დეკემბრის მეორე ნახევარში, ერევანში ევრაზიის ექსპერტთა კლუბის მორიგი სხდომა გაიმართა თემაზე, “სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში: გამოცდილება, მიღწევა, პერსპექტივები”. სხდომაზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი-ქვეყნების ელჩებმა გასული წელი შეაჯამეს.
როგორც რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში ივან ვოლინკინმა განაცხადა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირების დაწყება და ჩამოყალიბება რთულ პირობებში მიმდინარეობდა. “ყველაფრის მიუხედავად, მოცემული მიმართულებით წინსვლა შევძელით – კავშირი თითქმის ორი წელიწადია ფუნქციონირებს. ამ შედარებით მოკლე დროში, მის განვითარებაში სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ. დღეისათვის მთავარი შედეგი, არის ის, რომ კავშირი შედგა, როგორც თანამედროვე და კონკრეტული საკითხების ამოხსნისკენ მიმართული ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. იზრდება კავშირის როლი რეგიონალურ და გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში. ევრაზიის ხუთეულმა მოცულობითი საერთო ბაზარი შექმნა, სადაც მოსახლეობა 182 მილიონ ადამიანს აჭარბებს”, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
ელჩის თქმით, დსთ-ს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სივრცე მსოფლიო ეკონომიკაში აქტიურად ინტეგრირდება და დროის მოთხოვნების შესაბამისად ტრანსფორმირდება. “გამაერთიანებელი დღის წესრიგის ფარგლებში მუშაობას ხელს ისიც უწყობს, რომ გამოვლენილი პრობლემებიც და მთელი რიგი სხვა საკითხებიც, ყველა ქვეყნისთვის საერთოა. ზოგჯერ ისინი დსთ-ს, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს და ცალკეულ ქვეყნებს ირიბად ეხება, ხშირად კი – პირდაპირ, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ნატოს პროგრესირების და ავღანეთის მხრიდან ტერორისტული საფრთხეების, ან ფერადი რევოლუციების ექსპორტის შემთხვევაში”, – დასძინა მან.
მისივე თქმით, ევრაზიულ ინტეგრაციას საფუძვლად უდევს მდგრადი განვითარების და ეკონომიკური ზრდის ფორმულა, რომელიც ითვალისწინებს ყველა წევრის ინტერესს და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებს გარეთ იდეოლოგიურ-ფასეული უთანხმოებების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს.
რუსმა ელჩმა ასევე ეკონომიკური გაერთიანების ღიაობაზეც ისაუბრა, რომელიც მზად არის საიმედო პარტნიორობა გაუწიოს მათ, ვინც ურთიერთმომგებიანი კონტრაქტების განვითარებას ისურვებს.
“კავშირი თანმიმდევრულად უჭერს მხარს იმას, რომ რეგიონულმა ინტეგრაციამ ახალი გამყოფი ხაზების ფორმირება არ გამოიწვიოს და საგარეო პარტნიორებთან, ან სხვა ინტეგრაციულ დაჯგუფებებთან არსებულ ეკონომიკურ კავშირებს სირთულეები არ შეუქმნას”, – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ევრაზიის კავშირის ფარგლებში ინტეგრაციული ურთიერთქმედების მაქსიმალური ღიაობისთვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
თავის მხრივ, ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში თიმურ ურაზაევმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ რთული იყო პირველ რიგში, საგარეო ეკონომიკური ფაქტორების გამო.
დიპლომატის თქმით, 2016 წლის განმავლობაში წევრ-ქვეყნებს შორის სასაქონლო ბრუნვის მოცულობა გაიზარდა, ამასთანავე სომხური მხარე მონეტარული თვალსაზრისით, შედარებით წარმატებული იყო, რადგან რესპუბლიკაში დევალვაცია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალი იყო. “იმ საგარეო ეკონომიკური პირობების ფონზე, რომლებიც ხშირად მინუსებში არის ნაჩვენები, ყველა ამ სირთულეს დადებითი ეფექტით დავძლევთ”, – განაცხადა მან.
ყაზახეთის ელჩმა ასევე დასძინა, რომ ეკონომიკურის გარდა მნიშვნელოვანია სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრაციაც. ამგვარად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი მომავალში ყურადღებას უპირველესად ყველა მიმართულების ინტეგრაციას მიაქცევს.
თავის გამოსვლაში ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში იგორ ნაზარუკმა განაცხადა, რომ რეგიონალური ინტეგრაციული თანამშრომლობა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ასპექტია მთელს მსოფლიოში. “მიუხედავად იმისა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ახალგაზრდა საინტეგრაციო სივრცეა, მაჩვენებლები ადასტურებენ, რომ ჩვენი სახელმწიფოების ლიდერებმა თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენი ეკონომიკა კონკურენტულია და ცხადია, რომ არ გაგვეერთიანებინა ჩვენი ძალისხმევა, მსოფლიო ტენდენციებთან გამკლავება ძალიან გაგვიჭირდებოდა”, – განაცხადა მან.
