ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მწვავე კრიტიკის და პროდასავლური ელიტების მიერ შეურიგებელი ბრძოლის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. მას ახსოვს შეტევები ეკლესიებზე, ხელისუფლებისთვის მიუღებელი მღვდელმსახურის დაკავება, რომელიც გარყვნილების და ძალადობის პროპაგანდის წინააღმდეგ იბრძოდა. ასევე ახსოვს ეკლესიების დანგრევა და მის ადგილზე რაღაც გასართობი ცენტრის აშენება, მედიასა და სოცქსელში საქართველოში სოროსის აღზრდილების მიერ გააქტიურებული ცილისმწამებლური კამპანია. ეკლესიის წინააღმდეგ მუდმივი საინფორმაციო კამპანიების ფონზე, ის ყოველთვის ახერხებდა შედარებით დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, რაც ე.წ. კონკორდატის – სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების წყალობით იყო შესაძლებელი, რომელსაც ხელი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მოეწერა. თუმცა, ამ შეთანხმებას მუდმივად ესხმოდა თავს ოპოზიცია და პროდასავლური საზოგადოება, რომელიც სახელმწიფოსგან კატეგორიულად მოითხოვდა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ყველა პრივილეგიის ჩამორთმევას და საქართველოში მოქმედ სხვა რელიგიებთან მის გათანაბრებას.
პროდასავლური ელიტის წარმომადგენლები მუდმივად ეძებენ მიზეზს, რომ ეკლესია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ნაკარნახევი რუსული ინტერესების და საქმიანობის განხორციელებაში დაადანაშაულონ.
ამგვარად, მათ გამოიყენეს ქართველი მღვდლის ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონის ტრადიციული ქადაგება, რომლის დროსაც განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული მედია, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ეკლესიაზე “ორკესტრირებულ” შეტევას ახორციელებენ და საზოგადოებას შესთავაზა ჩატარდეს რეფერენდუმი საკითხზე: “სჭირდება თუ არა ქართველ ხალხს პროდასავლური კურსი?”
“ვეჭვობ, ჩვენს ევროატლანტიკურ არჩევანს უნდა გადავხედოთ. თუ ევროპული ფასეულობა ეს არის ეკლესიისადმი სიძულვილი და ტრადიციების უგულებელყოფა, მაშინ ასეთი ევროპა არ გვჭირდება. ამ საკითხზე სერიოზულად ვფიქრობ და სინოდში აუცილებლად დავაყენებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების საკითხს, რათა ხალხს ვკითხოთ, გვინდა თუ არა ევროპა?”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მის ქადაგებას საპატრიარქო ოფიციალური განცხადებით არ გამოხმაურებია და არც რაიმე კომენტარი გაუკეთებია, თუმცა, მოგვიანებით ეპარქიის ოფიციალურ Facebook გვერდზე დაიწერა, რომ მიტროპოლიტის წერილობით ახსნა-განმარტებაში ევროპის საწინააღმდეგო არაფერი შეინიშნება, თუმცა დასავლეთის მიერ დაფინანსებული გარკვეული ძალები ეკლესიას აიძულებენ “ევროპული ფასეულობების” რაობაზე დაფიქრდეს.
“თქვენ იცით ჩემი შეხედულებები ევროპასთან დაკავშირებით. პირველად ჩემს ეპარქიაში, ჩემი ლოცვა-კურთხევით, შეიქმნა ევროპული კლუბი – სურიონი, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს ეცნობოდნენ, არამედ მათ რაიონის ახალგაზრდობასაც უზიარებდნენ. ჩვენი სტუდენტები ევროპული ახალგაზრდული პარლამენტის წევრები არიან. მათ წარმატებებზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენი ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები, რომლებიც ევროპისა და ამერიკის მიერ ფინანსდებიან აქტიურად უჭერენ მხარს ლგბტ და სხვა მსგავს ღონისძიებებს. ამ ყველაფრიდან დასკვნა ერთია: ეკლესიისადმი თავდასხმაში მათ სწორედ მათივე დამფინანსებლები უჭერენ მხარს. ეს ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ მოქმედებები ევროატლანტიკურ ფასეულობებად მივიჩნიოთ”, – განმარტა მიტროპოლიტმა.
