გასული საუკუნის 80-იან წლებში, ბაქოში ჩაისახა და განვითარდა საბჭოთა მუსიკის განსაკუთრებული მიმდინარეობა, რომელიც ცნობილია, როგორც “ბაქოური შანსონი”. იგი ეძღვნებოდა საბჭოთა პერიოდის ბაქოურ სუბკულტურას და ქალაქის ენობრივ ტრადიციებს. ამ ჟანრის სიმღერები ძირითადად რუსულად სრულდებოდა.

თავის დროზე, ბაქოური შანსონი არა მხოლოდ აზერბაიჯანული ესტრადის განუყოფელი ნაწილი იყო, არამედ საზღვარგარეთ აზერბაიჯანული მუსიკის ერთგვარი სავიზიტო ბარათიც. მართალია, დროთა განმავლობაში წარსულის ჩრდილმა გადაფარა, თუმცა, რუსეთში დღესაც ჰყავს მსმენელი. არსებობს ტელეარხი “შანსონი”. გარდა ამისა, ამ ჟანრის სიმღერებს რესტორნებშიც მღერიან.

ბაქოური შანსონის ფუძემდებლად ბევრი, მომღერალ ბორის დავითიანს (ბოკა) მიიჩნევს. ჯერ კიდევ ბავშვობაში ხშირად მღეროდა გიტარის თანხლებით და ბევრს ხიბლავდა მისი სიმღერა. პირველი ალბომი 1972 წელს ჩაწერა. ბოკა სპეციალურად არაფრის გაკეთებას აპირებდა – უბრალოდ ერთ-ერთ კერძო ბანკეტზე თავის მეგობარ მუსიკოსებთან ერთად იმღერა. რამდენიმე დღეში კი ეს ჩანაწერი მთელს ბაქოში ისმოდა.

ბოკა
ბოკა

დავითიანის აზრით, ეს ყველაფერი შემთხვევითობის კი არა – ბედისწერის დამსახურებაა. იგივე რამ შეიძლებოდა სულ სხვა ბანკეტზე მომხდარიყო. ასე, რომ მისი წარმატება გარდაუვალი იყო, რადგანაც მისი სიმღერებით ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული.

საინტერესოა, რომ ბაქოში აზერბაიჯანელები ბოკას დღემდე დიდი სითბოთი იხსენებენ და ისიც შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, რომელიმე ქალაქში თავისი საკონცერტო პროგრამით ჩასვლას არ გამორიცხავს. გარკვეული დროის განმავლობაში მომღერალი ერევანში, შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა, ამჟამად კი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს.

იგი საგასტროლოდ ხშირად ჩადის: ავსტრიაში, თურქეთში, რუსეთში. მეგობრობს ბევრ კოლეგა-მუსიკოსთან. მათ შორის არიან მიხეილ გულკო, მიხეილ შუფუტინსკი, ლუბოვ უსპენსკაია, ვილი ტოკარევი, ანატოლი მოგილევსკი.

ბაქოური შანსონის სტილის რუსულენოვანი სიმღერები 90-იანი წლების შემდეგაც პოპულარული იყო დსთ-ს, ევროპის, აშშ-ს, ისრაელის კავკასიელ ემიგრანტებს შორის. სამწუხაროდ, ბოლო დროს ეს სტილი თავად აზერბაიჯანშიც ქრება. თუმცა, არიან თითზე ჩამოსათვლელი მუსიკოსები, რომელთა წყალობითაც დედაქალაქის ეს განსაკუთრებული კულტურული ფენა ნარჩუნდება. ესენი არიან: ეიუბ იაგუბოვი, ილჰაგ სალიხი, არზუ რზაევი, ჯეიჰუნ ბაკინსკი და სამედ დამედოვი

როგორც მომღერალ არზუ რზაევს მიაჩნია, “ბაქოური შანსონი” უნიკალურია, რომელსაც სიმღერის შესრულების განსაკუთრებული აზერბაიჯანული მანერა აქვს.

“საქმე იმაშია, რომ ამ სტილის მთელი მშვენიერება ბოკამ ჩვენზე ადრე დაიჭირა და წარმატებით სარგებლობს. ჩვენ კი – აზერბაიჯანელი შემსრულებლები, შედარებით გვიან „გამოვფხიზლდით“. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ კი არ ვბაძავთ ბოკას, არამედ ის – ჩვენ. გულწრფელად ვაღიარებ: როდესაც შანსონს ვასრულებ, მორალურად ვისვენებ და ფიქრებით ჩვენი ბაქოს ოქროს წლებში გადავდივარ”, – განაცხადა Dalma News-თან საუბრისას.

არზუ რზაევი
არზუ რზაევი

კიდევ უფრო ორიგინალური აზრი გამოთქვა ბაქოური შანსონის შემსრულებელმა სამედ სამედოვმა, რომელმაც თავის დროზე პოპულარობა სწორედ ბოკას სიმღერების შესრულებით მოიპოვა.

