პარტია „ქართული ოცნებისა“ და საკუთრივ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით გაპრეზიდენტებული ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში დარჩენის ახალ გზებს ეძებს და პოლიტიკურ პარტიებს თამაშის საკუთარ წესებს – „ქართული ქარტიის“ სახელწოდებით სთავაზობს. მეხუთე პრეზიდენტი ცდილობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლი ხელში აიღოს.

„ოცნებასა“ და სალომეს შორის შავმა კატამ დიდი ხნის წინ გაირბინა. ამ პოლიტიკურ გაყრას სასამართლოს გარეშე არ ჩაუვლია. როდესაც მმართველმა ძალამ პრეზიდენტი სახელმწიფოს კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და მისი იმპიჩმენტი მოითხოვა, სალომე საპარლამენტო ოპოზიციამ გადაარჩინა და სავარძელი შეუნარჩუნა. როგორც ჩანს, ვალის დაბრუნების დრო მოვიდა და სალომემაც ქარტიის შექმნა მოიფიქრა.

პრეზიდენტმა ვეტო დაადო „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ საპარლამენტო უმრავლესობით მიღებულ კანონს და ავტომატურად იქცა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის პატივსაცემ ფიგურად. საჯარო მადლობის სათქმელად, ლომჯარიამ და გიგაურმა „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქციის წევრებიც კი მიიყვანეს ორბელიანის სასახლესთან და პრეზიდენტს თავიანთი ტრიბუნა შესთავაზეს. მაგრამ სალომემ ხომ გვითხრა, რომ პრეზიდენტი ხალხზე მაღლა უნდა იდგესო – და აქციის მონაწილეებს საკუთარი რეზიდენციიდან ონლაინ, ფართო ეკრანიდან ჩაერთო, რა დროსაც, ყველა პოლიტიკურ პარტიას ქარტიაზე ხელმოწერა შესთავაზა. ამას თავისი პირობაც აქვს – „ერთობა ერთიანობის გარეშე“.

„პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის… ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა. ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

„ქართული ქარტიის“ ირგვლივ გაერთიანება არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა, იმის შემდეგ, რაც ხელს მოაწერენ ერთობლივ ქარტიას, თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია ექნებათ.

სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს რეფერენდუმად მოიხსენიებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, საკუთრივ, კიდევ ცალკე რეფერენდუმის ჩატარება სურს. ეს უნდა იყოს რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობამ უნდა უპასუხოს კითხვას, – უნდათ თუ არა ევროპა? რაც მთავარია, სალომეს სურვილია მთავრობა მან დააკომპლექტოს. მისი ქარტიით პარლამენტიცა და მთავრობაც სხვაგვარი იქნება, ანუ კონკრეტული ევროპული გეგმის შემსრულებელი.

სალომე ზურაბიშვილი

„ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საინტერესოა, რა არის სალომე ზურაბიშვილის ფარული განზრახვა? როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, სალომეს მეორე ვადით პრეზიდენტობა სურს და თუკი, მისი ქარტიის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს და კოალიციური მთავრობა შეიქმნება, სალომეს კვლავ პრეზიდენტად დაასახელებენ. მართალია თუ ტყუილი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთი რამ ნამდვილად სახეზეა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რომელმაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნაზე, – არა და არასდროსო! – განაცხადა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბოლო დროს, აშკარად მოიპოვა სააკაშვილის პარტიის კეთილგანწყობა. ერთიც ვნახოთ და სალომე მისგან არ შეწყალებული ექსპრეზიდენტის პარტიის ლიდერი გახდეს. აი, ეს კი იქნებოდა ნამდვილი ქალური შურისძიება. სწორედ სააკაშვილმა მოიყვანა ზურაბიშვილი პირველად საქართველოს მთავრობაში, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა და მალევე სკანდალურად დაატოვებინა თანამდებობა. მაშინ ზურაბიშვილმა სააკაშვილსა და მის მთავრობას ქაჯები უწოდა, დღეს კი, იმ ქაჯების ხელისუფლებაში მობრუნება სურს და პოლიტიკური პროცესების ხელში აღებას ლამობს.

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, „ენმ“-სა და მის წიაღში გამოზრდილი პარტიების კეთილგანწყობა ნამდვილად მოიპოვა სალომე ზურაბიშვილმა, შემდეგი ნაბიჯია, როგორც ოპოზიციის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა, დასავლეთს წარუდგინოს ოპოზიციის ერთობლივი პროდუქტი ქარტიის სახით. აჩვენოს მათ, რომ ქარტიაში თავი მოიყარეს პროევროპულმა პარტიებმა და მათ უნდა დაუჭირონ მხარი არჩევნებზე.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ზურაბიშვილის ქარტია უფრო გარე მოხმარების პროდუქტია, ვიდრე საქართველოს საშინაო პოლიტიკისთვის. პარტიები, რომლებიც გამოთქვამენ მზადყოფნას ამ ქარტიაშია შესვლაზე, საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არიან ცნობილნი ხელისუფლებაში მათი ყოფნის პერიოდიდან მოყოლებული. ყველამ ძალიან კარგად იცის მათი პოლიტიკური ბიოგრაფია, თუ რამდენად პროევროპულები არიან.

