„ქართულ ოცნება“ ახალი პრეზიდენტის არჩევას ჩქარობს. მე-11 მოწვევის პარლამენტმა (რომელსაც არჩეული დეპუტატების ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები არალეგიტიმურს უწოდებენ) მუშაობა 25 ნოემბერს არასრული შემადგენლობით დაიწყო.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად 150-მანდატიან პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ 89 მანდატი მოიპოვა, დანარჩენი 61 კი 4-ოპოზიციურ პარტიასა და პოლიტიკურ ძალთა გაერთიანებაზე გადანაწილდა. ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. სარჩელი შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოშიც. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ცხოვრებას აქტიურად შეუდგა და მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებასთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 14 დეკემბერი გამოაცხადა.

2017 წლიდან ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობა საპარლამენტო მმართველობით შეიცვალა, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს არ გააჩნია რაიმე მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, მას ძირითადად წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს.

პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოს 2018 წელს ჩატარდა, რომელშიც “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებამ მალევე იჩინა თავი. ზურაბიშვილმა მმართველი პარტია არაერთხელ გააკრიტიკა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ „მტრული და დაუფიქრებელი პოლიტიკის“ წარმართვაში დაადანაშაულა.

2023 წელს “ოცნებამ” პარლამენტში ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, რადგან პრეზიდენტი მთავრობის ნებართვის გარეშე ახორციელებდა საგარეო ვიზიტებს. პრეზიდენტი იმპიჩმენტისგან საპარლამენტო ოპოზიციამ იხსნა. სალომე ზურაბიშვილის საგარეო ვიზიტები არაკონსტიტუციურად ცნო საკონსტიტუციო სასამართლომაც. „ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მეორედაც დააყენა. ყველა ამ პროცესის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ არჩევნების შემდეგ “ოცნება” სალომე ზურაბიშვილის შეცვლას ჩქარობს.

ახალ პრეზიდენტს, 5 წლის ვადით, უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.

პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის ხმების 2/3, 200 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

მიხეილ ყაველაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის თავისი კანდიდატი უკვე დაასახელა. ის „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ფეხბურთელი, მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილია.

მისი კანდიდატურა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. იგი დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას.

„პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება – არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავისი ბუნებით, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა“, – განაცხადა ივანიშვილმა ყაველაშვილის წარდგენისას.

თავის მხრივ პრეზიდენტობის ახალმა კანდიდატმა ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“.

„რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია – და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის ახალი კანდიდატის ვინაობა, ატყდა ხმაური ყაველაშვილის განათლებასთან დაკავშირებით. სხვადასხვა მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ ცნობებს, რომ თურმე ყაველაშვილს არ აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. ასე მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ იტყობინება, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსით, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა სავალდებულო არ არის. მათ შორის, კანდიდატი ვალდებული არ არის, წარადგინოს საშუალო განათლების დამდასტურებელი რაიმე ცნობა.

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ ყაველაშვილის დიპლომთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს უპასუხა: „ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა?“.

მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას ვლადიკავკაზის “ალანიაში” მისი ყოფილი მწვრთნელი ვალერი გაზაევი გამოეხმაურა. მან ყაველაშვილს თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი უწოდა.

გაზაევის თქმით, ყოფილი ფეხბურთელები საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებენ – კახა კალაძე, ყაველაშვილი – ეს ის სპორტსმენები არიან, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს სახელს წარმოაჩენენ.

“მიშა თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია. ის “ალანიაში” ჩემთან ერთად იყო და თავი ყოველივე საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა. ყაველაშვილი როგორც ადამიანური, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით გამოირჩეოდა და მიწვევა მანჩესტერ “სიტიდან” მიიღო. შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მინდა, ამ პატრიოტ ადამიანს დიდი წარმატება ვუსურვო. მჯერა, რომ ეს ღირსეული ადამიანები ღირსეულად ასრულებენ თავიანთ სამოქალაქო მოვალეობას”, – განუცხადა გაზაევმა ადგილობრივ “სპორტ ექსპრესს”.

მიხეილ ყაველაშვილის მიმართ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს შორის ისეთებიც გამოეხმაურნენ, რომლებიც დიპლომის ქონა-არქონას პრობლემად არ მიიჩნევენ.

