დღეს 20 წელი შესრულდა იმ დღიდან, რაც საქართველომ მიიღო დღევანდელი კონსტიტუცია. თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს საღამოს საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
“კონსტიტუცია, როგორც მოგეხსენებათ, არის ქვეყნის ძირითადი კანონი და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ყველა ჩვენგანის თანაცხოვრებისთვის ბაზისური, სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოს შემქმნელი.სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ დღევანდელი დღე აღინიშნოს საზეიმო ღონისძიებით, რომელიც დღეს საღამოს გაიმართება პრეზიდენტის რეზიდენციაში”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით პატარაიამ.
ღონისძიებაზე 900-მდე სტუმარი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია მოწვეული. მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დაადასტურეს, რომ ღარიბაშვილმა პრეზიდენტის მოწვევა მიიღო.
პრემიერის თანხმობა ცოტა არ იყოს მოულოდნელია იმის ფონზე, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის რიგ საკითხზე საჯარო დაპირისპირება მოხდა. ბოლო კონფლიქტი შეეხო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრების საკითხს, როცა გადაწყდა, რომ საქართველოს დელეგაციას არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. თუმცა, ნიუ-იორკში გამგზავრება საქართველოს პრეზიდენტმაც გადაწყვიტა, რასაც მთავრობის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.