საქართველოში დღეს 12 თვითმმართველი ქალაქია, სადაც მოსახლეობა თავად ირჩევს საკუთარ მერს. თუმცა, შესაძლოა, ამ ქალაქების რიცხვი 5-მდე შემცირდეს და ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შვიდმა ქალაქმა საკუთარი მერი ვეღარ აირჩიოს. გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება” ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, თელავს, ახალციხეს, მცხეთას და ამბროლაურს, თვითმმართველის სტატუსს ჩამოართმეს. მთავარი არგუმენტი ფინანსური ხარჯების შემცირებაა. ხელისუფების გათვლებით, ამგვარად, სულ მცირე ორჯერ შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, რადგან ბიუჯეტს არ მოუწევს ამ ქალაქების თვითმმართველი ორგანოების შენახვა.
კანონპროექტი ჯერ არ არსებობს, თუმცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მსჯელობა უკვე დაიწყეს.
ზემოთ ჩამოთვლილმა ქალაქებმა თვითმმართველის სტატუსი 2014 წელს, ხელისუფლებაში კოალიცია “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ მიიღეს. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა “დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები”, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო “თვითმართველობის კოდექსი”. რეფორმის პირველ ეტაპზე გაიზარდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა. თვითმმართველ ქალაქებს გაუჩნდა საკუთარი შემოსავალი, ბიუჯეტი და მოსახლეობის მიერ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება.
ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი, “ქართული ოცნების” ამ ინიციატივას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას პირდაპირი წესით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში გამარჯვების იმედი არ აქვს.
ეკსპერტის შეფასება
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, მსგავსი ცვლილების განხორციელებას, დემოკრატიული მმართველობის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულების გაუქმება და ქალაქების ერთ მუნიციპალიტეტში გაერთიანება ნიშნავს, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” 2012 წელს, მის მიერ წარდგენილ პროგრამას უარყოფს, რომელიც გულისხმობს თვითმმართველობის განვითარებას სუბსიდირების პრინციპის საფუძველზე. გარდა ამისა, ხმალაძის ინფორმაციით, საქართველოში დღეს არსებული თვითმმართველობები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ბევრად უფრო დიდი ზომისაა და ორდონიანი თვითმმართველობის შექმნა იგეგმებოდა.
“დაახლოებით წარმოვიდგინოთ ქალაქების გორის, ან თელავის მუნიციპალიტეტები, სადაც დღეს ორი მუნიციპალიტეტია, ერთი ქალაქის და მეორე სასოფლო ტერიტორია. ეს კონცეფცია ითვალისწინებს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა შექმნილიყო სამი, ან 4 მუნიციპალიტეტი, ერთი ქალაქის და დანარჩენი სასოფლო მუნიციპალიტეტები. შესაბამისად, საქართველოში მანამდე არსებული 70-ი მუნიციპალიტეტის ნაცვლად მივიღებდით 250-დან 300-მდე მუნიციპალიტეტს. ეს იქნებოდა ქვედა დონე. მეორე დონის თვითმმართველობად კი, მოიაზრებოდა სამხარეო თვითმმართველობა, მაგალითად კახეთის, ან შიდა ქართლის თვითმმართველობები, რომელიც მთლიანად მოაგვარებდა მოცემული მხარისა, თუ რეგიონის იმ პრობლემებს, რაც ცდება მცირე დონის მუნიციპალიტეტების ინტერესებს და შესაძლებლობებს”, – განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.
კონსტიტუციონალისტისთვის ჯერჯერობით უცნობია, მთავრობამ დაიწყო თუ არა ამ საკითხზე მუშაობა, თუმცა ადასტურებს, რომ ამაზე საუბარი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. წინა პარლამენტმა, რომლის წევრი ვახტანგ ხმალაძეც იყო, გარკვეული ნაბიჯები გადადგა, ე.წ. სამხარეო ცენტრებში ქალაქებისთვის და თვითმმართველი მუნიციპალიტეტებისთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. შემდგომი ერთი წლის განმავლობაში სხვა მუნიციპალიტეტებიც უნდა ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ წინა მოწვევის პარლამენტში წინააღმდეგობა აწყდებოდა, როგორც მთავრობის, ისე საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილის მხრიდან, ამდენად რეფორმა ჩიხში მოექცა.
ხელისუფლებაში მოსვლამდე კოალიცია “ქართული ოცნება”, თვითმართველობების ცენტრალიზაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საყვედურობდა და ქვეყნის რეგიონების ელექტორატს მეტ დამოუკიდებლობასა და საკუთარი მერებისა და გამგებლების არჩევის უფლებას ჰპირდებოდა. დღეს კი, ხელისუფლება საბიუჯეტო ხარჯების შემცირების საჭიროებაზე საუბრობს და ამ საჭიროებას, დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი ნაყოფი – ქალაქების თვითმმართველობა ეწირება.
