მსოფლიო პანდემიის პირობებში საქართველოში ინფლაციის დონე ყოველთვიურად იზრდება. მარტო 2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 4,2%, ხოლო წლიურმა – 7,2% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 2 მაჩვენებელი 6,6% განისაზღვრა. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასები მომატებულია 13,6%-ით. 21,3%-ით არის გაზრდილი ფასები სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე და 12%-ით ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,8%-ით. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8,8%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12,0%-იანი მატება. ფასები გაიზარდა მინის ჭურჭელზე, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელზე, საოჯახო ტექნიკაზე – მაცივარი, სარეცხი მანქანები, გამათბობელები და სხვა. 9,6%-ით გაძვირდა ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 5.7%-ით არის გაძვირებული სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. ფასები მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე: ზეთი და ცხიმი (35,8%), ყავა, ჩაი და კაკაო (13,7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13,0%), თევზეული (12,2%), რძე, ყველი და კვერცხი (8,5%), პური და პურპროდუქტები (77%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4%). ფასები მცირედით შემცირებულია ხილსა და ყურძენზე, ასევე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე მაღაზიის დახლებიდან გაქრება ძვირადღირებული იმპორტირებული საქონელი, რომელსაც მოსახლეობა ეკონომიის მიზნით არ იძენს, საქონელს კი ვადა გასდის და ძველდება.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 323 მილიონამდე ლარის სესხი 193-მა სალომბარდო დაწესებულებამ გასცა საშუალოწლიურ 27,8%-ში, 307 ათას მსესხებელზე და მიიღო 18,4 მლნ ლარის მოგება. საქართველოში მოქმედ ლომბარდებში კლიენტთა რაოდენობა 307 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 99,9% ფიზიკური პირია. საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა (36%), ხოლო ყველაზე დაბალი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (22,3%). ყველაზე მეტი მსესხებელი თბილისზე მოდის, მეორე ადგილზეა აჭარა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, სალომბარდე სესხების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით გაზრდილია. მისივე თქმით, როცა ისეთი პროდუქტი, როგორიც არის სალომბარდე სესხები, აქტიურად და სწრაფად იზრდება ეს ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემების არსებობაზე მიანიშნებს, ე.ი. საზოგადოების სოციალური მდგომარეობა უარესდება. ექსპერტის თქმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტა დღეს არაერთი გამოწვევის წინაშეა. მოსაზრება, რომ ქართული ლარის კურსის ვარდნაზე თურქული ლირას გაუფასურებამ იმოქმედა, არასერიოზულია. თუ აშშ დოლარის შემოსვლა არ გაიზარდა ქვეყანაში ლარს პრობლემები ექნება.
“გამოდიან ჩინოვნიკები და დღეგამოშვებით გვეუბნებიან, რომ თურმე ეკონომიკა უნდა გავაჩეროთ უკვე მესამედ და გავანადგუროთ ყველაფერი. თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება თავზე ემხობათ, ე.ი. ხელისუფლება პროცესს ვერ მართავს და პრობლემა მათშია. მოკლევადიან პერსპექტივაში ლარისთვის პრობლემაა ის მონეტარული და ფისკალური დამოკიდებულება, რომელიც აქვს ცენტრალურ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს ამ მიმართულებით. იგივე ჭარბი ლარი, დაგვიანებული საინტერვენციო მიდგომები და სხვა. ლარს უქმნის პრობლემებს”, – განუცხადა Dalma News-ს პაატა ბაირახტარმა.
მისივე მოსაზრებით, ვაქცინაცია პირდაპირ კავშირშია ლარის კურსთან, იმის გამო, რომ ვაქცინაცია თუ დაჩქარდება შესაძლებელი იქნება ლოქდაუნისა და შეზღუდვების თავიდან აცილება, რათა ეკონომიკას მეტი აქტივობის საშუალება მიეცეს. ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლება ვერ ახერხებს მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ “ვაქცინაცია კარგია” და “ვაქცინა გვიცავს”.
“ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გამოსავალი არის ვაქცინაცია, რომ არ მოგვიწიოს ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინება ეკონომიკაში. ვაქცინაციით შეგვიძლია ეპიდემია დავამარცხოთ. ეს უნდა იყოს გამოსავალი და არა ჩაკეტვები. რამდენჯერაც ვითარება ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გაჩერდება, ეკონომიკა აღარ დაგრჩება. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2012 წლის ნიშნულზე ჩამოვიდა. ასეთი ეკონომიკური ვარდნა გვაქვს ჩაკეტვებით”, – აცხადებს ბაირახტარი.
