2020 წლის 24 აპრილი – დღე, როდესაც სომეხი ხალხი მთელს მსოფლიოში სომხების გენოციდის 105 წლისთავს აღნიშნავს. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, წელს ეს დღე, მთელი რიგი შეზღუდვებით აღინიშნა. ორგანიზატორები იძულებულები იყვნენ უარი ეთქვათ მარადიული ცეცხლის ანთების მარშზე, რომელიც სამგლოვიარო თარიღის წინა ღამით სრულდება ხოლმე. ასევე, გადაიდო 1915 წლის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან ყვავილების მასობრივად მიტანა. 55 წლის განმავლობაში პირველად, თანამემამულეები იძულებულები გახდნენ მეოცე საუკუნის საშინელი დანაშაულის შედეგად უდროოდ და უსამართლოდ დაღუპული წინაპრები სახლებიდან, ციცერნაკაბერდის მემორიალზე მიუსვლელად მოეხსენიებინათ.
ჩირაღდნების ნაცვლად – შუქი ფანჯრებიდან, ყვავილების ნაცვლად – მოკლე ტექსტური შეტყობინება და სახელი
ხალხის მასობრივად თავშეყრის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ ხალხს ალტერნატიული საშუალება – “ჩირაღდნების ვირტუალური ანთება” და “ვირტუალური მსვლელობა”. 23 აპრილს, ღამის 9 საათზე რესპუბლიკის მოსახლეობამ ბინებში სინათლე ჩააქრეს და ფანჯრებთან ზოგმა სანთელი აანთო, ზოგმა ტელეფონის ფარანი. “წუთიერი ნათელი ხსოვნის” აქციას თან ახლდა სომხეთის ეკლესიების ზარების ხმა. 24 აპრილს ცუდი ამინდი იდგა, თუმცა გაუთავებელი წვიმის და ნისლის მიუხედავად კომპანია C-squared-ის სპეციალისტებმა მაინც შეძლეს ციცერნაკაბერდის ცაზე მარადიულობის ცისფერი შუქის აღმართვა, რაც გენოციდის მსხვერპლთა მარადიული ხსოვნის სიმბოლოდ იქცა და ამ შუქის ერთგვარი შურისძიების მახვილად გადაქცევა.
180 ძლიერი შუქურის წყალობით სინათლის სხივები თავდაპირველად მწვერვალისკენ აიჭრნენ, შემდეგ გიგანტურ კონუსად გადაიქცა და ცეცხლისფერი ობელისკი გაანათა. მოსახლეობამ ეს ყველაფერი სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით იხილა, რასაც თან ახლდა სიმღერა “მოფრინდი, ბულბულო” ლიანა ალექსანიანის შესრულებით და კამო სეირანიანის აკომპანიმენტით. სანახაობა ძალზედ ეფექტიანი და სულის შემძვრელი იყო. იმ მომენტში თანამემამულეების მიერ გადაღებულმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა. მათ შორის, ყველაზე გამორჩეული იყო ჭაღარა მოხუცი ქალი, რომელიც თავისი სახლის აივანზე იდგა, ხელში ანთებული სანთელი ეჭირა და მზერა “მერცხლის ბუდისკენ” ჰქონდა მიპყრობილი.
„დაე, ბებიას ხელში ანთებულმა სანთელმა გვაკურთხოს და ერთმანეთისადმი სიყვარული და ურთიერთგაგება გვასწავლოს! ჩვენი დაყოფა არ შეიძლება, ჩვენ გენეტიკურად ძლიერები ვართ! გვახსოვს და ვიგლოვთ!“,- დაწერა კომენტარი ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მარინა გალოიანმა.
თანამემამულეებთან ერთად, თითქოს ბუნებაც ტიროდა. ბარში წვიმა, მთაში თოვლი. ერევანში ტემპერატურა +3,+4 გრადუსამდე დაეცა. ამის მიუხედავად, ციცერნაკაბერდში დილიდან ცოცხალი მუსიკა ისმოდა. როიალთან სომხეთის დამსახურებული არტისტი აიკ მელიქიანი იჯდა. მოგვიანებით მან სოცქსელში შემდეგი სიტყვები დაწერა:
“ბევრმა მკითხა: როგორ ვუკრავდი +3 გრადუსში. იცით, თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა: “ღმერთო ჩემო, როგორ უძლებდნენ ჩვენი ბაბუები შიმშილს, სიცივეს, დევნას?… ჩემი შესრულება მათ ხსოვნას მივუძღვენი და ქედი მოვიხარე მათი გამძლეობის და ნებისყოფის წინაშე…”.
