2020 წელს საქართველოს უპრეცედენტო არჩევნები ელის – პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერით. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც სახელისუფლებო პარტია “ქართულმა ოცნებამ”, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზის დასაძლევად და საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ მიიღო. ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომლებიც დიდი ხანია, ხელისუფლებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას უყიჟინებენ, ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, ერთგვარად დააბნია და “დამარხული ძაღლის თავის” ძებნას შეუდგნენ. “ოცნებას” 2 არჩევანი ჰქონდა, ან 20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის გამო შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან უნდა გადაეყენებინა, ან საკონსტიტუციო უმრავლესობა დაეთმო. როგორც ჩანს, მმართველ გუნდში ძალიან აფასებენ გახარიას მიერ გაწეულ სამუშაოს, ან ის შეუცვლელი კადრია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი გაწირვა არ ისურვეს. ესეც რომ არ იყოს, სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს შს მინისტრის მხარდამჭერი კამპანია. საზოგადოების ნაწილი, იმ მინისტრის გადაყენებას, რომელმაც პარლამენტის შენობაში მომიტინგეების შევარდნის მცდელობა აღკვეთა, მიუღებლად მიიჩნევს.
ხელისუფლებას სურს, თბილისის ცენტრალურ მოედანზე, პერმანენტულად მიმდინარე საპროტესტო განწყობამ პარლამენტის შენობაში გადაინაცვლოს. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში, აქტიური ტურისტული სეზონია და უცხოელები არ დაფრთხნენ.
“სწორედ “ქართული ოცნება” იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და, შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს. ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლისთვის იქნებოდა სწორი, რადგან პარტიების ღირებულებების გარშემო კრისტალიზაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მიმართ და საზოგადოების მაჯისცემას გრძნობდეს. დღეს, საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი, სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საგანგებო ბრიფინგზე მან 20 ივნისის მიტინგის დარბევაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უნდა დაისაჯონ მასობრივი ძალადობის ორგანიზატორებიც და ის სამართალდამცველებიც, რომლებმაც ძალას გადაამეტეს.
ნულოვანი ბარიერის იდეა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ენთუზიაზმით აიტაცა, ნაწილი კი ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გააბრაზა. მათი აზრით, ასეთი გადაწყვეტილებები კიდევ უფრო გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს, რადგან ივანიშვილი ცდილობს პოლიტიკურ პარტიებში დაბნეულობა შეიტანოს, შექმნას სატელიტი პარტიები, შეიყვანოს ისინი პარლამენტში და შემდეგ სათითაოდ იყიდოს.
“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პროპორციული სისტემისა და ნულოვანი ბარიერის პირობებში, ნაციონალები შეუძლებელია უმრავლესობით მოვიდეს, ამიტომ ყველაზე ნაკლებად მათ სურთ ასეთი არჩევნები.
როგორც კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ Dalma News-სთან საუბრისას განაცხადა, შექმნილ ვითარებაში ხელისუფლება უნდა წასულიყო დათმობაზე და მან მონახა დათმობა ხრიკით – საპარლამენტო არჩევნები 0%-იანი ბარიერით, დათმო პროპორციული საარჩევნო სისტემა, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ თქმულა იმაზე, იქნება თუ არა საარჩევნო ბლოკები, თუ მხოლოდ პარტიები მონაწილეობენ არჩევნებში. ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ ეს ელემენტი “ოცნებამ” ოპოზიციასთან სავაჭროდ დაიტოვა.
“პირველი იძულებითი დათმობა იყო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადადგომა, მაგრამ ეს დაგვიანებით გააკეთეს. დგება საკითხი, ხელისუფლებისთვის რა უფრო ღირებულია, როგორც ჩანს გახარია უფრო ღირებულია”, – აცხადებს ხმალაძე.
საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ 2020 წლის შემდეგ, ყველა არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით, 5% საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. არჩევნებზე აღარ იქნება საარჩევნო ბლოკები. გარდავალ დებულებაში კი წერია, რომ 2020 წელს ჩატარდება არჩევნები შერეული წესით საარჩევნო ბლოკებით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერით.
ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, მანდატის მისაღებად საკმარისია პარტიამ მიიღოს ხმების ის რაოდენობა, რაც უდრის არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა გაყოფილი 150-ზე. არჩევნებზე 2.000.000 ამომრჩეველი თუ მივიდა, ერთი სადეპუტატო მანდატი დაახლოებით 13 245 ხმის ტოლი იქნება. 2-ჯერ მეტი ხმა – 2 მანდატი და ა.შ. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში კი, დეპუტატობის კანდიდატს არჩევნებზე მისულთა ხმების 50%-ზე მეტი სჭირდება.
ნულოვანი ბარიერის დროს მაღალია იმის ალბათობა, რომ ძლიერმა პარტიებმა, პატარ-პატარა სატელიტი პარტიები შექმნან და ამით მოწინააღმდეგეს ხმები წაართვან. ამგვარად, დიდმა პარტიებმა პარლამენტში შესაძლოა მიიღონ დეპუტატების ისეთივე რაოდენობა, რაც მაჟორიტარული არჩევნებით. ყველა ამ ხრიკის მიუხედავად, ვახტანგ ხმალაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემას ბევრად სამართლიანად მიიჩნევს, ვიდრე მაჟორიტარულს.
მისივე განმარტებით, დაბალი საპროცენტო ბარიერის დროს, მაღალია იმის ალბათობა, რომ პარლამენტში ძალიან ბევრი სუბიექტი აღმოჩნდება. 10-ზე მეტი უკვე ბევრია, 2020 წლის პარლამენტში კი შესაძლოა 20-ზე მეტი სუბიექტი ვიხილოთ. შედარებით ძლიერი პარტიები დაკარგავენ მანდატების ნაწილს. დიდი ფრაქციები პატარა-პატარა ჯგუფებად გადაიქცევა, საუკეთესო ინიციატივებიც კი შესაძლებელია კოლეგების მხარდაჭერის გარეშე დარჩეს, ცალკეულ დეპუტატებს მიეცემათ საშუალება საკუთარი მანდატით ივაჭრონ, გართულდება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა.
“პარტიის დაფუძნება არ არის რთული. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ბიზნესმენი, გაქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი, იმავდროულად მხარს გიჭერთ ხელისუფლება, ანუ შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული რესურსის თქვენს სასარგებლოდ გამოყენება. წარადგენთ პარტიულ სიას, გაირჯებით, რომ 13 000 ხმა მიიღოთ და გახდებით პარლამენტის წევრი. პარლამენტში კი შეუერთდებით იმ პარტიას, რომელიც გვერდით დაგიდგათ. ეს სქემა რეალურია, მაგრამ თუ პარტიები სწორად იმუშავებენ და შეძლებენ ამომრჩევლისთვის ამის გაგებინებას, შეიძლება ამ სქემამ არ იმუშაოს. მათ უნდა გამოავლინონ სატელიტი პარტიები. ასეთი სატელიტები საარჩევნო ბლოკების სახით ჰყავდათ “ნაციონალურ მოძრაობასაც”, “ევროპულ საქართველოსაც” და “ქართულ ოცნებასაც”, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ ხმალაძემ.
მისივე თქმით, ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოიხსნება ერთპარტიული უმრავლესობის პრობლემა, საჭირო გახდება კოალიციური პროგრამის შემუშავება. ნაკლებად სტაბილური იქნება საპარლამენტო უმრავლესობა და ყოველი საპარლამენტო კრიზისის დროს, შესაძლოა საჭირო გახდეს მთავრობის ხელახლა დაკომპლექტება, ეს კი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას შეუქმნის პრობლემას.
ვახტანგ ხმალაძის აზრით, საარჩევნო ზღურბლი არ უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ მხოლოდ 2-3-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა შეძლოს მისი გადალახვა და არ იყოს იმდენად დაბალი, რომ პარლამენტში ბევრი სუბიექტი აღმოჩნდეს.
