პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დიდი ვნებათა ღელვაა. მათი ბელადის, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანის გეგმა ჩავარდა. მოსამართლემ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა, “ნაციონალური მოძრაობა” კი, ქუჩაში გავიდა. ისინი საპროტესტო აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებენ. პროტესტის მთავარი ეპიცენტრი კი, დედაქალაქი იქნება.
ხანგრძლივი განხილვებისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, 6 თებერვალს, მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა – სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. ექსპრეზიდენტის ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტების დასკვნა, რომ პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფო რეაგირებას და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს, ქართული სასამართლოსთვის უტყუარ მტკიცებულებად ვერ გამოდგა. დემენცია, კახექსია და მძიმე ნევროლოგიური დაავადებები – ეს ის საკითხებია, რის გამოც უფლებადამცველები სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ.
გადამწყვეტი აღმოჩნდა ის ინფორმაცია, რომელიც სააკაშვილის კვების რეჟიმზე სასამართლოს თავად კლინიკა “ვივამედის” გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მიაწოდა.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას ნადირაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილის კლინიკურ-ლაბორატორიული, სუბიექტური და ობიექტური მონაცემები საშუალებას იძლევა, რომ მისი მკურნალობა თერაპიულ პალატაში გაგრძელდეს.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ სააკაშვილს ჭამა არ შეუძლია, მაგრამ, მისი ფსიქო-ემოციური ფონი საკმაოდ დამძიმებულია. მან იცის, რომ კარგად ყოფნით გარეთ ვერ მოხვდება და შესაბამისად, ის არც საკუთარ თავს და არც ექიმებს ხელს არ უწყობს მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ნინო ნადირაძემ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაში სწორედ ის ექსპერტები ამხილა, რომლებიც ერთი შეხედვით, პატიმრის სიცოცხლის სადარაჯოზე უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება. განზრახ თუ შეუცნობლად, ისინი სააკაშვილს სუიციდისკენ უბიძგებენ. ნადირაძის მოსაზრებით, სააკაშვილის წამება მათი მთავარი ამოცანაა, რომ ოჯახის წევრების მიერ მისთვის საგანგებოდ შერჩეული, დაბალი კალორაჟის მქონე მენიუ მომაკვდინებელია.
“ვივამედის” კლინიკის დირექტორის ჩვენებაში დასახელებული საკვების შეტანის ფაქტი, არ უარყო მიხეილ სააკაშვილის დედამაც. გიული ალასანია ამბობს, რომ პატიმრის სიკვდილი მათი მიზანი არ არის.
სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი, არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმოუდგენია. დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის აცილებას სააკაშვილის ადვოკატები დაჟინებით ითხოვდნენ.
მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას არ ეშვება, რაც უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ნაწილია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 6 თებერვლის სხდომას წინ უსწრებდა დებატები ევროპარლამენტში. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2 თებერვალს ევროპარლამენტარებმა განიხილეს. მათ შეშფოთება გამოხატეს სააკაშვილის მდგომარეობის გამო და საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მედია საშუალებები აქტიურად აპიარებდნენ აღნიშნულ დებატებს, ვერსად გაექცნენ იმ ფაქტს, რომ დარბაზი ცარიელი იყო და სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა აღნიშნულ დებატებს.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მან აღნიშნულ დებატებს ევროპარლამენტარებს შორის მოსაზრებების გაცვლა უწოდა. იგი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულ უცხოელ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, დაიცვან მნიშვნელოვანი სტანდარტი, საკუთარი განცხადებები გაამყარონ მტკიცებულებებით.
“ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ევროპარლამენტის პოზიცია, იმიტომ, რომ მაყურებელმა დარბაზიც იხილა, ეს არ იყო მთელი ევროპარლამენტი, არამედ წარმოდგენილი იყო მხოლოდ გარკვეული მცირე ნაწილი, რომელიც გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებებს”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ მოსამართლე ვერ დაარწმუნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეში, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ბრძოლის სტრატეგია შეცვალა. პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რადიკალიზმის შენარჩუნებას ცდილობს. მან “წარსული” უწოდა თავის წინამორბედს, ნიკა მელიას და პარტია საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა.
თბილისში დაიბარა რაიონული საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები და საკრებულოების ნაციონალი წევრები, რომლებსაც პარტიის ახალი სამოქმედო გეგმა გააცნო. ახალი გეგმის მიხედვით, “ენმ“ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში; პლენარულ თუ საკომიტეტო სხდომებს აღარ დაესწრება და მანდატების დატოვებაზეც ფიქრობს – როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოებში, თუმცა პროტესტის ამ ფორმას ნაციონალების ყველა დეპუტატი არ იზიარებს.
„ახლა დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის“, – ასეთია “ენმ“-ის პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის პოზიცია.
გაბრაზებულებმა პირველი აქცია 7 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა. პარტიის ახალმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პერმანენტული პროტესტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე გაგრძელდება – ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, რატი ბრეგაძის სახლებთან და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონში.
“პოლიციის კორდონით, სპეცდანიშნულების რაზმებით მოუწევთ დაძინებაც და გაღვიძებაც”, – აცხადებს ხაბეიშვილი.
პოლიტიკოსი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდი ხანია აღარ ჰყავს საკუთარი პარტიის სახით რეალური პოლიტიკური საყრდენი და არც არასოდეს ჰყოლია.
