საქართველო, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო კვლავ განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და მხარდაჭერას ელის. ტურიზმის სფერო, რომელიც ქვეყნის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა, პარალიზებულია. უმუშევრად დარჩენილი უამრავი ადამიანი სახელმწიფო დახმარების მოლოდინშია. მთავრობისგან წახალისებას ელის სოფლის მეურნეობაც. საქართველოს მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ არსებულ განსაკუთრებულ ვითარებაში ხელისუფლების უმთავრესი მიზანი სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა, ამიტომ, ბიუჯეტი იღებს ვალდებულებას, პირველ რიგში ყველა იმ სფეროს დაეხმაროს, სადაც ადამიანები არიან დასაქმებულები.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, 3-ჯერ მოუხდა პარლამენტის წინაშე წარდგომა. ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, პარლამენტარებმა ამ დღეებში, პრემიერის წლიური ანგარიში მოისმინეს. საპარლამენტო ოპოზიცია საგნობრივი კამათის ნაცვლად, მმართველ პარტიასთან პოლიტიკურ პაექრობას ირჩევს და შეიძლება ითქვას, რეალობას აცდენილი განცხადებებითა და რეპლიკებით გახარიას პარლამენტში ყოველი მისვლა იუმორისტულ სანახაობას ემსგავსება. ექსპერტების ნაწილის შეფასებით პოლიტიკურ პაექრობაში გახარიამ 3:0 მოუგო საპარლამენტო ოპოზიციას, ხოლო ოპოზიციამ კიდევ ერთი პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიიღო.
ოპოზიცია კვლავ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებით, ე.წ გავრილოვის ღამის თემით პანიპულირებს და გიორგი გახარიას, რომლის იმ დროს შს მინისტრი იყო, პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის დაშლისას ძალის გადამეტებისთვის საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს. საინტერესოა, თავად რატომ აგვიანებენ ბოდიშის მოხდას ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის სათავისოდ გამოყენებას შეეცადნენ და “ვარდების რევოლუცია-2”-ის განხორციელების მიზნით, ახალგაზრდებს პარლამენტის შენობაში შეჭრისკენ უბიძგეს.
“20 ივნისს, ოცნებობდით, რომ პოლიციის კორდონი გარღვეულიყო და ხალხი აქ შემოჭრილიყო; ეს იყო მაშინ თქვენი ოცნება. ამის ფოტოებიც მაქვს და კადრებიც. თქვენ ის ხალხი ხართ, რომელმაც ახალგაზრდების გულწრფელ პროტესტს სახე შეუცვალეთ და პარლამენტის შენობაზე შტურმის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის სახე მიეცით. ეს თქვენი შემოქმედება იყო და რატომ უნდა მოგიხადოთ ბოდიში?”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატების მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვებს.
მან ბოდიშის ნაცვლად მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, რომლებიც აქციის მონაწილეების მხრიდან ბოთლების სროლას და რკინების თავში ჩარტყმას ითმენდნენ, რათა სახელმწიფო დაეცვათ.
გახარიას შეფასებით, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა იყო პოლიტიკური დანაშაული, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური ფასი გადაიხადა, ხოლო ის, რაც “გავრილოვის ღამით” წარმოადგენდა ოპოზიციის მთავარ მიზანს, არის სისხლის სამართლის დანაშაული.
პრემიერის თქმით, 20-21 ივნისს, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს ბატონებმა და მათი პასუხისმგებლობის დროც მოვა.
“სასამართლო ჩატარდა, ხალხმა აღიარა, რომ პარლამენტის შტურმში მონაწილეობდა. იმის დროც მოვა, ბატონებო, როდესაც გამოძიებით დადგინდება ამ შტურმის ორგანიზატორები ვინ იყვნენ. რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ, ამ შენობაში მე მარტო კი არ ვიყავი. ამ შენობის მე-3 სართულიდან კარგად ჩანდა ყველაფერი. მახსოვს ოპოზიციის ზოგიერთი წევრის გაშმაგებული სახე, რომელიც ამბობდა, რომ ეს ადამიანები თუ ახლოს მივლენ ერთმანეთთან და ხელს დაარტყამენ, ეს გვინდაო. ეს ყველაფერი არსად წასულა და ამას ყველაფერს კადრებიც ახლავს, ხალხიც იმახსოვრებს და ისტორიაც, გაითვალისწინეთ“, – მიმართა პრემიერმა “ნაციონალურ მოძრაობას”.
