9 მაისის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ბოლო წლებში, საქართველოში, აქტიურად იწყება მეორე მსოფლიო ომში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლის მართებულობის განხილვა. საბჭოთა ძეგლებთან მებრძოლი საზოგადოება მუდმივად უკმაყოფილოა საქართველოს ისტორიის იმ ნაწილით, რომელიც ფაშიზმის წინააღმდეგ საბჭოთა საქართველოს ბრძოლას შეეხება. ქვეყანაში, სადაც არ დარჩენილა ოჯახი, რომლის თუნდაც ერთ წევრს არ უბრძოლია მეორე მსოფლიო ომში, ცდილობენ მომავალი თაობებისთვის ისტორიის ეს ნაწილი საქილიკო თემად აქციონ, დაარწმუნონ ახალგაზრდები, რომ საბჭოთა დროშის ქვეშ ბრძოლა არ გვმატებს ქართველებს ღირსებას.
მეორე მსოფლიო ომმა 400 ათასამდე ქართველი ვაჟკაცი იმსხვერპლა. ეს ომი იმხელა ადამიანურ ტრაგედიას იტევს, რომ არავის უნდა ჰყოფნიდეს თავხედობა, საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს ჩრდილი მიაყენოს და პოლიტიკური ინსინუაციებით საზოგადოებას ყურები გამოუჭედოს. საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მოსაგონრად უცნობი ჯარისკაცის საფლავი შემოგვრჩა.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისში, ვაკის პარკში არსებული მეორე მსოფლიო ომის მემორიალი არ მოსწონს და დიდი ხანია, მისი გადაკეთება სურს. ამ ინიციატივით დედაქალაქის მერიისთვისაც კი მიუმართავს. მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ამ მემორიალში უნდა იყოს გაერთიანებული, თუმცა, როგორ წარმოუდგენია ამ იდეის ხორცშესხმა, პრეზიდენტი არ აკონკრეტებს. როგორც ჩანს მისი მთავარი მიზანია, ვაკის პარკიდან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი არსებული მემორიალი გაქრეს და მისი ადგილი ახალმა, გაუგებარი შინაარსის მემორიალმა დაიკავოს.
სალომე ზურაბიშვილის აზრით, ცოცხალ ქართველებს უჭირთ გაერთიანება, ამიტომ ფიქრობს, რომ გარდაცვლილების გაერთიანება უფრო შესაძლებელია და ღირსეულიც კი.
“ვაკის პარკში ის მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული რომ, მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი ბრძოლა და ყველა ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, იყვნენ გაერთიანებული. ჩვენ თუ გვიჭირს გაერთიანება ცოცხლად, შეიძლება, მემორიალში გაერთიანებული ვიყოთ და ესეც იქნება ძალიან დიდი ნიშანი. უფრო ღირსეულიც იქნება, როცა ან უცხოელ სტუმრებს მივიყვანთ და ავუხსნით, რა არის საქართველოს ისტორია, ან ჩვენ მოწაფეებს რომ მივიყვანთ და ასევე გავაგებინებთ, რა იყო ეს ღირსეული ფურცლები ჩვენი ისტორიისა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საბჭოთა პერიოდში ვაკის პარკს გამარჯვების პარკს ეძახდნენ. აქ შეიქმნა დიდების მემორიალური კომპლექსი გამარჯვების 28 მეტრიანი ქანდაკებით. ასევე არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი. 2017 წელს პარკის ტერიტორია გაფართოვდა, მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. 2022 წელს პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
2021 წლის 8 მაისს, ფეისბუქ-მომხმარებელმა კაკო სვანიძემ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც იტყობინებოდა, რომ თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის დემონტაჟი იგეგმებოდა, ეს „ინიციატივა“ კი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნოდა.
„ქუთაისში გენიალური დიდების მემორიალი ავაფეთქეთ. ახლა კიდე ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავის დემონტაჟს ვაპირებთ. იცის მაინც, იმ ქალმა, პრეზიდენტი რომ ჰქვია, რომ იქ მართლაც ქართველი ჯარისკაცი განისვენებს და შვილმკვდარ დედებს, უმამოდ დარჩენილ შვილებს, შვებად ჰქონდათ აქ დასვენებული ცხედარი ყველასი შვილად, მამად და ძმად ეგრძნოთ“, – წერდა ფეისბუქ მომხმარებელი.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მაშინ კომენტარი თბილისის მერიაშიც გააკეთეს, სადაც განაცხადეს, რომ ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, არცერთი ძეგლის, მათ შორის, არც უცნობი ჯარისკაცის საფლავის დემონტაჟი არ განხორციელდებოდა, ვაკის პარკს შეუნარჩუნდებოდა ისტორიული იერსახე.