“სხვადასხვა ქვეყანაში ეს ზღურბლი სხვადასხვაა, ის დამოკიდებულია იმ კონიუქტურაზე, რომელიც მოცემულ ქვეყანაში მოცემულ დროს არის. აბსოლუტური არაფერია, მაგრამ მრავალპარტიული პარლამენტი უკეთესია. ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს პოლიტიკური კრიზისი, უმრავლესობა დაიშალოს, მაგრამ მე ვარ ჩემი ნაბადის პოლიტიკა არ იქნება. 2012 -2016 წლის კოალიციურმა საპარლამენტო უმრავლესობამ მაშინ, ბევრი არასწორი ნაბიჯისგან დაიცვა ქვეყანა”, – მიაჩნია ხმალაძეს.
პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარების იდეა ბიძინა ივანიშვილისგან არ მომდინარეობს. ის “ოცნების” იმ ლიდერებმა მოიფიქრეს, რომლებიც ასეთ საკითხებში მეტ-ნაკლებად ერკვევიან. თუმცა, ერთი რამ უდაოა, მსგავსი გადაწყვეტილებებისთვის ივანიშვილის თანხმობაა საჭირო.
“ვინაიდან პირადად ვიცნობ ივანიშვილს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მისგან არ მომდინარეობს. ის მოსაზრებებს ისმენს და გამოცდილ ადამიანებს უჯერებს. დიდი ალბათობით, გახარიას არ დათმობენ. ჩანს, რომ მისი შენარჩუნება უნდათ. თუმცა, საქმე გვაქვს, არა პროფესიონალ პოლიტიკოსებთან, არამედ ემოციებს აყოლილ ადამიანებთან და ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, – განუცხადა Dalma News-ს პეტრე მამრაძემ.
მისივე თქმით, ნაციონალებს შს მინისტრის გადადგომა მხოლოდ და მხოლოდ მისი პოლიტიკური ტელეგენურობის გამო სურთ, რადგან გიორგი გახარია “ოცნებაში” ერთადერთი რეიტინგული ფიგურაა, თუმცა, ისეთივე არამინისტრია, როგორი არაპრემიერიც არის მამუკა ბახტაძე. მას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლი. პეტრე მამრაძე არც 2020 წლის არჩევნებს ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან მიაჩნია, რომ ამით, ქართული საზოგადოების სოციალური სხეული არ შეიცვლება. ქვეყანაში არ არსებობს საშუალო ფენა.
“კრიზისი ამ ეტაპზე ჩაცხრება. ახლა ახალგაზრდებთან მუშაობენ მშობლები. მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩართულია ტურისტულ ბიზნესში და უკვე ღელავენ, – რა გვეშველებაო. სასტუმროების მიზეზიდან იკვებებიან ნაციონალებიც და მათი განაყარი ევროპული ფრთაც. ამიტომ პოლიტიკური კრიზისის დიდხანს გაგრძელება მათაც დააზარალებს. ივანიშვილი არავის აფუჭებს. არც გივი თარგამაძეს წაართვეს ბიზნესი, როგორც მითხრეს, უკრაინიდან ჩამოჰქონდა სამშენებლო მასალები. ბოკერიას და მის ცოლსაც შერჩათ. რაღაც-რაღაც ფინანსური ნაკადები გაიყვეს, მაგრამ მშრალზე არავინ დაუტოვებიათ. ყველას ესმის, რომ სააკაშვილის დაბრუნებით ბევრად წააგებენ, ვიდრე დღეს არიან”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.
განაგრძობს თუ არა “ქართული ოცნება” ჩიტი-ჩიორას (რედ. ქართული ზღაპრის პერსონაჟი, რომელიც თავის გადასარჩენად მელას ბარტყებს უყრის) პოზიციაში ყოფნას და კიდევ რა იძულებით დათმობაზე წავა, დრო გვიჩვენებს. საქართველოს კი 2020 წელი პოლიტიკურად გაცილებით ცხელი და არაპროგნოზირებადი
შ. ქარჩავა