შინაგან საქმეთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრობამდე რომ დაწინაურდებოდა, ამაზე საუბრები დიდი ხნის წინათ დაიწყო. 3 სექტემბერს, ეს მოლოდინი გაცხადდა. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია წარადგინა და მასთან ერთად, პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა გადასცა.
2012 წლიდან დღემდე, “ქართული ოცნების” ეს უკვე, V პრემიერია. ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა თავად ბიძინა ივანიშვილსაც ეკავა. შემდეგ, სავარძელი, მისი მაღალი ნდობით აღჭურვილ ირაკლი ღარიბაშვილს (2013-2015) გადასცა, მას მოსდევს გიორგი კვირიკაშვილი (2015-2018), რომელიც სულ, რაღაც ერთი წლით მამუკა ბახტაძემ (2018-2019) შეცვალა. ახალგაზრდა რეფორმატორი, მამუკა ბახტაძე, პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღიდან საზოგადოებას თავის, შორს მიმავალ გეგმებს აცნობდა. მან განათლება პრიორიტეტად აქცია, თუმცა, პოლიტიკური ლიდერისთვის საკმარისი ქარიზმა არ აღმოაჩნდა.
ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, ბახტაძის შეცვლა მოსალოდნელი იყო, რადგან 2020 წელი, საარჩევნო წელია და პარტია “ქართულ ოცნებას” ამ თანამდებობაზე ძლიერი და გამოცდილი ლიდერი სჭირდება. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მომავალი წელს საპარლამენტო არჩევნები 0%-იანი ბარიერით ჩატარდება, მმართველ პარტიას ბევრი საქმე აქვს, მას ძალების მოკრება სჭირდება.
მამუკა ბახტაძის გადადგომასთან და გიორგი გახარიას დანიშვნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას განუმარტა. მისი ინფორმაციით, პირველ სექტემბერს, კვირას, მამუკა ბახტაძე შეხვდა უმრავლესობას, სადაც მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები განიხილეს. ივანიშვილმა და მასთან ერთად მთელმა გუნდმა მადლობა გადაუხადეს ბახტაძეს და გააცილეს.
“მამუკა ბახტაძე მადლობით გავუშვით თანამდებობიდან, საკუთარი სურვილით. ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ მთელს საქართველოში. კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდთან შეთანხმება, რეალიზაციაში მოიყვანა დიდი ნაწილი და დანარჩენი პროცესები დაიწყო. მან ჩათვალა, რომ თავისი სიტყვა თქვა და ადგილი დაუთმო ახალს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბახტაძის თანამდებობიდან წასვლისთანავე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლებიც ახალგაზრდა პრემიერის 428 დღიანი მოღვაწეობის დადებით მხარეებს ასახავს: 600 000 მოქალაქისთვის განულებული ვალები; 36 ათასი კომპანიისთვის ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება; სახელმწიფო საავტომობილო პარკის შემცირება; სკოლებში “დედა ენის” დაბრუნება; განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდა, პედაგოგების ხელფასების მომატება; ქართული ფოლკლორისა და საგალობლების შესწავლა სკოლებში; 35 დასახელების მედიკამენტი ერთ ლარად; ელექტრომობილებისა და მზის პანელების ქარხნების მშენებლობა საქართველოში; განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა; მცირე მთავრობის კონცეფცია და სხვა.
ექსპერტთა ნაწილის აზრით, პრემიერის თანამდებობაზე ბახტაძის 14-თვიანი მოღვაწეობა რომ შეაფასონ, უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდა და თავად იყო პასუხისმგებელი. მათივე თქმით, ქვეყანაში, რაც ხდებოდა ცუდი თუ კარგი, ყველაფერი არა ბახტაძესთან, არამედ სრულებით სხვასთან.
როგორც Dalma News-ს ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განუცხადა, გიორგი გახარია არის წარმატებული მინისტრი, კარგი რეფორმატორი, ორგანიზატორი, მენეჯერი და მის დაწინაურებაში ე.წ გავრილოვის ღამე არაფერ შუაშია.
“საარჩევნოდ “ოცნებას” სჭირდება გამოცდილი და ძლიერი ფიგურა, ისეთი სახელმწიფო მოღვაწე, როგორიც არის გიორგი გახარია. მოსწონთ ეს მის ოპონენტებს თუ არა, გიორგი გახარია, “ქართულ ოცნებაში”, ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ წინ გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, მმართველი გუნდი ძალებს იკრებს, რათა კოორდინირებულად და მომზადებულად შეხვდეს ამ არჩევნებს. ეს იმას კი არ გულისხმობს, რომ გახარია საარჩევნო შტაბის უფროსი იქნება. ის კარგი რეფორმატორი, ორგანიზატორი და მენეჯერია. აქედან გამომდინარე, მოლოდინები, რომელიც დიდი ხანია მუსირებდა საზოგადოებაში, გამართლდა. ვერ გავიზიარებ ოპოზიციის მცირე ჯგუფის გამოხმაურებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის გავრილოვის გამო დააწინაურეს. ეს არის სრული სისულელე და საქართველოს საზოგადოების დაცინვა”, – აცხადებს აბაშიძე.
ანალიტიკოს აზრით, გადადგომის შესახებ ბახტაძის გადაწყვეტილების განხილვა ყავის ფინჯანში მკითხაობას ჰგავს. მისი აზრით, წინ მნიშვნელოვანი არჩევნებია და, ალბათ, ბახტაძე მიხვდა, რომ ის ვერ იქნებოდა პოლიტიკური ლიდერი.
