Акция в Кутаиси

მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რომლებიც საქართველოში წლებია არსებობს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო დამძიმდა. მსოფლიო პანდემიის ფონზე საქართველო გაფიცვებმა და პროტესტმა მოიცვა. ამჯერად არავითარი პოლიტიკა, ხალხი ხელფასების გაზრდა, კომპენსაციას, ნორმალურ სამუშაო პირობებს და ქვეყანაში სწრაფი ტემპების მიმდინარე ეკოლოგიური კატასტროფის შეჩერებას მოითხოვს. ზოგმა მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართა.

ჭიათურისა და მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” ფულად კომპენსაციას ითხოვენ. მანგანუმის ღია კარიერებიდან მოპოვება კომპანიას, როგორც ჩანს ნებადართული აქვს. იავარქმნილია საქართველოს ერთ-ერთი ლამაზი კუთხე. ესეც რომ არ იყოს, მოსახლეობის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე, მათ ნახევრად დანგრეულ სახლებში უწევთ ცხოვრება. საკუთარი თვალით უყურებენ, როგორ იშლება მათი სახლები, ეზოებში უშველებელი ორმოები ჩნდება, გამკითხავი და გულშემატკივარი არავინაა.

“ჯორჯიან მანგანეზი” და მისი ლიცენზიით მოქმედი ათობით კოოპერატორი, ჭიათურაში მანგანუმის უკონტროლო მოპოვებას განაგრძობს. თხრიან ყველგან, სადაც მანგანუმი ეგულებათ. გადათხრილ უზარმაზარ ტერიტორიებს კი, განადგურებულს ტოვებენ. ჭიათურა დაბომბილი გეგონება. მის გარშემო მდებარე სოფლები კარიერის ტრამალებს ჰგავს.

ჭიათურა

ჭიათურაში, ხელფასების 50%-იანი მომატებისა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესების მოთხოვნით 3 500-ზე მეტი მაღაროელიც გაიფიცა. კომპანია მათ, პირველი მაისიდან ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას დაჰპირდა.

გაფიცვებია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ბორჯომში. დასაქმებულები ყველგან, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. კომპანიის ხელმძღვანელები პანდემიას იმიზეზებენ, თუმცა, იქ მომუშავენი ამბობენ, რომ შეზღუდვების მიუხედავად არც ერთი წუთით არ შეუჩერებიათ მუშაობა. ესეც რომ არ იყოს, გამომუშავებაზე მყოფ ადამიანებს მთავრობა შინ დარჩენისკენ, როცა მოუწოდებს, ვინ იზრუნებს მათი ოჯახების შემოსავალზე?

რამდენიმე კომპანიაში გაფიცულებმა ადმინისტრაციისგან ხელფასების გაზრდის დაპირება მიიღეს. ზოგან კი, გაფიცული მუშები სხვა ადამიანებით ჩაანაცვლეს.

რუსთავის ქიმიური საწარმო “აზოტის” 2 ათასამდე თანამშრომელი 27 აპრილს გაიფიცა. მათ ხელფასების 50%-ით გაზრდა და “ადამიანური სამუშაო პირობები” მოითხოვეს. საწარმოში დაბალი რანგის თანამშრომლების საშუალო ხელფასი 500 ლარია, რაც ინფლაციის პირობებში ოჯახის სარჩენად აღარ ჰყოფნით.

6 მაისს გაიფიცა რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული 200-მდე მუშა. მათი მოთხოვნა ჩინური კომპანიის (Hunan Road and Bridge Construction Group) მიმართ ხელფასის მომატებასა და ტრანსპორტის დანიშვნას უკავშირდება. მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ დღიურად 28 ლარს უხდიან, რაც გაზრდილი ინფლაციის პირობებში საარსებოდ აღარ ჰყოფნით.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას და დასაქმებულთა კვების თანხის გაზრდას ითხოვენ.

6 მაისს გაჩერდა ოზურგეთის ფქვილის საწარმო “გულისტანი”. მუშები ამბობენ, რომ ხელფასს სრულად ვერ იღებენ და მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარება ხელმიუწვდომელია. მათი პროტესტის საპასუხოდ საწარმოს ხელმძღვანელებმა ახალი მუშები აიყვანეს.

სიღარიბე და ინფლაცია საქართველოში კორონავირუსს არ მოუტანია, ისინი მანამდეც კომფორტულად გრძნობდნენ აქ თავს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეკონომიკური დოვლათი, რაც ქვეყანაში იქმნება, სამართლიანად არ ნაწილდება. ამას ემატება დამსაქმებელთა სიხარბე. პოლიტიკოსებს ჯერ პარლამენტის სავარძლები ვერ მოურგიათ, ხოლო ხელისუფლებას, რომელიც სწორედაც რომ უნდა იცავდეს თავისი მოქალაქეების უფლებებს, კორონავირუსის უმძიმესი ფორმა შეჰყრია. ის დაბრმავდა და დაყრუვდა. მოქალაქეების პროტესტს ხელისუფლება უყურადღებოდ ტოვებს.

