ხელოვნების სხვადასხვა დარგების კომერციალიზაციის აქტიური პროცესის მიუხედავად, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კინოს სახელმწიფო მზრუნველობის გარეშე არსებობა უჭირს. სადაო არ არის, რომ კინო დამოუკიდებელად უნდა ვითარდებოდეს, ის თამამად უნდა ასახავდეს მწარე რეალობასაც და დადებით ტენდენციებსაც, არ ექცეოდეს ხელისუფლებების ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ საქართველოში იგი კიდევ დიდხანს ვერ იქნება კომერციული.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას “აწარმოე საქართველოში” დაემატა კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი – “გადაიღე საქართველოში”, რომლის მიზანია საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს. პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა.
საგამოფენო ცენტრ “ქარვასლაში” გამართულ კონოინდუსტრიის წახალისების პროგრამის პრეზენტაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო და განმარტა, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული სქემა გულისხმობს ქვეყანაში გადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯის 25%-მდე პროდიუსერისთვის დაბრუნებას. ე.წ. cash rebate მექანიზმი, მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ეყრდნობა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გარემოს განვითარების კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველანაირად ეცდება წამახალისებელი პროგრამით ისარგებლონ, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა პროდიუსერებმა და კინემატოგრაფებმა. “ჩვენი მიზანია, მთელი სახელმწიფო აპარატი მოიმართოს იმგვარად, რომ კინოგადაღებას მაქსიმალურად კოორდინირებულად შეეწყოს ხელი”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.
საქართველოს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ დარგების აღორძინება, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ განვითარებული არ არის. “მოლოდინები საკმაოდ დადებითი გვაქვს. მაგალთად, უნგრეთში ეს ინდუსტრია რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარზეა ასული. შესაბამისად ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია რა თქმა უნდა, მოემსახურება სამუშაო ადგილების შექმნას, ჩვენი ვალუტის სტაბილურობას და ამ დარგის განვითარებას”, – განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კინოინდუსტრიის განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ კერძო სექტორის, ტურისტული კომპანიების, საქართველოს ავიახაზების, სასტუმროს ქსელებისა და კინოწარმოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. კინოინდუსტრიის წახალისებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. სააგენტო საერთაშორისო პროდიუსერებს სთავაზობს “ერთი სარკმლის” პრინციპით მომსახურებას, რაც გულისხმობს დახმარებას სასურველი ლოკაციების მოძიებაში, კინოგადაღების დაგეგმვაში, ნებართვების მიღებასა და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის საკითხში კონსულტაციებს.
და მაინც, რა უპირატესობები აქვს კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამას? როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს პროგრამა იქნება სტიმული ბევრი აღიარებული საერთაშორისო რეჟისორისა თუ პროდიუსერისთვის, ჩამოვიდეს საქართველოში და გამოიყენოს ახალი შესაძლებლობები. ახდენს ქვეყნის პოპულარიზაციას და ტურიზმის პოტენციალის წარმოჩენას. ამასთანავე, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების შემოდინებისა და ადგილობრივი კინოინდუსტრიის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით.
განახლდება მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და განვითარდება ისეთი დარგები, რომლებიც დაკავშირებულია მხატვრული და სატელევიზიო ფილმების, ტელესერიალების ან მინისერიალების, ანიმაციური ფილმების, დოკუმენტური ფილმებისა და მუსიკალური ვიდეოების შექმნასთან. ანაზღაურების მექანიზმი ეხება შემდეგ მიმართულებებს: მხატვრული ფილმი; სატელევიზიო ფილმი; ტელესერიალი ან მინი-სერიალი; ანიმაცია; დოკუმენტური ფილმი; სარეკლამო ვიდეოპროდუქცია; რეალითი შოუ; მუსიკალური კლიპი.
რამდენიმე თვის წინათ, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამერიკის საელჩოსთან ერთად დაგეგმა და უმასპინძლა Disney-სა და MaryAnn Hughes და Entertainment Partners-ის (EP) წარმომადგენლებს. მათი ვიზიტის მიზანი იყო კინოინდუსტრიის განვითარებისა და წახალისების სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის მაქსიმალურად ათვისება და აღნიშნული მიმართულებებით საინტერესო საკითხების ტექნიკურ დონეზე განხილვა.
ბოლო წლებში საქართველოში ინდოელ პროდიუსერთა რამდენიმე ჯგუფიც სტუმრობდა და 3 ფილმი, 2 მუსიკალური კლიპი და 5 სარეკლამო ვიდეორგოლი გადაიღეს. საქართველოში გადაღებულ ფილმებს შორისაა ასევე მიშელ ჰაზანავიჩუსის The Search და ავსტრალიური ფილმი Partizan, სადაც ვინსენ კასელი მონაწილეობს; უცხოური გადაღების შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დაიხარჯა 7 მლნ. ლარზე მეტი თანხა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ 1000 ადამიანს გადააჭარბა. საქართველოში გადაღებები ძირითადად მიმიდნარეობდა დედაქალაქ თბილისში და სხვა ქალაქებში, რუსთავში, ლიკანში, ბორჯომში. ასევე რეგიონებში, თუშეთსა და ჯავახეთში.