უამინდობის მიუხედავად, 1915 წლის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია მაინც შედგა. 24 აპრილს, დილით ადრე, მემორიალის მარადიულ ცეცხლთან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი თავის მეუღლესთან ერთად, პარლამენტის სპიკერი არარატ მირზოიანი, რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და სრულიად სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მეორე მივიდნენ. მოგვიანებით ყვავილები მიიტანეს საოლქო გუბერნატორებმა, ასევე ერევნის მერმა აიკ მარუთიანმა… მემორიალის გარშემო სპეციალურად ამ დღისთვის 5 ათასი ალისფერი ტიტა დაირგო.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა ერს მიმართა და ხალხს სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:
“წელს, 24 აპრილს განსაკუთრებულ პირობებში აღვნიშნავთ. კორონავირუსის ახალი ტიპის ეპიდემიამ ისეთი ვითარება შეგვიქმნა, რომ 55 წლიანი ტრადიციული მასობრივი მსვლელობა, ასი ათასობით მოქალაქის მონაწილეობით, წელს არ შედგება, რადგანაც ეს არის აუცილებელი და გარდაუვალი პირობა იმისთვის, რომ არ გავამწვავოთ არსებული დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარება…თუმცა, ასეთ კრიზისულ ვითარებაში ვიპოვეთ იმის შესაძლებლობა, რომ 24 აპრილის აღნიშვნა, კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ და წელს, მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, ვინც პატივს მიაგებს 1915 წლის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას, სახლებიდან შეუერთდება ვირტუალურ მარშს”.
“ვირტუალური მარში” – ეს არის მოკლე ტექსტური შეტყობინება სიმბოლურ ნომერზე 1915, რომელშიც იგზავნება შეტყობინების გამგზავნის სახელი და გვარი. მოკლე ტექსტური შეტყობინების ფასიც სიმბოლური – 1 დრ. იყო. ქვეყნის მოსახლეობას ეს იდეა ძალიან მოეწონა და 24 აპრილის შუა დღისთვის 400 ათასზე მეტი მოკლე ტექსტური შეტყობინება შევიდა.
“ვირტუალური ყვავილებით შემკობა” საღამოს 10 საათზე დაიწყო და გამთენიამდე გაგრძელდა. ამგვარად დიასპორის წარმომადგენლებსაც მიეცათ პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ციცერნაკაბერდში გამართულ ცერემონიალს თან ახლდა ღია ცის ქვეშ სახალხო და კლასიკური მუსიკის ცოცხალი შესრულება. მუსიკოსებს შორის იყვნენ ვიოლონჩელისტი ნარეკ ახნაზარიანი, რომელმაც კომიტასის “კრუნკი” ვირტუოზულად შეასრულა.
“მთელს მსოფლიოში ვართ მიმობნეულები და თითოეულ ჩვენთაგანში არის სევდა…”
სწორედ კულტურის სფეროს წარმომადგენლები აღმოჩნდნენ ის “მაუწყებლები”, რომლებმაც კიდევ ერთხელ მაქსიმალური ეფექტურობით მსოფლიო საზოგადოებამდე მიიტანეს 1915 წლის სამწუხარო მოვლენების ფაქტი და ყველას სომხების წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი დანაშაულის განსჯისკენ მოუწოდეს.
რუსეთში მოღვაწე რეჟისორმა და სცენარისტმა სარიკ ანდრეასიანმა ოსმალურ იმპერიაში სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელიც სომხეთზე მოგვითხრობს:
“ვფიქრობ, 24 აპრილი თითოეული სომხისთვის განსაკუთრებული თარიღია! ეს არის იმ წინაპრების ხსოვნის და გლოვის დღე, რომლებიც 105 წლის წინათ ოსმალური იმპერიის ტერიტორიაზე გაჟლიტეს!”
