ქვეყანათა შორის კულტურული დიალოგის ხელშეწყობა და ახალი ტალანტების აღმოჩენაა კავკასიური ჯაზის ფესტივალის მთავარი მიზანი, რომელსაც საქართველოს უკვე მერვედ მასპინძლობს. “ყურმა, შეიძლება მოგატყუოს. ხელმაც, თვალმაც, პოლიტიკოსებმაც…. მაგრამ არის ერთი რამ, რაც ვერ იტყუება – გული, და ამ გულიდან წამოსული მუსიკა!”, – უთქვამს ამერიკელ ჯაზმენ ჯასტინ დიჩიოჩიოს.

უკვე წლებია ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჯაზმენები აქტიურად იკრიბებიან კავკასიური ჯაზის ფესტივლზე საქართველოში და ერთმანეთს ჯაზური მუსიკის უსაზღვროებას უზიარებენ. პერიოდულად ფესტივალს თურქი და ირანელი მუსიკოსებიც უერთდებიან.

20170619_200410_672
ელენე მეჩითოვა – ფესტივალის დირექტორი

კავკასიური ჯაზის მერვე ფესტივალს წელს, თბილისის მოძრაობის თეატრმა უმასპინძლა. სამი დღის განმავლობაში მუშტაიდის ბაღი, ჯაზის მოყვარულთა თავშეყრის ადგილად იქცა. 17 ივნისს მაყურებლის წინაშე წარდგნენ კავკასიური ჯაზის საუკეთესო შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. კონცერტი ქართულმა ჯგუფმა Auditorium A-მ გახსნა და მათ მიერ შექმნილ ჯაზურ კომპოზიციებთან ერთად, მაყურებელს “ფოსტალიონის სიმღერის” ჯაზური ვერსია წარუდგინეს ცნობილი ქართული ფილმიდან “დღე – პირველი, დღე – უკანასკნელი”.

როგორც Dalma News-ს ჯგუფის სოლისტმა სანდრო კვაჭაძემ განუცხადა, ძალიან უყვარს ეს სიმღერა და ერთ დღესაც გადაწყვიტა მისეული არანჟირება გაეკეთებინა. შედეგი იმდენად მოეწონა, რომ ახლა გეგმავს ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაოს და ქართული კინომუსიკა ახლებურად, ჯაზურად ააჟღეროს.

“კავკასიური ჯაზის ფესტივალი განსხვავებულია იმით, რომ სხვადასხვა ქვეყნების კულტურას აერთიანებს. შარშან მქონდა შესაძლებლობა მომესმინა ირანული, თურქული, აზერბაიჯანული და სომხური ჯაზი, წელსაც საინტერესო ჯგუფები ჩამოვიდნენ. შარშან ახალციხეში ჩატარდა ფესტივალი, იქ დავმეგობრდით, ერთმანეთის კულტურა გავიზიარეთ. მუსიკოსებს შორის ხდებოდა კოლაბორაცია. ეს ფესტივალი ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მაღლა დგას. მუსიკა ცდება პოლიტიკას და ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს, სრული თავისუფლებაა ურთიერთობებში”, – აცხადებს სანდრო კვაჭაძე.

მისი ჯგუფი Auditorium A 2014 წელს შეიქმნა და აერთიანებს თანამედროვე ჯაზისა და ქართული კინომუსიკის ელემენტებს. ჯგუფს სამი წევრი ჰყავს: გიტარა – ზუკა სიმონიშვილი, დასარტყამი – დანიელ ადიკაშვილი, რომლის შესრულებამ კონცერტის განმავლობაში არაერთხელ დაიმსახურა მაყურებლის ტაში და ოვაციები და ბასი – სანდრო კვაჭაძე. ძირითადად უკრავენ ჯაზ-კაფე “ზინგერში”. როგორც ანსამბლის წევრები ამბობენ, მსმენელის ნაკლებობას არ განიცდიან.

