თბილისში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრის მიზანს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და JICA-ს მიერ ერთობლივად განხორციელებული “რეგიონული განვითარების პროგრამის” პირველი ეტაპის საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის წარდგენა და მისი შედეგების განხილვა წარმოადგენდა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, JICA-ს წარმომადგენლები კახეთისა და რაჭის რეგიონებს ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი იყო იაპონელ და ქართველ მეწარმეებს შორის შეხვედრების, რეგიონების პოტენციალისა და არსებული პრობლემატიკის გასაცნობად და შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯების განსასაზღვრელად ინფორმაციის მოსაპოვებლად.
შეგახსენებთ, რომ JICA-ს დელეგაცია სხვადასხვა ორგანიზაციიდან და ბიზნეს სექტორიდან 12 იაპონელ ექსპერტსა და ბიზნესმენს (JICA, Hokkaido Intellect Tank, Hokkaido Food Industry Promotion Organization, Hokkaido Government, Yotei Green Business Co., Ltd, Bake de Arles Co., Ltd, Takizawa Winery, Niseko Town) აერთიანებს, რომლის სტუმრობის ძირითადი ამოცანა საქართველოში “ერთი სოფელი ერთი პროდუქტი” პროგრამის დანერგვის განხილვა და რეგიონებში მეწარმეთათვის მოცემული მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გაზიარებაა.
გარდა ამისა, დელეგაციაში შემავალი კერძო სექტორის წარმომადგენლები დაინტერესებულები არიან საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებსა და ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვან ორგანიზაციებთან საქმიანი კავშირების დამყარებით.