ცნობილი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ქართველ რეჟისორთა იმ თაობის წარმომადგენელია, რომლებმაც საბჭოთა პერიოდში ქართული კინოს მთელი ეპოქა შექმნეს. კინოხელოვნებასთან პირველი შეხება მას 7-8 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც ისტორიული ჟანრის დიდებულ მხატვრულ ფილმ “გიორგი სააკაძეში” (მთავარ როლში ლეგენდარული მსახიობი აკაკი ხორავა. რედ), მთავარი გმირის შვილის, პაატას სახე განასახიერა. მერაბ კოკოჩაშვილს გადაღებული აქვს, როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური ფილმები. იგი მთავრობის ამ ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ საწყისია, რაც ქართული კინოს განვითარებისთვის უნდა კეთდებოდეს.
“კარგი ნაბიჯია, ვინაიდან იძლევა საშუალებას, ინვესტორს მეტი ინტერესი გაუჩნდეს საქართველოსა და ქართული კინოს მიმართ. 14 წლის წინათ მიღებული კინოს შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სახელმწიფო გაცილებით მეტად არის ვალდებული მეტად ჩაერთოს ქართული ეროვნული კინოს განვითარების საქმეში, ანუ სახელმწიფომ მეტი თანხა უნდა გაიღოს კინოს განვითარებისთვის. ყველა პატარა ქვეყანაში, როგორიც ფინეთი, ნორვეგია, დანია და ესტონეთია, კინოს განვითარებაზე გაცილებით დიდ თანხებს ხარჯავენ. ქართულ კინოს, რომელსაც დიდი ტრადიციები და საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რასაც ბოლო ხანებში ქართული ფილმების წარმატებითაც ვხედავთ, ვფიქრობ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს“, – აცხადებს ქართველი რეჟისორი.
ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ბიზნესმენები თითქმის არ ელიან მოგებას კინოწარმოებიდან და შესაბამისად ნაკლებად დებენ ამ სფეროში ინვესტიციას. მაგრამ, როგორც Dalma News-ს განუცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა, საერთაშორისო ორგანიზაციები დიდ ყურადღებას იჩენენ ქართული კინოს მიმართ, მაგალითაც სოროსის ფოდი, თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ხშირად ეხმარებიან. ასე, რომ ეს ურთიერთობები უკვე არსებობს. ქართულ კინოს აქვს საწარმოო ბაზაც, რომლის გამოყენებაც ხშირ შემთხვევაში საინტერესოა უცხოელი კინემატოგრაფისტისთვის.
“ჩვენთან ინდოელებიც იღებდნენ ფილმებს, ფრანგებიც და ამერიკული ჯგუფიც იყო ჩამოსული. ქართულმა ფილმა კონტაქტები დაამყარა ინდოელ, თურქ, პოლონელ კინემატოგრაფისტებთან და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გარემო, ძალიან საინტერესო ბუნება, მათთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის და ეს პროცესი ნელ-ნელა დაიწყება”, – ამბობს რეჟისორი.
ბოლო წლებში ქართველი რეჟისორები ხშირად იღებენ მცირებიუჯეტიან ფილმებს, ან სხვა ქვეყნის კინემატოგრაფებთან ერთობლივი პროექტებით ინტერსდებიან. ეს კი ფილმის წარმატების შემთხვევაში არაკეთილმოსურნეებს ქილიკის საფუძველს აძლევს, ანდა მნიშვნელოვან საერთაშორისო კინო-ფესტივალებზე ფილმი სხვა ქვეყნის სახელით გადის. მაგალითად რეჟისორ ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმი “მანდარინები”, რომელიც “ოსკარზე” იყო წარდგენილი, ესტონეთის თანადაფინანსებით შეიქმნა, თუმცა, ფილმების ერთობლივად გადაღება მსოფლიოში საკმაოდ მიღებული და დამკვირდებული პრაქტიკაა.
მერაბ კოკოჩაშვილის შეფასებით, მცირებიუჯეტიანობა ჩრდილს არ აყენებს ფილმის შინაარს და ეს განპირობებულია იმით, რომ, სახელმწიფო ძალიან მწირ თანხას იძლევა კინოსთვის. რეჟისორებიც იძულებულნი არიან ისეთი მიზერული თანხებით გადაიღონ ფილმები, რაც უცხოელ კინემატოგრაფისტებს სასაცილოდაც არ ეყოფათ.