ანალიტიკოსის აზრით, ეს ქარტია გახდება ის ინსტრუმენტი, რომლითაც შემდგომ პარტიები ეცდებიან საკუთარი გეგმები და ინტერესები გაატარონ საპარლამენტო არჩევნების დროს. დიდი ალბათობით, არჩევნები გამოაცხადონ არალეგიტიმურად და თქვან, რომ პრორუსულმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა ხელისუფლება, ხოლო ჩვენ – პროდასავლური ძალები, მათ ვეწინააღმდეგებითო.

„რომ ავიღოთ ჯამურად ამ ქარტიაზე ხელმომწერი პარტიების მხარდაჭერა, ვნახავთ, რომ არ არის იმდენი, რაც არჩევნების მოგებისთვის საკმარისია. გარდა ამისა, ქარტია იმ ამომრჩეველს განეკუთვნება, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, პროპაგანდისგან დაბნეული და შეშინებულია, – მართლა ხომ არ იცვლება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი?“, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ამ ქარტიამ „ქართულ ოცნებას“ მისცა საშუალება, რომ ერთ ქვაბში ჩაყაროს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლებსაც მომავალ არჩევნებში ძირითადად დასავლეთის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

„მათი ელექტორალური რესურსი არის მწირი. ამიტომაც უწოდებს მათ ხელისუფლება უცხოური გავლენის აგენტებს. ამას თავად უწყობენ ხელს იმით, რომ პერმანენტულად აცხადებენ, რომ დასავლეთი მათ გვერდით არის“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტია უნდა ლაპარაკობდეს ქვეყნის შიგნით ელექტორალურ მხარდაჭერაზე და არ უნდა აკეთებდეს პედალირებას იმაზე, რომ მას დასავლეთი ან კონკრეტული რომელიმე ქვეყანა უჭერს გარედან მხარს. ეს პოლიტიკური აბსურდია.

„საქართველოში, როგორც ჩანს, ამ მოუმწიფებელ პოლიტიკურ ვითარებაში ასეთი რამეც მოსულა. ოპოზიცია ამას ვერ აცნობიერებს, ან ჰგონიათ, რომ რაც უფრო ხშირად მოიხსენიებენ დასავლეთს მათ მხარდამჭერად, მით უფრო შეიძენენ მომხრეებს. ჩემი აზრით, ეს ასე არ არის“, – აცხადებს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება ზურაბიშვილს, როგორ ხედავენ ანალიტიკოსები მის მომავალს ქართულ პოლიტიკაში?

ზაალ ანჯაფარიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს და ის უანგაროდ არ ირჯება,  თუმცა ჯერ ოპოზიციამ უნდა მოიგოს არჩევნები.

„არ მგონია სალომე ზურაბიშვილი ასეთი გულუბრყვილო იყოს, არ იცოდეს, რომ ოპოზიციას არჩევნების მოგების შანსი არ აქვს. მეორე მხრივ, რატომ მოინდომებს ოპოზიცია ახალი ვადით ითმინოს სალომე ზურაბიშვილი მისი ჭირვეული ხასიათით პრეზიდენტის რანგში? არ მგონია, ოპოზიცია დღეს ამაზე იყოს შეჯერებული, ჯერ ერთი სალომე ზურაბიშვილს გადასახდელი აქვს ვალი – პრეზიდენტის თანამდებობა საპარლამენტო ოპოზიციის წყალობით შეინარჩუნა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვა“, – ამბობს ანალიტიკოსი.

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციამ კიდევ ერთი ვადით რომც გააპრეზიდენტოს, გარანტია არავის აქვს, რომ ის რომელიმე პოლიტიკური ძალის ერთგული დარჩება.

გელა ვასაძე

პოლიტოლოგ გელა ვასაძის აზრით, ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია, არც  პოლიტიკურ პოლარიზაციას უჩანს დასასრული. ვითარება არჩევნებამდე კიდევ უფრო დაიძაბება.

„დასანანია, რომ ასეთ ვითარებაში ვართ“, – განუცხადა Dalma News-ს პოლიტოლოგმა.

გელა ვასაძის არით, ქარტიაში ოპოზიციის გაერთიანების თეორიული შესაძლებლობა კი არსებობს, თუმცა პრაქტიკაში რამდენად განხორციელდება, ოპოზიციაზეა დამოკიდებულია. პოლიტოლოგი სკეპტიკურად არის განწყობილი ოპოზიციის შესაძლებლობების მიმართ. მიზეზი არის იმაში, რომ ოპოზიცია კარგად მუშაობს საკუთარ მედიაზე, თუმცა პარტიული მუშაობისა და პოლიტიკური პროცესების წარმართვისთვის მზადყოფნა არ ეტყობათ.

„ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო ქარტიის იდეა, თუმცა გაუგებარი იყო რეფერენდუმის იდეა. რა რეფერენდუმზეა საუბარია, როდესაც რამდენიმე თვეში არჩევნებია? „გამჭვირვალობის კანონი“ იყოს ტრიგერი ისეთი პროცესებისა, რასაც ჰქვია საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა. ჩვენ ვხედავთ რიტორიკას დასავლეთის პარტნიორებთან, არის სახიფათოა თუ არა, მეორე საკითხია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ნაკარნახევი იყოს არსებული გეოპოლიტიკური ვითარებით. მთავრობაში ფლობენ ინფორმაციას და იციან რაღაცები“, – ამბობს გელა ვასაძე.

სანამ სალომეს ქარტიის ბედი გაირკვევა, მანამდე, ზურაბიშვილის მადლობა „ოცნებიდანაც“ გაუგზავნეს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართულ ქარტიას“ უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა უწოდა. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმისთვის. რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება დაიწყო.

შორენა პაპაშვილი