მისივე თქმით, ევროპული ფასეულობების მომხრეებს ეკლესიასა და მის გარემოცვაში რცხვენიათ ასეთი ადამიანების გამო და “რუსულ ნარატივს” არ პასუხობენ.
“უნებურად ვფიქრობ, მათ, ვინც კომუნისტური წნეხისგან განთავისუფლდა და ეიფორიაში მყოფი ტკბილი სიტყვით და სატყუარათი მოტყუვდა, შეცდომით ხომ არ აირჩიეს ევროატლანტიკური გზა, თუ ეს გზა მიზნად ისახავს ჩვენს შეურაცხყოფას, დისკრედიტაციას და ახალგაზრდა თაობაში ეკლესიის მიმართ მტრული დამოკიდებულების დანერგვას”, – განაცხადა მღვდელმა საკუთარი პოზიციის განსამტკიცებლად.
მისი ქადაგება პოლიტიზირებული ქართული საზოგადოების სხვა აქტუალურ საკითხებსაც შეეხო, მათ შორის კონკორდატის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსება და ცვლილება ტყის კოდექსში, რომლის მიხედვითაც ეკლესიების გარშემო არსებული ტყის მასები მათ კონტროლს დაექვემდებარებოდა. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს დაამტკიცა. ოპოზიციამ და საზოგადოებამ ამ შესწორების გამო სახელმწიფო და მის მიერ “წახალისებული” ეკლესია მწვავედ გააკრიტიკა.
“ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს ტყეს სახელმწიფო ფლობს, თუ ეკლესია? თუ ეკლესია ტყეს გაყიდის, რა გარანტიაა, რომ სახელმწიფოც იგივეს არ გააკეთებს? ეკლესია ტყეს უცხოელებს მაინც არ მიჰყიდის”, – თქვა მიტროპოლიტმა ანტონიმ.
იმ ბრალდების საპასუხოდ, რომ ამგვარად სახელმწიფო ეკლესიის წინასაარჩევნოდ მოსყიდვას ცდილობს, მღვდელმა განაცხადა: “თუ თქვენ ასეთ უნიჭო ბრალდებების გჯერათ, გამოდის, რომ თქვენ გჯერათ ეკლესიის გარკვეული “ძალისა” და გავლენის. და თუ ეს ასეა, რა უფრო გირჩევნიათ – ჩვენთან მეგობრობა, თუ მტრობა?”
ოპონენტების თავდასხმებსა და მოქმედებებს მიტროპოლიტი ადარებს კაცს, რომელიც მხოლოდ იმიტომ ქორწინდება, რომ ცოლმა საჭმელი მოუმზადოს, ჭურჭელი და სარეცხი დარეცხოს.
“არანაირი იდეალები, არანაირი შეფასებები, მხოლოდ ნეგატივის ძიება, ზუსტად ისე, როგორც ბუზი ეძებს ნაგავს. მათ შემხედვარეს, შენდა უნებურად ევროპული ფასეულობების გადახედვის სურვილი გიჩნდება”, – განმარტა მიტროპოლიტმა ანტონიმ.
მისი აზრით, უსამართლობაა ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტა. უფრო მეტიც, ოპოზიცია ყოველწლიურად გამოყოფილ თანხას 17 წელზე ამრავლებს (25 მილიონი ლარი, დაახლოებით 7,9 მილიონი აშშ.დოლარი), რათა ეს თანხა თვალში მოსახვედრი იყოს.
“დაფიქრდით: 25 მილიონი სამ მილიონ მოსახლეზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე – 0,59 თეთრი გამოდის. არ გრცხვენიათ, რისთვის გვაკრიტიკებთ? განა ეკლესია ქვეყნისთვის უფრო მეტს არ აკეთებს? ამავდროულად, ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინსტიტუტი, თუ ტელევიზია 140 მილიონ ლარს იღებს”, – განმარტა მღვდელმა.
