საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა ძალამ, შეურიგებელი კონკურენტის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახით, ქვეყნის ხელისუფლება პროცედურულ დარღვევებში და კარუსელის გამოყენებაში დაადანაშაულა, “ქართული ოცნების” ლიდერებმა თავიანთი გამარჯვების შესახებ გამოაცხადეს. მათი გამარჯვება ყველა საარჩევნო უბნის შედეგებით დადასტურდა. რაიონების და ქალაქების თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს. მათ 50%-იანი ბარიერი მხოლოდ რამდენიმე რაიონში ვერ გადალახეს, სადაც არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

არჩევნების სტატისტიკა

21 ოქტომბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 644 საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც მოქალაქეებმა 64 მერი და 64 საკრებულოს 2058 წევრი აირჩიეს. მერების არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 369 კანდიდატმა გაიარა, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებად 4 727 ადამიანი დარეგისტრირდა, ხოლო პარტიული სიებით წარდგენილმა კანდიდატებმა საკრებულოში 12 902 განაცხადი შეიტანეს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მერებს და დეპუტატებს პირდაპირი არჩევნების გზით ოთხი წლის ვადით ირჩევენ.

როგორც არჩევნების შედეგებზე საუბრისას საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 45,64%, ხოლო თბილისში – 43% შეადგინა. არჩევნებში 22 პარტიის, 4 საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლები და თავისუფალი კანდიდატები მონაწილეობდნენ. არჩევნებს აკვირდებოდა საარჩევნო სუბიექტის 54 389 წარმომადგენელი, საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების 20 641 და 581 საერთაშორისო დამკვირვებელი. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნების პროცესს დაახლოებით 4820 ჟურნალისტი აშუქებდა.

არჩევნების დროს საოლქო საარჩევნო კომისიებში 309 საჩივარი დაიწერა, მათი უმრავლესობა პროცედურული ხასიათის დარღვევებს შეეხებოდა. არჩევნების დღეს ოპოზიციური პარტიების ზოგიერთმა ლიდერმა მათი აქტივისტების და საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ განაცხადეს. ბოლნისის და მარნეულის საარჩევნო უბნებთან პოლიცია იყო მობილიზებული. ხმების დათვლის დროს, მარნეულის მეცამეტე საარჩევნო უბანზე ერთმანეთს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ვითარების განმუხტვა მხოლოდ პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ მოხერხდა.

არჩევნები თბილისში

909767

თბილისის მერობისთვის 13 კანდიდატი იყრიდა კენჭს. დედაქალაქში სულ 737 საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც თბილისში დარეგისტრირებული 943 ათასი ამომრჩევლიდან, მხოლოდ 410 ათასი, ანუ 43% გამოცხადდა. არჩევნების პირველივე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ 203 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ანუ ხმების 51,06%-ით გაიმარჯვა.

მეორე ადგილზე 17,46%-ით ალეკო ელისაშვილი გავიდა, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ხმების 16,53% დააგროვა. მას მოსდევს: ბლოკი “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს” კანდიდატი ელენე ხოშტარია – 7,13%-ით, ბლოკი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ირმა ინაშვილი 3,02%-ით, ბლოკი “ერთობა, ახალი საქართველოს” კანდიდატი გიორგი ვაშაძე – 1,95%-ით და ა.შ.

“მინდა, ყველამ იცოდეს, რომ არჩევნებში არავის წაუგია. ამ არჩევნებში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, თბილისის მოსახლეობამ გაიმარჯვა… ჩემთვის ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის – თბილისის მერობა დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი პატივია. თქვენი დიდი მხარდაჭერა პასუხისმგებლობას მიორმაგებს და სტიმულს მაძლევს, რათა თბილისის თითოეული მოქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად თავდაუზოგავად ვიმუშაო”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით,საქართველომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დემოკრატიული ქვეყანა და ევროპული ოჯახის წევრია. მან ასევე დასძინა, რომ მერიის კარი ყოველთვის ღია იქნება ყველა მისი ოპონენტისთვის, რადგანაც თითოეულს, რომელსაც გული შესტკივა თბილისზე და დედაქალაქის განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს, ქალაქის უკეთესი მომავლის შენებაში საკუთარი წილის გაღება შეუძლია.

არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგი გამართა და თავის კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.

“ყოველთვის ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნის და იმის მომხრე ვიყავი, რომ გვესაუბრა მხოლოდ სასარგებლო იდეებზე და არა სიძულვილზე. სწორედ ამიტომ, ვაღიარებ კალაძის გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს. მე ვიბრძოდი არა სავარძლისა და კაბინეტისთვის, არამედ დედაქალაქის უკეთესი მომავლისთვის. თუკი კახა კალაძე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ქალაქი უკეთესი იყოს, მე მხოლოდ მივესალმები”, – განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, ის შერეული სისტემით ჩატარდა, 50-დან 25 დეპუტატი პროპორციული სისტემით, დანარჩენი 25 კი – მაჟორიტარული სისტემით აირჩიეს.