“ფეხი არ გადაუბრუნდეს, თორემ პირველი, მისივე ხალხი შეაქცევს ზურგს. ძირითადი საფრთხე, პირდაპირი, შიგნიდან ემუქრება. სააკაშვილი ფაქტორი იყო მანამდე, სანამ ის სიტუაციას აკონტროლებდა. იცით, როგორ ეპყრობოდა ადამიანებს? შეეძლო მინისტრისთვის პანღური ამოერტყა და ამით საკუთარი რეიტინგი გაეკეთებინა. სტრუქტურა იქმნება მაშინ, როდესაც ადამიანებს, რამე იდეოლოგია აერთიანებს”, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.
მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში ბოლო წლებში ძირითადად, სააკაშვილის თემა მუშაობდა, ხოლო ამ წლინახევრის განმავლობაში – მარტო სააკაშვილის.
“მთელი საქართველო გადავედით, – აბა, რა ცვლილებებია სააკაშვილის შარდის ანალიზში?!. ვსაუბრობთ იმ ელემენტარულზე, რომ ციხეში ადამიანი არ უნდა აწამო; რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, ნორმალური და თავისუფალი სასამართლოსი”, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართული იყო, რადგან სააკაშვილს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები, რასაც დაემატა კიდევ ერთი – სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. მეორე მხრივ, სააკაშვილის მდგომარეობა ძირითადად გამოწვეულია თვითდაზიანებით. ანჯაფარიძის შეფასებით, მოსამართლემ გაუძლო უპრეცედენტო წნეხს, როგორც ქვეყნის შიდა, ისე გარეშე პოლიტიკური ძალებისგან.
“კლინიკის მედპერსონალის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტებით გამყარდა ვერსია, რომ სწორედ, მის მიერ დაქირავებული „ემპათიის“ მითითებით იღებს დაბალკალორიულ საკვებს, ამან გამოიწვია დიდწილად მისი ამჟამინდელი მდგომარეობა – წონის სწრაფი კლება. თავად მისი ექიმების მტკიცება, რომ სააკაშვილი ვერ ეგუება ციხის გარემოს და ამ ნიადაგზე ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური აშლილობის შედეგად გაუმწვავდა დაავადებები, შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ, როგორ მოვექცეთ მაშინ სხვა პატიმრებს, რომლებიც ანალოგიურ მდგომარეობაში არიან და ვერ ეგუებიან ციხის გარემოს, აქვთ ტრავმული სინდრომები. მათაც იგივე კრიტერიუმები უნდა მივუსადაგოთ?”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, არავითარი საფუძველი იმისა, რომ სააკაშვილი ქვეყნის გარეთ გაიყვანონ სამკურნალოდ, არ არსებობს. გარდა ამისა, ზაალ ანჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ, როგორც კი სააკაშვილი საზღვარგარეთ გავა და ფორმაში ჩადგება, ის გაასმაგებული ძალით დაიწყებს ბრძოლას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. აუცილებლად “აღდგება ფერფლიდან” და არ შეწყვეტს ქართულ პოლიტიკაში ჩარევას.
გარკვეული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე დასავლეთში ცდილობენ, სააკაშვილის თავისუფლება და საქართველოს ევროპული პერსპექტივა ერთ ჭრილში მოაქციონ. თუმცა, რამდენად გამოსდით ეს, მეორე საკითხია. მათი საპროტესტო აქციები იმაზე მცირერიცხოვანია, რასაც ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი, ვერ წარმოიდგენდნენ.
როგორც ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთგვარი გეოპოლიტიკური აქტი, რომელსაც გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს, სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული თვალსაზრისით, ვიდრე სააკაშვილის ფაქტორს. ამიტომ, იმედოვნებს, რომ ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელოვანი პოლიტიკა სააკაშვილის საკითხს არ შეეწირება.
სანამ პატიმარი ექსპრეზიდენტი სასამართლოდან სასამართლომდე წონაში იკლებდა, მის პარტიაში დრო აჩქარდა და თავმჯდომარის ვადამდელი არჩევნები ჩაატარეს. Dalma News-ის კითხვაზე, იყო თუ არა ეს, ერთგვარი პოლიტიკური მანევრი იმისთვის, რომ არასასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში ნაციონალებს რადიკალური რიტორიკა გაემართლებინათ, ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილის პერსონა ვერაფრით ვერ იქნება ის ინსტრუმენტი, რომელიც სასამართლოზე ზეგავლენას მოახდენს და აიძულებს ნაცმოძრაობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას.
„ენმ“-ში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ანჯაფარიძე შიდა პარტიულ გადატრიალებას უწოდებს, რათა პარტიაზე კონტროლი ხელში მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა აიღონ.
“თუ ამის მიზანი ის იყო, რომ უფრო აგრესიული სახე მიეცათ სააკაშვილის გამოსახსნელი ღონისძიებებისთვის, ვნახეთ უკვე, რამდენიმე დღეა, რომ დიდი შედეგი ამას ჯერჯერობით არ მოაქვს. „ენმ“-ს შედარებით ზომიერი მომხრეებიც კი, არ არია ქუჩის აქციების მომხრენი. თუ ეს იყო მათი გათვლა, ისინი ამ გათვლაში შეცდნენ”, – განუცხადა Dalma News-ს ანალიტიკოსმა.
შ. ქარჩავა