“ბოლო ინტერვიუში მან თქვა, რომ პოლიტიკიდან ყოველთვის შორს იყო, რომ არ არის პოლიტიკოსი. მან თავისი ეტაპობრივი მისია შეასრულა და 14-თვიანი მმართველობის შემდეგ, გვერდზე გადგა და გზა დაუთმო გიორგი გახარიას, უფრო მნიშვნელოვანი მისიების შესასრულებლად. „ქართულ ოცნებას“ ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ძალიან გაუჭირდება150-კაციან პარლამენტში, 76 მანდატის მოპოვება. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დღემდე, ნებისმიერ პარტიას, საარჩევნო სისტემით შეეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. ახლა, ასე არ იქნება. თავად “ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ მზად არიან კონსტრუქციულ ოპოზიციასთან ითანამშრომლონ”, – აცხადებს ანალიტიკოსი.
მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს 2020 წლის არჩევნებს უკავშირებს ექსპერტი გია ხუხაშვილიც, თუმცა, ხელისუფლების მიმართ ის უფრო კრიტიკულია. მისი შეფასებით, “ქართული ოცნების” ერთადერთი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამ ვითარებაში გახარიას ფიგურა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. გარდა ამისა, ექსპერტის აზრით, ივანიშვილს მობეზრდა ანტიგმირად ყოფნა, გახარია კი, ანტიგმირის შესაქმნელად კარგი ვარიანტია.
“ეს საკადრო გადაადგილება “ოცნებას” არჩევნებში მიეხმარება, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც გააჩნიათ, თუმცა შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია. გახარიას პრემიერად დანიშვნის შემთხვევაში, თვისობრივად არაფერი შეიცვლება, თუმცა ხარისხობრივად, ალბათ, კი. ჩვენ ისევ, ერთი მსახიობის მარიონეტების თეატრის მაყურებლები ვართ, სადაც ზოგიერთი მარიონეტი ცვდება და საწყობში გადაინაცვლებს, ზოგს არემონტებენ და სცენაზე აბრუნებენ”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა Dalma News-თან საუბრისას.
გარემონტებულ მარიონეტად ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოიაზრება თუ არა, რომელიც ბოლო ერთი წელია კვლავ გამოჩნდა პოლიტიკაში, გია ხუხაშვილი არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მინიმუმ ღიმილის მომგვრელია, ღირსეული ადამიანები იგივე მდინარეში ორჯერ არ შედიან.
“ღირსეული ადამიანები, როდესაც მათ ასე უცნაურად უშვებენ პოლიტიკიდან, როგორც წესი, იგივე მდინარეში აღარ შედიან. ის ძალიან უცნაურად გაუშვეს, ერთ დღეს გამოაცხადა სუპერ გეგმა, როგორ უნდა აეყვავებინა ქვეყანა და 3 დღეში, – გადავდექიო, – გამოაცხადა. მისთვის უცნობი იყო 3 დღით ადრე თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება. ასეთ დროს, უნდა გეყოს ღირსება, რომ იმავე მდინარეში მეორედ არ შეხვიდე. პრემიერობიდან რომ წახვალ, საკმაოდ უცნაურად და მერე რიგით მინისტრად ბრუნდები იმავე ხელისუფლების პირობებში, ეს ღიმილის მომგვრელია”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
მას შემდეგ რაც მამუკა ბახტაძემ, ქართულ საზოგადოებას, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ამცნო, პოლიტიკურ წრეებში გაისმა შეფასებები, რომ ის აიძულეს. ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლებაში დღეს, ყველა გადაწყვეტილებას ერთადერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი იღებს. არც ბახტაძისთვის ყოფილა სიურპრიზი ის, რომ ადრე თუ გვიან, მას პრემიერის სავარძელს დაატოვებინებდნენ.
“ის დიდი ხანია, გრძნობდა ამას და მისთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა. ე.წ გავრილოვის ღამის დაფასება არაფერ შუაშია. ივანიშვილს მობეზრდა, რომ ანტიგმირი ყოველთვის ის არის. მას სურს ცოტა დაისვენოს. „ქართული ოცნება“ შეეცდება მისთვის კომფორტული ორპოლუსიანობა შეინარჩუნოს, მაგიდასთან ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები არ დაუშვას და ისევ გამოაცხადოს ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის – “ოცნება” და ნაციონალები. ეს მათთვის კომფორტული ველია. ეს თუ არ გამოუვიდა, “ოცნებას” საარჩევნოდ სერიოზული პრობლემები ექნება”, – მიაჩნია გია ხუხაშვილს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გარეშე „ქართული ოცნება“, როგორც გუნდი არ არსებობს. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომელიც დგას ერთადერთ ადამიანზე, დანარჩენი რუხი მასაა.
ვინ არის “ოცნებისთვის” კონსტრუქციული იული ოპოზიცია და შენარჩუნდება თუ არა ორპოლუსიანობა ქართულ პოლიტიკაში, დრო გვიჩვენებს. 2020 წლამდე, ექსპერტები ქართულ პოლიტიკურ ველზე ბევრ ცვლილებებს ელიან. სავარაუდოდ გაზაფხულზე წინასწარი კონტურები გამოიკვეთება თუ მომავალ პარლამენტში, “ოცნებასთან” ალიანსში, რომელ პოლიტიკურ ძალას ვიხილავთ.
შორენა პაპაშვილი