალეთ. ახლა ვხვდები, რომ სწორად მოვიქეცით.
გახარებული მამაკაცი მემშვიდობება და მძღოლისთვის საჭირო ტელეფონით იარაღდება.
“იცით, ხალხი განსხვავებულია. ვიღაცას შეეშინდა და ბილეთები გააუქმა, სხვები – მაინც ჩამოვიდნენ. თუმცა, დაკვირვებების თანახმად, ისინი ბევრად მეტნი არიან, ვინც აქ ჩამოსვლა გადაიფიქრეს. ჩვენთან საიდან აღარ ჩამოდიოდნენ: მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ვლადივოსტოკიდან, როსტოვიდან, კრასნოიარსკიდან”, – ამბობს მძღოლი, გივი.
ჩვენი თანამოსაუბრე უკვე ათი წელია ტურისტებს საკუთარი ავტომობილით ემსახურება, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი მათზე ბინასაც აქირავებს. გივი ტელეფონით ლამაზი სლავი ქალის ფოტოს მაჩვენებს და ამბობს:
“მწერს, რომ თუ ფრენები განახლდება, ახალ წელს თბილისში შევხვდებიო. უამრავ ადამიანს სურს საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ტრანზიტული ფრენები ძალიან ძვირი უჯდებათ, რის გამოც საერთოდ აუქმებენ ვიზიტს”, – ამბობს გივი.
არასასურველი ტურისტები, ანუ რა ღირს სიამაყე
ჩავდივარ მიწისქვეშა გადასასვლელში და ორ წუთში ძველ მეტეხს ვუახლოვდები. ქუჩას საქართველოს მეფის და თბილისის დამაარსებლის, ვახტანგ გორგასლის ძეგლთან მივყავარ, რომელიც მეტეხის ციხე-სიმაგრეს მედიდურად გადაჰყურებს. ქუჩა სავსეა სასტუმროებით სუვენირების მაღაზიებით. სომხური ეკლესიის ნანგრევების გვერდით არის სასტუმრო „ტუტა“, რომელიც 2018 წელს გაიხსნა. ადმინისტრატორების თქმით, სასტუმრო აქამდე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა და ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობდა, მაგრამ ავად სახსენებელი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, სასტუმრო დაცარიელდა (იხილეთ მასალა – ბილწსიტყვაობის სტანდარტი ქართულ ჟურნალისტიკაში და საქართველო სანქციების მოლოდინში).
– 31 ოთახიდან მხოლოდ ხუთია დაკავებული. მსგავსი რამ აქ ჯერ არ მომხდარა. “ახლა, იძულებული ვართ, არაბები მივიღოთ”, – ამბობს ადმინისტრატორი.
– სხვა დროს, უარით ისტუმრებდით?”
– ასეც გვსურდა, მაგრამ ახლა, სად არის ასეთი ფუფუნება? თითოეულ მათგანს ვუფრთხილდებით.
– რატომ “გიყვართ” ისინი ასე ძალიან?
ამის პასუხად ადმინისტრატორმა ტელეფონი ამოიღო და მაჩვენა ფოტო, სადაც სჩანდა ყავისფერი მასით სავსე ხელსაბანი.
– როდესაც ვკითხეთ, ეს რატომ გააკეთეთ-მეთქი, მიპასუხეს: დიდი ამბავი, უნიტაზში აგვერიაო,- ამბობს ადმინისტრატორი.
– გგონიათ, ეს ერთადერთი შემთხვევაა? – განაგრძობს გამწარებული ადმინისტრატორი და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის, – ამ ბიზნესში მომუშავე ნებისმიერ ადამიანს ჰკითხეთ და ბევრ “საინტერესოს” მოგიყვებიან.