რამაზ საყვარელიძე

ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პირის ამოკერვა, თვითგვემა და ანალოგიური ტიპის ნაბიჯები არ იძლევა შედეგს. თუ ხელისუფლებაში მყოფებმა გადაწყვიტეს, რომ ეს მათ არ შეიმჩნიონ, ვერც ვერაფერი დაძრავს მათ ადგილიდან. დანამუსება შეიძლება იყოს ერთხელობითი ღონისძიება. მისივე თქმით, კერძო მესაკუთრე, ყოველთვის ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი აიღოს დაქირავებული ადამიანისგან და რაც შეიძლება ცოტა გასცეს. ეს ფსიქოლოგია მესაკუთრეებს ყოველთვის ჰქონდათ და ამის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო, როგორც სახელმწიფო დონეზე, ისე მოქალაქეების მხრიდან. საჭიროა კანონმდებლობის დარეგულირება ისე, რომ ეს საკითხები კანონის ფარგლებში მოექცეს და არ მივიდეს საქმე დამღუპველ პროცესებამდე.

“ხელისუფლება ადამიანებისგან შედგება, ადამიანს კი აქვს თვისება, თუ რამე არ აიძულე, ნაკლებ ძალისხმევას იჩენს საქმის მიმართ. უცხოეთში იძულების მექანიზმი არის პოლიტიკური კონკურენცია და ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა გუნდმა იცის, რომ თუ მოსახლეობა უკმაყოფილო იქნება, მას გადაირჩევენ. ეს მექანიზმი თუ მოშლილია, მაშინ, ბევრი რამეა მოშლილი. ჩვენთან პრობლემა ის არის, რომ ალტერნატივა არ არის. გამოსავალი ჩნდება მაშინ, როცა არსებობს ალტერნატიული პოლიტიკური ძალა”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

Dalma News-ის კითხვაზე, როცა ასეთი არჩევანი არ აქვს მოსახლეობას, რა რჩება მათი ბრძოლის გზად, ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს არჩევანი ხალხმა უნდა გააჩინოს. მთავარი გასაკრიტიკებელი არის ოპოზიცია, რომელიც თავისი უუნარობით ხალხს არ აძლევს არჩევანის საშუალებას.

რამაზ საყვარელიძე ქვეყანაში სოციალური აფეთქების წინაპირობას ვერ ხედავს. მისი თქმით, სოციალური აფეთქება, იგივე რევოლუციაა, რამაც საქართველოში სასურველი შედეგები არ მოიტანა. საქართველოს მოსახლეობამ ბევრი რევოლუცია გაიარა, მაგრამ ამით კმაყოფილი არ დარჩენილა. ხალხი დაიღალა ნჯღრევით და ქუჩაში დგომით.

“ბოლო ხანებში, სადაც რევოლუციისკენ მოწოდება გაისმება, ხალხი გაერიდება ხოლმე ისეთ ადგილს. ხალხის განწყობილებაში იკითხება ის, რომ სურთ ცუდიდან უკეთესზე ევოლუციური გადასვლა. მარტო ხელისუფლების მიმართ პროტესტის გამოთქმა არ არის საკმარისი, ხალხმა ოპოზიციისგანაც უნდა მოითხოვონ მათი უფლებების დაცვას, რომ მოიპოვოს პასუხები იმ კითხვებზე, რაც ხალხს აწუხებს”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, ჭიათურის და ბორჯომის პრობლემა არ არის პანდემიის პერიოდის პრობლემა, იმდენად, რამდენადაც დიდი ხანია ანალოგიური თემები აქტუალურია, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს ბევრი ცოდვა აქვს თავისი მოქალაქეების მიმართ. მაგრამ თუ პანდემიაზე ვისაუბრებთ აქ უფრო ძნელია სახელმწიფოს ბრალეულობის გამოკვეთა.

“2 ხელით მივესალმებოდი იმ პროტესტს, თუ ხალხი მოითხოვდა, ტურიზმის გარდა სხვა ინდუსტრიის განვითარებას. 30 წელიწადია ტურიზმზე გვაქვს ჯვარი დაწერილი. ყველა ქვეყანა ტურიზმით იწყებს, მაგრამ, ვერც ერთმა ქვეყანამ ტურიზმით ცხოვრება ვერ შეძლო. გაცილებით დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნებმაც წარმოება, ინდუსტრია განავითარეს. იტალიას ვერ შევედრებით ტურისტული პოტენციალით, მაგრამ იტალია მარტო ტურიზმი არ არის. პანდემიის გარეშეც გვაქვს ეს პრობლემა და უნდა გვაღელვებდეს. მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ამ თემაზე საპროტესტო აქციები არ მახსენდება”, – განუცხადა Dalma News-ს ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ.