ანდრეასიანის ვიდეორგოლი ცნობილმა იუმორისტმა მიხეილ გალუსტიანმა გააზიარა და სათაურად ვიდეოში სომხეთის შესახებ ნათქვამი სიტყვები წაუმძღვარა: „გამარჯობა, ნება მიბოძე თავი წარმოგიდგინო! მე სომეხი ვარ. მე 3000 წლის ვარ“. ვიდეო სხვა ცნობილმა ადამიანებმაც გააზიარეს. მათ შორის: ვიზაჟისტმა გოარ ავეტისიანმა, ცნობილმა შემსრულებლებმა – არცვიკ არუთუნიანმა და მარგარიტა პოზოიანმა. ხოლო შოუმენმა გარიკ მარტიროსიანმა Instagram-ის თავის გვერდზე დაწერა : “24 აპრილი. დღეს სომხების გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთ ვიხსენებთ. გვახსოვს და არასოდეს დავივიწყებთ!”.
მოგვიანებით, მომღერალი ელვირა მარკარიანი, მედუდუკე არმენ ოვანისიანი და პიანისტი ალბერტ ამირაგიანი ვირტუალურ სივრცეში გაერთიანდნენ და სომხური წარმოშობის ფრანგი რეჟისორის ანრი ვერნიოიას ფილმის “მაირიკის” საუნდტთრეკი შეასრულეს. სიმღერა თავის Instagram გვერდზე თავად მომღერალმა გამოაქვეყნა: “მთელს მსოფლიოში ვართ მიმობნეულები და თითოეულ ჩვენთაგანში არის სევდა…”. ვიდეორგოლს შესანიშნავი კომენტარები მოჰყვა: “ღვთაებრივია! მშვენიერია! ძალიან ლამაზია! სულის შემძვრელია. ვიზიარებ შენს მწუხარებას. ტირილამდე შევიგრძენი”.
საოცარი და სასიამოვნო იყო უკრაინული R&B-დუეტის სოლისტის, ელენე ომარგალიევას მიერ სომხურ ენაზე შესრულებული სირუშოს კომპოზიცია “მწამს”.
“შესანიშნავი სიმღერაა. მომიტევეთ ჩემი სომხურისთვის, არაფერი მესმის, მაგრამ თარგმანი წაკითხული მაქვს”,- აღიარა მომღერალმა.
გულგრილი არც ელი ბერბერიანის Հորովել -ს დავუტოვებივართ, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ მოედანზე Times Square-ზე შეასრულა.
ალბათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სომხური წარმოშობის, არცერთი ადამიანი არ დარჩენილა, რომელმაც ეს დღე არ გაიხსენა. ჰენრიხ მხითარიანმა, სომხეთის ნაკრების “რომის” კაპიტანმა და ნახევარმცველმა გამოაქვეყნა მემორიალ “ციცერნაკაბერდის” ფოტოსურათი და შემდეგი სიტყვები წაუმძღვარა:
“წელს, 24 აპრილს სახლში უნდა ვიყო, თუმცა, სომხების გენოციდის 105 წლისთავს ყველა ერთად აღვნიშნავთ. მოდით, პატივი ვცეთ ხსოვნას და დავაფასოთ სიცოცხლე”.
სომეხმა “ტელედივამ” კიმ მარდიშიანმა თავის გამომწერებს ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით “გენოციდის შვილიშვილები” გაუზიარა და ყველას მოუწოდა 1915 წლის სისხლიანი მოვლენების მსხვერპლთ პატივი მიაგონ. რეალითი-შოუს ვარსკვლავმა ასევე გამომაქვეყნა 2015 და 2019 წლებში ციცერნაკაბერდის მემორიალლურ კომპლექსზე გადაღებული ფოტოები.