“ქართული ფილმი არასოდეს ყოფილა ძირითადად კომერციული კინო, ის საავტორო კინოა და თუ კი მას, ოდესმე რაიმე წარმატება ჰქონდა, უპირველესად ინდივიდუალობით. ეს წარმატება ეროვნული ფილმების საშუალებით მოდიოდა, ამიტომ შეარქვეს ქართულ კინოს გარკვეულ პერიოდში “ქართული ფილმის ფენომენი”. კომერციულობას რაც შეეხება, ქართული კინო ვერასოდეს გაქაჩავს ამ სისტემის თვალსაზირით, ეს არის უძვირესი საქმე. რა თქმა უნდა თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენც გვაქვს, მაგრამ ისინი ძალიან მცირე შესაძლებლობებისაა. კომერციულ ფილმებს ამერიკელები და ძალიან მდიდარი ქვეყნები აკეთებენ. ფრანგული და სხვა სეიროზული ფილმები, რომლებიც ფესტივალებზე იმარჯვებს, არც ისე დიდი დაფინანსების არის”, – მიაჩნია მერაბ კოკოჩაშვილს.
კინოს სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიები ისეთი სისწრაფით ვითარდება და იცლება, რომ ძნელია მას პატარა ქვეყნები გამოეკიდონ. ამ პრობლემის გამო, ქართველი რეჟისორები თავიანთ პროდუქციას უცხოეთში, კერძოდ, ჩეხეთსა და რუმინეთში აკეთებენ. ქართველი რეჟისორები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება ამ კუთხითაც იმუშავებს და ეცდება თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოშიც დანერგონ. ასეთ შემთხვევაში კი გაცილებით მეტად დაინტერესდებიან უცხოელი ინვესტორებიცა და კინემატოგრაფებიც, რომ ჩამოვიდნენ და მთელი ციკლი საქართველოში ჩაატარაონ.
კინოდოკუმენტალისტიკა საქართველოში მხატვრულ კინოზე არანაკლებ განვითარებული ჟანრია და მას კიდევ უფრო მწირი დაფინანსება აქვს. თუმცა, ფილმების ავტორები მაინც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ფილმი საინტერესო გამოვიდეს და აქტუალობა არასდროს დაკარგოს.
კინოდოკუმენტალისტი მიხეილ ბასილაძე ძირითადად ისტორიულ ჟანრზე მუშაობს და მიაჩნია, რომ ეს ფილმები ემსახურება ერის მეხსიერების შენარჩუნებას, წარსული გმირული მაგალითების მომავალი თაობებისთვის ჩვენებას, საზოგადოებისთვის ინფორმაციისთვის მიწოდებას, რომელიც არის სასარგებლო და გასათვალისწინებელი, რათა გაივლოს პარალელები და გავითვალისწინოს გამოცდილება.
“ფილმა არ უნდა დაკარგოს აქტუალობა, ისე უნდა გაკეთდეს. ისტორიული ფილმები ეყრდნობა მხოლოდ მშრალ ფაქტებს. საკმაოდ კარგად მუშაობს ეს სფერო საქართველოში. უბრალოდ მეტი დაფინანსება, რომ იყოს კარგი იქნებოდა. თუმცა, ეს ჩვენი ქვეყნის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარეა. საქართველოში დოკუმენტურ ფილმზე თუ იხარჯება 5 ლარი, სხვა ქვეყნებში 100-ჯერ მეტს ხარჯავენ. ქვეყანა, როგორც არის ისეთი ფილმებიც კეთდება“, – განუცხადა რეჟისრომა Dalma News-ს და აქვე დასძენს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია ყველა სფეროსთვის, განსაკუთრებით დოკუმენტური კინოსთვის, იმიტომ, რომ მისი რენტაბელობა ძალია დაბალია.
რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი კი მიიჩნევს, რომ დოკუმენტური კინო ერთ-ერთი უმნიშველოვანესი ჟანრია და არაფრით განსხვავდება მხატვრული კინოსგან, ისეთივე მხატვრული ნაწარმოებია, უბრალოდ მიდგომებია განსხვავებული. მისი თქმით, დოკუმენტალისტიკას ყოველთვის ჰქონდა ერთ-ერთი უმნიშველოვანესი ადგილი კინოში.
“30-იანი წლებიდანვე შესანიშნავი ფილმები გადაიღეს ქართველმა რეჟისორებმა. განსაკუთრებული მიღწევები გვქონდა 70-იან 80-იან წლებში ქართულ სატელევიზიო კინოში. სკოლაც კი ჩამოყალიბდა, რომელსაც თავისი სტილიტიკა აქვს – საავტორო დოკუმენტური კინო“, – ამბობს იგი.
გამოცდილი რეჟისორი აღფრთოვანებულია თანამედროვე დოკუმენტალისტების ნამუშევრებითაც და მიაჩნია, რომ მათ ძალიან კარგი სკოლა აქვთ გავლილი, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, მაგრამ ასევე უნდა იცნობდნენ ძველ ქართულ ფილმებს, რადგან ეს არის საფუძველთა საფუძველი მათი თანამედროვე კარგი ფილმებისთვის.
სპეციალისტების აზრით, ამ მიმართულებითაც წარმატებები ექნება ქართულ კინოს, იმიტომ, რომ მას ძალიან ღრმა ეროვნული ტრადიციები აქვს. ასე, რომ ხელისუფლების ძალისხმევა ფუჭი ნამდვილად არ იქნება.
შორენა პაპაშვილი