ბელორუსელმა ელჩმა ასევე დასძინა, რომ გრძელდება სამუშაოები იმისთვის, რომ ურთიერთქმედებამ ყველა მიმართულებით დადებითი შედეგი გამოიღოს. “ბევრი სვამს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საჭირო იყო ეს ინტეგრაცია. თუმცა იმ შეკითხვას არავინ სვამს, რა მოხდებოდა სახელმწიფო ამა, თუ იმ ინტეგრაციულ პოლიტიკაში რომ არ იყოს. ნებისმიერი სახელმწიფოს მთავარი მიზანი თავისი ხალხის კეთილდღეობის სტაბილური ზრდაა, მაგრამ, აშკარაა, რომ ყველაფერი უფრო ეფექტიანად და ოპერატიულად ხდება”, – განაცხადა მან.
ნაზარუკის თქმით, ევრაზიული ინტეგრაციის მიმართ კოლოსალური ინტერესი არსებობს და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ბევრ პარტნიორთან ერთან ეფექტიანს შეთანხმებას გააფორმებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის და ევრაზიის ეკონომიკური კომისიის კოლეგიის თავმჯდომარე ტიგრან სარგსიანის, ცოტა ხნის წინანდელ შეხვედრაზე. თუმცა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი-ქვეყნების ელჩებისგან განსხვავებით, სომხეთის პრეზიდენტის მოხსენებაში თავშეკავებული ოპტიმიზმი იგრძნობოდა და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.
“ჩვენ ერთად ვიდექით სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაერთიანების სათავეებთან და, როდესაც ამ კავშირის წევრი გავხდით, სომხეთში ეკონომიკური ვითარების არსებითად გაუმჯობესებას ველოდით. სამწუხაროდ, ჩვენი წევრობა იმ საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებს დაემთხვა, რომლებმაც უარყოფითი გავლენა მოახდინეს ქვეყნის ეკონომიკაზე. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან დაკავშირებით ჩვენი ხალხი, რბილად რომ ვთქვათ, ისევ ლოდინის რეჟიმში არიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რომ არ გავწევრიანებულიყავით, ნეგატიური ტენდენციები ბევრად უფრო მეტი იქნებოდა”, – განაცხადა სარგსიანმა.
უნდა ვაღიაროთ, რომ სტატისტიკის მონაცემები იმას ადასტურებს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობის შედეგად სომხეთის მოქალაქეებმა სარგებელი მაინც მიიღეს და მხოლოდ რუსეთში შრომით მიგრაციაზე არ არის საუბარი. ამგვარად, სომხეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახური იტყობინება, რომ სომხეთიდან რუსეთში ექსპორტის ღირებულებამ 2016 წლის იანვარ-ივნისში 168 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87,4%-ით მეტია. სომხეთის მთლიანმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ივნისში 2 272, 5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,7%-ით მეტია. ექსპორტის მოცულობამ 814, 9 მილიონი, ანუ 16,7%-ით მეტი შეადგინა. ხოლო იმპორტი 3,7%-ით 1 457,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
გარდა ამისა, ევრაზიული ინტეგრაციისგან ძირითადად სარგებელს უბრალო გლეხები იღებენ, რომელთა პროდუქციაც ექსპორტზე გადის. სომხეთის ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ევრაზიის კავშირი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინტეგრაციული გაერთიანება, მხოლოდ შესაძლებლობებს იძლევა. საჭიროა ამ შესაძლებლობების გამოყენების შესწავლა. ამისთვის კი შედარებით უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება, კავშირში საკუთარი ინტერესების ლობირება, ექსპორტიორების რეალურად დახმარებაა აუცილებელი.
გარდა ამისა, ევრაზიული ინტეგრაციისგან ძირითადად სარგებელს უბრალო გლეხები იღებენ, რომელთა პროდუქციაც ექსპორტზე გადის. სომხეთის ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ევრაზიის კავშირი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინტეგრაციული გაერთიანება, მხოლოდ შესაძლებლობებს იძლევა. საჭიროა ამ შესაძლებლობების გამოყენების შესწავლა. ამისთვის კი შედარებით უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება, კავშირში საკუთარი ინტერესების ლობირება, ექსპორტიორების რეალურად დახმარებაა აუცილებელი.
აუცილებელია რესპუბლიკის სატრანსპორტო პრობლემების მოგვარება, თუმცა, ჯერჯერობით არ ჩანს დიპლომატიური აქტიურობა საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით. ეს გზა პირველ რიგში, სწორედ სომხეთს სჭირდება და მას, როგორც რუსეთთან და საქართველოსთან კარგი ურთიერთობების მქონეს, ამ საკითხში შეუძლია შედარებით უფრო აქტიური იყოს.
სასიხარულოა, რომ სომხური მხარე ირანთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მაინც აქტიურობს. ამის შესახებ ევრაზიის ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარემ და სომხეთის პრეზიდენტმაც ისაუბრეს. ევრაზიის კავშირში ერევანი ამ საკითხის მთავარი ლობისტია.
მოამზადა ლია ხოჯოიანმა