2016 წლის მარტიდან «Elsevier»-ის უდიდეს საერთაშორისო ბაზაში ორი ინგლისურენოვანი ქართული სამეცნიერო ჟურნალი გამოქვენდება. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს.
“ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი. «Elsevier»-ის წარმომადგენლებმა თავიანთ ელექტრონულ ბაზაში გამოსაქვეყნებლად ჩვენი ორი სამეცნიერო ჟურნალი – “Annals of Agrarian Science” და “Journal of A. Razmadze Mathematical Institute” აარჩიეს, რომლებიც მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ”,- განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
“ახალი ამბები – საქართველოს” ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი უკვე მეორე წელია სამეცნიერო გამომცემლობა «Elsevier»-ისთან თანამშრომლობს. შედეგად, ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ ამ ბაზით უფასოდ ისარგებლონ.
«Elsevier»-ი მსოფლიოს წამყვან ონლაინ სამეცნიერო, ტექნიკურ და სამედიცინო ბიბლიოთეკაა. მას 16 მილიონი მომხმარებელი ყავს. ყოველწლიურად მის ბაზაში 2 200 წამყვანი სამეცნიერო ჟურნალის 350 000-მდე სამეცნიერო სტატია ქვეყნდება.