არჩევნები, რომელსაც მთელი საქართველო ელოდა, შედგა. საკმარისად მშვიდობიან გარემოში მმართველმა პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიულმა საქართველომ” გაიმარჯვა, ხოლო მეორე ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური ძალა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გავიდა.

14570502_345623945782636_2618108212377452187_n

 

თანაპარტიელებს გამარჯვება მმართველი პარტიის ლიდერმა და საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა.

„ცესკოს წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ეს უდიდესი მხარდაჭერაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლების უმრავლესობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მმართვას სწორედ ჩვენ გვანდობს. ეს ძალზედ სასიხარულოა და ამასთანავე, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ჩვენი გუნდი გაათმაგებული შრომით უპასუხებს”, – განაცხადა მან.

ცესკოს მონაცემებით, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხმა მისცა ამომრჩევლების 48,67%-მა, ხოლო ყოფილ მმართველ პარტიას და ახლა უკვე ოპოზიციურ ძალა – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – 27,11%.

მსგავსი მონაცემები ნებისმიერი ქვეყნისთვის ტრიუმფალურ გამარჯვებად ჩაითვლებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” გამარჯვება ტრიუმფისგან საკმაოდ შორს არის. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტიის მთავარი “მაკონტროლებელი” პარლამენტში ისევ ავადსახსენებელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, რომელმაც ხუთჯერ მეტი ხმა დააგროვა, ვიდრე მესამე ადგილზე გასულმა წინასაარჩევნო ბლოკმა “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”. ეს უკანასკნელი მესამე პოლიტიკური ძალაა, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში მოხვდება.

6895a7d7c30d9e6b05d48e759650f7c5არჩევნების წინ ბევრს, მათ შორის საკმაოდ ცნობილ ექსპერტებსაც, მიაჩნდათ, რომ ამ არჩევნებზე “ენმ”, რომელმაც თავისი დიქტატორული მმართველობის დროს მრავალი დანაშაული ჩაიდინა, საბოლოოდ დასამარდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ვარაუდი ზედმეტად ოპტიმისტური და აბსოლუტურად გულუბრყვილო ყოფილა. უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში “ნაციონალების” ელექტორატი გაიზარდა. 2012 წლის პარლამენტის არჩევნებზე, ამ პარტიამ ფორმალურად ხმათა 40% დააგროვა, თუმცა ყველამ იცის, რომ ეს ციფრი შეუზღუდავი ძალაუფლების რესურსების უპატიოსნოდ გამოყენების, მასობრივი ფალსიფიკაციის და ყველა შესაძლო დარღვევის წყალობით გაზარდეს.

დღევანდელი მაჩვენებელი 27%, რომელსაც 477 143 ამომრჩეველი შეადგენს, აბსოლუტურად რეალურია. როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ იმ ქვეყანაში, რომელმაც წლების განმავლობაში სისხლიან ტირანიას გაუძლო, როდესაც ადამიანს არა თუ ქონების, საკუთარი სიცოცხლის დაცულობის გარანტიაც კი არ ჰქონდა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული არ არის.

“ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სამართლიანობის აღდგენა, სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ შეძლო. უიშვიათესი შემთხვევების გამო, ცინიკური და თავხედური დანაშაულებების ჩამდენები არ დასჯილან. დაზარალებულების უდიდესი ნაწილი, რომლებსაც “ნაციონალებმა” სიცოცხლის და თავისუფლების ნაცვლად ბიზნესი, ან უბრალოდ ქონება წაართვეს, სამართლიანობას ვერ მიაღწიეს.

დაუსჯელობით განებივრებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მმართველ ხელისუფლებას უძლურებასა და ქვეყნის მართვის უუნარობაში ადანაშაულებს. აშკარაა, რომ ქვეყანაში ვიღაცამ კიდევ დაიჯერა “ნაციონალების” უკეთესი ცხოვრების დანაპირები.

ამ ადამიანებს ვერ დაადანაშაულებ იმაში, რომ მათ საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს მაღალ მორალური პრინციპები შესწირეს. საზოგადოება ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ადამიანის წინაშე მსგავსი არჩევანი არასოდეს დადგეს და ეს თუ მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ ხელისუფლებას ეკისრება.

„ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ არჩევნებში დიდი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მოვლენების მიუკერძოებელმა ანალიზმა შეიძლება პარადოქსულ დასკვნამდე მიგვიყვანოს:

“ქართული ოცნების” გამარჯვების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი, მთავარი ფაქტორი, რამაც მას გამარჯვება მოუპოვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა

ეჭვგარეშეა, რომ ბევრმა, ვინც არჩევანი “ქართულ ოცნებაზე” გააკეთა, ხმა მის სასარგებლოდ კი არა, “ნაციონალების” წინააღმდეგ მისცა, რადგანაც “ოცნება”, ყველა თავისი ხარვეზის მიუხედავად, ერთადერთი რეალური ძალაა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლებაში „ნაციონალების“ მოსვლა არ დაუშვას.

რამდენად შესაძლებელია ამ მთავარი კოზირის უსასრულოდ გამოყენება?

“ქართულ ოცნებაში” ყველაზე ფანატიკური “პროდასავლეთელები” სწორედ რესპუბლიკელები იყვნენ. ეს იმდენად სერიოზული იყო, რომ ამან კოლეგებთან კონფლიქტიც კი გამოიწვია. მოგვიანებით მათ კოალიცია დატოვეს და არჩიეს არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიეღოთ.

რესპუბლიკური პარტიის სავალალო შედეგმა – 1,55%-მა – მათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალება არ მისცა. შედეგი სახეზეა და ისიც აშკარაა, თუ როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან პოლიტიკური ელიტის და ქართველი ხალხის მოსაზრებები და მისწრაფებები.

ირაკლი ჩხეიძე, სპეციალურად Dalma News-ისთვის