გიორგი გახარიასა და ოპოზიციის პაექრობას მასტერკლასი უწოდა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ერთი თვის განმავლობაში ეს პრემიერის მესამე მასტერკლასი იყო ოპოზიციისთვის. მანამდე, მაისში, გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლას კობახიძემ “გოიმური ოპოზიციისთვის ჩატარებული მასტერკლასი”, მეორედ კი “საყმაწვილო შამათი” უწოდა.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, პრემიერ გახარიას წლიური ანგარიში იყო საკმაოდ დაბალანსებული, თუმცა აკლდა კონკრეტიკა, რათა მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია მიეღოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ელოდებათ პოსტკრიზისულ პერიოდში, როგორ აპირებს მთავრობა მათი მდგომარეობის შემსუბუქებას ეკონომიკის გამოცოცხლების კუთხით, კონკრეტულად რა ზომებია დაგეგმილი და როგორ აისახება ეს მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მისივე თქმით, პრემიერმა აღნიშნა, რომ იგეგმება იმ ადამიანების წრის გაფართოება, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ და შემწეობებს მიიღებენ.
რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებებს, ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ოპოზიციას სათქმელი თითქმის აღარაფერი აქვთ და მათ დისკუსია არ ატარებდა ცივილურ, ან საქმიან ხასიათს. მათ სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა 20 ივნისის თემის აქტუალიზაციისა, რადგან მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს თემა იქნებოდა გახარიას ყველაზე მოწყვლადი ადგილი და ფიქრობდნენ, რომ ამით უფრო მეტად ავნებდნენ პრემიერ-მინისტრს.
“ოპოზიციამ, ფაქტორივად, საკუთარ თავს ავნო. პოლიტიკური სადომაზოხიზმია 20 ივნისის მოვლენების საკულტო რანგში აყვანა. ეს აღარ მუშაობს, არც პოლიტიკურ სპექტრში, არც საზოგადოებაში, ამას აქვს ერთი ძალიან მარტივი ახსნა, მთელმა საზოგადოებამ, პირდაპირ ეთერში თვალნათლივ იხილა, თუ რა ხდებოდა 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, 20 ივნისის საღამოს 11 საათამდე, მიტინგი აბსოლუტურად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, სანამ პარლამენტის წინ სახელდახელო საბჭო არ შეიკრიბა და არ მიიღეს პარლამენტზე შტურმის განხორციელების გადაწყვეტილება. ამის შემდეგ დაიწყო ის, რაც დაიწყო. რამაც აიძულა სამართალდამცველები გამოეყენებინათ ძალა.
ცხადია, თუ ვინმეს არ სურს დღეს “გავრილოვის ღამის” მოვლენების გამოძიება, პირველ რიგში ოპოზიციას. საერთაშორისო ფასილიტატორების ჩარევის შედეგად მიაღწიეს იმას, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებული, რამდენიმე ლიდერი პრეზიდენტმა შეიწყალა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ოპოზიცია ყველა ღონეს ხმარობს, ეს საქმე თაროზე შემოიდოს. რამდენად მისცემს მათ ამის საშუალება ქართველი ამომრჩეველი დრო გვიჩვენებს.
Dalma News-ის კითხვაზე საპარლამენტო არჩევნების შემდგომ რამდენპროცენტიანი შანსი არსებობს იმისა, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება ბოლომდე მივიდეს, ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ გამომდინარე იქიდან, საქართველოში ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ოპოზიციის ლიდერების ციხეში ჯდომა პოლიტიკურ დევნად აღიქმება. “ქართულმა ოცნებამაც” ამ ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყვიტა დროებით თაროზე შემოდოს ეს საქმე. მაგრამ თუ “ოცნება” ხელისუფლებაში მესამე ვადით ვეღარ მოვიდა, საეჭვოა ეს საქმეები თაროდან საერთოდ ჩამოვიდეს.
ერთი სიტყვით, ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის ციხიდან გამოშვებით, საქართველოს ხელისუფლება შეეცადა მის მიმართ დასავლეთის მზარდი კრიტიკის ჩაცხრობას, მაგრამ იმავე დროს “ქართულმა ოცნებამ” გაწირა საკუთარი რეიტინგი და მხარდამჭერები გაინაწყენა.
პრემიერმა მეღვინეობის მხარდაჭერასა და რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ დღეს, ქვეყნის განვითარების კრიზისულ ეტაპზე, ისევე, როგორც ტურიზმს, მშენებლობას, განათლებას და სხვა სფეროებს, მეღვინეობასაც სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება. პრემიერმა მევენახეები და მეღვინეები დაამშვიდა და პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფოს მხარდაჭერას დაჰპირდა. მისივე თქმით, 10 დღეში დასრულდება მუშაობა იმაზე, თუ როგორი იქნება ამ დახმარების ფორმა და სტრუქტურა.
