“ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაციის დასრულებისა და ყველაფრისთვის თავისი ადგილის მისაჩენად, ყოფილმა პრემიერმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს მოსახლეობას ერთწლიანი ვადა სთხოვა. ყოფილ პრემიერს მშვენივრად ესმის, რომ “ქართული ოცნება” ბევრ სირთულეს ვერ გაუმკლავდა, ხან ადამიანური რესურსის, ხანაც ამ რესურსში ადამიანური ფაქტორის, კეთილსინდისიერების დეფიციტის გამო. პრობლემები დაგროვდა და ამასობაში საპრეზიდენტო არჩევნებიც მოახლოვდა.
ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია და პარტიის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს. როგორც ჩანს მისი ერთწლიანი რეფორმა არა მხოლოდ ოპოზიციისთვის ადგილის მიჩენას, არამედ თავად მმართველ პარტიაში კონკრეტული პირებისთვის ადგილის მიჩენასაც გულისხმობს, განსაკუთრებით ისეთებიც, ვინც კეკლუცობით არიან გართულნი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, კოჰაბიტაცია ბიძინა ივანიშვილის იძულებითი ნაბიჯი იყო, თუმცა, დრო უკან რომ დაბრუნდეს იმავეს გააკეთებდა. სწორედ კოჰაბიტაციაზე იყო დამოკიდებული 2012 წელს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის მიმართ დასავლეთის კეთილგანწყობა და მხარდაჭერა. შეიძლება ივანიშვილი ნანობს კიდეც, მაგრამ დასავლეთის იგნორირება მას კარგს არაფერს მოუტანდა, მით უმეტეს, რომ ევროპის თვალში ის რუსული ფულით გამდიდრებული ქართველია.
“კოჰაბიტაციის თემას ივანიშვილი წინა ინტერვიუებშიც შეეხო. მან თქვა, – დასავლეთიდან წარმომადგენლები შემომეხვივნენ და კოჰაბიტაციას ითხოვდნენო. დასავლეთისთვის ანგარიშის გაწევა, ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, ყველას მოუწევს, მით უმეტეს ივანიშვილს, იმიტომ, რომ დასავლეთის თვალში მას რუსული წარმომავლობა ჰქონდა, როგორც რუსული ფულით მილიადრელად ქცეულ ადამიანს. ამიტომ ის დასავლეთს დიდი სიფრთხილით ეპყრობოდა”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, 2012 წელს, ბევრი მიმართულებით ითხოვდა ხალხი ცვლილებებს, ბევრი სფერო საჭიროებდა ძირეულ რეფორმას, მაგრამ მაშინ კოალიცია “ქართულ ოცნებას” მეტი რესურსი არ გააჩნდა, გარდა იმისა, რომ ივანიშვილს ისევ “ნაციონალური მოძრაობის” კადრების გადმობირებაზე ეზრუნა. ასეთი პოლიტიკა უცხო არ არის სახელმწიფოსთვის. მსგავსი გამოცდილება მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ჰქონია. ხშირ შემთხვევაში, რევოლუციითა და ავტოკრატიით დაღლილი ქვეყნები იოლად ვერ სწორდებიან წელში, რაც არ უნდა პატრიოტი და ეროვნულად გულანთებული პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში.
“2012 წელს ხალხი ითხოვდა ცვლილებებს პროკურატურასა და სასამართლოში. მაშინ თქვა ივანიშვილმა, რომ ამდენი მაღალკვალიფიციური პროკურორი და მოსამართლე არ გვყავს, ამიტომ ძველების ჩვენს მხარეს გადმობირება მოგვიწევსო. ასეთი პოლიტიკა უცხო არ არის. მკვეთრი ცვლილებების დროს საკადრო პრობლემები ჩნდება და ეს მოიმიზეზა მაშინ ივანიშვილმაც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ სურს კოჰაბიტაციის მავნე შედეგები აღმოფხვრას”, – აცხადებს Dalma News-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
წარუმატებელი ინტერვიუ
ქვეყნის ნომერი პირველი, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში კვლავ აქტიური ფიგურაა. მას შემდეგ, რაც მისი ძალისხმევით ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება განხორციელდა და “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიანი მმართველობა დასრულდა, ის ჯერ პრემიერ-მინისტრის რანგში მოგვევლინა, შემდეგ კი კულუარებში გადაინაცვლა და არაფორმალური მმართველის სტატუსი მიენიჭა. მედიასთან აღარ ჩნდებოდა და გამუდმებით ირწმუნებოდა, რომ სახელმწიფო მართვის საკითხებში მხოლოდ მრჩეველის რანგში ერეოდა. ამასობაში მთავრობამ 4 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, მმართველი კოალიციაც დაიშალა, “ოცნებასთან” გაერთიანებული პარტიები წავიდ-წამოვიდნენ, მაგრამ მმართველი გუნდის ეფექტიანობა მაინც ვერა და ვერ გაიზარდა. ივანიშვილი ისევ დაბრუნდა პოლიტიკაში. პარტიას ძლიერი ხელი დასჭირდა და წესრიგის დამყარება კულუარებიდან ვეღარ მოხერხდებოდა.
