თბილისელები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ დედაქალაქის მერია დიდ ყურადღებას უთმობს უცხოელი, გამოჩენილი ადამიანების თბილისის წიაღში უკვდავყოფას. მაგრამ, ამავე დროს ბევრი ღირსეული ქართველი მოღვაწის სახელი მივიწყებას ეძლევა. თბილისში დღემდე არ არსებობდა ადამიანის ძეგლი, რომელმაც ამ ქალაქს, მის სავიზიტო ბარათად ქცეული სიმღერა აჩუქა. მოქალაქეები ხშირად ავრცელებდნენ მანიფესტებს, სოციალურ ქსელში წერდნენ სტატუსებს, აქვეყნებდნენ ცნობილი კომპოზიტორის ფოტოებს და ა.შ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ყველასთვის ცნობილ “კონკასთან” დაიდგმებოდა რევაზ ლაღიძის ბიუსტი. თბილისის მერიამ კონკურსი 2017 წელს გამოაცხადა, შეირჩა ავტორი, მოქანდაკე თენგიზ აბრამიშვილი და ერთი წლის თავზე, “თბილისობა-2018”-ის მთავარ ღონისძიებად რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა იქცა.
ბიუსტის გახსნის საზეიმო ცერემონიალი “ქართულმა ხმებმა” გააფორმეს. თბილისობის დღესასწაულის დამაგვირგვინებელი გალა-კონცერტი კი, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ლაღიძის უმშვენიერესი შემოქმედების გახსენებას მიეძღვნა, მისი მრავალჯერ ნამღერი სიმღერები კიდევ ერთხელ, ახლებურად აჟღერდა.
რევაზ ლაღიძის უმდიდრესი მელოდიური სამყარო მარადიული ფასეულობების საგანძურშია შესული. მისი მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები უამრავ ქართულ ფილმში გვესმის და ფილმის პერსონაჟებთან ერთად მარადიულად გვამახსოვრდება. მისი სიმღერები გამოირჩევა იშვიათი მელოდიურობითა და გულწრფელობით.
პოპულარულია ლაღიძის “სიმღერა თბილისზე”, რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა და ბევრმა უცხოელმა მომღერალმა შეასრულა. ეს სიმღერა ერთ-ერთმა პირველებმა, დებმა ჩაფიძეებმა შეასრულეს. “სიმღერა თბილისზე” დღემდე არის უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების რეპერტუარის მარგალიტი.
სადაც 2-3 ქართველი მღერის, იქ “თბილისოს” ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული და ა.შ ვერსიაც ისმის. დაუვიწყარია XX საუკუნის 70-80 -იანი წლების, ცნობილი ბერძენი მომღერლის, იოვანას ქართულად ნამღერი “თბილისო”. ლაღიძის ეს სიმღერა შეასრულა წლების წინ, ქალაქ იურმალაში, ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურს “ახალ ტალღაზე”, ცნობილმა მომღერლმა, სოფო ხალვაშმაც. ამ სიმღერამ მას მაშინ, მაღალი ქულები და მაყურებლის ოვაციები მოუტანა.
თბილისზე შექმნილი ლაღი სიმღერის ავტორს, რევაზ ლაღიძეს არასოდეს უოცნებია კომპოზიტორობაზე. მშობლების ერთადერთი საზრუნავი ის იყო, რომ ონავარი ბიჭისგან კაცი დამდგარიყო. მუსიკის სწავლასაც აიძულებდნენ. ერთხელ, როდესაც მამამისს რევაზის სიმღერები მოუსმენია, გაჰკვირვებია, – რეზო, ეს შენა ხარო?
რევაზ ლაღიძეს სიცოცხლეშივე აღიარეს ქართული სიმღერის კლასიკოსად არა მხოლოდ სამშობლოში, მის საზღვრებს გარეთაც. ის ნაკლებად უწევდა ანგარიშს გარედან შემოჭრილ დინებებს, უმღეროდა იმას, რაც აღელვებდა, წერდა ისე, როგორც სწამდა და სჯეროდა.
