ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, მეოთხე ვადით დარჩეს ხელისუფლებაში. როგორც „იმედი“ იტყობინება, საველე სამუშაოები 24 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს 1700 ზრდასრული მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – მმართველი პარტია “ქართულ ოცნება” გამოკითხულთა 59.3%-მა დაასახელა. “ნაციონალური მოძრაობასა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთობას 13.1%, ხოლო “ლელოს” კოალიციას – 5.8% ერგო. ასევე, “ახალი”, “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” 5,5%-ით ლახავენ ბარიერს. ზღვარს მიღმა აღმოჩნდა გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და ალტ-ინფოსა და „პატრიოტთა ალიანსის“ ერთობაც.
კვლევას მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციაში “გორბის” უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ გამოქვეყნებული პროცენტები მათთვის სიცილის მომგვრელია.
“გვახსოვს “გორბის” არაერთი კვლევა, რომელიც, დაახლოებით, 20%-ით არასწორი იყო, იმ პრაქტიკასთან, რომელიც შემდგომ განვითარდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ “გორბის” კვლევაზე ბევრი უნდა ვიცინოთ. “ქართული ოცნების” განწირულ რეჟიმზეც, რომელიც ასეთ კვლევებს წერს, ძალიან ბევრი უნდა ვიცინოთ”, – განაცხადა პარტია “ლელოს” წევმა გრიგოლ გეგელიამ.
“გორბის” კვლევების არც გახარიას პარტიაში სჯერათ. ბექა ლილუაშვილის თქმით, მათი პარტიის რეიტინგი არის ორნიშნა, მზარდი და მაღალი.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სკეპტიკურად არის განწყობილი ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვის მიმართ. მისი აზრით, სამწუხაროდ, საქართველოში საიმედო სოციოლოგიური სამსახურები არ არსებობს. თუ კი ვინმე ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვას, ყველა დაინტერესებული მხარეა. ან ხელისუფლების ინტერესებს იცავენ ან ოპოზიციისას. ისევე, როგორც NDI და IRI, „გორბიც“ პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული ორგანიზაციებია.
ზაალ ანჯაფარიძის აზრით, სავსებით მოსალოდნელია, რომ „გორბის“ მიერ წარმოდგენილი ციფრები ზუსტად არ ასახავდნენ რეალობას, თუმცა არც ძალიან შორს იყოს სინამდვილისგან.
„შეიძლება, განსხვავება იყოს პროცენტებში, მაგრამ „ქართულ ოცნებას“, ჩემი შეფასებით, ლიდერის პოზიცია უკავია, ხოლო იმას, თუ კონკრეტულად რამდენ პროცენტს აიღებს, არჩევნები გვიჩვენებს“, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ის, რომ წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ინტერესების გამომხატველი გამოკითხვები ტარდება გასაკვირი არ არის. არც საქართველოა გამონაკლისი, სადაც სოციოლოგიურ გამოკითხვებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის იყენებენ. განსაკუთრებით ეს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს ახასიათებთ, სადაც გამოკითხვები გამოიყენება, როგორც ერთგვარად პოლიტიკური მანიპულირების ინსტრუმენტი, რათა ელექტორატში გარკვეული განწყობები შექმნან.
„მმართველ პარტიას თუ უნდა, საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნოს იმაში, რომ ის დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევნებში და ამით იმედი და რწმენა ჩაუსახოს მოსახლეობას, რათა ისინი მიიყვანონ საარჩევნო ყუთებთან, სხვა კვლევებში, სადაც განსხვავებული სურათი იყო, ოპოზიციას უნდოდა მისთვის სასარგებლო განწყობები შეექმნა ამომრჩეველში. ასე, რომ ამაში არაფერია გასაკვირი. ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
დღეს, როდესაც განსაკუთრებით გამძაფრებულია ბრძოლა კონსერვატიულ და ულტრალიბერალურ ღირებულებებს შორის, ქართულ საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა ისეთ პოლიტიკური ძალისა, რომელიც სწორედ კონსერვატორულ, ნაციონალურ-პატრიოტულ იდეოლოგიას გამოხატავს. ერთი შეხედვით, ქართულ პოლიტიკურ ველზე ასეთი ნიშა „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ალტ-ინფოს“ უკავიათ, თუმცა „გორბის“ კვლევა ამ პარტიებს 5%-იანი ბარიერის მიღმა დარჩენას უწინასწარმეტყველებს. თუმცა, ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ამ ორი პარტიის გაერთიანებამ საარჩევნო ბარიერი გადალახოს და ახალი მოწვევის პარლამენტში მოხვდნენ.
