ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ თეირანში, მართლმადიდებელ ქრისტიანთა სასაფლაოზე მდებარე მცირე ზომის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ბიზნესმენის, აკაკი ხოშტარიას მიერ XX საუკუნეში აგებული აკლდამა ქართული ხუროთმოძღვრების ერთადერთი მემორიალური ნიმუშია, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებობს. ძეგლის რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ირანულ მხარესთან პარტნიორობით განახორციელებს. ფიზიკური სამუშაოები უკვე მიმდინარე წელს დაიწყება და მას საქართველოს მხარე დააფინანსებს.
როგორც Dalma News-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუცხადეს, მარმარილოს ქვის სამლოცველო კონსტრუქციული მდგრადობის მხრივ ამჟამად რთულ მდგომარეობაშია და გადაუდებელ სარესტავრაციო ჩარევას საჭიროებს. ანაზომებისა და მოპოვებული ფოტო მასალის მიხედვით სააგენტო მიმდინარე წელსვე უზრუნველყოფს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ირანის კულტურული მემკვიდრეობის, ხელნაკეთებისა და ტურიზმის დეპარტამენტთან უახლოეს თვეში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება.
მათივე ინფორმაციით, სააგენტოს სამუშაო ჯგუფის თეირანში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ინიციატივითა და ირანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით ჩავიდა. არქიტექტორ-რესტავრატორებმა სრულად აზომეს დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე მდებარე ნაგებობა.
“7 დღიანი ვიზიტის მსვლელობისას ირანის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრთან და ისპაჰანის პროვინციის ძეგლთა დაცვით უწყებებთან ერთად დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობის ფართო სპექტრი, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მხარეთა გრძელვადიანი თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს”, – აცხადებენ სააგენტოში.
თეირანში დულაბის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე მცირე ზომის ქრისტიანული სამლოცველო ნავთობ მაგნატმა აკაკი ხოშტარიამ, 1924 წელს ააგო და მისი გარდაცვლილი მეუღლის, მინადორა თურქია-ხოშტარიას ხსოვნას მიუძღვნა. სასაფლაო ღიაა და მსურველებს მისი მონახულება თავისუფლად შეუძლიათ.
“ვიმედოვნებთ, რომ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის კვლევითი პროექტი ამ სასაფლაოს მიმართ არსებულ ცოდნას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს”, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წარმომადგენლობითი ჯგუფი, სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობით, ირანის რესპუბლიკაში 27 იანვრიდან 4 თებერვლამდე იმყოფებოდა. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფი, მეცნიერების გიორგი სანიკიძისა და ნიკოლოზ ნახუცრიშვილის შემადგენლობით უკვე მუშაობს კვლევით პროექტზე, რაც თეირანის დულაბის ქრისტიანული სასაფლაოს ქართული სექტორის შესწავლას მოიცავს.
Dalma News-ის ქართული რედაქცია