ფესტივალის გახსნის დღეს დაუკრა “ლუსი ხანიანის ტრიომ”. თავის კომპოზიციებში სომხური მუსიკის მოტივები არაერთხელ შეახსენეს მსმენელს. ლუსის ტრიოს შემდეგ სცენა Artur Grigoryan Quintet-ის წევრებმა დაიკავეს, ხოლო აზერბაიჯანელი Zzaj Patterns-ის გამოსვლამ მაყურებელს მოდუნების საშუალება არ მისცა.

65279_750_463ფესტივალის ფარგლებში 14 ივნისს, მასტერ-კლასები გაიმართა, სადაც ჯაზის ახალგაზრდა შემსრულებლებს საკუთარი გამოცდილება სომეხმა, აზერბაიჯანელმა, თურქმა და ქართველმა ცნობილმა მუსიკოსები და პედაგოგებმა, სალმან გამბაროვმა, შენთურქ ოზთაშიმ, ჯორჯ მელიმ (გიორგი მელიქიშილი) და არმენ უსნუნცმა გაუზიარეს. მათ გახსნეს ფესტივალის დასკვნითი კონცერტიც, სადაც ერთ სცენაზე გამოვიდნენ, როგორც ფესტივალის სპეციალური სტუმრები, ასევე მასტერ-კლასების მონაწილეებიც.

აზერბაიჯანელი პიანისტი და კომპოზიტორი სალმან გამბაროვი ქართველი მაყურებლის წინაშე მუსიკოსების საერთაშორისო ბენდთან ერთად წარსდგა.

58 წლის პიანისტი ჯაზის მუსიკოსად დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა. ეს არის ადამიანის, რომელსაც არ უყვარს ჩარჩოები და შესაბამისად, მისი ჯაზიც ფერადი და საინტერესოა. სალმან გამბაროვმა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია თეორეტიკოსი-მუსიკოსის განხრით დაამთავრა. როგორც თავად ამბობს, მთელი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ცდილობს გამოხატოს ჯაზის პოზიცია სხვა მუსიკალური კულტურებისა და სტილის მიმართ. 1996 წელს შექმნა ჯგუფი Bakustic Jazz.

თურქი ბასისტი, კომპოზიტორი შენთურქ ოზთაში, რომელიც ასევე არის, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და ჯგუფ Songs From A Breeze-ის დამფუძნებელი, 1986 წელს დაიბადა. დამთავრებული აქვს ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტის ჯაზის პროგრამა. მუშაობს სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებზე, როგორც კომპოზიტორი და ინსტრუმენტალისტი.

Kavkaz Jazz ფესტივალს მოწვეული სტუმრის რანგში ქართველი მუსიკოსი გიორგი მელიქშვილი სტუმრობდა, მას აშშ-ში ჯორჯ მელის სახელით იცნობენ. იგი თბილისში დაიბადა, თუმცა მუსიკოსად აშშ-ში ჩამოყალიბდა, სადაც წარჩინებით დაამთავრა პრეზიჟული მუსიკალური კოლეჯი – Berklee College Of Music. 2000 წლიდან ნიუ-იორკისა და საერთაშორისო ჯაზის და კრეატიული მუსიკის განუყოველი ნაწილი გახდა. გამოცემა New York City Jazz Record-მა მას ნიუ-იორკის ჯაზის და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი უწოდა. თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში ჯორჯ მელი, თანამშრომლობდა ცნობილ მუსიკოსებთან: ესპერანზა სპალდინგი, ლეო ჯენოვეზე, ავიშაი კოენი, გაბრიელ გროსი, რაულ მიდონი და სხვა.

DSC09445ფესტივალის კიდევ ერთი აქტიური მონაწილეა სომეხი საქსოფონისტი არმენ უსნუნცი. მან მუსიკალური კარიერა 45 წლის წინათ, ფორტეპიანოზე დაკვრით დაიწყო და იმ ხანებში, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ სხვა მუსიკალური ინსტრუმენტის წყალობით მიაღწევდა წარმატებას. მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ სასულე ორკესტრში მოხვდა, სადაც საქსოფონი უნდა დაეკრა. დაიწყო ცნობილი საქსოფონისტების მოსმენა და ნელ-ნელა ჯაზის სამყაროში აღმოჩნდა.

