არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად საქართველოში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მატულობს. პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები დასასრულს უახლოვდება. ოპოზიცია აქცენტს კოალიციურ მთავრობაზე აკეთებს, მმართველ პარტიას კი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების იმედი აქვს. 20 ოქტომბერს ოპოზიციამ თბილისში მარში გამართა. ამ და სხვა საკითხებზე Dalma News–ს გლდანის რაიონში „ქართული ოცნების“ დელეგატი ლადო ბოჟაძე ესაუბრა.
– როგორ შეაფასებთ 20 ოქტომბრის აქციას?
– ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიდი, ასე უნდა ვუწოდოთ ამ აქციას. ის იყო ორგანიზებული „ენმ“-ს, მისი სატელიტი პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, მათი მართვადი მედიების ჩართულობით. ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი იყო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორად მოხსენიება და ჩართვა ამ პროცესში. დღეს კარგად დაინახა საზოგადოებამ განსხვავება რეალურ საქართველოსა და “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტების საქართველოს შორის, თუ რას უპირებენ ქვეყანას, რა ღირებულებების მატარებლები არიან. დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა და როგორ განვითარდეს. რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ, მაგრამ მხოლოდ ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით და არა ლგბტ პრაიდებითა და რადიკალური ოპოზიციით, მართვადი მედიითა და „ენჯეოებით“.
– გლდანი თბილისის ერთ–ერთი დიდი რაიონია, სადაც თქვენ ხართ “ოცნების” დელეგატი. გქონდათ წინასაარჩევნო შეხვედრები, რა არის ის ძირითადი პრობლემები, რაც მოსახლეობას დღეს აწუხებს?
– ფაქტობრივად 23 აგვისტოდან ვატარებ აქტიურ საარჩევნო კამპანიას გლდანში. აქტიურად ვხვდებით მოსახლეობას, ვსაუბრობთ გამოწვევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას; პრობლემებზე, რომლებიც აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს. არც გლდანში, არც ნაძალადევში, არც საბურთალოზე და სხვაგანაც, ერთი ოპოზიციონერიც კი არ უნახავთ წამლად ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მათთან შეხვედრაზე მივიდოდა, ან მათი პრობლემებით დაინტერესდებოდნენ, შესთავაზებდნენ პრობლემების მოგვარების გზებს. გასაგებია, რომ მათ მოსახლეობასთან მისასვლელი პირი არ აქვთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ისინი არც კი ინტერესდებიან საარჩევნო კამპანიით. არ ხარჯავენ არც დროს, არც ფინანსურ რესურსს იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მოუსმინონ.
– თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?
– ისინი არ ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის, ისინი ემზადებიან არჩევნების მეორე დღეს არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის. ამის ერთგვარი რეპეტიცია იყო 20 ოქტომბრის აქცია, ძალების ერთგვარი დათვალიერება, თუ რომელ ოპოზიციურ პარტიას რამდენი ადამიანის გამოყვანა შეუძლია. ენჯეოებს, მათ მედიასაშუალებებს როგორ შეუძლიათ მოსახლეობის დაზაფვრა, რომ ისინი გამოიყვანონ აქციებზე, მაგრამ როგორ უშედეგოდაც დასრულდა 20 ოქტომბრის აქცია, ასეთივე სირცხვილი ელოდებათ მათ 26 ოქტომბრის არჩევნებზე. მე პირადად და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვემზადებით კიდევ ერთი გამარჯვებისთვის, იმისათვის, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში გავაგრძელოთ მშვიდობა და სტაბილურობა, ქვეყნის წინსვლა და განვითარება და ქართველ ხალხთან ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას დღეს და თითოეულ მოქალაქეს ჩვენს ქვეყანაში.
– თქვენი აზრით, ოპოზიციამ არ ისიც საკუთარი შესაძლებლობები და ამისთვის დასჭირდათ 20 ოქტომბრის მარში, რომ საკუთარი რესურსი ეჩვენებინათ ერთმანეთისთვის?
