დაეხმარებიან ევროპელები აზერბაიჯანის რადიკალურ ოპოზიციას? გაფორმდება თუ არა წელს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ შეთანხმება? ევროკავშირთან გართულებული ურთიერთობები, ხომ არ მოახდენს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გავლენას აზერბაიჯანის მთავარ სავაჭრო პარტნიორთან? რამდენად მოსალოდნელია ევროკავშირთან ურთიერთობების გართულების ფონზე ბაქოს მოსკოვთან დაახლოება? ამ და სხვა საკითხებზე Dalma News-ის კორესპონდენტი აზერბაიჯანელ პოლიტოლოგებს ილგარ ველიზადეს და ზარდუშტ ალიზადეს ესაუბრა.
– ცოტა ხნის წინათ, ევროპარლამენტმა მორიგი, ანტიაზერბაიჯანული რეზოლუცია მიიღო. რა გავლენას მოახდენს ეს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობაზე? ევროპელები აქტიურად დაეხმარებიან რადიკალურ აზერბაიჯანულ ოპოზიციას?
ი.ვ. – ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუციები აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების პროცესისთვის, ზოგადად უარყოფით ფონს ქმნიან. მეჰმან ჰუსეინოვთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის მთავრობა ამ ვითარებაზე რეაგირებს და უმოქმედოდ არ არის. იმავდროულად, მოლაპარაკების ფარგლებში, ეს საკითხი წამოიჭრება. აზერბაიჯანული მხარე ევროპას თავისი პოზიციის გათვალისწინებას სთავაზობს. თავის მხრივ, ბაქო მზად არის გაითვალისწინოს ევროკავშირის პოზიცია. იგი მზად არის ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა იმ პირობით, რომ მის მოსაზრებას გაითვალისწინებენ.
ზ.ა. – არ მიმაჩნია, რომ ეს რეზოლუციები ანტიაზერბაიჯანულია. პირიქით, ისინი აზერბაიჯანელი ხალხის დაცვისკენ არის მიმართული. ეს რეზოლუციები იმ მიზანს ემსახურება, რომ აზერბაიჯანელი ხალხის კონსტიტუციური უფლებები არ შეიზღუდოს. ასე რომ, მათი ანტიაზერბაიჯანულად მოხსენიება სწორი არ იქნება.
რაც შეეხება იმას, როგორ იმოქმედებს ევროკავშირთან ურთიერთობაზე, უნდა გვესმოდეს, რომ აზერბაიჯანს სჭირდება ევროპა და არა პირიქით. აზერბაიჯანი პატარა ქვეყანაა, რომელსაც ინვესტიციების და ტექნოლოგიების მისაზიდად მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ევროკავშირთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებით, სწორედ აზერბაიჯანი უნდა იყოს დაინტერესებული.
– გაზაფხულზე აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო. რა მოლოდინები გაქვთ, 2019 წელს გაფორმდება ეს ხელშეკრულება?
ი.ვ. – თავად მოლაპარაკებების პროცესი, რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ამჟამად, როგორც დასკვნით ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა პოლიტიკურ, არამედ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. პრობლემა ის არის, რომ აზერბაიჯანი მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრი არ არის, ევროკავშირის ყველა ქვეყანას კი ამ ორგანიზაციასთან აქვს შეთანხმება. სავაჭრო წესები, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებში არსებობს და რომლებსაც ევროპელები თავიანთ პარტნიორებთან ახორციელებენ, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის მდგომარეობას ითვალისწინებს.
ვფიქრობ, სწორედ ეს საკითხია მთავარი მოლაპარაკებების პროცესში. ამაზე არაერთგზის იქნა მიღწეული შეთანხმება აზერბაიჯანსა და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციას შორის, თუმცა ჩვენის მხრიდან წინსვლა არ ფიქსირდება, ამიტომაც ევროკავშირს და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები შემდგომში როგორი იქნება უცნობია, თუმცა შესაძლოა ორივე მხრიდან იყოს ურთიერთგამორიცხვები.
შესაძლოა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას მიაღწიონ, რადგან ბიზნესკონტაქტები გამარტივებულ ურთიერთობას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ორივე მხარის ბიზნესს მკაცრი სავიზო რეჟიმის გარამტივება სჭირდება.
საქმე იმაშია, რომ ბოლო დროს, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესს ევროკავშირის სავაჭრო კომისიის ხელმძღვანელი მეთაურობს. რაკი მოლაპარაკებების პროცესი ყველა დეტალი არ გახმაურდა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ მოლაპარაკებების გარშემო ბევრი ბუნდოვანი საკითხია. ამიტომ ბევრს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ურთიერთსაპირისპირო პოზიციები პოლიტიკური საკითხებიდან გამომდინარე არსებობს. თუმცა, თავად ევროპელი დიპლომატების განცხადებებს ყურადღებას ცოტა თუ აქცევს.