თავისი პოსტის დასასრულს მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას შეაგროვონ ხელმოწერები და მოითხოვონ რეფერენდუმის ჩატარება, სურს თუ არა საქართველოს მოსახლეობას ასეთი ფასეულობებით ცხოვრება. ხოლო “ნეოკომუნისტური იდეებით შეპყრობილი” ოპონენტების მისამართით განაცხადა, რომ ისინი ეკლესიის და მისი დამფინანსებლების მტრები და მოძულეები არიან. ამგვარად, მიტროპოლიტი “რუსული მოჩვენების გავლენისგანაც” განთავისუფლდა და “პროდასავლური კურსის მოწინააღმდეგის” იმიჯის შესწორებასაც შეეცადა.
ოპოზიციის მიერ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული საკონსტიტუციო შეთანხმების გადახედვის მოთხოვნაზე საუბრისას, ქართველმა თეოლოგმა და იურისტმა ვარლამ ხანთრიძემ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებით სახელმწიფო მე-19-20-ე საუკუნეებში, საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის დაკარგვის დროს ეკლესიისათვის მიყენებულ მატერიალურ და მორალურ ზიანს ადასტურებს. ეკლესიისთვის ტყის გადაცემას, ისევე როგორც ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარის გამოყოფას, იგი განიხილავს როგორც სახელმწიფოს მიერ 2002 წლის 14 ოქტომბრის კონკორდატის დადგენილების შესრულებას.
“ყოველ ჯერზე, როდესაც სახელმწიფო კონკორდატით გათვალისწინებული მითითებების შესრულებას წყვეტს, ზოგიერთ ფსევდო პოლიტიკოსსა და არასამთავრობო ორგანიზაციას “წინასამშობიარო ტკივილები” ეწყებათ და საკმაოდ მწვავედ განიცდიან კანონის შესრულების ფაქტს. სწორედ იმ კანონის, რომელიც კანონთა იერარქიაში მეორე ადგილზეა და პირველობას მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას უთმობს”, – წერს თეოლოგი სოც.ქსელში.
სატყეო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოწინააღმდეგეებს ვახტანგ ხათრიძე ახსენებს, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებამ 2006-2012 წლებში უცხოელებს 166 ათასი ჰექტარი მიწა მიჰყიდა და სვამს შეკითხვას: სად იყავით მაშინ “ქვეყნის ბედზე მზრუნველი” ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ოპონენტებიო.
მას მიაჩნია, რომ ეკლესიასთან მიმართებაში სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია და ყველა სიწმინდე, თუ ნივთი, რომლებიც ადრე საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნოდა და ახლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ან რუსეთის მუზეუმების საცავებშია, ეკლესიას უნდა დაუბრუნდეს.
ტყის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თაობაზე განმარტება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმაც გააკეთეს.
გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ამბობს, რომ სატყეო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საპატრიარქოს უფლება აქვს ეკლესიების მიმდებარედ მხოლოდ 20 ჰექტარი ტყის ლეგიტიმაცია მოახდინოს. ჯამში, ამ ცვლილებების საფუძველზე ეკლესიებს დაახლოებით 2 000 ჰექტარი ტყე გადაეცემა, იმ დროს, როდესაც ტყის ფონდი 3 მილიონ ჰექტარს შეადგენს. მან ასევე დასძინა, რომ ეკლესიას ტყის მიწები საკუთრებაში გარკვეული პირობებით გადაეცემა და ამგვარად, ეკლესია ვალდებულია იზრუნოს ტყეების მოვლა-პატრონობაზე; აკრძალულია ხე-ტყის კომერციული მიზნებისთვის მოჭრა და გაყიდვა.
“ერეკლე მეორეს საზოგადოების” თავმჯდომარის არჩილ ჭყოიძის შეფასებით, ის პირები, რომლებიც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ანტიდასავლურ და პრორუსულ მიმართულებაში ადანაშაულებენ, თავად საუბრობენ და მოქმედებენ ურთიერთგამომრიცხავად.