მისივე თქმით, ბოლო 5 წელია საქართველოში ინვესტიციები მინუსშია გასული და მცირდება, რასაც კორონავირუსს ვერ დავაბრალებთ. საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემებთან და ქვეყანაში არსებულ გაჭიანურებულ პოლიტიკურ კრიზისთან. ინვესტორის მოსაზიდად მხოლოდ დაბალი გადასახადები არ არის საკმარისი, როცა ყველა დანარჩენი პრობლემაა: არასტაბილური ვალუტა, პოლიტიკური კრიზისი, ჯანდაცვის კრიზისი. ინვესტიციების შემცირება კი პირდაპირ ლარზე აისახება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელია ვაქცინაციასა და ლარის კურსს შორის ურთიერთკავშირს ვერ ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსი 3,40-ზე რომც შენარჩუნდეს, ფასების მატების კიდევ ერთი ტალღა გარდაუვალია. კიდევ ერთ ლოქდაუნს ლარის კურსი გაუძლებს (აქტივობის შემცირებასთან ერთად ლარზე მოთხოვნაც შემცირდება), მაგრამ ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ტურიზმის სფეროს რაც შეეხება, როგორც Dalma News-ს ნიკა შენგელიამ განუცხადა, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებული საპროტესტო განწყობების გარეშეც, საქართველოში წლეულს, ტურისტების დიდი ნაკადი მოსალოდნელი არ არის. უფრო მეტიც, ტურიზმის სექტორი, რომელმაც მსოფლიო პანდემიის გამო მძიმე დარტყ,ა მიიღო, ქვეყანაში 3 წლის განმავლობაში ვეღარ აღდგება.
“ამაზე შარშანაც ვსაუბრობდით, რომ საქართველოში 3 წლის განმავლობაში ვერ აღდგება ტურიზმის სექტორი და შესაძლოა 2019 წლის მაჩვენებელს, მხოლოდ 4-5 წლის შემდეგ დავუბრუნდეთ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ჩაკეტვები და არ გართულდება ეპიდ.ვითარება. მსოფლიო ეკონომიკური ცხოვრება უნდა გაიყოს 2-ნაწილად, ცხოვრება პანდემიამდე და მის შემდეგ. ნურავის ეგონება, რომ შეზღუდვები და ლოქდაუნები თავს დაგვანებებს და ვირუსები გაქრება. სამწუხაროდ, იქნება ახალი ვირუსებიც. მაღალი ალბათობით, ადამიანების ქცევის ახალი წესები, რამდენიმე წლის განმავლობაში დარჩება ჩვენს ცხოვრებაში. ერთი წლის შემდეგ, ისევ გვექნება გაძვირებული პროდუქცია. არ გამოვრიცხავ დახლებიდან გაქრეს ძვირიანი იმპორტირებული საქონელი მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო და მათი დეფიციტი შექმნას”, – აცხადებს ნიკა შენგელია.
მსოფლიო პანდემიის გამო, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ფინანსების საკვები პროდუქტებისთვის დაზოგვას ცდილობს. საყოფაცხოვრებო ნივთები, ან ტექნიკა თუ იყიდება, ექსპერტების მოსაზრებით, მოსახლეობის ის კატეგორია, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში არიან დასაქმებულნი. დროულად აქვთ ხელფასები და იღებენ პრემიებს.
“თანამდებობის პირებს ჯერ არ შეხებიათ ეკონომიკური კრიზისი. მთელი ეს სიმძიმე გაჭირვებულ ფენაზე გადაივლის. სასოფლო-სამეურნეო ხვნის პერიოდში ისევ, თუ ჩაკეტეს სოფლის მოსახლეობა, შედეგები ნამდვილად სავალალო იქნება. მთავრობა ელოდება ახალი სესხების აღებას, მაგრამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება. თუ სესხი ვერ ავიღეთ და არ მოხვდა ეს თანხა რეზერვებში, მაშინ 2021 წლის შემოდგომისთვის კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობა გვექნება”, – აცხადებს ნიკა შენგელია.
ექსპერტები საქართველოში კიდევ ერთ ლოქდაუნს ელოდებიან, ქვეყნის მოსახლეობა კი, რომელსაც ფულადი დანაზოგები დიდი ხანია ამოეწურა, შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს. ისინი კვლავ ავბედითი ლომბარდებისა და უპასუხისმგებლო ბანკების ხელში აღმოჩნდნენ.
შ. ქარჩავა