– მე ვიგულისხმე ის, რომ მათ დაათვალიერეს ის ფინანსები (ასეულობით მილიონი ჩაყარეს ოპოზიციაში, ჩაასხეს სამოქალაქო სექტორში, მათ მართვად მედიებში), თუ რა რესურსით შეიძლება გასულიყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი პატრონები და დამფინანსებლები დღეს ძალიან უკმაყოფილონი არიან იმ შედეგით, რომელიც ჩვენ ვნახეთ თბილისში, თავისუფლების მოედანზე 20 ოქტომბერს და ასევე იმ დამოკიდებულით, რაც ამ ყველაფერზე აქვს ქართველ ხალხს. ჩვენ არავის ვეზომებით და ვეტოლებით, ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას. 20 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა ზღვის უბნის პარკი, რომლის ფართობი 25 ჰექტარია. ასეთი დიდი პარკი თბილისში არ გვქონია აქამდე. იქ უფრო მეტი ადამიანი იყო მოსული პარკის გახსნაზე, ვიდრე ოპოზიციას ჰყავდა ქვეყნის რეგიონებიდან ჩამოყვანილი.
– როგორია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხედვა?
– საგარეო წნეხის მიუხედავად, ჩვენ ვაპირებთ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და ეს 12-წლიანი პერიოდი გაგრძელდეს. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნება განსაკუთრებულად გვიწევს მძიმე და რთულ რეგიონულ ვითარებაში, ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, ისევე, როგორც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 27 ოქტომბრის შემდგომ, როცა ოპოზიცია გეგმავს არეულობასა და დესტაბილიზაციას, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, დავიცვათ კანონი და კონსტიტუცია. ასევე, გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, დასაქმების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, უმუშევრობის შემცირება, სიღარიბის აღმოფხვრა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 2024 წელსაც გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 7 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა „ქართული ოცნების“ პროგრამა, რომელიც იქნება მომავალი 4 წლის განმავლობაში ირაკლი კობახიძის სამთავრობო გეგმა. სხვა პარტიებისგან ჩვენი პროგრამა განსხვავდება იმით, რომ ყველა სიტყვა რაც იქ წერია, შესრულდება. ეს არ არის ყალბი დაპირებები. მთავარი კი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – მშვიდობითა და კეთილდღეობით. „ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური გუნდი, ვინც საქართველოს ევროკავშირში გააწევრიანებს.
– ბრძანეთ, რომ ოპოზიცია თვალშისაცემად პასიურობს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თუმცა ისინი აქტიურობენ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის კრიტიკაში, ვგულისხმობ ბილბორდებს. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
– ის, რომ მათ უსაფუძვლო კრიტიკის გარდა არაფერი შეუძლიათ, ამას კარგად ხედავს ქართული საზოგადოება, რაც შეეხება ბილბორდებს, სადაც გამოსახულია უკრაინის ომის დამანგრეველი რეალობა და საქართველოს მშვიდობიანი განვითარება, აქ ტყუილი არაფერია, ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას ის რეალობა, თუ რა უბედურება მოაქვს ომს. მშვიდობა არის შედეგი ჩვენი ხელისუფლების გონივრული საგარეო პოლიტიკისა. უკრაინაში რაც ხდება, ამას ხედავს მთელი მსოფლიო. ოპოზიციას „ოცნების“ ბილბორდების განხილვის გარდა არაფერი აქვს სათქმელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, არაფერი აქვთ საკრიტიკო ხელისუფლების მიმართ და ვერ სთავაზობენ უკეთეს პროგრამას და განვითარების უკეთესს გეგმას. ჩვენ არ ვაპირებთ არავისი პროგრამის კრიტიკას. მართალია, ჩვენი ყველა წინა დაპირება ვერ შესრულდა, ამას ჰქონდა, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები, თუმცა ის, რომ დღეს განსხვავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სხვა დემოკრატიული სტანდარტებითა და ეკონომიკური მიღწევებით, ეს სახეზეა.
– ბოლო ხანებში გააქტიურდა ოპოზიციის მხარდამჭერი განცხადებები ევროპელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მხრიდან, როგორია ასეთი განცხადებების მიმართ მმართველი გუნდის დამოკიდებულება?