ზოგი პირადად ჩავიდა, სხვებმა დეპეშები გააგზავნეს
კორონავირუსთან დაკავშირებით მთელი რიგი აკრძალვების მიუხედავად, ერევანში მემორიალურ კომპლექსთან დიპლომატიური წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტები, ცხადია, შედგა. პირველი და ალბათ, ერთადერთი დიპლომატი, რომლებმაც პირადად მიაგო პატივი ციცერნაკაბერდში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას, იყო რუსეთის სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში სერგეი კოპირკინი და სამხედრო-საჰაერო ატაშე საელჩოში ანდრეი გრიშუკი. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობამ და სამხედრო ატაშემ მემორანდუმის მარადიულ ცეცხლთან ყვავილები მიიტანეს და ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. აღსანიშნავია, რომ ეს წინა დღით, 23 აპრილს მოხდა.
24 აპრილს, საფრანგეთის ელჩმა სომხეთში ჯონათან ლაკოტმა თავის ფეისბუქგვერდზე განათავსა სომხების გენოციდის მსხვერპლთა მემორანდუმის ფოტოსურათი და შემდეგი სიტყვები დაწერა: “ისევე როგორც ყოველწლიურად, ციცერნაკაბერდის მემორიალის წინ, სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს – 24 აპრილს, სომხეთში საფრანგეთის საელჩოს სახელით ყვავილების გვირგვინი ახლაც დევს. 24 აპრილი სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე საფრანგეთშიც აღინიშნება”. როგორც ცნობილია, საფრანგეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც სომხეთთან ერთად გლოვობს: შარშან საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც 24 აპრილი სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ აღიარეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ფრანგების მაგალითს – სომხების გენოციდის ფაქტის აღიარებაზე – ამერიკელებმაც მიბაძეს. კერძოდ, კოლორადოს გუბერნატორმა ჯარედ პოლისმა 2020 წლის 24 აპრილი სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა. მანამდე – 2019 წლის 24 აპრილს, ამ დღის „სომხების გენოციდის ხსოვნის დღედ“ გამოცხადებას კოლორადოს შტატის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. შტატებში გენოციდის აღიარების პროცესში უკვე სერიოზული წინსვლაა,თუმცა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება გასული საუკუნის დანაშაულის აღიარებისგან და განსჯისგან უწინდებურად თავს იკავებს.
თუმცა, იზრდება იმ ქვეყნების რიცხვიც, რომლებიც 1915 წლის ბოროტების ფაქტის განსჯის და აღიარებისკენ ისწრაფვიან. 2020 წლის 23 აპრილს სომხების, ასირიელების და ბერძნების გენოციდის ფედერალური აღიარებისკენ მოუწოდა ავსტრალიის ებრაელობის აღმასრულებელმა საბჭომ. ეს სტრუქტურა ავსტრალიაში სომხური ეროვნული კომიტეტის კოლეგებს შეუერთდა და სომხების გენოციდის ფაქტის აღიარებისკენ ყველა ქვეყანას და ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს. განცხადებას ხელს აწერს ებრაული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ ვერტჰაიმი.
როგორც ცნობილია, ოფიციალური ისრაელი უწინდებურად არ აღიარებს ოსმანური თურქეთის მიერ სომხების მასობრივად განადგურების ფაქტს. თუმცა, პარლამენტარები სხვა აზრისანი არიან – 24 აპრილს ისრაელის კნესეტის დეპუტატმა იარი ლაპიდმა Twitter-ზე, თავის მიკრობლოგზე შემდეგი წარწერა დატოვა:
დღეს სომხების გენოციდის ხსოვნის დღეა. როგორც წინა წლებში, სომხების გენოციდის პატივისცემის ნიშნად, ჩვენ ახლაც შევიტანეთ შესაბამისი კანონპროექტი. ეს ჩვენი, როგორც ებრაელი სახელმწიფოს მორალური ვალია”. წარწერა სომხურ ენაზეა შესრულებული!
იმავე დღეს, ისრაელის ქალაქ პეტახ-ტიკვში 1915 წლის სომხების გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი აღმართეს, რომელიც ამ მოვლენის 105 წლისთავს მიევნა. სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა არტაკ ზაქარიანმა, რომელიც პარლამენტში მუშაობის დროს სომხეთ-ისრაელის დეპუტატთა ჯგუფის მეგობრობის თანათავმჯდომარე იყო, თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა: “კორონავირუსსაც კი არ შეუძლია შეზღუდოს სომხების სამართლიანი მოთხოვნა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის დანაშაულის განსჯის თაობაზე. დღეს, ქალაქ პეტეხ-ტიკვში სომხური სათვისტომოს ინიციატივით სომხების გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა”.