იმ დღეს არაბი ტურისტების შესახებ ბევრს ვესაუბრე და მოსმენილით მართლაც გავვოგნდი. მათზე მხოლოდ სასტუმროების ბიზნესში მომუშავე ადამიანები კი არ მიყვებოდნენ, არამედ მუზეუმების თანამშრომლები, მძღოლები და მიმტანები. ერთი სიტყვით, ყველა ვისაც რაიმე შეხება აქვს საქართველოს ტურისტულ ბიზნესთან. ეს ტურისტული სეგმენტი საქართველოში, სტუმრებს მიუკერძოებლად ემსახურება, თუმცა ზოგიერთები არ უყვარს არა იმიტომ, რომ ისინი არაჰიგიენურები და უხეშები არიან, არამედ იმიტომ, რომ მასპინძელი ქვეყნისა და ხალხისადმი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება აქვთ. ამბობენ: ჩვენ ფულს ვიხდით და ამიტომ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო.
ქრონიკული უმუშევრობა და დაღლილობა
შემდგომი დისლოკაცია მეტეხის ხიდი. ფოტოაპარატის ობიექტივი მდინარეზე მოცურავე იახტისკენ მივმართე. უკნიდან ინგლისურენოვანი საუბარი შემომესმა. ცხადია, ადგილობრივებისთვის ზურგჩანთიანი და ფოტოაპარატიანი გამვლელები ტურისტებთან ასოცირდებიან.
– წლეულს, მარტო რუსი ტურისტების კი არა, სხვა ქვეყნების ტურისტების დეფიციტიც არის,- ამბობს გიორგი. – შარშან, ამ დროს შესანიშნავად ვმუშაობდი. დღეს კიდევ, ორი-სამი “კლიენტი” თუ სადმე დავიჭირე, მიხარია. მე ხომ გამომუშავებით ვმუშაობ. თითოეული სტუმრის მიერ გადახდილი თანხის 20% მრჩება.
ბიჭს წარმატება ვუსურვე და გზა “ტურისტული მექას” მიმართულებით განვაგრძე. ძველად ამ ადგილს “სომხური ბაზარი” ერქვა. ახლა – კოტე აფხაზის ქუჩაა. “ტურისტული მექასთვის” დამახასიათებელი ხალხმრავლობა ვერსად შევნიშნე, თუმცა ტურისტები ხალვათად მაინც მოძრაობდნენ. ეკონომიკური კვლევითი კომპანია TBC Research-ის მონაცემებით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოში, რუსი ტურისტების რაოდენობა, აკრძალვიდან ერთ კვირაში, 21,4%-ით შემცირდა.
თუ ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე ტურისტები ექსკურსია მძღოლებს ეძებდნენ, ახლა პირიქით, ტურისტებს სანთლით ეძებენ. როგორც კი ერთ-ერთ ავტომობილთან შევჩერდი და საქართველოს რეგიონების ტურისტული მარშრუტებით დავინტერესდი, მაშინვე გაჩნდა ჩემს გვერდით ავტომობილის მფლობელი – ზაზა, რომელიც გიდის მოვალეობასაც ითავსებდა და მძღოლისაც.
“მთელი დღე ტყუილად ვდგავართ. მთელი ზაფხული დაჯავშნული მქონდა და რა?! ყველაფერი გაუქმდა. ადამიანების უმრავლესობამ ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაციები დაიჯერა და ჩამოსვლა შეეშინდა. ვისაც არ შეეშინდა, საკუთარი ავტომობილით ჩამოვიდა. ძალიან ცოტა ტურისტი შემოვლითი გზით გვესტუმრა. შარშან ამ დროს დასვენების გარეშე ვმუშაობდით. ეჰ, ვფიქრობ, კიდევ მომიწევს საქმიანობის შეცვლა”, – ამბობს დამწუხრებული მძღოლი.
ზაზას ადრე საავტომობილო ბიზნესი ჰქონდა. ავტომობილები საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდა. შემდეგ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აიკრძალა და ზაზამაც საქმიანობა შეცვალა.
“მე და ჩემმა ძმამ ტურისტული ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტეთ. ავტომობილები შევიძინეთ და ტურისტების სხვადასხვა რეგიონში ჩაგვყავდა. ახლა, 20 ივნისის საჩუქარი მივიღეთ. არსებული ვითარება კიდევ დიდხანს თუ გაგრძელდა, სხვა სამსახურის მოძებნა მოგვიწევს”, – დასძინა ზაზამ.
