საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინააღმდეგია, საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს და განმარტავს, რომ 15 სანქციიდან, რომელიც ევროკავშირმა და ზოგადად მსოფლიომ დაუწესა რუსეთს, საქართველო მხოლოდ ერთს შეუერთდა და ისიც მხოლოდ ყირიმში და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის აკრძალვას შეეხებოდა, რადგან საქართველოს თავის კონფლიქტურ რეგიონებთან მსგავსი პრობლემები აქვს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებას ეს პოზიცია ჰქონდა შარშანაც და დღესაც იმავე პოზიციაზე რჩება, რომ გაუფრთხილდეს საქართველო-რუსეთს შორის აღდგენილ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მიღწეულ შედეგს.
“პირადად მე, ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, საქართველო შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მოგეხსენებათ, ჩვენ იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან გვაქვს პრობლემა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და იმავეს ვითხოვთ დანარჩენი სახელმწიფოებისგან, რომ მათაც დაუწესონ სანქციები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წარმოებულ პროდუქციას,”- განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. სხვა სანქციებთან დაკავშირებით კი შარშან მთავრობის შიგნით ჰქონდათ მსჯელობა და მაშინ გადავწყდა, რომ “არ ვაპირებთ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ეს გადაწყვეტილება რჩება უცვლელი“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ბოლო ხანებში აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი და შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება.
“წლების წინ, სააკაშვილის გაუზარებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი იყო ყველანაირი დიალოგი და ჩვენს პროდუქციას ემბარგი ედო. ჩვენ შევძელით ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით, მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ამ ბაზრის გახსნა ხელახლა. ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. აქ არავითარი ახალი არ ყოფილა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერისთვის გაუგებარია ევროკავშირის სანქციაზე საქართველოს მიერთების შესახებ თავის დროზე რატომ არ გახდა ცნობილი და ქართული, ან რუსული მედია ამ საკითხით შარშან რატომ არ დაინტერესდა. რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობენ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, დაწესდება ემბარგო იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის, საქართველოც არის.