“რევაზ ლაღიძე არა მარტო შემოქმედებით, მთელი თავისი არსებით იყო ჯანმრთელი სიცოცხლის მოყვარული და მომღერალი, მისი გატაცებები ნადირობით, ეს იყო ბუნებასთან დიდი სიახლოვე. გაშლილი ბადით მშობლიური მდინარეებიდან თევზებთან ერთად თითქოს იდუმალი ხმები მარგალიტებივით ამოჰყავდა. საქართველოს ყველა კუთხეში ყავდა თავისი დოსტები, სახელგანთქმული მონადირეები და მეთევზეები. მის რომანტიკულ არსებაში ბუნება მღეროდა და ისიც ბუნების კილოზე სიმღერას ეშურებოდა. მისი მუსიკა საქართველოს ჰგავდა. ლაღიძეს იცნობდნენ, როგორც მგზნებარე მონადირესა და მებადურს, მაგრამ თოფითა და ბადით იგი დროს უფრო კლავდა, ვიდრე ფრინველს, თევზსა თუ ნადირს. მონადირეობა საბაბი იყო იმისა, რომ ფეხით შემოევლო სათაყვანებელი საქართველოს ველ-მინდვრები, მისი მთა-ბარი დამტკბარიყო მშობლიური მიწა-წყლის სიდიადითა და ბარაქით. უნდა გენახათ, როგორ ესიყვარულებოდა ყოველ ბუჩქს, ხეს, წყაროს. სამშობლოს მშვენიერებით აღფრთოვანებულ შემოქმედს უზომოდ უყვარდა მეგობრებთან ერთად ნადირობა, რადგან თვლიდა, ტყე თავისი იდუმალებით, თავისი საოცრებით, ყოველთვის არის შემოქმედებისთვის შთაგონების წყარო”, – ვკითხულობთ წიგნში “საბჭოთა ხელოვნება”.
ცნობილი ქართველი დირიჟორი, ჯემალ გოკიელის შვილი, გია გოკიელი Dalma News-თან საუბრისას, მამამისისა და რევაზ ლაღიძის მეგობრობას იხსენებს:
“ძალიან პატარა ვიყავი მაშინ. ბევრი რამ კარგად არ მახსოვს. რევაზ ლაღიძე ძალიან ცოცხალ, ხმაურიან კაცად დამამახსოვრდა. მიწიერ კაცად, რომელსაც უყვარდა სიცოცხლე, დალევა, მხიარულება, ამქვეყნიური სიამოვნებები. ასეთად დამამახსოვრდა ის, ასეთად ჩაიბეჭდა ჩემს ბავშვურ მოგონებებში, თუმცა თავს ვერ დავდებ… მამასთან მეგობრობდა. ერთხელ მახსოვს, რესტორანში ძალიან ბევრი კომპოტი დავლიეთ და მერე ვიცინოდით, რადგან მაგიდა სავსე იყო ცარიელი ჭიქებით”, – ამბობს ბატონი გია.
რევაზ ლაღიძესა და ჯემალ გოკიელს მეგობრობის გარდა მთავარი საქმე, მუსიკა აკავშირებდათ. ცნობილი დირიჟორი ლაღიძის ნაწარმოებების საორკესტრო ვერსიის ავტორია. მათ შორის არის, ლაღიძის ცნობილი “საჭიდაო”, რომელიც საორკესტრო ხმებზე სწორედ ჯემალ გოკიელმა გაანაწილა, ამიტომ ეს ნაწარმოები ლაღიძე – გოკიელის ავტორობით სრულდებოდა.
“ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. შეხვედრებისას სულ ხუმრობდნენ და იცინოდნენ, ქეიფობდნენ, ნადირობაზე და თევზაობაზე საუბრობდნენ. მაგრამ მათი მონადირებული არაფერი მახსოვს. პირიქით, დაჭრილ ფრინველს თუ ნახავდა მამა ტყეში, სახლში მოჰყავდა და ვმკურნალობდით ხოლმე”, – იხსენებს გია გოკიელი.