უცნობი ქართველი ჯარისკაცი საქართველოში 1975 წლის 9 მაისს ჩამოასვენეს და ვაკის პარკში დაკრძალეს. ერთადერთი, რაც იმ ჯარისკაცზეა ცნობილი, 22-23 წლის ბიჭი იყო, დასავლეთ საქართველოდან. ის ქერჩში დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების 30 წლისთავზე, 1975 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თხუთმეტივე მოძმე რესპუბლიკაში უცნობი ჯარისკაცის მემორიალური საფლავები შექმნილიყო. ამ მისიის შესრულება გენერლებს: ჯანჯღავას, ყურაშვილს, თავართქილაძეს, პოლკოვნიკ ჩოხელსა და პოლკოვნიკი ქანთარიას დაეკისრათ.
ჯარისკაცის სასახლეს, რომელიც ხუთმა ვეტერანმა დიდი პატივით ჩამოასვენა სამშობლოში, საქართველოში ზღვა ხალხი ხვდებოდა ყველგან და პატივს მიაგებდნენ.
“როდესაც საქართველოში შემოვედით, გზადაგზა გაშლილი სუფრები გვხვდებოდა, ხალხი გვეგებებოდა, ტიროდა. როდესაც ზუგდიდში ჩამოვედით, სამი შაოსანი ქალი მოგვეგება. კუბოს გადაეხვივნენ. ქალები საბრალოდ ტიროდნენ, კუბოს ვერ მოვაცილეთ, თბილისამდე გამოგვყვნენ. სამტრედიაში უარესი ამბავი დაგვხვდა. ზესტაფონში შემოვლითი გზით ვიარეთ, რადგანაც იქაც ზღვა ხალხი გველოდა, არადა თბილისში დროზე უნდა ვყოფილიყავით. გორშიც ვერ ავცდით დიდ სამგლოვიარო დახვედრას. საბოლოოდ, თბილისში რომ ჩამოვედით, 8 მაისი თენდებოდა. ჯარისკაცი ოფიცერთა სასახლეში დავასვენეთ. მეორე დღეს საზეიმო-სამგლოვიარო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დაიწყო და ვაკის პარკში დასრულდა…”, – იხსენებდა აწ გარდაცვლილი პოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ივანე ჩოხელი.
მან და მასთან ერთად კიდევ ოთხმა ვეტერანმა იცოდნენ ამ ჯარისკაცის ვინაობა. 30 წლის შემდეგ, სამარხებს შორის ძებნისას, “იღბლიანი” ქართველის ნეშტს მასრის საშუალებით მიაგნეს. იმ ჯარისკაცის ვინაობის საიდუმლო იმ ხუთივე ადამიანის გულში დაიმარხა და ეს საიდუმლო თან წაიღეს იმ ქვეყნად.
ომის წესის თანახმად, თითოეულ ჯარისკაცს შარვლის ქამარში ჩაკერებული ჰქონდა ტყვიის მასრა, სადაც ინახებოდა ქაღალდი, რომელზეც ეწერა ჯარისკაცის სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი. როდესაც ჯარისკაცი ომში ან ჰოსპიტალში გარდაიცვლებოდა, ამ მასრას იღებდნენ და მასზე მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ატყობინებდნენ ოჯახს მეომრის გარდაცვალებას. მის დამმარხავს ეტყობა, მასრის ამოღება გამორჩა და მისი ოჯახისთვის სამუდამოდ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. თუმცა, უამრავი ქართული ოჯახის ნუგეშად იქცა, რომ ომში დაკარგული მათი შვილი ვაკის პაკში განისვენებს.
პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით Dalma News-თან კომენტარი პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემ გააკეთა. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი არის ისეთივე “უბედური შემთხვევა”, და კიდევ უფრო მძიმე, როგორიც მისი წინამორბედი, მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო. თუმცა, მათ შორის მცირედ განსხვავებას მაინც ხედავს. სიხარულიძის თქმით, მარგველაშვილი, რაღაცნაირად ინტეგრირებული მაინც იყო ქართულ საზოგადოებაში, ზურაბიშვილი კი, არც აზროვნებით და არც შეგნებით არ არის ქართველი.
“სალომე ზურაბიშვილი არის სავალალო ისტორიის მქონე ადამიანი. ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მოხსნეს და გააგდეს. მერე სრულიად შემთხვევით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ახლა გადაწყვიტა წასვლის წინ არასამთავრობო სექტორს და ზოგიერთ ჩვენ დასავლელ მეგობარს აჩვენოს, რომ ის თავისუფალია გრანტებისა და შემოსავლებისთვის, რომ არის ჭეშმარიტი ევროპელი. 30 წელია საქართველოში ცხოვრობს და 2 სიტყვას ვერ აბამს, ახლა დასავლეთთან ქულების გამომუშავებაზეა ორიენტირებული”, – ამბობს არჩილ სიხარულიძე.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება, რომ საქართველოს ისტორია არის კომპლექსური და მარტივ მამრავლებად არ დაიყოფა. “ევროპა კარგია და ყველაფერი წავშალოთ ჩვენი წარსულიდან”, – მიუღებელია. ამიტომ, კარგად უნდა ავუხსნათ მომავალ თაობებს, რომ საქართველოს აქვს მიღწევები და არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი ისტორიის.
“ჩვენი ე.წ პროდასავლურ რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე, სავარაუდოდ კომუნისტური რეჟიმის ისეთივე დიდი ფანატიკოსები იყვნენ, როგორც დღეს არიან. ადრე ისინი ანგრევდნენ ყველა ძეგლს, რომელიც არ ექვემდებარებოდა კომუნისტურ აზროვნებას, დღეს ანგრევენ ყველა იმ ძეგლს, რომელიც არ ექვემდებარება მათ აღქმას სამყაროსადმი”, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.
მისივე თქმით, ქართველი მედასავლეთეები ცდილობენ დაარწმუნონ ახალგაზრდები, რომ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა სამარცხვინო ფაქტია, იმიტომ, რომ საქართველო კომუნისტების მხარეს იბრძოდა და არა კეთილი დასავლეთის მხარეს, შესაბამისად, მათ სურთ დააკნინონ ჩვენი როლი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დაარწმუნონ ჩვენი ახალგაზრდობა, რომ საქართველოს წვლილი მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ გამარჯვებაში არის ძალიან მცირე, რომ საბჭოთა კავშირის გამარჯვება იყო სირცხვილი, რომ გაიმარჯვა დასავლეთმა.
“ეს ხომ ახალი თემა არ არის, რომ ჩვენ უნდა აღვნიშნავდეთ გამარჯვებას არა 9 მაისს, არამედ 7 ან 8 მაისს, იმიტომ, რომ ცივილიზებული სამყარო არ აღნიშნავს 9-ში. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ისტორიას. ჩვენი ევროპული ინტეგრაცია არ უნდა დაემსგავსოს ნეოკომუნისტურ მოძრაობას”, – აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე.
საქართველოში ჯერ კიდევ ახსოვთ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახირება და ქუთაისში, 2009 წელს აფეთქებული “დიდების მემორიალი”. მაშინ ძეგლის დემონტაჟს ორი ადამიანის, დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა. ცნობილი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის 1980-იან წლებში შექმნილი, ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი ძეგლის შესახებ დღეს, მხოლოდ ფოტოები მოგვითხრობს.
საზოგადოების მკვეთრად უარყოფილი განწყობის მიუხედავად, მაშინ, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ძეგლის ადგილას პარლამენტის შენობა დაჩქარებული ტემპით წამოჭიმა. ქუთაისელები გაოცებას ვერ მალავდნენ, იმხელა ტერიტორიაზე რაღა მაინცდამაინც მერაბ ბერძენიშვილის ძეგლს მიადგნენ და რატომ გახდა აუცილებელი ქალაქის ისტორიის უგულებელყოფა? დღეს, ის ტერიტორია, აღარც პარლამენტისთვის არის გამოსადეგი და ისტორიის წაშლაც ტრაგედიად შეუბრუნდა ქვეყანას.
შორენა პაპაშვილი