ივანიშვილი კვლავ მედიის ყურადღების ობიექტია. წინასაარჩევნოდ იხმო 3 ტელევიზიის ტელეწამყვანი და მათთან პირდაპირ ეთერში დაჯდა. ინტერვიუს მსვლელობისას გაამხილა ჩანაფიქრიც – მოსახლეობას მისცეს წარმატებული საქართველოს აღქმის რეცეპტი. დანიშნულება ასეთია, – ტელევიზორებში გამორთეთ “რუსთავი 2”, ხელი არ შეუწყოთ მას სიცრუის ტირაჟირებაში და ქვეყანაში მხოლოდ პოზიტივს დაინახავთ. ივანიშვილის აზრით, ტელევიზიაში, სადაც განსხვავებული აზრი არ არსებობს, ვერც იმ სიკეთეებს დაინახავენ, რაც ქვეყანაში დღეს ხდება: ხელისუფლება ბიზნესს აღარ ავიწროებს, ადამიანებს ქუჩაში აღარ კლავენ, საზოგადოებაში აღარ არის შიშისა და უსამართლობის განცდა, განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო ადამიანებს აღარ დევნიან და სხვა, – პრობლემები შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ ამისთვის არსებობს მეოთხე ხელისუფლებაო:
“დღეს რომ გამორთოთ “რუსთავი 2″, ქვეყნის აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს, ვერაფერს ნახავთ. ის, რომ პრობლემები შეიძლება იყოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში ეს ნორმალურია ყველა სახელმწიფოსთვის. ჟურნალისტები და მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული, რომ არ მოიმატოს დანაშაულმა და კორუფციამ. ჟურნალისტმა უნდა მოიტანოს არგუმენტები და არა სიცრუე გაავრცელოს”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
ექსპრემიერის განცხადება ოპოზიციაში მედიის გაკონტროლების სურვილად მონათლეს. უფრო ნეიტრალურად განწყობილები კი ამბობენ, რომ ინტერვიუსთვის მოუმზადებელი აღმოჩნდნენ რესპოდენტიცა და ჟურნალისტებიც. “რუსთავი-2”-ის წარმომადგენელი მმართველი პარტიის ლიდერთან პოლემიკაში შედიოდა და ჟურნალისტის მთავარი ფუნქცია, – კითხვის დასმა და პასუხის მოსმენა ავიწყდებოდა. ინტერვიუერიც ჟურნალისტს ეკამათებოდა და ზრდილობისკენ უთითებდა. ამასობაში „ტვ პირველის“ წარმომადგენელი ამზადებდა ანალიტიკურ კითხვებს, მაგრამ ჟურნალისტის მჭევრმეტყველებაში ივანიშვილი კითხვას ვერ ხედავდა და ზედიზედ უმეორებდა, – კითხვა სად არის, კითხვაო? – ერთი სიტყვით ინტერვიუ მისი დაწყებიდან პირველივე წუთებში უინტერესო გახდა ტელემაყურებლისთვის.
მეორე დღეს, ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2”-ისა და “ტვ პირველის” ჟურნალისტებთან წარუმატებელი ეთერი თავადვე შეაფასა და ჟურნალისტები ინტერვიუს ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა:
“მცდელობა იყო გაერთიანების, მაგრამ მე მოვახერხე და რომ მაქსიმალურად დამეშორებინა ისინი. თავშივე ვიცოდი მათი კომუნიკაცია. მცდელობა იყო გაერთიანების. მთლიანად ინტერვიუს ჩაგდების სურვილი იყო. კვესიტაძე საუბარს არ მაცდიდა მეც და კოლეგებსაც. ძალიან უკულტუროდ მოიქცა. ჟურნალისტი არ უნდა იყოს ასეთი. ეს იყო სირცხვილი, რაც მასვე ვუთხარი ინტერვიუს დროს. მარტივი გასაგებია, რატომ იქცეოდნენ ასე. მათ ეშინიათ სიმართლის”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მთელს ამ აურზაურში, მესამე ჟურნალისტი ახერხებდა იმ კითხვების შეპარებას, რომელზე პასუხების მოსმენაც დღეს რეალურად აინტერესებს მოსახლეობას. როგორც კი ტელეკომპანია “იმედის” წარმომადგენელმა ქვეყნის ლამის პირველი პირის საქმიან რელსებზე გადაყვანა სცადა, მას მაშინვე დასცინა კოლეგა “რუსთავი 2”-მა, – წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს სვამო.
