რაც უფრო ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით უფრო ძლიერდება დასავლეთის წნეხი საქართველოს ხელისუფლების მიმართ. უცხო ქვეყნების წარმომადგენელი პოლიტიკოსები უკვე აღარ მალავენ რადიკალური ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერას და რევოლუციის მორიგი სცენარის არსებობაც სულ უფრო დამაჯერებელი ხდება. სწორედ ამ პროცესებს ასახავს დოკუმენტური ფილმი -„ევროატლანტიკური იგავ-არაკები“, რომელიც რეჟისორმა და ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა – გოგა ხაინდრავამ გადაიღო. Dalma News-ი მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.
– როგორ წარიმართა ფილმზე მუშაობა?
– ამდენი სიცრუე, ამდენი ფარისევლობა, ამდენი უკეთურება, რის ნახვაც და მოსმენა მომიწია ამ თვეების განმავლობაში, ძნელი წარმოსადგენი იყო. კიდევ ერთხელ დავინახე სამყარო, რომელშიც საქართველოს – ამ პატარა ქვეყანას უწევს ცხოვრება. აბსოლუტურ კოშმარშია მსოფლიო, განსაკუთრებით ჰეგემონი. ასეთი სამარცხვინო ადმინისტრაცია აშშ-ს, როგორიც დღეს ჰყავს, არასდროს ჰყოლია. ძალიან ბევრი პოლიტიკოსის განცხადება მოვისმინე და წავიკითხე ამ დღეებში, რომელიც ეხებოდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა. რა დამართეს ამ ოდესღაც აყვავებულ გაერთიანებას, რომელსაც საფუძვლად ედო კეთილდღეობა, დემოკრატია, სიმართლე.
–რას გულისხმობთ? ევროკავშირის მიზნები შეიცვალა?
-ევროკავშირი ქვეყნებს ართმევს სუვერენიტეტს. ამის შესახებ მე არ ვლაპარაკობ, ამას ამბობს ორბანი, ფიცო – სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ტერაქტი მოუწყვეს. ეს ჩანს კიდევაც იმ მოვლენებში, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს ევროპაში. თითქმის ყველგან ულტრამემარჯვენეები იმარჯვებენ. გერმანიაში, რეგიონულ დონეზე, ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს, ეს ძალიან ნიშანდობლივია, ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც კარგია, იმიტომ, რომ იქ ულტრამემარჯვენეებს სიკეთე არასოდეს მოუტანიათ, მაგრამ ულტრალიბერალიზმი არანაკლებ საფრთხედ იქცა კაცობრიობისთვის. ის რასაც ქადაგებს ულტრალიბერალიზმი, არის დაღუპვა. განვითარებულ ქვეყნებში არის ასეთი საკმაოდ მძიმე მუხლი – ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა. მაინტერესებს, მთელი კაცობრიობის თვითმკვლელობამდე მიყვანა არ არის დასჯადი? იმიტომ, რომ როდესაც აკანონებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და ბავშვის აყვანის უფლებას აძლევენ, ამით ხომ კაცობრიობა თვითმკვლელობამდე მიჰყავთ? კაცობრიობა თუ ვერ გამრავლდება, მოკვდება. როდესაც ამბობენ, რომ ადამიანის უფლებაა ერთნაირსქესიანთა ოჯახს მისცე ბავშვის აყვანის უფლება, იმ ბავშვს უფლებები აღარ აქვს? ის ბავშვი რომ გაიზრდება და მამაც და დედაც წვერიანი კაცი ეყოლება, ან ორივე ქალი, ბავშვი კითხვას არ დასვამს? ეს არის ადამიანის უფლების ფეხქვეშ გათელვა. ვიღაც გადაგვარებული ცხოვრებით ცხოვრობს, ეგ გასაგებია, მაგრამ ბავშვებს რას ერჩიან?!
– ამ დროს, ძალიან ბევრი უმამოდ ან უდედოდ გაზრდილი ბავშვისთვის ეს უდიდესი სტრესია. მუდმივად აქვთ უკმარისობის განცდა და შინაგანი პროტესტი, თუ რატომ გაიზარდნენ არასრულფასოვან ოჯახში…
– ქართული სიტყვა – „ობოლი“, ყველა ადამიანში იწვევს მწუხარების განცდას. გადაგვარებულ ოჯახში რომ ცხოვრობს ის ბავშვი, რა დღეში იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ? ის საკუთარი სურვილით ხდება ბიოლოგიურად არასრულყოფილი ოჯახის წევრი? ობოლი ნებაყოფლობით არ ხდება ადამიანი, ხდება ბედის უკუღმართობით და ისიც ადამიანში აჩენს მძაფრ განცდას, რომ ის არასრულყოფილ ოჯახშია გაზრდილი. ეს ყოვლად დაუშვებელია. სადღაც არის „ომის პარტია“, რომლებიც თვლიან, რომ განვითარება და კაცობრიობის გამრავლება ხელს უშლის მათ საკაცობრიო იდეებს.