“ძალზედ საინტერესოა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ქართულ ეკლესიას მუდმივად ადანაშაულებდნენ იმაში, რომ იგი რუსეთის ეკლესიის გავლენის ქვეშ იყო და კრემლის მიერ კონტროლდებოდა, აღდგომის წინა დღეებში, როდესაც კორონა ვირუსის პანდემიის გამო რუსეთში ეკლესიები დაიხურა და ღვთისმსახურება შეწყდა, საქართველოს საპატრიარქოსგანაც იგივე მოითხოვეს. საქართველოში ეკლესიების დახურვა ბევრს სურდა, ამისათვის ყველაფერი გაკეთდა, დაწესდა შეზღუდვები მრევლისთვის, მაგრამ საქართველოში ეკლესიები არ დახურულა. საქართველოს ეკლესიამ თავისი დამოუკიდებლობა დაამტკიცა და ამან ხალხის გონებაზე სერიოზულად იმოქმედა”, – განმარტა ჭყოიძემ Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 25 მილიონ ლარს, რის გამოც ოპოზიციამ და პროდასავლურმა საზოგადოებამ აღშფოთება გამოთქვა, არჩილ ჭყოიძის თქმით, ეკლესია ამ თანხას განათლებისა და ჰუმანიტარული მიზნებისთვის ხარჯავს.
“საქართველოს საპატრიარქოს 3 სემინარია, აკადემია, 2 საავადმყოფო აქვს. გარდა ამისა, თითქმის ყველა ეპარქიაში არის თავშესაფრები უსახლკარო ბავშვებისთვის, სადაც მათზე მონაზვნები ზრუნავენ. არსებობს ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებიც. ეპარქიებთან გახსნილია უფასო სასადილოები. ასე რომ, 25 მილიონი ლარი ეკლესიისთვის, რომელიც ათობით ათას მრევლს ემსახურება, სასაცილო თანხაა. ოპოზიცია ერთ ჭიქა წყალში ქარიშხლის ამოვარდნას ცდილობს”, – თქვა მან.
რაც შეეხება ეკლესიის ლგბტ-საზოგადოებისადმი დამოკიდებულებას, ჭყოიძის თქმით, მას მხოლოდ საქართველოში არ აკრიტიკებენ. ცხოვრების ამგვარ წესს განსჯიან კონსერვატორები ევროპასა და აშშ-ში. ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ ყველა ფუნდამენტური რელიგია გამოდის.
“ეკლესია ებრძვის ცოდვას და არა ცოდვილ ადამიანებს; ეწინააღმდეგება ამგვარი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და დანერგვას. ასე, რომ ანტიდასავლური აქ არაფერია. მიტროპოლიტმა თავის ქადაგებაში თქვა, რომ ჩვენ გვინდა დასავლური ფასეულობები, ყველა ადამიანის ნორმალური ცხოვრების უფლების დაცვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ლგბტ ცხოვრების წესი ნორმად უნდა იქნეს მიღებული”, – განმარტა რესპონდენტმა.
მიტროპოლიტის ქადაგება მხოლოდ ერთი მიზეზია იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მოწინააღმდეგეებმა მას ბრალი დასდონ ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერილი ქვეყნის ძირითადი კურსის უგულებელყოფაში. თუმცა, ამგვარი მიზეზი ადრეც ბევრი ყოფილა და მომავალშიც იქნება. მით უფრო, რომ ოქტომბრის ბოლოს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი და პოლიტიკოსები ნებისმიერ საკითხს, მეთოდსა და საშუალებას იყენებენ, რათა ამომრჩეველთა ცნობიერებაზე და მათთვის სასარგებლო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მოახდინონ გავლენა. ხოლო ეკლესიისა და მისი ქმედებების დაგმობა თითქოსდა რუსული გავლენით მოქმედება – ერთ-ერთი თემა, რომელზეც ბევრი პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობს.
ირინე ხაჩიძე