ზუსტად სამი წელი შესრულდა საქართველოს ხელისუფლებაში კოალიცია “ქართული ოცნების” მოსვლიდან. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებას ხალხი ფეიერვერკებითა და ოვაციებით შეხვდა. დედაქალაქის ქუჩებში ავტომობილების კოლონები “ოცნების” დროშების ფრიალით დაქროდნენ. “ქართულ ოცნებას” სათავეში ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და მოგვიანებით ქვეყნის პრემიერი გახდა. ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მაშინვე დატოვებდა ამ თანამდებობას, როგორც კი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილს პრეზიდენტის სასახლიდან გაისტუმრებდა და არა მხოლოდ ყოფილ მმართველ პარტიას, ქვეყნის პირველ პირსაც ახლით ჩაანაცვლებდა. ასეც მოხდა. ექსპრეზიდეტნი სააკაშვილი და მისი გუნდის ბევრი ლიდერი საქართველოდან გაიხიზნენ, დარჩენილების წინააღმდეგ კი დღემდე სასამართლო პროცესები გრძელდება. თუმცა ეს საყოველთაოდ ცნობილი თემაა და ამაზე აღარ შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას.
“ნაციონალური მოძრაობის” მემვიდრეობა “ქართული ოცნებისთვის” იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ქვეყანაში არსებული ბევრი პრობლემა უკვე თვალში საცემი გახდა. თუმცა “ოცნება” არც ბუნებამ დაინდო და ბევრი ტრაგიკული დღეები მიყვა ერთმანეთს. საამისოდ მარტო 13-14 ივნისის თბილისი ტრაგედია კმარა, როდესაც მდინარე ვერეს ადიდების გამო დაინგრა სახლები, გზები, დაიღუპნენ ადამიანები და ქვეყანას 100 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. ამ ტრაგედიიდან, რამდენიმე დღეში, თბილისის ერთ-ერთ უბანში, გლდანში გაზის გაჟონვის გამო მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რასაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.
ტრაგიკულ დღეებს დაერთო ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა. მძიმე მდგომრეობაში აღმოჩნდა ეკონომიკა, შენელდა საგარეო აქტივები, კახეთში მევენახეებს, ხელისუფლების მიერ შათავაზებული ყურძნის ფასი არ აკმაყოფილებდათ და რთველის დაწყებას აჭიანურებდნენ. ზოგი მსხმოიარე ვენახის აჩეხვითაც იმუქრებოდა. სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში რამდენჯერმე განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები. “ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა. ერთი სიტყვით “ოცნების” ხელისუფლებას არც თუ მშვიდი პერიოდი აქვს. თუმცა არის დადებითი ცვლილებებიც.
საკადრო პოლიტიკას დღევანდელი ხელისუფლების შესაძლო მარცხად ექსპერტი სოსო ცისკარიშვილიც მიიჩნევს. მისი აზრით, თავიდანვე შეგვეძლო გაგვეთვალა, რომ ყველა ის ოცნება, რომელზეც ახალი ხელისუფლება საუბრობდა, ვერ ასრულდებოდა და ისინი ვერ შეასრულებდნენ გაცემულ დაპირებებს. თუმცა, სოსო ცისკარიშვილი “ქართული ოცნების” წარმატებად მიიჩნევს, რომ ადამიანი, როგორც სუბიექტი, ფასეულობათა სათავეში მოექცა.”ჰუმანიზმის კუთხით ახალი ხელისუფლება სჯობს ყოფილს, მაგრამ იმაშიც ვრწმუნდებით, რომ უკეთესი კარგს არ ნიშნავს. ჰუმანიზმი გამოიხატა იმ ფაქტში, რომ საქართველო აღარ არის ევროპის ჩემპიონი პატიმრების რაოდენობით”, – განუცხადა Dalma News-ს ექსპერტმა.
მინუსების მიუხედავად ხელისუფლებაში საზეიმო განწყობაა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისთვის ეს სამი წელი სამი დღესავით გაილია და გვარწმუნებს, რომ დარჩენილი მეოთხეც, წინებზე უკეთესი იქნება. “გილოცავთ ამ ამბავს და კიდევ ბევრი კარგი წელი იქნება წინ”, – განგვიცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, სასტუმრო “რედისონში” საერთაშორისო კონფერენცია “რეგიონული უთანასწორობის დაძლევის” მიმდინარეობისას.
“პირველია ოქტომბერი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება,” – ასეთია საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მოლოდინები. მისი თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბერი საქართველოს მოქალაქეებს, მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ დღედ, “როდესაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ სისხლიან რეჟიმზე, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი წარმოადგენდა”. რაც შეეხება დაპირებების შესრულებას, მისი თქმით, ამ სამი წლის განმავლობაში ბევრ რამ გაკეთდა.
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი ემოციურად, ქვეყანაში არსებული ვითარების გაუმჯობესების მოლოდინით გააკეთა და იმედოვნებს, რომ მომდევნო არჩევნებში ამ გამოციდლებას გაითვალისწინებენ, პოლიტიკოსებიც ნაკლებად გასცემენ ტყუილ დაპირებებს.
მისი თქმით, ამ სამი წლის განმავლობაში ამომრჩეველს მუდმივად ესმოდა 9 წელი, 9 წელი… “ხელისუფლება ორიენტირებული იყო ყველაფერი წინამორბედისათვის გადაებრალებინა. როცა მას რაიმე შენიშვნას მისცემდნენ, ამბობდა, რომ გასული ცხრა წლის განმავლობაში უარესი ხდებოდა. ეს კი ძალიან ცუდია,”- აცხადებს შარაშენიძე.
ხელისუფლების წარმატებებზე საუბრისას ექსპერტი აღიარებს, რომ მოწესრიგდა ვითარება სასამართლო სისტემაში. დადებითად აფასებს ჯანდაცვის რეფორმას, მიუხედავად იმისა, რომ ის “სახელმწიფო ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს”.
ხელისუფლების საზეიმო განწყობას სოციალური ქსელით შეუერთდა თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა. მისი შეფასებით მართალია ქვეყანაში პრობლემები ისევ ბევრია, მაგრამ უკეთეს სახელმწიფოში ვცხოვრობთ.
“დღეს საქართველო ყველაზე ახლოს არის თავის ისტორიულ ადგილთან. დღეს ყველაზე უფრო ამაყად მივაბიჯებთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დღეს ისე, როგორც არასდროს თავისუფალია სიტყვა და ადამიანების არჩევანი დაცულია სახელმწიფოს ძალადობისგან…” – წერს მინისტრი ხიდაშელი.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ხელისუფლების წარმომადგენელთა საზეიმო განწყობას არ იზიარებს და ამბობს, რომ მისი მხრიდან ასეთი განცდა გულწრფელი არ იქნებოდა. მისი შეფასებით, 2012 წელს, დადგა არჩევნების ნანატრი შედეგი, რომელმაც გარკვეული სიახლე შეჰმატა საქართველოს სახელმწიფოს და ეს დღე აღიარებულია, როგორც “მძლავრი სვლა უკეთესობისკენ”.