– ამ ე.წ. ომის პარტიის მიზანი კაცობრიობის შემცირებაა?
– რა თქმა უნდა, აბა საიდან არის ეს ომები, შიმშილი, პანდემიები? ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს შემთხვევით არ ჩნდება. ასეთი ჭარბი შესაძლებლობები როცა გაქვს, რომ აღარ იცი ფული სად წაიღო, დაეხმარე რა ადამიანს. 10 მცნებიდან ერთ-ერთი არის, რომ დაეხმარო ადამიანს.
–ჰოლივუდის სკანდალზე უნდა გკითხოთ, თქვენთვის რა იყო ამაში სიახლე და სენსაცია?
– სიახლე არაფერი ყოფილა. სიახლე იყო ის, რომ როგორც იქნა ეს გამჟღავნდა. 25 წლის წინ ვარ ნამყოფი ჰოლივუდში და მაშინაც ძალიან კარგად ჩანდა ვინ არიან და რა ხდება საერთოდ იქ. არაფერი ახალი არ მომხდარა. პედოფილია, რაც თავი მახსოვს, სულ არსებობდა. ევროპულ პოლიტიკურ წრეებში ნახეთ რა ხდება, უბრალოდ, იქ გამჟღავნდა, იმიტომ, რომ წერია ლუკას სახარებაში, – არა არს დაფარული რომ არ გაცხადდესო. აშშ-ს ამ სახით მომავალი არ აქვს. ეს პოლიტიკური ელიტა, ისევე, როგორც საქართველოში რადიკალური ოპოზიცია, უნდა წავიდეს, უნდა მოიშოროს ამერიკის საზოგადოებამ, თუ ამის უნარი ეყოთ. ჩვენც უნდა მოვიშოროთ ესენი. ეს პოლიტიკური ოპოზიცია არ არის, ეს არის გადაგვარებული საზოგადოება, რომელიც ხელს უშლის ქართული საზოგადოების განვითარებას. მანკიერებამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. მანკიერებას მინიმალური გავლენა უნდა ჰქონდეს ადამიანის ცხოვრებაზე და ქვეყნის განვითარებაზე.
– საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” ნაციონალების ამომრჩევლების გასამართლების ინიციატივით გამოვიდა. ხომ არ იმეორებენ “ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკას, როცა ემუქრებიან რომელიმე პარტიის მხარდამჭერებს?
– არავინ არავის ემუქრება. ეს პასუხისმგებლობა სიმბოლურია, რა თქმა უნდა, მაგრამ საერთო ჯამში, მორალური ტვირთი არაფრით ნაკლები არ არის სამართლებრივ ტვირთზე. სირცხვილი უნდა გახდეს ნაციონალების მხარდაჭერა საქართველოში. გერმანელების 90% ფაშისტებს უჭერდნენ მხარს, აბა ნახეთ, მეორე მსოფლიო ომის კადრები, ექსტაზში ყვირიან – „ჰაი ჰიტლერს!“. რაც მიიღეს ხომ ვნახეთ? იძულებული იყვნენ მერე გერმანელები, რომ ენახათ, საკონცენტრაციო ბანაკებში რას სჩადიოდნენ. სოფელ-სოფელ დადიოდნენ და აჩვენებდნენ ხალხ ამ ფირებს, იმისთვის, რომ აზრზე მოსულიყვნენ. მაგრამ ამის მიუხედავად, აკრძალვის მიუხედავად, ფაშისტური პარტიები დღესაც არსებობს გერმანიაშიც, ავსტრიაშიც, იტალიაშიც და აშშ-შიც. მანკიერებას დედამიწაზე ვერ მოშლი, მაგრამ მან თავისი ადგილი უნდა იცოდეს, ეს კი საზოგადოების თვითშეგნებაზეა დამოკიდებული. ნაციონალების, ხაზარაძის კომკავშირელების მხარდაჭერა მერკანტილური ინტერესებიდან გამოდის. არიან მიშას სექტანტები, მაგრამ ისინი ძალიან მცირე რაოდენობაა, უმეტესობა არიან ისეთები, რომლებიც პირადი გამორჩენისთვის უჭერენ მხარს ნაცებს, თორემ სააკაშვილსა და მის პარტიას დღეს კაცი ხმას როგორ მისცემს?
– „ქართული ოცნების“ მიზანია ამ არჩევნებში მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს თუ მოხდება, შეიცვლება დასავლური რიტორიკა საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ?
– არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვს ვერავინ შეიტანს, იმიტომ, რომ თვითონ ის მეთოდი, რომლითაც ტარდება არჩევნები, თავისთავად განაპირობებს მის უტყუარობას. ელექტრონული სისტემაა, მსოფლიოში აპრობირებული.
– თუმცა აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ეს სისტემა დაგვიწუნა…
– ის როგორი ელჩიც იყო ყველამ ვიცით. ის იყო სამარცხვინო ადამიანი. მაგან რომ კვალი დატოვა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, მარტო მაგისთვის უნდა დადგეს მაგის პასუხისმგებლობის საკითხი ამერიკაში, ისეთი რამეები გააკეთა საქართველოში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ქვეყნად ჩამოვყალიბდით, ჯერ გეოგრაფიულადაც მნიშვნელოვან რეგიონში ვართ. აქამდე ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხებოდა, აქამდე ვაშინგტონი წყვეტდა საქართველო რა ნაბიჯებს გადადგამდა, მანამდე მოსკოვი… დღეს ეს მორჩა, ყველა მიხვდა ამას, ამის ყველაზე კარგი მაგალითია ჩინეთი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი დაინახა. ჩვენ საკვანძო ქვეყანა ვართ ჩინეთსა და ევროპას შორის. დღეს ერთადერთი გზა არის საქართველოზე გამავალი. გარდა ამისა აზერბაიჯანსა და თურქეთს აინტერესებს ეს გზა, ევროპას ხომ აინტერესებს და აინტერესებს და ამიტომ ბუნებრივია მოუწევთ. მაგრამ ჩვენი თავი არ ექნებათ, 5 ნოემბერს ამერიკაში ამბები ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. დემოკრატები არ დათმობენ თავისი ნებით ძალაუფლებას, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი. პირადად ტრამპის მიმართაც აქვთ დანაშაული და უკანონობა, ის მოჰკითხავს ამას, ეგ იციან.
– თუმცა ჩვენ გვითხრეს, რომ არ არსებობს 2 ამერიკა, ტრამპი იქნება თუ ბაიდენი, საქართველოს მიმართ პოლიტიკა და დამოკიდებულება არ შეიცვლება.
– ეგ ზღაპრებია, როგორ არ არსებობს? იყო კენედის, ტრუმენის, რეიგანის ამერიკა და არის ბაიდენის – აბსოლუტური ბეცების ამერიკა. ბაიდენის ამერიკაზე შეიძლება სერიოზულად ლაპარაკი? თუ რამის დაკარგვა შეიძლებოდა სინდისის ჩათვლით, ყველაფერი დაკარგეს.
– ვის იმედად არის საქართველო?
– საქართველოს ბედია დამოკიდებულია ამომრჩევლის გონიერებაზე. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც საბჭოთა კავშირში გაიზარდა – უღმერთო ქვეყანაში. იქ სადაც არ არის ღმერთი, არ არის წესრიგი. ამიტომ პირველ რიგში არის რწმენა. რატომ ებრძვიან მართლმადიდებელ ეკლესიას? რატომ არის ასეთი შეტევა უწმინდესზე? 35 წლის ვიყავი საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა? თითებზე ჩამოსათვლელი ეკლესიები იყო მაშინ მოქმედი და მრევლს მოხუცი ქალები შეადგენდნენ. პატრიარქის ხანაში მოხდა ერის ღმერთისკენ მობრუნება. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, 21-ე საუკუნეში, წმინდა სამების ტაძარი არ აშენებულა, საქართველოში კი აშენდა გრანდიოზული ტაძარი. ეს არის ქართული გენისა და რწმენის გამოვლინება.
– რას ელოდებით არჩევნების მეორე დღეს ოპოზიციისგან?
– ახლა მათი პატრონები ხელოვნურ სტიმულებს უქმნიან, მაგრამ მერე დაჭამენ ერთმანეთს, როგორც ყოველთვის ხდებოდა. როგორ შეიძლება მელიასა და გვარამიას ერთმანეთი უყვარდეთ, ისევე, როგორც ელისაშვილსა და ხაზარაძეს? ეს არაბუნებრივი ერთობაა, ყველამ ვიცით კარგად. დაჭამენ ერთმანეთს იმ კატასტროფის ფონზე, რომელიც ელოდებათ ამ არჩევნებზე. ქართველი ხალხის გონიერების მჯერა, შეიძლება გოგა ხაინდრავა, ირაკლი კობახიძე, ან ბიძინა ივანიშვილი არ მოგწონდეს, მაგრამ შენი ოჯახი ხომ მოგწონს? შენი შვილების მომავალი ხომ გინდა? ხომ გესმის, რომ ზურა გირჩი შარვალჩახდილ-ჯაფარიძე ვერ შექმნის ქვეყნისთვის უკეთეს მომავალს? ესაა და ეს.
ესაუბრა შორენა ქარჩავა