„ზოგს ისეთი უმაღლესი განათლება აქვს, რომ არ ჰქონდეს ის ჯობია. მაგალითად, ხოშტარიას მოსკოვის ერთ-ერთი უნივერსიტეტის დიპლომი აქვს, თან იქ ჩაწყობით ხვდებიან “დამსახურებული” ხალხის შვილები. მისი დანიშვნა უფრო კარგი იქნებოდა, რადგან დიპლომი აქვს? ზოგადად, დიპლომი კი არა, ცოდნაა მთავარი და თუ მისი უნარები შეესაბამება თანამდებობას, რა პრობლემაა? გაუნათლებელი მიშა მირჩევნია ბევრ განათლებულ და დოქტორის ხარისხის მქონე პოლიტიკოსს, რომლებიც მეფე ერეკლე II-ს მოღალატეს ეძახიან“, – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

მიხეილ ყაველაშვილი 1971 წლის 22 ივლისს, ბოლნისში დაიბადა. საფეხბურთო კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რასაც თბილისის “დინამო”, „სამტრედია” და ვლადიკავკაზის “სპარტაკი”(შემდეგში ალანიას წევრიც იყო) მოჰყვა.
1996 წლიდან მისი საფეხბურთო კარიერა ასე წარიმართა: “მანჩესტერ სიტი“, “გრასჰოპერი”, თამაშობდა სხვადასხვა შვეიცარიულ კლუბებში – “ლუცერნი”, “სიონი”, “აარაუ”, “ბაზელი” და “ციურიხი”. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა – მიხეილ ყაველაშვილმა 46 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.

Вахтанг Хмаладзе

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს გარდა კანონით დადგენილი კრიტერიუმებისა, რომელიც შეეხება მოქალაქეობას და ასაკს, სხვა შეზღუდვა არ აქვს, მათ შორის, არც დიპლომის არქონის.

„ეს ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი პრეზიდენტი უნდათ რომ ჰყავდეთ, იგივე ეხება პარლამენტის დეპუტატებსაც. სხვა ტიპის კრიტერიუმები, ვთქვათ განათლება, თუ რამე მსგავსი, არ მოქმედებს“, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ ხმალაძემ.

კონსტიტუციონალისტი პრობლემას სხვა საკითხში ხედავს. იგი 26 ოქტომბრის არჩევნებს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს და განმარტავს, რომ ახალ პარლამენტს პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება არ ჰქონდა. ხმალაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება მიიტაცა.

„თვითონ პარლამენტიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, არის არალეგიტიმური და მას არანაირი არჩევნების დანიშვნის უფლება არ ჰქონდა. პარლამენტის ლეგიტიმურობას განსაზღვრავს არჩევნების ლეგიტიმურობა. ეს უკანასკნელი დგას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. საკონსტიტუციო სასამართლოში 2 სარჩელია შეტანილი არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. პარლამენტს უფლება არ ჰქონდა, განეხილა და კენჭი ეყარა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთვის, სანამ არ იქნებოდა ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა საკუთარი უფლებამოსილების საკითხის დაყენების უფლება თუ საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად არ ცნობდა მას. დღესდღეობით სასამართლოს არა თუ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, განხილვაც არ აქვს დაწყებული.

ხმალაძის აზრით, ახალი პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევნები დანიშვნა, იქნება არალეგიტიმური და არაკანონიერი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, დღეს მოქმედია ისევ მე-10 მოწვევის პარლამენტი და მთავრობა, რომელიც იყო არჩევნებამდე.

ვახტანგ ხმალაძის ლოგიკას თუ გავყვებით, სალომე ზურაბიშვილს სავსებით შეუძლია განაცხადოს, რომ ის არის მოქმედი პრეზიდენტი და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამ შემთხვევაში რა ზომებს მიმართავს „ქართული ოცნება“ დრო გვიჩვენებს.

ვახტანგ ხმალაძის აზრით, საჭიროა ხელისუფლება დაბრუნდეს სამართლებრივ სივრცეში, ეს კი ხელახალი არჩევნების გარეშე შეუძლებელია.

ამასობაში თავისი პოზიცია გამოხატა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. მისი თქმით, ქართველი ხალხის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი თავად არის.

ზურაბიშვილს სურს წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი გახდეს: „დღეს გვჭირდება კოორდინირებულად მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები – ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე – ბოლომდე ვიდგები თქვენთან ერთად“.

შორენა ქარჩავა