“საბჭოთა პერიოდში, ბაქოური შანსონის სტილში სიმღერები არ იყო და ჩვენ ბოკას რეპერტუარიდან გვიწევდა სიმღერების შესრულება. ახლა გვყავს კომპოზიტორი ელჩინ იმანოვი, რომელმაც ამ ჟანრში ძალიან ბევრი ჰიტი შექმნა”, – განაცხადა მან.

გამოცემა “შანსონ-პლიუსთან” ინტერვიუში ბაქოური შანსონის ცნობილმა შემსრულებელმა არტურ ამირიანმა განაცხადა, რომ ეს სიმღერები ხშირად ეძღვნებოდა ცნობილ ბაქოურ ეზოებს, სადაც ერთ ეზოში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, სადაც ინაწილებდნენ პურს, ერთად აღიშნავდნენ დღესასწაულებს და ერთად აცილებდნენ უკანასკნელ გზაზე, სადაც თითოეული ცდილობდა ეჩვენებინა თავისი ადამიანური თვისებები და არ ტრაბახობდა მატერიალური უპირატესობებით. სწორედ ეს ყველაფერი აყალიბებდა ბაქოური შანსონის სახეს.

“ბაქო მთელს სოფლიოში ყველაზე ინტერნაციონალური ქალაქი იყო. რამდენი და რანაირი ქალაქი არ მნახავს და რამდენის შესახებ არ მსმენია, მაგრამ ბაქო – მაინც ბაქოა. თუ ბაქოში დაიბადე – მთელი ცხოვრება ბაქოელი იქნები. საერთოდ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 80-იან წლებში ასეთი რამ მოხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ტკივილია, ეს ორი ერის, ნორმალური ადამიანების ტკივილია”, – დასძინა ამირიანმა.

ამავე მოსაზრებას იზიარებს კომპოზიტორი ელჩინ იმანოვი და აცხადებს, რომ ბაქოური შანსონი, მხოლოდ ინტერნაციონალურ სფეროში უნდა გაჩენილიყო. “რატომ არ გაჩნდა ის ერევანში? იმიტომ, რომ ერევნის და თბილისისგან განსხვავებით, ბაქო ყოველთვის ინტერნაციონალური ქალაქი იყო, სადაც თითოეული ეროვნების წარმომადგენელს შეეძლო ქალაქის კულტურულ ტრადიციებში თავისი ლეპტის გაღება. სამწუხაროდ, ეს ტრადიციები დავიწყებას მიეცა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ბაქოში ცვალებად დემოგრაფიულ ვითარებას განსაზღვრული შედეგები აქვს: ნაწილობრივ დაიკარგა ბევრი სუფთად ქალაქური ტრადიცია, შემცირდა იმ ძირძველი ბაქოელების რაოდენობა, რომლებსაც ეს მუსიკა უყვარდათ. დღეს მეც სხვა სიმღერების დაწერას ვცდილობ, მაგრამ უწინდებურად შანსონის სტილში გამომდის, რადგანაც სწორედ ამ სიმღერებში ვხედავ ჩემს ბავშვობას, ძველ ბაქოურ ეზოებს და კეთილ ატმოსფეროს. შედეგად ისევ ბავშვი ვხდები და სულიერად ვისვენებ, – თქმა კომპოზიტორმა ტელეარხ ATV -სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ელჩინ იმანოვი
ელჩინ იმანოვი

აზერბაიჯანელი მომღერალი ჯეიჰუნ ბაკინსკი მუსიკალურმა კრიტიკოსებმა აზერბაიჯანული შანსონის პრინცად მონათლეს. მას მიაჩნია, რომ სანამ ბაქოელები არსებობენ, ბაქოური შანსონი არ მოკვდება. მისივე თქმით, ბოლო წლებში ამ ჟანრს სულ უფრო მეტი მსმენელი ჰყავს.

“ჩემს კონცერტებზე ყოველთვის ანშლაგია. ცოტა ხნის წინათ გასტროლები მქონდა ისრაელსა და მოსკოვში, რამაც წარმატებით ჩაიარა. სხვათა შორის, კონცერტებს ბევრი სომეხი ესწრებოდა. ბაქოური შანსონი – ბაქოელების, რა ეროვნებისაც არ უნდა იყვნენ ისინი, მათი მუსიკა და კულტურაა”, – განაცხადა მომღერალმა Dalma News-თან საუბარში.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ბაქოურ შანსონს აზერბაიჯანში არასახარბიელო დრო უდგას, ამ სტილის მიმდევრები ცდილობენ ის ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ. მუსიკის ეს მიმდინარეობა, ისევე როგორც ჯაზი და სხვა კულტურული მიმართულება, ბაქოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

მოამზადა მექსუდ თალიბლიმ (ბაქო)