216656816

საქართველოს ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით თბილისის მუნიციპალიტეტში ოთხი საარჩევნო სუბიექტი მოხვდა, რომლებმაც მინიმალური – 4%-იანი ზღვარი გადალახეს. ეს პოლიტიკური ძალებია: “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” -53,01% (დაახლოებით 205 ათასი ხმა); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -17,66%; “ბაქრაძე, უგულავა -ევროპული საქართველო” – 9,19%; “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 5,62%. დარჩენილი 25 ადგილი საკრებულოში ასევე “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარული სისტემით არჩეულმა კანდიდატებმა დაიკავეს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, დედაქალაქის მერი მოვალეობების შესრულებას ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შესაჯამებელი პროტოკოლის გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს, ანუ არაუგვიანეს 12 ნოემბერს უნდა შეუდგეს.

 

Untitled picture

ხელისუფლება და ოპოზიცია არჩევნების შესახებ

21 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვის და ზოგიერთი Exit-poll-ის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ქვეყნის მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავისი პარტიის ყველა მომხრეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

“ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს და მთელს ჩვენს გუნდს. სიამაყით ვაცხადებ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქართული დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და წინ გადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

არჩევნების შედეგებზე საუბრისას ორი ოპოზიციური პარტიის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველო -მოძრაობა თავისუფლებისათვის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხმის მიცემის პროცესი დარღვევებით და უპატიოსნო ვითარებაში მიმდინარეობდა.

“რომ არა ის სპეცოპერაცია, რომელიც თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით ვნახეთ, დამიჯერეთ არჩევნები სხვა შედეგებით დასრულდებოდა. გუშინ ამომრჩევლებზე უპრეცედენტო ზემოქმედება განხორციელდა. საარჩევნო უბნებზე იყვნენ “მაყურებლები”, რომლებიც ყველა იქ მისულს აკონტროლებდნენ და აკონტროლებდნენ იმას, თუ ვინ ვის აძლევდა ხმას”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

კრიტიკული განცხადება გააკეთა საარჩევნო ბლოკ “დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც 14 პარტიისგან ახლადშექმნილი გაერთიანებული ოპოზიციონერების “ლიდერთა საბჭოს” სახელით განაცხადა, რომ ქვეყნის ადგილობრივი ორგანოების არჩევნები უკანონო და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

 

233451031

საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები არჩევნების შესახებ

არჩევნების შედეგებზე საუბრისას ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა სტიუარტ დიქსონმა განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა. დელეგაციის ხელმძღვანელი, რომლის დამკვირვებლებიც არჩევნების პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 უბანზე აკვირდებოდნენ დასძენს, რომ მიიღეს ინფორმაციები ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების თაობაზე, რომლის დამტკიცებაც, მისივე თქმით, არც ისე ადვილია.

ეუთოს დამკვირვებელთა ბიუროს მისიის ხელმძღვანელმა დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების საკითხებში, კორიენ იონკერმა განაცხადა, რომ ძირითადი თავისუფლება დაცული იყო, ხოლო ქვეყნის ცესკოს მუშაობა არჩევნების ორგანიზების თვალსაზრისით შეფასდა, როგორც “დროული, ეფექტიანი და პროფესიონალური”. ამასთანავე, მან ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ დარღვევებზე, რომლებიც დამკვირვებელთა ბიუროს მისიის 200 კაციანმა დელეგაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფიქსირა.

არასამთავრობო ორგანიზაცია აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის საშიშროება არსებობს, რაც პირველი შემთხვევა არ არის საქართველოსთვის და რომ ეს გამოწვევაა “დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის”. ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”  პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს  მმართველი პარტიის  წარმომადგენლების მოქმედებების შესწავლის მოთხოვნით  მიმართა, რომლებიც მათი მტკიცებით საარცევნო უბნებზე  ამომრჩევლების  მონაცემებს აფიქსირებდნენ.

“არჩევნები საქართველოში კარგად იყო დაგეგმილი და კანონით გათვალისწინებული წესების თანახმად ჩატარდა”, – განაცხადეს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების –  “განვითარების და დემოკრატიის ცენტრის” და “დემოკრატიის და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე აკვირდებოდნენ არჩევნების პროცესს.

P.S. არჩევნების შესახებ საუბრისას ქართველი ექსპერტების უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნების შედეგი მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც პოლიტიკური რეიტინგების წინასწარი კვლევების მიხედვით, დანაწევრებული ოპოზიციის მარცხი პროგნოზირებადი იყო. ყველა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ  არჩევნების მთელი ინტრიგა იმაში კი არ მდგომარეობს, თუ ვინ გაიმარჯვებს, არამედ იმაში, თუ მეორე ტური რამდენ თვითმმართველ ქალაქში, ან რაიონში.

Dalma News-ის ქართული რედაქცია

ფოტო: © РИА Новости/ალექსანდრე იმედაშვილი