კანონი, რომლის მიღებასაც საქართველოში თან უძღოდა რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის ვნებათაღელვა, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. 15 ივლისს პრეზიდენტმა, 17 ივლისს 121-მა არასამთავრობო და მედიაორგაინზაციამ, ხოლო 22 ივლისს საპარლამენტო ოპოზიციამ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შეჩერებისა და საბოლოოდ გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე უკვე მეორედ აქვს. პირველად ის ბრალდებულის რანგში იყო – მმართველმა პარტიამ პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევის გამო უჩივლა, ახლა კი მომიჩვანია – მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული და პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გაუქმებას ითხოვს.
პრეზიდენტის აზრით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ე.წ. რუსული კანონი (ეს სახელწოდება კანონს აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შეარქვა), ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალებს.
სალომე ზურაბიშვილის ამ ქმედებას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განმარტა, რომ სარჩელს, რომელიც გამჭვირვალობის წინააღმდეგაა მიმართული, ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება. პრემიერმა პრეზიდენტის ქმედების დადებით კონტექსტშიც მოიხსენია და აღნიშნა, რომ ამ ჟესტით ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა.
„ერთი დადებითი მხარე, რაც აქვს ამ სარჩელს არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა – აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოსი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამით მან აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საპარლამენტო ოპოზიციის სარჩელის ტექსტში კონსტიტუციის 78-ე მუხლს 22-ც არის დამატებული. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სარჩელს პარლამენტში, დეპუტატ თამარ კორძაიას კაბინეტში, მედიისთვის დახურულ კარს მიღმა მოაწერეს ხელი. შეხვედრიდან გამოსულები კი აცხადებდნენ, რომ ეს, სულ მცირე, საპროტესტო აქტი იქნება.
„ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, ისევე, როგორც ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას და 26 ოქტომბერს გავაკეთებთ ყველაფერს, რათა „ქართული ოცნება“ გავუშვათ ძალაუფლებიდან“, – აცხადებენ ოპოზიციაში.
კიდევ ერთი პარადოქსია ის, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები, რომლებიც ქვეყნის ერთ-ერთ საკონსტიტუციო ორგანოს წარმოადგენენ, უნდობლობას უცხადებენ ქვეყნის მეორე საკონსტიტუციო ორგანოს – სასამართლოს.
„შეიძლება, ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა, თუკი არ ენდობი სასამართლოს, მაშინ რატომ შეგაქვს სარჩელი? ეს არის სახელმწიფოებრივი ფორმა. ჩვენ ხომ სახელმწიფო ინსტიტუციას არ ვუცხადებთ პროტესტს? ჩვენ გვინდა, გვქონდეს უკეთესი და კარგი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვაქვს“, – განმარტა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ მათი ოპოზიციონერი კოლეგები
პატივს არ სცემენ არც საქართველოს კონსტიტუციას, არც საკონსტიტუციო სასამართლოს, უბრალოდ, პოლიტიკურ სპეკულაციებს მიმართავენ.
„ფაქტობრივად, აღიარებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევია. მეორე მხრივ, მათი მხრიდან ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რაც არ გვიკვირს. ერთ-ერთი დიდი უზნეობა, რაც შეიძლება თანამედროვე პოლიტიკაში იკადრონ, არის ორმაგი სტანდარტი, რაც ამ ადამიანების სავიზიტო ბარათია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
ერთი სიტყვით, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს არასერიოზულ ადამიანად მიიჩნევს, რომელიც მის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს არ ცნობს, თუმცა, როცა მას დასჭირდა იმავე სასამართლოში შეიტანა სარჩელი.
ჟურნალისტისა და პოლიტიკური მიმომხილველის – ბონდო მძინარაშვილის აზრით, ზურაბიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა ინსტიტუციების ურთიერთობის კარგი მაგალითი იქნებოდა, რომ არა მისი მოუზომავი და დაუფიქრებელი განცხადება იმავე სასამართლოს მოსამართლეების მიმართ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. მისივე შეფასებით, პრეზიდენტმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია, თან არაერთხელ. ცნობილი ჟურნალისტი სწუხს, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას თავხედურად არღვევს, შემდეგ კი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელ დეპუტატებთან გარიგებით იმპიჩმენტისგან თავის დაძვრენას ახერხებს.
“ზურაბიშვილი ელოდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო “გამჭვირვალობის შესახებ” კანონს არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს, რაც აბსურდია! მის ამ სარჩელს შლეიფად მიჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების და დეპუტატების მიმართვები. ალბათ ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტი ავტორი ეყოლება საკონსტიტუციო სარჩელს, მით მეტი წონა ექნება“, – განუცხადა Dalma News-ს ბონდო მძინარაშვილმა.
მისი თქმით, როცა მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ამ კანონით კონსტიტუციის 78-ე მუხლი ირღვევა, გაუგებარია, გამჭვირვალობა ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას რატომ და როგორ უშლის ხელს?! “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ამოქმედებით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ერთიან რეესტრში დარეგისტრირდებიან და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია დაფინანსების თაობაზე.
„აბსოლუტურად უსაფუძვლოა წუხილი, თითქოს მათ ვინმე ზღუდავს. თუკი ფიქრობენ, რომ დაფინანსების გასაჯაროებით იზღუდებიან, გამოდის, რომ დაფინანსების კანონიერი გზების გარდა, სხვა, უკანონო ფულიც აქვთ და მას კანონმდებლობის გვერდის ავლით ხარჯავენ”, – აცხადებს ბონდო მძინარაშვილი.
მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადმორიცხული თანხების გარკვეული ნაწილი პოლიტიკურ საქმიანობას ხმარდება, პოლიტიკაში უცხოური ფინანსების შემოტანა კი კანონით აკრძალულია, ამიტომ მონახეს “ვერაგული გზა” და ახლა „ენჯეოების“ გავლით აფინანსებენ მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალების პოლიტიკურ აქტიურობას.
ბონდი მძინარაშვილის შეფასებით, ეს არის უპირველესად, საზოგადოების მოტყუების უსინდისო მცდელობა, რასაც ბოლოს მოუღებს ახალი კანონი. იმიტომ ღელავენ უცხოელი პოლიტიკური აქტორები, რომ ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოპოვებას არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობენ, ამ საქმეში აქტიურად მონაწილეობენ მედიასაშუალებებიც, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის მედიასივრცეში გადმოტანით ქმნიან მედიაშინაარსს, რაც საქართველოში პოლიტიკური ველის გაჯანსაღების ნაცვლად მის უარყოფითად დამუხტვას ემსახურება და პოლარიზაციას მკვეთრად ზრდის.
“საჭიროა ყველამ ვიცოდეთ, ვინ ვის ინტერესებს და რის სანაცვლოდ ემსახურება”, – აცხადებს მძინარაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციის – “ყოფილი პატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” – თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგ საქართველოში დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი იყო და საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ხელისუფლების მხრიდან დევნისა და სტიგმატიზაციის სიმძიმე. Dalma News-თან საუბრისას იხსნებს, საბჭოთა პერიოდში მათ – დისიდენტებს, იმპერიალიზმის აგენტებს რომ ეძახდნენ და ბევრ მსგავს იარლიყს აკერებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ მთელმა საზოგადოებამ იცოდა იმ თაობის ახალგაზრდების საქმიანობის მიზანი, თუ რა ფასეულობებისთვის იბრძოდნენ, „იმპერიალიზმის აგენტობა“ ტიტულადაც კი იქცა მათთვის, ქართული საზოგადოების მხრიდან უდიდეს დაფასებასა და პატივისცემას იღებდნენ.
ნანა კაკაბაძის აზრით, მთავარი არის არა ის, თუ რას დაგარქმევენ, არამედ ის, თუ რა ფასეულობებისთვის იბრძვი და შენი საქმიანობა არის თუ არა შენი ქვეყნის ინტერესებზე მორგებული.
„სხვა მხრივ, ხალხი კარგად გაიგებს ყველაფერს და იმას გაემიჯნება, ვინც შენ უღირსად რაღაც სახელი მოგაკერა, რგორც ეს იყო საბჭოთა ეპოქაში. ვისაც დღეს „გამჭვირვალობის კანონის“ ეშინია, ისინი მავნებლურ საქმიანობას ეწევიან საკუთარი ქვეყნის წინააღდეგ და იციან, რომ ამ კანონით ეს გაიშიფრება. ჩვენ თუ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი სუვერენიტეტისთვის ვიბრძოდით და ამას ვეწირებოდით, ესენი ამ მონაპოვარის წართმევისა და სხვა ქვეყნისთვის გადასაცემად იბრძვიან“, – ამბობს ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, თანხას, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოდის საქართველოში, ბუნებრივია უცხო ძალის პოლიტიკური ინტერესი მოჰყვება თან, რადგან სხვისი ინტერესების გატარებისთვის ფულს არავინ იძლევა.
„როდესაც გარედან ვიღაც შენი ქვეყნის ხელისუფლებას უფლებას არ აძლევს კანონი მიიღოს, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის პირდაპირი ხელყოფა. რაზეც ზოგიერთი „ენჯეო“ სპეკულირებს, რომ ტერმინი – „აგენტი“ იყო მიუღებელი, ეს სიტყვა კანონიდან ამოღებულია და ის შეცვალა ტერმინმა – „უცხოური გავლენები“. არ არის უცხოური გავლენა, როცა უცხო ქვეყანა გაფინანსებს? რა არის ამაში შემაშფოთებელი?“, – ამბობს ნანა კაკაბაძე.
რაც შეეხება პრეზიდენტს ზურაბიშვილის სარჩელს, როგორც უფლებადამცველი ამბობს, მიუხედავად იმისა, სალომე ზურაბიშვილზე მაღალი წარმოდგენის არ არის, რომ ის ჩახედულია სამართლებრივ საკითხებში, პრეზიდენტმა შესანიშნავას იცის, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუძლია.
“ფაქტობრივად, 2 წელია დავა მიმდინარეობს ამ კანონთან დაკავშირებით და ვერც ერთმა კომპეტენტურმა, მიკერძოებულმა თუ მიუკერძოებელმა პირებმა ერთი არგუმენტიც კი ვერ დაასახელეს, თუ რა არის ამ კანონში ისეთი, რაც ეწინააღმდეგება ან ღია ევროპულ ღირებულებებს, ან ადამიანის უფლებებს, ან ქვეყნის კონსტიტუციას. ვერ თქვენს ის, თუ კანონის რომელი ნაწილია მათთვის მიუღებელი. უბრალოდ, ამ კანონს დაარქვეს რუსული და ერთადერთი არგუმენტი აქვთ, რომ „რუსული კანონი“ ვერ წაგვიყვანს ევროპისკენ. ეს სასამართლოსთვის რაიმე არგუმენტია?”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.
მისი შეფასებით, მოსარჩელე მხარეს, ფაქტობრივად, არგუმენტი არ გააჩნიათ. სალომე ზურაბიშვილმა ეს შესანიშნავად იცის, მაგრამ პოპულისტობს საკუთარ წრეებში. ოპოზიციის იმ ნაწილში, რომლებსაც ხელისუფლება „ომის პარტიას“ ეძახის. რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ სამართლებრივი დავა ამ საკითხზე უპერსპექტივოა.
შორენა პაპაშვილი