წრეზე სიარული და დაღლილი ადამიანები
კოტე აფხაზის ქუჩა პატარაა. 10 წუთში მთელს ქუჩას ჩაივლი. ყოფილი მერიის შენობის გვერდით ტაბიძის ქუჩაზეა შესახვევი და იქ სახლი კი არა, ისტორიული ძეგლი დაგხვდებათ. სახლის პირველი სართულები რესტორნებს, კაფეებს და სასადილოებს უკავიათ.
– ჩვენთან უწინდებურად ბევრი ხალხია, თუმცა ტურისტების რაოდენობამ იკლო, – ამბობს კაფეს თანამშრომელი.
– “მაგრამ მსგავსი მომენტები თითქმის ყოველწლიურად არის, მით უფრო ამ პერიოდში. უკვე 5 წელია ამ სფეროში ვმუშაობ. წელს, მაგალითად, კოლეგებისგან ვიცი, რომ ბათუმში ძალიან ცოტა ტურისტია და იქ მომუშავეები დიდ დანაკარგს განიცდიან”, – დასძინა მან.
არის კიდევ ერთი თბილისური ტრენდი – ნატურალური წვენების გაყიდვა.
ნაზი პირველ სართულზე ცხოვრობს. წვენსაწური შეიძინა და ბროწეულის და ფორთოხლის წვენს წურავს. გარდა ამისა, ნაზი ბინას აქირავებს. უკვე მესამე წელია მისი ოჯახი ტურისტული ბიზნესით ირჩენს თავს. წლევანდელი სეზონი მათთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა.
“ოთახების ფასი გავანახევრეთ. მაგალითად, შარშან თუ 160 აშშ.დოლარად ვაქირავებდით, ახლა ფასები 90 აშშ.დოლარამდე დავწიეთ, თუმცა კლიენტები მაინც საძებარი გვყავს. დიდი ხანია შვილი სარატოვში მეპატიჟება, მაგრამ პატარა გოგო ხომ არ ვარ – ყველაფერი თავიდან დავიწყო. ყველაფერი საშინლად მომბეზრდა, როდემდე შეიძლება წრეზე სიარული?! რა საჭიროა წარსული შეცდომების გამეორება? იცით, ეს ყველაფერი რატომ ხდება? აქ საქმე თბილისს კი არ ეხება, არამედ რუსეთის და ამერიკის ინტერესებს. განა, ჩვენ ამდენი არ გვესმის? მაგრამ არაფრის გაკეთება შეგვიძლია. ვიფიქრეთ, ქვეყანა დაწყნარდა, ამოისუნთქა, რუსეთიდან სტუმრებმა დაიწყეს ჩამოსვლა, სასაქონლო ბრუნვაც გაიზარდა, ანუ დავიწყეთ თუ არა ხიდების აღდგენა, აი, ეს ვაქხანალია მოაწყვეს”, – ამბობს ნაზი.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის შედეგად უბრალო და პოლიტიკისგან შორს მყოფი ადამიანები დაზარალდნენ.
“ჩვენ ხომ სახელმწიფოსგან არაფერს ვითხოვთ, თავად ვპოულობთ შემოსავლის წყაროს. მაგრამ მოსვენება მაინც არ გვაქვს. საშინლად მოსაბეზრებელია ყველაფერი. ამ ჩხუბში და დაულაგებელ ურთიერთობაში 30 წელი გავიდა. ეს ხომ მთელი ცხოვრებაა?! ჩვენ კიდევ ისევ დატკეპნილ გზაზე დავდივართ”, – დასძინა მან
იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ზიხარ
თბილისში გასეირნების შემდეგ, სად შეიძლება ტურისტი რომ წავიდეს?! ვგულისხმობ ისეთ ტურისტს, რომელმაც თბილისის ხიბლი იცის. ცხადია, ღვინის სახლში.