Dalma News-ის კითხვაზე, თუ როგორც გამოიყურება დღეს ოპოზიციური ფლანგი, სადაც, ბოლო დროს, პოლიტიკურ პარტიათა პარადოქსულ გაერთიანებებსაც კი ვხედავთ, ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიმართ ამომრჩევლის გაუცხოებას სწორედ ისეთი არაბუნებრივი გაერთიანებები იწვევს, რომლებიც არ არის საერთო პოლიტიკური ფილოსოფიით განპირობებული. ერთია „ნაციონალური მოძრაობის“ ფესვიდან აღმოცენებული პარტიების წინასაარჩევნო გაერთიანებები, ხოლო მეორე – „ლელოს“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პარტიები, რომელთა შორის სწორედ ფასეულობითი წინააღმდეგობებია.
ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, წლების წინ, ექსპრეზიდენტ სააკშვილის მრჩეველი იყო, დღეს კი მისი რჩევებით ხელისუფლებაზე მეტად ჟურნალისტები ინტერესდებიან. მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ ქვეყნისთვის უკეთესი პერსპექტივა „ოცნების“ მეოთხე ვადით გამარჯვებას უფრო აქვს, ვიდრე ნაციონალებისას. „ოცნება“ სახელმწიფო ინტერესებისთვის იბრძვის, ხოლო „ენმ“ გააკეთებს იმას, რასაც დაუკვეთენ რუსეთიდან და დასავლეთიდან – ჩაკეტავენ ჩინეთის ხაზს.
რამაზ საყვარელიძის აზრით, „ენმ“ ოპოზიციურ ფლანგზე ჯერჯერობით ლიდერის მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.
„თუ ამომრჩეველს სურს, რომ არეულობა დაიწყოს ქვეყანაში, ჩაიკეტოს ჩინეთიდან სატრანზიტო გზა, მაშინ ხმას მისცემენ „ნაციონალურ მოძრაობას“. არის მეორე ვარიანტი – კოალიციური მთავრობა, რაც შირმაა. კოალიციური მთავრობის შემთხვევაში ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდება ლიდერი, მესამე ვარიანტი კი ის არის, რომ არ დაიკარგოს ხმები და ისევ „ოცნებას“ მისცენ“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება „ალტ-ინფოს“ შანსებს, პოლიტოლოგთა აზრით, მხოლოდ კონსერვატორული პოზიციის დაკავება პარლამენტში მოსახვედრად საკმარისი არ არის. კონსერვატორულ პოზიციას დღეს, ბეჯითად იკავებს „ქართული ოცნებაც“, ამდენად, ხელისუფლება „ალტ-ინფოს“ კონკურენტად არც კი განიხილავს.
პოლიტოლოგ დავით ოსეფაშვილის აზრით, „ალტ-ინფო“ „ქართული ოცნებისთვის“ კონკურენტს წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც ხელისუფლებამ სწორედ ის კომპონენტები აირჩია თავისი საარჩევნო პროგრამისთვის, რომელიც ძირითადად ეროვნულ მოტივებსა და ფასეულობებზეა დამყარებული, ანუ რაც „ალტ-ინფოს“ აქვს თავის პროგრამაში, იმავეს აკეთებს „ქართული ოცნება“, მათ შორის, ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის მიმართულებით.
„„ქართულ ოცნებას“ ჰყავს ამომრჩევლის დიდი ნაწილი და აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობები, რაც ნებისმიერი პარტიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ალბათ, ამით არის განპირობებული „გორბის“ ეს კვლევა რომ „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ალტ-ინფოს“ ასეთი დაბალი პროცენტები დაუწერეს. რასაც აცხადებდა მმართველი პარტია, რომ ის მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ამ კვლევებით ძალიან ახლოსაა მათ მოლოდინებთან. ისინი ამბობენ, რომ 107 მანდატი უკვე მათ ექნებათ. თუ ვითარება ასე დარჩება, გამოდის, რომ შესაძლებელია ვერ გადალახონ 5%-იანი ბარიერი, როგორც პროდასავლურმა პარტიებმა, ისე „კონსერვატიულმა პარტიამ“, – აცხადებს დავით ოსეფაშვილი.
მისივე თქმით, ხელისუფლების ამომრჩეველი ყოველთვის არის გარანტირებული მინიმუმ 30% . დანარჩენიც შეიძლება დაემატოს. საერთო ჯამში, „გორბის კვლევებმა აჩვენა ის, რასაც ამბობენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები.
საქართველოში 26 ოქტომბერს მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა და მასში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 48,22%-ით გაიმარჯვა. 2024 წელს საქართველოში იგეგმება საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელშიც პირველად პრეზიდენტი აირჩევა ახალი სისტემით. საქართველოს პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
გარდა ამისა, 2017 წლის 26 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 2024 წლისთვის 5%-იანი ბარიერის მქონე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. წინარე სისტემით პარლამენტის 77 დეპუტატი პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით, ხოლო 73 კი მაჟორიტარული სისტემით ირჩეოდა. 2020 წლის მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 1%-იანი ბარიერით, 120/30-ზე პროპორციით ჩატარდა.
2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.
შორენა პაპაშვილი