ზ.ა. – ამ შემთხვევაში უნდა გვესმოდეს, ყველაზე მეტად ვის სჭირდება ეს. მიმაჩნია, რომ შეთანხმება, პირველ რიგში აზერბაიჯანს სჭირდება და ჩვენც გარკვეულწილად, მათზე ვართ დამოკიდებულნი. ამიტომ, როდესაც ევროკავშირს და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს მხარეებს შორის უფრო ძლიერი პოზიცია რომელს აქვს.
– ევროკავშირი აზერბაიჯანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ურთიერთობების გაუარესება მათ შორის ეკონომიკურ, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე გავლენას ხომ არ მოახდენს?
ი.ვ. – არანაირად. ამ ენერგეტიკულ პროექტებში ევროპული კომპანიებიც მონაწილეობენ. ბუნებრივია, ასეთ პირობებში, ენერგორესურსების რეალიზების სტრატეგიას დასავლური ქვეყნების ენერგო კომპანიებიც განსაზღვრავენ. იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ უახლოეს მომავალში სქემაში რაიმე რადიკალური ცვლილება მოხდება.
ზ.ა. – დააკვირდით აზერბაიჯანს და ევროკავშირს შორის სასაქონლო ბრუნვას, აზერბაიჯანს ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებში 0,1% უკავია. აზერბაიჯანისთვის კი ევროკავშირი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ეს იმიტომ, რომ ნახევარ მილიარდიანი მოსახლეობის მქონე გიგანტური ევროკავშირი, თავისი საერთო ეკონომიკური მოცულობით, მსოფლიოში პირველი მოთამაშეა. აზერბაიჯანი, თავის ენერგორესურსებს ევროკავშირის გარდა, სხვას ვერავის მიყიდის. ევროკავშირს კი აზერბაიჯანის შემცვლელის პოვნა არ გაუჭირდება.
– ევროკავშირთან ურთიერთობის გართულების ფონზე აზერბაიჯანის რუსეთთან დაახლოებას ხომ არ უნდა ველოდოთ?
ი.ვ. – ამ წლების განმავლობაში აზერბაიჯანმა რუსეთს მიანიშნა, რომ არ აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას, არც ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, არც ასოცირებული შეთანხმების პროგრამაში მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს რუსულ მხარეს აბსოლუტურად აკმაყოფილებს. მოსკოვში შესანიშნავად იციან რეალიები. ხშირად ამ რეალიებს ექსპერტები ვერ ხვდებიან. რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ აქვს იმის ილუზია, რომ აზერბაიჯანი ევროპას იმდენად დაუახლოვდება, რომ რუსეთის ინტერესებს ავნოს.
რაც შეეხება პრაგმატიზმს, რუსეთს ესმის, რომ ენერგორესურსების გასაღების ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია და აზერბაიჯანი ამით ფულს შოულობს. ეს ფული მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და საზღვარგარეთ საინვესტიციო პროექტებზე იხარჯება. რუსეთი იმედოვნებს, რომ ოფიციალური ბაქო უფრო მეტად დაინტერესდება რუსეთში, ძირითადად მის რეგიონებში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით.
მოსკოვში ყველამ იცის, რომ აზერბაიჯანი ამ ფულს დასავლეთთან ვაჭრობით გამოიმუშავებს, ამიტომ აზერბაიჯანის ევროკავშირთან დაახლოება არავის ეჩვენება სამყაროს დასასრულად და რუსეთის ინტერესების ეფემერულ საფრთხედ. ჯერ არ მომისმენია, რომ რუსეთის ოფიციალური პირები შეშფოთებულები ყოფილიყვნენ აზერბაიჯანს და ევროკავშირს შორის კონტაქტების ზრდით. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ საკითხით სპეკულირებენ ის ადამიანები, ვისაც აზერბაიჯანს და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობის არსებობა არ სურთ.
ზ.ა. – ევროპელებისთვის სულერთია აზერბაიჯანს რუსეთთან როგორი ურთიერთობა ექნება. პირიქით, ისინი აზერბაიჯანელ დიპლომატებს ეუბნებოდნენ, რომ მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს და რომ რუსეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. დიახ, ევროპას შეუძლია თავის თავს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების უფლება მისცეს, მაგრამ აზერბაიჯანს ეს არ შეუძლია.
ანარ ჰუსეინოვი