ყველა სომხისთვის გლოვის დღე უყურადღებოდ, არც კვიპროსში დარჩენიათ. კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადესმა Twitter-ზე ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ კვიპროსი “ამ საშინელი დანაშაულის” მსხვერპლთ პატივს მიაგებს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გენოციდის აღიარების ძალისხმევას მხარს უჭერს. ამავდროულად, ევროპარლამენტის წევრმა დიმიტრის პაპადაკისმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „სომხების გენოციდიდან 105 წელი. ამის დავიწყება არ შეიძლება“.
ფლეშმობიდან ხაჩკარებამდე ზღვის ფსკერზე!
სომხეთის ისტორიაში სამგლოვიარო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა. მოსკოვში, სომხეთის ელჩმა რუსეთში ვარდან ტოგანიანმა და რუსეთის და ნოვო-ნახიჩევანის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის არქიეპისკოპოსმა ეზრას ნერსისიანმა სსე-ს საეკლესიო კომპლექსის ტერიტორიაზე სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალზე ყვავილები დაალაგეს.
ამერიკაში მყოფმა სომხებმა, მიუხედავად იმისა, რომ ლოს-ანჯელესში თურქეთის საელჩოს წინ ბოროტების აღიარების მოთხოვნით ყოველწლიური აქციის მოწყობაზე უარის თქმა მოუწიათ, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად ლოს-ანჯელესში ექსკლუზიური აქცია მოაწყვეს და COVID-19-ის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის სადილი შეაგროვეს. ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტის წევრის ალექს გალიცკოვის თქმით, გენოციდის შედეგად დაღუპული 1,5 მილიონი ადამიანის პატივსაცემად ამერიკელებისთვის 1,5 მილიონი სადილის შეგროვება იგეგმებოდა. თუმცა, ერთ კვირაში “გეგმას გადააჭარბეს” და 3,3 მილიონი სადილი ამერიკელებს Feeding America-ის დახმარებით გადასცეს.
რაც შეეხება უკრაინას, მართალია, მასობრივი აქცია არ გამართულა, თუმცა კარანტინის ყველა წესის დაცვით კიევის ცენტრში, ხაჩკარის ქანდაკებასთან სათვისტომოს, სასულიერო ფენის, სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებმა ყვავილები მიიტანეს და გენოციდის მსხვერპლთ პატივი მიაგეს. თემატური ღონისძიებები ამ სამგლოვიარო თარიღამდე, რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. დედაქალაქის და დიდი ქალაქების ქუჩებში ბანერები, ბილბორდები და სხვა სოციალურად ორიენტირებული ინფორმაციული მასალა განთავსდა. 24 აპრილს სულების მოსახსენიებელი ცერემონიალი ყველა სომხურ ეკლესიაში გაიმართა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია უკრაინის სომეხთა კავშირის ისტორიულ-კულტურული კომიტეტის ხელმძღვანელის დავით დავთიანის ონლაინ-ლექციამ „სომხების გენოციდი: ისტორიის გააზრება“. „საუ“-ს აღმასრულებელი დირექტორის ოვაკიმ არუთიუნიანის თქმით, ეს და სხვა ღონისძიება გააშუქა როგორც ცენტრალურმა, ისე რეგიონალურმა ტელევიზიამ. ხოლო სოციალური ვიდეორგოლი „Дякуємо за шанс розквітнути знову. Вірмени“ ათობით ტელეარხმა აჩვენა!
უმაღლესი რადას დეპუტატების ვიდეორგოლიც სულის შემძვრელი იყო. აქციის «Україна пам’ятає» (უკრაინას ახსოვს) ინიციატორი დარია ვოლოდინა ვიდეოს დასაწყისში ამბობს: “24 აპრილი – კივილის და გლოვის დღეა. დღე, როდესაც მთელი მსოფლიო სომხების გენოციდის მსხვერპლთ მოიხსენიებს. უკრაინას ახსოვს”.