ნიკა შენგელია

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკა შენგელიას აზრით, საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმებას მსოფლიო პანდემიაზე მეტად მთავრობის ეკონომიკური გუნდის არასწორი გადაწყვეტილებებისა და ქვეყანაში გამეფებული ნეპოტიზმის შედეგია. იგი არ გამორიცხავს, რომ შემოდგომით, უკმაყოფილებამ მალე კახეთის რეგიონიც მოიცვას და რთველის პერიოდში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბოს.

მისი შეფასებით, ქვეყანა სოციალური აფეთქებისკენ მიდის. მოსახლეობის პროტესტი უკავშირდება უმუშევრობას, უხელფასობას, გაჭირვებას, ფასების ზრდას. ღვინის ბიზნესიც ნელ-ნელა ჩერდება. ტურისტს გაუძვირდა საქართველოში შემოსვლა და დასვენება. უმუშევრობის დონით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა.

“პანდემია, რომც არ ყოფილიყო ჩვენ მაინც აქეთკენ მივექანებოდით. პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა არასწორი გადაწყვეტილებებით. სახელმწიფო ვერ ართმევს თავს თავის მოვალეობას. მთავრობის ეკონომიკური გუნდის 90 %-ი მაინც უნდა შეცვალოს და ნეპოტიზმით დანიშვნები უნდა დასრულდეს, მაგრამ არ სრულდება, სამწუხაროდ. მთავრობას არ უნდა, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ითანამშრომლოს”, – აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, საქართველოში ყოველთვის არსებობდა 2 ეკონომიკა – ფურცელზე და ცხოვრებაში. ადამიანები ეკონომიკის ზრდის რეალურ შედეგს ვერ ხედავდა. ქვეყანაში თუ რამე კეთდება, ძირითადად ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სადაც ტენდერებით მთავრობის ჩინოვნიკებთან რაფინირებული კომპანიები იმარჯვებენ და ერთი და იგივე ხალხი მდიდრდება. ექსპერტის შეფასებით, ბევრი ტენდერი ისეა შედგენილი, რომ გარკვეულ კომპანიებზეა მორგებული.

როგორც Dalma News-თან საუბრისას ნიკა შენგელიამ აღნიშნა, საქართველოს რესურსები გამოუყენებელია. ექსპორტი იზრდება აქედან გასული ნედლეულის ხარჯზე, მაშინ, როდესაც გადამუშავებული ნედლეული უნდა გადიოდეს პროდუქტის სახით. ძირითადად გადის მოპოვებული მადნეული, ჯართი… ამ დროს, ჯართის ნაცვლად ჩამოსხმული ფოლადი უნდა გადიოდეს, მადნის ჩამოსხმა ადგილზე უნდა ხდებოდეს და გამზადებული ფირფიტები გადიოდეს, ხალხი უნდა იყოს დასაქმებული.

“არასოდეს უზრუნია ჩვენს ხელისუფლებას სამუშაო ადგილების შექმნასა და ხალხის დასაქმებაზე. ავტომობილების ექსპორტი გაიზარდაო, ეს ჩვეულებრივი რეექსპორტია, აქედან ბიუჯეტში არაფერი შედის. რეგიონებში თვითდასაქმებულებს, რომ ითვლიან, რა აქვთ იმ ადამიანებს შემოსავალი? 90 ლარამდე? ქვეყანაში ნეპოტიზმი ყვავის. ზოგჯერ მგონია, რომ საქართველოს განადგურების სცენარია ჩაფიქრებული”, – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი.

ქვეყანამ ხვალ რომ დაიწყოს ეკონომიკური გამოცოცხლება, ექსპერტის აზრით, ამას 3-4 წელი დასჭირდება. მისი რეკომენდაციაა. მთლიანად შეიცვალოს ეკონომიკური სისტემა, მიდგომები. სასწრაფოდ დაისახოს პრიორიტეტები – საქართველოს, რომელი რეგიონი რა მიმართულებით განვითარდეს. არსებობს საქართველოს ნიადაგების მეცნიერული კვლევები, რასაც სჭირდება პრაქტიკაში გამოყენება. ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, თუნდაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა, როგორც იმპორტის ჩანაცვლების, ასევე ექსპორტის მიმართულებით. უნდა შეიცვალოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და სხვა.

ნიკა შენგელიას აზრით, ასე თუ გაგრძელდა, ქართველი ხალხი, რომელიც არასდროს გამოსულა ქუჩაში გაძვირებული პურის და საწვავის გამო, ნელ-ნელა გადალახავს ამ ზღვარს და აღარ მოითმენს სოციალურ -ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რის წინაპირობებსაც ვხედავთ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში.

შორენა პაპაშვილი