“მინდა, დავამშვიდო ჩვენი მევენახეები, სახელმწიფო მათ ამ კრიზისულ მდგომარეობაში მარტო არ დატოვებს. ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ექსპორტიც საკმაოდ შეზღუდულია და რისკის ქვეშაა, ისევე, როგორც შემცირებულია ტურისტული ნაკადები და შესაბამისად – მოხმარებაც. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დახმარება საჭიროა და ეს დახმარება იქნება, რა ფორმით – ამაზე, უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც Dalma News-ს ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ოთარ ანგურიძემ განუცხადა, ბოლო წლებში, კახეთში, აქტიურად მიმდინარეობს ვენახების გაშენება. შარშანდელი წელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყურძნის მოსავლის მხრივ რეკორდული იყო. ხოლო წლევანდელი წელი, შარშანდელზე რეკორდული იქნება, რადგან ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი ვენახების გაშენება, ახალი ვენახები კი იძლევა იმის საშუალებას, რომ 2-3 წელიწადში იყოს ახალი, დამატებითი მოსავალი.
მისივე თქმით, ქართულ ღვინოს კარგი რეკლამა აქვს მსოფლიო ბაზარზე, ტურიზმი კი დამატებით უწყობს ხელს მის პოპულარიზაციასა და გასაღებას.
“ჩვენი სავიზიტო ბარათი ღვინოა. უცხოელი ტურისტი პირდაპირ გავლენას ახდენს ქართული ღვინის ინდუსტრიაზე, მაგრამ კორონავირუსის გამო, ამ სფეროსაც ექნება პრობლემები. ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება სუბსიდირება არა მხოლოდ მევენახეობაზე, არამედ სოფლის მეურნეობის დარგებზე და მშვიდობიან პერიოდშიც, ძალიან ბევრი წარმატებული ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები, იყენებენ ქვეყნისთვის საიმიჯო პროდუქციის სუბსიდირებას, რაც ჩვენს შემთხვევაში ნამდვილად არ არის გასაკვირი”, – აცხადებს ოთარ ანგურიძე.
მისივე თქმით, პანდემია პრიორიტეტების გადაფასებას რომ გამოიწვევდა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, აღარავისთვის არის სიახლე. საქართველოს ჩავარდნა ძირითადად შეეხო სურსათისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, შესაბამისად, მთავრობას მოუწევდა პროგრამების იმდაგვარად გადახალისება, რომ აქცენტი გაკეთებულიყო ეროვნულ წარმოებასა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მეტ ხელშეწყობაზე.
“ჩვენ ვნახეთ, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფოების უმრავლესობამ შეზღუდა ექსპორტი ისეთ პროდუქტებზე, რაზედაც არის მაღალი მოთხოვნა. ამან ასახვა ჰპოვა ფასებზე. ფასების ზრდა იყო გარდაუვალი პროცესი. პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა აისახება მაღალ ფასზე”, – აცხადებს ექსპერტი.
ოთარ ანგურიძის შეფასებით, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ შეძლო ფინანსების პრიორიტეტების მიხედვით გადაწყობა, დიდი რაოდენობით თანხების მოზიდვა – გრანტისა და სესხის სახით. ამან ხელი შეუწყო იმას, რომ ბანკებში არ ყოფილიყო ფულის პრობლემა, რომ ბანკებმა შეძლონ სესხების გაცემა ფერმერებზე, მოსახლეობაზე და ა.შ, ხოლო ბიზნესმენებმა მეტად ისარგებლონ შეღავათებით.
მისივე თქმით, არსებულმა კრიზისმა ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა ტურიზმს. 95%-ით არის შემცირებული ვიზიტორების შემოსვლა, 97% -ით შემცირდა ტურიზმიდან შემოსავლები და ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები, არიან საშიშროების წინაშე, რომ დარჩნენ უსამსახუროდ. დიდი დარტყმა მიიღო სასტუმროების ბიზნესმაც.
კორუფციულ რისკებს რაც შეეხება, ანგურიძის თქმით, ასეთი რისკი ყველგან არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლება ახორციელებს სუბსიდირების პროექტებს. ასეთ დროს ჩნდება ცდუნება, მაგრამ მთავრობა უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ასეთი ცდუნებები კანონის ფარგლებში აღკვეთოს. საჭიროა მკაცრი კონტროლი, რომ კორუფციამ მასობრივი ხასიათი არ მიიღოს.
გიორგი მესხი