კორონავირუსული ვითარებიდან შესანიშნავი გამოსავალი იპოვეს აფხაზეთში მცხოვრებმა სომხებმაც. სოხუმის სომხური სათვისტომოს წარმომადგენელებმა, წინაპრებისთვის პატივის მისაგებად, სანაპიროზე მსვლელობა მოაწყვეს და სავალდებულო დისტანციის დაცვით, ზღვაში ალისფერი ვარდები ჩაუშვეს…
იმავე დღეს სოცქსელში საოცარი ფოტო გამოჩნდა, რომელზეც სომხური წარმოშობის ერთ-ერთი მყვინთავი, სომხების გენოციდის 105 წლისთავთან დაკავშირებით , ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე 3,5 მეტრიან ხაჩკარს და სომხეთის დროშას უშვებს. ფოტოს თან ახლდა განმარტება, რომ ამგვარად მათ პატივი მიაგეს სომხების გენოციდის დროს მდინარეებსა და ზღვებში დაღუპულებს.
ჩვენ ყველა – ბაბუა არტუშ!..
სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღეს თავისი წვლილი სომხურმა ეკლესიამაც შეიტანა. გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსენების ცერემონიალი ციცერნაკაბერდში სრულიად სომხეთის კათოლიკოსმა და უმაღლესმა პატრიარქმა, გარეგინ მეორემ ჩაატარა, ხოლო პირველსატახტო წმინდა ეჩმიაძინში და სომხეთის ყველა სამოციქულო ეკლესიაში ლიტურგიები დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. შუა დღისით ეკლესიების ზარები დაირეკა. ანალოგიური ღონისძიებები, სომხეთის ელჩების მონაწილეობით, მთელ რიგ ქვეყნებშიც ჩატარდა, მათ შორის თბილისის და დამასკოს სომხურ ეკლესიებში. თავიანთი ლოცვა, ამჯერად ეკლესიის კედლებს მიღმა, აღავლინა ათასობით მორწმუნემ, რომლებმაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო იგლოვეს.
2020 წლის 24 აპრილის, დღის ბოლო და ძლიერი აკორდი ციცერნაკაბერდის მემორიალთან ერევნის 82 წლის მკვიდრის, არტუშ მირზოიანის ვიზიტი იყო. ბაბუა არტუშმა, არაფერი იცოდა კომენდანტის საათის და კომპლექსის მონახულების შესაბამისი აკრძალვის შესახებ. იგი ტრადიციულად, დილით ადრე, გამთენიისას მარადიულ ცეცხლთან მივიდა. როდესაც პოლიციელებმა გააჩერეს, მან უარი თქვა სახლში წასვლაზე და განაცხადა, რომ ფეხს არ მოიცვლიდა მანამ, სანამ მემორიალთან მისვლის უფლებას არ მისცემდნენ: “მე არავის ვაწუხებ, უბრალოდ მინდა ყვავილები დავალაგო ისე, როგორც ამას მრავალი წლის განმავლობაში,
მოხუცმა თავის განზრახვაზე უარი, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგაც არ თქვა. ბოლოს მაინც თავისას მიაღწია: გვიან ღამით პრემიერის სპეციალური განკარგულებით ბაბუა არტუში მემორიალთან მიაცილეს. მან დიდი მოწიწებით დააწყო ვარდები, რამდენჯერმე პირჯვარი გადაიწერა და იქაურობა სუფთა სინდისით დატოვა.
არტუშ მირზოიანმა თავისი საქციელით სწორედ ის ერი განასახიერა, რომელსაც თავისი წინაპრების ხსოვნა და სამართლიანობის აღდგენა შეუძლია. ბაბუა არტუშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მთელს მსოფლიოში გაბნეული სომეხი ხალხი გენოციდის აღიარების საკითხში გამარჯვებამდე მტკიცედ იდგება და სანამ მთელი მსოფლიო არ აღიარებს და არ განსჯის სომხების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ გასული საუკუნის უდიდეს დანაშაულს, კვლავ და კვლავ გაიმეორებს : “გვახსოვს! მოვითხოვთ!”.
ირინე გრიგორიანი