– არც ერთი არჩევნების წინ ასეთი წნეხი და საშინაო პოლიტიკაში გარე ჩარევის მცდელობა არ ყოფილა. ოპოზიცია მანიპულირებდა ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმითაც, თუმცა ხედავთ, რომ უვიზო რეჟიმი არ შეწყვეტილა და გაგრძელდება მომავალშიც. ამ მონაპოვარს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ესეც იყო ერთ-ერთი მექანიზმი გარე ჩარევისთვის, რომ თითქოს უვიზო რეჟიმს საფრთხე შეექმნებოდა, თუ არ აირჩევდნენ იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც დასავლეთის მიმართ მორჩილი იქნებოდა და საქართველოს ინტერესებზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესებს დააყენებდა. ესეც ტყუილი აღმოჩნდა. ჩვენთვის მიუღებელია გარე ჩარევის ასეთი ფორმა, თუმცა მივეჩვიეთ. ვნახეთ ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ღია ჩარევები, – ეს კანონი არ მიიღოთ! რაც მიიღეთ გააუქმეთ! და ა.შ, თუმცა ჩვენ ვიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და ვერანაირი მუქარა ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
– 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ როგორ გესახებათ ურთიერთობა დასავლეთთან?
– ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას ევროკავშირთანაც და ამერიკასთანაც. არავინ აპირებს, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ქვეყნის გარეთ და არა ქვეყნის შიგნით.
– ეს პირველი არჩევნებია, რომელიც ელექტრონული სისტემის გამოყენებით ჩატარდება. რამდენად ამცირებს ოპოზიციის შანსს, რომ არჩევნების გაყალბების არგუმენტები ჰქონდეთ?
– მინიმალურ დონეზე დაჰყავს არჩევნების ელექტრონულ სისტემას გაყალბების შანსი. ეს სისტემა ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციითა და მათი ფინანსური მხარდაჭერით დაიტესტა არაერთხელ. ამ ტექნოლოგიით არაერთი არჩევნებია ჩატარებული. ჩვენ ერთი მხრივ გვაქვს ვერიფიკაციის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს – ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა, ამიტომ ყოველგვარ „კარუსელებზე“ საუბარი სისულელეა, ისევე, როგორც ძალიან მნიშვნელოვანია სკანერი აპარატი, რომელიც კენჭისყრის წინასწარ შედეგებს ძალიან მალე დებს, ანუ სოციოლოგიური კვლევების გაყალბებას, რომ თითქოს ოპოზიციურ პარტიებს მაღალი რეიტინგი ჰქონდათ, ვიდრე არჩევნების შედეგებში გამოისახა, ასევე, ეგზიტპოლების გაყალბება, პარალელური გამოკითხვის გაყალბება აზრს კარგავს. წინასწარი შედეგების შემდეგ უბნებზე გაგრძელდება ბიულეტენების ხელით დათვლა. ასე, რომ წინასწარ მანიპულაციები თითქოს ოქმების ჩასწორებაზე და სხვა. აზრს მოკლებულია. ეს ძალიან კარგად იცის ოპოზიციამაც.
– მშვიდობა, არის ის მთავარი, რაც ძნელად მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელი გახდა დღეს. რა არის ამის საპირწონე, რასაც ოპოზიცია ჰპირდება თავის ამომრჩეველს?
– მშვიდობის საპირწონე არის ომი. თქვენ ნახეთ, როგორ წაშალეს რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა ქუჩაში გამოკრულ „ოცნების“ ბილბორდზე „არა ომს!“. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან დაჰყვნენ სხვადასხვა გარე ძალების მოთხოვნას და გაიხსნას საქართველოში მეორე ფრონტი. „გავისეირნოთ ცხინვალში და სოხუმში“, რომ თურმე ახლა არის დრო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, რომ ისევ სისხლი უნდა დავღვაროთ და კიდევ უფრო გავაღრმაოთ უფსკრული აფხაზ და ოს ძმებთან. საქართველოს 12-წლიანი მშვიდობის პერიოდი იძლევა იმის საშუალებას, რომ ძალიან მალე მოხდეს სასიკეთო ცვლილებები ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის. ეს არ არის მარტივი თემა და მხოლოდ საარჩევნო ლოზუნგი. ოპოზიციის ლიდერები ღიად ითხოვენ ომს, მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში და რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას, თორემ მრავალმხრივ სანქციებთან ჩვენ ისედაც მიერთებული ვართ. საპირწონე არის ის პრაიდი, რომელიც 20 ოქტომბერს ჩაატარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
ესაუბრა შორენა ქარჩავა