“მიყვარდა მუსიკა, მაგრამ საქსოფონმა მაიძულა ახლოს მივსულიყავი ჯაზთან. კარგი ჯაზი გადამდებია. საქსოფონი პოპულარულია, როგორც ჯაზური ინსტრუმენტი, თუმცა მე ამ შეხედულებას არ ვიზიარებ. საქსოფონი წარმატებით გამოიყენება სიმფონიურ ორკესტრებშიც”, – გვითხრა არმენ უსნუნციმ.

მან ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საქსოფონის განყოფილება დაამთავრა და დააარსა ეთნო ჯაზ კვინტეტი Time Report Band, რომლის ალბომებში შევიდა მის მიერ შექმნილი არა ერთი სომხური სიმღერების ორიგინალური კომპოზიციები და ინსტრუმენტალური არანჟირებები. 2011 წელს არმენ უსნუნცი გახდა სომხეთის სახელმწიფო ჯაზბენდის ხელმძღვანელი და დირიჟორი. უკრავდა არმენ დონელიანთან, ტიგრან ამასიანთან, ადამ რაპასთან და სხვა გამოცენილ მუსიკოსებთან ერთად.

როგორც Dalma News-ს არმენ უსნუნციმ განუცხადა, კავკასიური ჯაზის ფესტივალს თითქმის დაარსების დღიდან ადევნებს თვალს და მიაჩნია, რომ ის რეგიონულ მუსიკოსებთან ურთიერთობის ერთადერთი შესაძლებლობაა. გამორჩეულია იმით, რომ აქვს მიზანი, მისია და კონკრეტული ხედვა მომავლისკენ.

“თვალს ვადევნებ ამ ფესტივალს და ვხედავ, როგორ მიზანმიმართულად მიჰყავთ ფესტივალის ორგანიზატორებს თავისი ხაზი. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, თბილისი ერთადერთი წერტილია, სადაც შეგვიძლია შევხვდეთ ერთმანეთს და გავუზიაროთ ჩვენი პროფესიული ხედვა, მოსაზრებები, შემოქმედება”, – აცხადებს იგი.

51 წლის მუსიკოსი, უკვე მეორე წელია ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასებს მართავს და იმედოვნებს, რომ მომავალში მის ლექციებს ქართველებთან ერთად სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი სტუდენტებიც მოისმენენ.

მისი აზრით, უნდა გაფართოვდეს ფესტივალის გეოგრაფიული არეალიც და არა მხოლოდ საქართველოში, ის კავკასიის სხვა ქვეყნშიც გაიმართოს.

“ეს ფესტივალი ამტკიცებს, რომ ყველა პოლიტიკური კონფლიქტი თავს მოხვეულია. მისი წყალობით, კავკასიელ მუსიკოსებს ეძლევათ ერთად დაკვრის და უბრალოდ, ურთიერთობის საშუალება. მუსიკის დონეზე ერთობლივი თანაცხოვრება ურთიერთგაგებაა”, – აცხადებს სომეხი საქსოფონისტი.

არმენ უსნუნცის თქმით, მთავარი ჯაზური აზროვნებაა, რომელიც გულისხმობს სპონტანურობას, გემოვნებას, გულწფერობას და პოზიტიურობას.

და მაინც, რა სჭირდება მუსიკოსს იმისთვის, რომ უკრავდეს ჯაზს? არმენ უსნუნცის აზრით, პირველ რიგში კარგად უნდა ფლობდეს ინსტრუმენტს, რაც არის ყოველდღიური, დაუღალავი შრომა და მუსიკისადმი დიდი სიყვარულის შედეგი.

სწორედ ამ სიყვარულისა და ჰარმონიის გარემოში დასრულდა რიგით მერვე კავკასიური ჯაზის ფესტივალი, იმ იმედით, რომ მომავალ წელს, კიდევ უფრო ფართო შემადგენლობით შეიკრიბებიან და მსმენელს, ახალი მიღწევებისა და გამოცდილების შესახებ მუსიკის ენაზე მოუყვებიან. ეს არის ენა, რომელსაც არ სჭირდება თარჯიმანი, ეს არის მსოფლიო ენა, მაგრამ ამ შემთხვევაში კავკასიური სულით გაჟღენთილი.

შორენა პაპაშვილი