სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქი გიუმრი, სადაც განლაგებულია რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა, “ინვესტიციურ შიმშილს“ განიცდის. ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად ქალაქი სერიოზული სომხურ-რუსული სოციალურ-ეკონომიკური პროექტების რეალიზების მოლოდინშია. გიუმრი დღემდე 1988 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს უმკლავდება.
“უნდა შევძლოთ რუსეთთან ერთად სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური პროექტების მომზადება და განხორციელება გიუმრიში, დასაც სამხედრო ბაზა არსებობს, რათა შესამჩნევად შეიცვალოს ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა. ამით ორივე ქვეყნის ბიზნესმენები უნდა დაინტერესდნენ. მსგავსი სახის პროექტები მომგებიანია, ადგილობრივი მოსახლეობის თვალში რუსეთის ავტორიტეტს გაზრდის და მოქალაქეების ბევრ სოციალურ საკითხს მოაგვარებს. გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ძალედ მნიშვნელოვანია იქაური ხალხისთვის“, – განაცხადა ქალაქ გიუმრის მერმა სამველ ბალასანიანმა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში.
როგორც ცნობილია, 1837 წელს გიუმრის ტერიტორიაზე რუსული ციხე-სიმაგრე ააგეს, რომლის ნახვის შემდეგაც ნიკოლოზ პირველმა, ქალაქს ალექსანდროპოლი, თავისი მეუღლის ალექსანდრა ფედოროვას საპატივცემულოდ დაარქვა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს ქალაქი სომხეთის ვაჭრობისა და ხელოვნების ერთ-ერთი ცენტრი იყო, რომელიც 1988 წლის 7 დეკემბრის ძლიერის მიწისძვრის გამო ძალედ დაცარიელდა.
28 წლის შემდეგ, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ახლადაშენებული შენობების უკან ისევ ნანგრევებია, რაც მოქალაქეებს მუდმივად იმ ტრაგედიას ახსენებს, რომელმაც მათი ახლობლები და ნათესავები შეიწირა. “7 დეკემბერი მხოლოდ გლოვის კი არ არა, სირცვხილის დღეც არის. 27 წელი გავიდა და გიუმრიში ათასზე მეტი ოჯახი კვლავაც დროებით თავშესაფარში ცხოვრობს, მათ გარშემო კი ნანგრევებია“, – ამბობს ადგილობრივი მოქალაქე.
გიუმრის მერი არასწორად მიიჩნევს, მთელი იმედების მხოლოდ რუსეთსა და რუს ბიზნესმებეზე დამყარებას. „ცხადია, ინვესტიციები, რუსეთის იქნება, თუ სხვა რომელიმე ქვეყნის, მნიშვნელოვანია. თუმცა პირველ რიგში ერთობლივი საინვესტიციო პროექტებით ადგილობრივი ბიზნესმენები უნდა დაინტერესდნენ. ამისთვის იმართება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმები, კონფერენციები, შეხვედრები. ფული თავისით არ მივა ქალაქში. მათი შედინებისთვის საჭიროა ხელსაყრელი პირობების შექმნა. ამ თვალსაზრისით სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება კარგი შანსია. სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსი უკვე ერთი დიდი ბაზარია, სადაც საკუთარი ნიშა უნდა ვიპოვოთ და წინ წავიწიოთ,“ – ამბობს ბალასანიანი.
გიუმრის მერი იზიარებს მოქალაქეების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი აქტიურად უნდა ჩაერთოს ქალაქის სოციალური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი პროგრამების განსახორციელებაში. ეს განსაკუტრებით აქტუალურია მას შემდეგ, რაც რუს სამხედრომოსამსახურე ვალერი პერმიაკოვს ავეტისიანების ოჯახის უმოწყალოდ დახოცვა დაბრალდა. მერის თქმით, ერთი წლის წინანდელმა ტრაგედიამ მოქალაქეების რუსეთისადმი დამოკიდებულება შეცვალა.„ტრაგედია მოხდა, თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ ბოროტმოქმედს არც ქვეყანა აქვს და არც ეროვნება“,- დასძინა მან.
ტრაგედიის შემდეგ ქალაქში მძიმე ატმოსფერო სუფევდა,- ამბობს გიუმრის მერი. „წელიწადი გავიდა, სასამართლო პროცესი დღემდე მიმდინარეობს. ხალხი ოდნავ დამშვიდდა, თუმცა შეუძლებელია ამ დანაშაულის დავიწყება. გარემოების გათვალისწინებით, რუსეთი აქტიურად უნდა ჩაერთოს სხვადასხვა პროგრამებისა და ინიციატივების რეალიზებაში. რუსულ მხარესთან სოციალური და ეკონომიკური პროგრამების განსახორციელებლად გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს. კერძოდ, საუბარია საგზაო-სარემონტო სამუშაოებში ინვესტიციების განხორციელებაზე. ვნახოთ, როგორ შესრულდება“,- ამბობს სამველ ბალასანიანი.
გიუმრის მერის თქმით, მთავარი საკითხი სამხედრო ბაზის უსაფრთხოებისა და მისი პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმის ამაღლებაა. „ტრაგედიის შემდეგ არაერთხელ შევხვდით ბაზის ხელმძღვანელობასა და რუსეთის დელეგაციას. გარკვეული წინსვლაც იყო. ბაზის ხელმძრაველობაში ზოგიერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. თუმცა, იმის თქმა, რომ მალე ყველაფერი იდეალურად იქნება, ნაადრევია. ამ თვალსაზრისით სწორედ რუსულმა მხარემ უნდა გამოავლინოს წინდახედულობა“, – განაცხადა მან.
დასასრულს სამველ ბალასანიანმა დასძინა, რომ ავეტისიანების ოჯახის ტრაგიკული მკვლელობის შედეგად ორივე ქვეყანამ მიიღო გაკვეთილი და შესაბამისი დასკვნა გამოიტანა. „გაკვეთილი მიღებულია, დასკვნა გაკეთებული. მაგრამ ტრაგედია უკვე მოხდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსგავსი მოხდებოდა“, – დასძინა გიუმრის მერმა.