25 ოქტომბერს, ერევანში ევრაზიის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომა, რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის მონაწილეობით გაიმართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მედვედევი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთელ რიგ საინტერესო დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.
სამეცნიერო – საგანმანათლებლო ფონდის პოლიტიკური კვლევების ცენტრის “ნორავანკის” ხელმძღვანელის კარენ ვერანიანის თქმით, ბოლო დროს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში სომხური მხარის როლის გაფართოების ტენდენცია შეინიშნება.
“შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ევრაზიული ინტეგრაციული პროცესების შედარებით ეფექტიანად რეალიზებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ ვაშინგტონის მიერ ანტირუსული ეკონომიკური სანქციების შესაძლო დაწესების ახალი სტადიის ფონზე”, – განაცხადა ვერანიანმა.
მისი აზრით, დიმიტრი მედვედევის სომხეთში ვიზიტს პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს, რადგანაც ეს მოვლენა პირველ რიგში, ერევანს და ბრიუსელს შორის ჩარჩო-შეთანხმების შესაძლო გაფორმებას ეხება.
“საინტერესოა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ევროკავშირთან ჩარჩო-შეთანხმების გაფორმების და სომხეთში ოჯახური ძალადობის შესახებ კანონის მიღების თაობაზე ქვეყანაში ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური და საზოგადოებრივი განხილვების ფონზე ჩატარდა. ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ რუსული მხარე სომხეთის, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი-სახელმწიფოს მიერ, ევროკავშირთან ჩარჩო-შეთანხმების გაფორმებაში ურთიერთგამომრიცხავს ვერაფერს ხედავს”, – ამბობს ვერანიანი.
მისივე თქმით, საინტერესოა, ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმებით სომხეთი კონკრეტულად როგორ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს. ასევე საინტერესოა, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით პოლიტიკური და სხვა გამოწვევების კონკრეტული შეფასება.
სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სომხეთს და რუსეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ განვითარდა და თითქმის არ არსებობს სფერო, რომელშიც ეს სახელმწიფოები არ თანამშრომლობენ. რუსი პრემიერის თქმით, რუსულ სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე სომხეთმა თავისი ადგილი გაზარდა: ქვეყნებს შორის სასაქონლო ბრუნვამ 2017 წლის 8 თვეში თითქმის 30% შეადგინა.
სომეხ კოლეგა კარენ კარაპეტიანთან შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის პრემიერმა განაცხადა, რომ სომხეთისთვის გაზის სპეციალური ფასი 2018 წელსაც შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, რამდენიმე განსხვავებულ პირობებზე შეთანხმდნენ. დიმიტრი მედვედევის თქმით, ეს სომხეთში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
რუსეთის და სომხეთის სახელმწიფო მეთაურებმა, შეხვედრაზე ასევე, განიხილეს თავისუფალი ეკონომიკური ზონის, რომელიც სომხეთ-ირანის საზღვარზე უნდა გაიხსნას, ტერიტორიაზე მუშაობის შესაძლებლობები და მთელი რიგი სხვა მასშტაბური პროექტები.
ამასთან დაკავშირებით, კარენ ვარანიანს მიაჩნია, რომ დიმიტრი მედვედევის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივი ეკონიმიკური თანამშრომლობის, ისე ევრაზიის სივრცეში რეგიონული ინტეგრაციული პროცესების განვითარების კონტექსტში. ექსპერტის აზრით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სომხეთის სიუნიკის ოლქში თავისუფალი ეკონომიკური ზონის პროექტის განხორციელებას.
“თავისუფალი სავაჭრო ზონის გახსნა რუსულ მხარეს ახალ შესაძლებლობებს მისცემს, შესაბამისი ინვესტიციების განსახორციელებლად და წარმომადგენლობის გასახსნელად. ამ პროექტისადმი განსაზღვრულ ინტერესს ირანული ბიზნეს წრეებიც ავლენენ. აღნიშნული ეკონომიკური პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს ევრაზიული ინტეგრაციული პროექტების კონტექსტშიც. ამასთან დაკავშირებით, სიუნიკის ეკონომიკური ზონის ბაზაზე სომხეთი პერსპექტიულ ხიდად გადაიქცევა ირანს და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის დიალოგის განვითარების თვალსაზრისით”, – მიაჩნია ვერანიანს.
ევრაზიის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომაზე, რომელსაც რუსეთის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მთავრობების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, ასევე განიხილეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირების პრაქტიკული ასპექტები. მაგალითად, როგორიცაა: ინტეგრაციის სფეროს განვითარება, რაც ითვალისწინებს ნავთობის, გაზის და ელექტრო ენერგიის საერთო ბაზრის შექმნას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის შესახებაც დიმიტრი მედვედევმა ისაუბრა, არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი-ქვეყნების მხრიდან ვაჭრობაში არსებული გამონაკლისების გაუქმება.
“ცხადია, საჭიროა წინსვლა. კავშირის სამართლებრივი ველის სრულყოფა, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ. მთავარი ამოცანაა ვაჭრობაში გამონაკლისების და დაბრკოლებების ეფექტიანი და თანმიმდევრული აღმოფხვრა. ამ თემაზე დღეს ვიმსჯელეთ და შეხვედრა სერიოზული და პროდუქტიული იყო. ამით ბიზნესისთვის კონკურენტულ პირობებს ვავითარებთ. მარტო მიმდინარე წელს 14 ასეთი პოზიციაა ლიკვიდირებული. დღეს მიზნად ვისახავთ კიდევ 20 ასეთი პოზიციის მოხსნას. საუბარია მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე, ტექნიკურ რეგულირებაზე”, – განაცხადა რუსეთის პრემიერმა და დასძინა, რომ პირველი იანვრიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო კოდექსი ამოქმედდება, რომელიც ბევრად უფრო გონივრული და კარგად მოფიქრებული დოკუმენტია.
მედვედევმა, ასევე, განიხილა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სხვადასხვა საქონლის მარკირების პრობლემა. მისივე თქმით, შეთანხმების პროექტის საფუძველზე შიდაპოლიტიკური პროცესები უნდა დაჩქარდეს, რაც ხელს შეუწყობს ბაზრის გამოცოცხლებას და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას.
უყურადღებოდ არც საავიაციო სფერო დარჩენილა. რუსმა პრემიერმა განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ხელმძღვანელობას სურს შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანი, რომელიც ავიაციაში საგანგებო შემთხვევებს მიუკერძოებლად გამოიძიებს.
“წინა სხდომაზე ავიაციის სფეროში საგანგებო შემთხვევების გამოძიების საკითხი წამოიჭრა. ვგეგმავთ დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანოს შექმნას, რომელიც ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიებს მსგავს ინციდენტებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ეკონომიკების მჭიდრო ინტეგრაციის გათვალისწინებით”, – დასძინა მედვედევმა.
ევრაზიის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრულ ენერგეტიკაზე საუბარს. ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა და რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმაც გამოთქვეს. როგორც ევრაზიის ეკონომიკური კომისიის კოლეგიის თავმჯდომარე ტიგრან სარქისიანმა განაცხადა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები ციფრული ტრანსფორმაციის განსახორციელებლად სპეციალურ ოფისს შექმნიან. სხდომის დამთავრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სარქისიანმა დასძინა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი-ქვეყნები შეიმუშავებენ შეთანხმებას მართვის მოწმობების გაცემის საერთო კანონების თაობაზე.