როგორც Dalma News-ს ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, ფინანსური ხარჯები მხოლოდ საბაბია, რადგან ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გონივრულად და ყაირათიანად ხარჯავს ხელისუფლება ქვეყნის ფინანსურ რესურსს. თუმცა აღიარებს, რომ მართლაც არსებობს ისეთი მუნიციპალიტეტები, სადაც ბიუჯეტის 80% ხელფასებზე იხარჯებოდა, რაც, მისი შეფასებით, სრული უპასუხისმგებლობაა.
ხმალაძის აზრით, საჭიროა არა თვითმმართველობების გაუქმება, არამედ რეფორმის გატარება, რომ შემცირდეს დღეს არსებული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ხარჯები. მართალია ახალი მუნიციპალიტეტების შექმნას სჭირდება შენობები და ინფრასტრუქტურა, მაგრამ ეს ერთჯერადი ხარჯი იქნებოდა.
“ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, ისეთი განცხადებებიც მოვისმინე, რაც ან უცოდინრობის ბრალია, ან ტყუილი. მაგალითად, რომ მუნიციპალიტეტებში ორხელისუფლებიანობაა, რომ ერთ ადგილას არის მერიც და გამგებელიც. ეს აბსოლუტურად არასწორია”, – მიაჩნია ვახტანგ ხმალაძეს.
კორუფციის საფრთხეს რაც შეეხება, ხმალაძის აზრით, ის მეტად სახიფათოა, როცა მართვის სისტემა ცენტრალიზებულია, ხოლო რაც უფრო დეცენტრალიზებულია, მით ნაკლებია კორუფციის მავნებლური შედეგი. თუმცა, კორუფციული ელემენტების არსებობის ალბათობა, არც თვითმმართველ ორგანოებში უნდა გამოირიცხოს. ხმალაძის თქმით, შესაძლებელია ის ზოგან მცირე რაოდენობით იყოს, ზოგან მეტი, ან საერთოს არა. მაგრამ თუ ერთი მმართველობის სისტემაში იქნება კორუფცია, ის იქნება ძალიან ფართო მასშტაბის და მთლიანად დამანგრეველი.
კახელების მანიფესტი ხელისუფლებას…
არასამთავრობო ორგანიზაციამ – “მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის”, სოციალურ ჯგუფ “ჩვენ თელაველებთან” ერთად, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე გამოაქვეყნეს მანიფესტი, სადაც ქალაქ თელავისთვის თვითმმართველის სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვენ. ფინანსების დაზოგვას კი, ქალაქის მერისა და თემის გამგებელის მოადგილეების რაოდენობის შემცირებით, მათზე გაპიროვნებული ავტომობილების, სხვადასხვა განყოფილებების თანამშრომლების და გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე ურჩევენ.
მათი თქმით, თელავი სულ 15კმ ფართობის ქალაქია, სადაც მერს ჰყავს სამი მოადგილე, სამი პერსონალური ავტომობილით, მათზე გაწერილი ხარჯებით, საკრებულოში თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ინდივიდუალურად ჰყავთ ავტომობილები, რაც, მანიფესტის ინიციატორთა აზრით, გაუაზრებელი და ზედმეტ ხარჯია.
2014 წელს, თელავის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადებას ადგილობრივები ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის გადადგმული ერთობ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ, რომელსაც შედეგად მოჰყვა მოსახლეობისთვის ზოგადი, თუ ინდივიდუალური პრობლემების ცივილურად მოგვარება. გაიზარდა ნდობა ქალაქის მერსა და მოსახლეობას შორის.
გააქტიურდა ქალაქის ახალგაზრდობა. ქალაქის მერთან დაფუძნდა “მერის ახალგაზრდული სათათბირო”, რომელმაც ქალაქის მერს შესთავაზა და პრაქტიკულად განახორციელა სხვადასხვა პროექტები, მათ შორის, პრიორიტეტული გახდა სკვერების და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. თვითმმართველობის კიდევ ერთი სიკეთეა უფროსი თაობის მოტივაცია, რომ მონაწილეობა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. შეიქმნა “თელავის საზოგადოებრივი დარბაზი”, რომლის წევრთა ძირითადი ნაწილი უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან. მათი ინიციატივით განისაზღვრა დასასვენებელი პარკების, სასაფლაოების, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკების, ბიბლიოთეკების და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების პრიორიტეტები.
“მართალია, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები წინა წლებშიც ხორციელდებოდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ, მოქალაქეთა ჩართულობა იყო მინიმალიზირებული და ნაკლებად იყო დაცული სამართლიანობის პრინციპი, რომელიც დემოკრატიულად განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია”, – აცხადებენ მანიფესტის ავტორები.
მანიფესტის ინიციატორები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება შეძლებს, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით ერთ-ერთი მთავარი დემოკრატიული მიმართულების – თვითმმართველობის შენარჩუნებას. მათივე თქმით, ქალაქი თელავი ქვეყნის მასშტაბით ის ერთადერთი ქალაქია, სადაც ამ დრომდე მდებარეობს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო, მეფის სასახლე, რომელიც ისტორიულად, საქართველოს ერთ-ერთი კუთხის, კახეთის სამეფო ქალაქია.
შორენა პაპაშვილი