რევაზ ლაღიძის ძეგლის გახსნას რაც შეეხება, ბატონი გია მოქანდაკის ნახელავით აღფრთოვანებული არ არის და ამბობს, რომ ძეგლებისა და ბიუსტების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. მისი აზრით, ადამიანის გამოქანდაკება ერთგვარად მისი გაყინვა, გაქვავებაა, მაგრამ სხვა საკითხია თუ საქმე მაღალ ხელოვნებასთან გვაქვს. მიაჩნია, რომ ცნობილი ადამიანის ძეგლი მაშინ არის ღირებული, თუ მას პერსონასთან მსგავსების გარდა შემოქმედებითი დატვირთვაც აქვს, ანუ ძეგლით იმ ადამიანის სიცოცხლე გრძელდება.
“ძალიან ცოტა ძეგლი მინახავს, სადაც ადამიანი სიცოცხლეს განაგრძობს. ეს ბიუსტი კი ძალიან არ მომეწონა. სრულიად არაფრის მთქმელია. არანაირად არ გამოხატავს რეზო ლაღიძის ხასიათს. ჩემი აზრით ძეგლის დადგმა თავისთავად, სულაც არ ნიშნავს ადამიანის ხსოვნის უკვდავყოფას”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბარში გია გოკიელმა.
რევაზ ლაღიძის უმდიდრეს შემოქმედებაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. თითქმის 40 წლიანი შემოქმედებით მან საუკუნეების იქით გაიხედა და მარადიული, ქართულად ჟღერადი მუსიკა დატოვა, რომელიც კიდევ დიდხანს ეყოფათ ახალგაზრდა ქართველ შემსრულებელთა თაობებს, თუ ისინი საკუთარი ნებით არ მოსწყდებიან ეროვნული მუსიკის ფესვებს და ქარს გატანებული ყვავილებივით მასობრივ მუსიკაში არ გაითქვიფებიან.
“სიმღერა სამშობლოზე”, “ბალადა ვაზზე”, “ოდა მესხეთზე”, “მოხეური ბალადა”,„ჰიმნი დედაენას“, „ჩემო კარგო ქვეყანა“, „აყვავილდა ნუში“, „ტყე შეუნახეთ შვილებსა“, „სიმღერა თბილისზე“, „მუხამბაზი თბილისს“, „წუთისოფელი“, „ჰიმნი ქუთაისს“ ეს ხანმოკლე შემოქმედების უმცირესი ნაწილია. ის ქმნიდა ნაწარმოებებს კლასიკური მუსიკისთვის, შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის. ლაღიძე თავს დასტრიალებდა კინოსტუდია „ქართულ ფილმს“. 1960-1962 წლებში ის კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ქრონიკულ-დოკუმენტური და მეცნიერულ-პოპულარული ფილმების მუსიკალური რედაქტორი იყო. ყველგან იყო, სადაც მისი მუსიკით ფილმს იღებდნენ. ყველა აღიარებს, რომ ქართული ფილმების წარმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის სიმღერებია, რომელთაც დღესაც დიდი სიამოვნებით მღერიან ქართველი შემსრულებლები: „საბუდარელი ჭაბუკი“, „ნინო“, „ხევისბერი გოჩა“, “ხევსურული ბალადა”, “კეთილი ადამიანები”, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, “შეწყვეტილი სიმღერა”, “წუთისოფელი” და სხვა, სულ 30-ზე მეტი. ქმნიდა მუსიკას სპექტაკლებისათვის. გაფორმებული აქვს 40-ზე მეტი სპექტაკლი – გ. ქელბაქიანის “ახალგაზრდა მასწავლებელი”, ლ. ქიაჩელის “ტარიელ გოლუა” და სხვა.
სოფელ ბაღდათში დაბადებული ბუმბერაზი მუსიკოსი, თბილისის განუყოფელ ნაწილად იქცა და რჩება წლების შემდეგაც. რევაზ ლაღიძე 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილიში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ხოლო მისი ბიუსტი ძველ თბილისში “კონკასთან” დაგხვდებათ. ახლა, როცა ტურისტები დაინტერესდებიან, ვისია ეს ძეგლიო, ვეტყვით: – თბილისზე ლაღი სიმღერის შემქნელი, რევაზ ლაღიძის.
შორენა პაპაშვილი