“რეპრესირებული” ბიზნესი…
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეკონომიკური ნაწილით კმაყოფილია ექსპერტი ვახტანგ ჭარაია. მისი შეფასებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მოახერხა და იმ უსარგებლო პოლემიკაში ძალიან ბევრ კითხვას გასცა პასუხი, მათ შორის ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხში. ბოლო დღეების ერთ-ერთი აქტუალური თემაა კომპანია “ომეგა ჯგუფის” 51 მილიონიანი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, რომელიც რამდენჯერმე გადაუვადეს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განმარტა, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რადგან ბიზნესმენი ვერ დაარწმუნეს, რომ დავალიანება გადაეხადა.
მისივე ინფორმაციით, წინა მინისტრის, ქუმსიშვილის დროს ოქუაშვილს რამდენჯერმე გადაუვადეს ვალის გადახდა.
“როდესაც ბახტაძე მოვიდა, მან დაამუხრუჭა ეს პროცესი. ბახტაძეზე უფრო ხისტად მოიქცა შემდგომი ფინანსთა მინისტრი მაჭავარიანი. მე მგონი, რომ ლამის გაიწივნენ ერთმანეთისკენ, როდესაც ვერ არწმუნებდა და მაინც ითხოვდა, კონფლიქტის დონეზე მივიდა მათი საუბარი. ბახტაძემ საბოლოოდ შეაჩერა პროცესი, მაჭავარიანი კი ითხოვდა პასუხს თუ რატომ არ იხდიდა ფულს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
საბოლოოდ ცნობილი ხდება, რომ ივანიშვილის ჩარევის შემდეგ პრობლემა მოგვარდა და “ომეგა ჯგუფი” სახელმწიფო ბიუჯეტში დავალიანების გადახდის ახალ გრაფიკს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიონი ლარი უკვე ჩარიცხეს და წარმოების განახლების ნებართვა ითხოვეს სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. კომპანიამ, ასევე, შეიძინა აქციზური მარკები, რათა განაგრძოს საწარმო პროცესი.
“როცა ერთი ბიზნესმენი ამბობს, რომ მხოლოდ მას ატერორებენ და ყველა მის წინააღმდეგ არის განწყობილი, ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს და თან, როდესაც ეს ბიზნესმენი ხან ტელევიზიას იშველიებს, ხან ოპოზიციას, თან ამის კარგად შეფუთვის შესაძლებლობა აქვს, ეს ქმნის გარკვეულ აჟიოტაჟს ქვეყანაში, რომლის საფუძველიც ნამდვილად არ არსებობს. ერთი და ორი ბიზნესმენი არ არსებობს ამ ქვეყნაში და მე არ გამიგია, რომ რაიმე ტიპის რეპრესიებს ჰქონდეს ადგილი ბიზნესმენების მიმართ”, – განაცხადა ვახტან ჭარაიამ.
ბიძინა ივანიშვილმა “რუთავი 2”-თან, “ტვ პირველთან” და “იმედთან” ინტერვიუს შემდეგ სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებიც მიიწვია და ტელემედიასთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა. საუბარი მრავალ თემას შეეხო, უმთავრესი კი ის იყო, რომ ბოდიშს უხდის ამომრჩეველს იმედების ბოლომე ვერ გამართლებისთვის და ერთწლიან ვადას ითხოვს.
რა შეიცვლება ამ ერთ წელიწადში მომავალი გვიჩვენებს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ერთი წელი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ქსელი, რომელიც “ქართული ოცნების” შიგნით შეიქმნა, გამომზეურდეს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
“ივანიშვილის ეკონომიკური დაპირებებით არ მოვიდა 2012 წელს, მაშინ გადამწყვეტი იყო პოლიტიკური დაპირებები, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც მოვლენა, საქართველოსთვის პრობლემა აღარ იქნებოდა. გაახილა თვალი, ცოტა გვიან და დაინახა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პრობლემაა, მისთვისაც და “ქართული ოცნებისთვისაც”. ამიტომ მან თქვა, რომ ერთი წელი სჭირდება”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ბიძინა ივანიშვილი აპირებს ქვეყნის მართვის სადავეები კვლავ ხელში აიღოს, გაზარდოს მმართველი გუნდის ეფექტიანობა, ყველას ყველაფერი ასწავლოს, დაარიგოს, რომ მთავრობას ჰქონდეს მთავრობის როლი, პარლამენტს – პარლამენტის, პარტიას – პარტიის, რომ საქართველომ მიიღოს საუკეთესო მმართველობა და რაც შეიძლება სწრაფად დაძლიოს სიღარიბე. ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა ბატონმა ბიძინამ.
შ. ქარჩავა