მე და შალვა ერთმანეთს უკვე მეორედ შევხვდით, მაგრამ ასე მგონია, მას დიდი ხანია ვიცნობ. ეს ხომ საქართველოა! აქაური ურთიერთობები ადამიანებს ერთმანეთთან ძალიან აახლოვებს.
შალვა თავისი ბიზნესი ექვსი წლის წინ დაიწყო. მან კოტე აფხაზის ქუჩაზე ღვინის მაღაზია გახსნა. თავი მოუყარა ყველაზე საუკეთესო ღვინოს და პროფესიონალურად მიუდგა თავისი ბრენდის წარმოჩენას.
“რაზე ფიქრობს მამაკაცი ღვინის შემდეგ”, – დასვა კითხვა მსოფლიოს ფსიქოანალიზის მამამ – ზიგმუნდ ფროიდმა, კოტე აფხაზი ქუჩის (ყოფილი ლესელიძე) მაღაზიის შესასვლელში. ახლა ამ შეკითხვაზე პასუხს უკვე სხვა მისამართზე, ლეონიძის ქუჩაზე ეძებენ. ამ რიტორიკული შეკითხვის პასუხი ძალზედ სახალისო აღმოჩნდა. ღვინის მაღაზიაში საღამოობით მუსიკოსები უკრავენ. მაღაზიის ყველაზე ხშირი სტუმრები რუსი ტურისტები არიან.
“ეკატერინე, იცი, ამას ჰქვია იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ზიხარ. ცხადია, შიმშილით არ მოვკვდებით. ჩემთან კანადელებიც მოდიან, ავსტრიელებსაც მოსწონთ ჩვენი ღვინო. გერმანელებმაც იციან ჩვენი პროდუქციის ფასი. ვინ იფიქრებდა, არა?! ანუ, ვმუშაობთ, ვმოძრაობთ, არ ვჩერდებით და ევროპელ მომხმარებელთანაც შესანიშნავ ურთიერთობას ვამყარებთ. მაგრამ რუსები ჩვენთან სულიერად უფრო ახლოს არიან. ჩვენ იუმორის გრძნობაც ერთნაირი გვაქვს. ხშირ შემთხვევაში ჩვენი გემოვნებაც ერთმანეთს ემთხვევა. საერთო ჯამში, სხვის დაკრულზე ცეკვის შედეგად ჩვენ ვზარალდებით და რუსი ტურისტები”, – განაცხადა მან.
შალვა იმედოვნებს, რომ სექტემბრიდან ვითარება რადიკალურად შეიცვლება და ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდება. იქნებ, ასეც მოხდეს. კრიზისული ვითარებიდან გამოსასვლელად, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთიდან ტრანზიტული რეისების სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. ამგვარად, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოიყოფა 600 ათასი ევრო, ავიაბილეთების შესაძლო გაძვირების სუბსიდირების მიზნით იმ რუსი ტურისტებისთვის, რომლებიც ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის ავიარეისებს შეიძენენ.
“რუს ტურისტებს, სხვა ტურისტებისგან განსხვავებით, საჭმელსა და სასმელში ფულის ხარჯვა უყვართ. ერთხელ ერთი წყვილი შემოვიდა. მამაკაცმა ერთი ჭიქა ჭაჭა ისე შესვა, ქალს არც კი დაუნახავს. მეორე ჭიქაც ანალოგიურად – ქალს ეჭვიც არ გასჩენია. მესამე ჭიქაზე კიდევ ოფიციალურად ვეპატიჟები. ამის შემდეგ მამაკაცი მაგიდასთან ჯდება და მეუღლეს ჩემთვის კარგად ნაცნობ სიტყვებს ეუბნება: “იცი, რა ნატაშა, შენ წადი გაიარე, დაათვალიერე, აირჩიე რაც გინდა, მე ჩემი საქართველო უკვე ვიპოვე…”, – დასძინა შალვამ.
ეკატერინე მინასიანი