2024 წლის 26 ივნისი კიდევ ერთ ისტორიულ თარიღად ჩაიწერა საქართველოსთვის. ფეხბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის თასისთვის ასპარეზობას განაგრძობს. ასე დაგვირგვინდა 3 თვის თავზე გერმანიაში, 26 მარტს თბილისში, საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვება (4:2). საქართველოს ნაკრებმა F ჯგუფი 4 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა. ექვსი ჯგუფიდან საუკეთესო შედეგის მქონე ოთხი მესამეადგილოსანი პლეი-ოფში გააგრძელებს ასპარეზობას. საქართველოს ნაკრებს ამ მაჩვენებლით მეორე შედეგი აქვს. ახლა წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლებია.
დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. 26 ივნისს სიხარულის ტალღამ თბილისისა და გელზენკირხეს (გერმანია) ქუჩები ერთდროულად მოიცვა. ქართველი გულშემატკივრები სიხარულს უზიარებდნენ ყველას, ნაცნობს თუ უცნობს. უცხო ქალაქის ქუჩებში ქართული ეროვნული ცეკვისა და სიმღერის ჰანგები ისმოდა, თბილისში და მთელ საქართველოში საერთო სახალხო ზეიმის დღე იყო, არაერთი ტურისტის ტელეფონის კამერამ აღბეჭდა ეს დღე – ქართველი გულშემატკივრებით გადაჭერილი ქუჩები და მოედნები. ვიდეოები სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით გავრცელდა, თუ როგორ ზეიმობენ ქართველები გამარჯვებას.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, პორტუგალიის დამარცხებით საქართველოსთვის ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა. „ჯვაროსნები“ თავიანთ პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდნენ. სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალურ მატჩს ჩვენი გუნდი 30 ივნისს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ კიოლნში გამართავს.
პორტუგალიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრები სწრაფი გოლით ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა – მეორე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პასით გაიტანა გოლი მეტოქის კარში. 57-ე წუთზე კი, მიქაუტაძის მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით ანგარიში 2:0 გახდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ჩეხეთთან მეორე ტურის შეხვედრის მსგავსად, კვლავ საქართველოს ნაკრების მოთამაშე გახდა. ამჯერად, სპეციალური ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
“მოთამაშეებს ვუთხარი, რომ უბრალოდ ფეხბურთი ეთამაშათ და დისციპლინა დაეცვათ. რამდენიმე ფეხბურთელს კი ვუთხარი, რომ გაეხსენებინათ დრო, როდესაც 16-17 წლის ასაკში ზედმეტი ფიქრის გარეშე თამაშობდნენ და ვთხოვე, რომ იგივე გაეკეთებინათ. ვფიქრობ, ეს შესანიშნავად გააკეთეს და გადააჭარბეს მოლოდინს. ჩვენი მიზანი იყო, რომ ქართველ ხალხს ეამაყა საკუთარი ფეხბურთელებით და ვფიქრობ, ეს ამოცანა შევასრულეთ”.
მისი თქმით, როდესაც არ ხარ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, იცი, რომ დასაკარგი არაფერი გაქვს. არ ხარ ისეთი წნეხის ქვეშ, როგორც ტურნირის ფავორიტები.
პორტუგალიის კარში სწრაფი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია მადლობას უხდის გერმანიის სტადიონზე მისულ საქართველოს ნაკრების თითოეულ გულშემატკივარს და ამბობს, რომ ამ შეხვედრაში გამორჩეული ფეხბურთელი არ ყოფილა, ეს იყო გუნდური გამარჯვება.
„ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე შემდეგ თამაშზე ვფიქრობთ. არავის ეგონა, რომ პორტუგალიას მოვუგებდით და ჯგუფიდან გავიდოდით. მაგრამ, სწორედ ამიტომ ვართ ძლიერი ნაკრები. ერთმანეთს ვუთხარით, რომ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. თუ ერთი პროცენტი მაინც არის შანსი და გაქვს რწმენა, ყველაფრის გაკეთებას შეძლებ“, – განაცხადა თამაშის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ.
ფეხბურთელები ერთხმად ამბობენ, რომ გულშემატკივრისგან ძალიან დიდი მუხტი მიიღეს, თავს საკუთარ მოედანზეც კი გრძნობდნენ.
„ესპანეთის ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ. ბევრჯერ გვაქვს ერთმანეთის წინააღმდეგ ნათამაშები და კარგად ვიცნობთ მეტოქეს. პორტუგალიის მსგავსად, ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა, ყველამ ვნახეთ, რომ ყველა გუნდთან შესაძლებელია თამაში და ბრძოლა. ევროპის ჩემპიონატზე იოლი მეტოქე არ არსებობს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმუმი გამოიღოს ჩვენმა შრომამ. ნებისმიერ მეტოქესთან გავალთ საბრძოლველად და მოსაგებად”, – აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.
ქართველების თამაშმა ემოციების ტყვეობაში მოაქცია გერმანელი კომენტატორებიც: „ესენი ვინ ყოფილან, ისე იბრძვიან ქართველები, თითქოს ხვალინდელი დღე აღარ არსებობდეს, ან მოგება, ან სიკვდილი… ასე ითამაშეს თურქებთან, ასე ითამაშეს ჩეხებთან და ასე ებრძვიან პორტუგალიელებს. დიახ ეს არის ფენომენალური, ეს არის ქართული საოცრება!“.
თამაშის ბოლოს კრიშტიანუ რონალდომ და ხვიჩა კვარაცხელიამ მაისურები გაცვალეს. თამაშამდე ხვიჩა საკუთარ ბლოგში წერდა, რომ რონალდოს მაისურის გაცვლას აუცილებლად სთხოვდა. საერთო ჯამში შეხვედრა ემოციური და დაუვიწყარი გამოვიდა.
11 წლის წინ რონალდო თბილისში ოჯახთან ერთად სტუმრობდა, რა დროსაც ოფიციალურად გახსნა თბილისის დინამოს საფეხბურთო აკადემია. ამ დღის სამახსოვრო ფოტოებში რონალდოს გვერდით იმ ფეხბურთელებს ნახავთ, რომლებიც 11 წლის შემდეგ პორტუგალიას დაამარცხებენ. სამახსოვრო ფოტოებში არის მეკარე გიორგი მამარდაშვილიც, რომელმაც (11 წლის შემდეგ), რონალდოს პენალტისგან დაიცვა საქართველოს კარი, ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც რონალდოსთან თამაშის დიდი ხნის ოცნება აუხდა, პორტუგალიის კარს გოლი „აჩუქა“, თავად კი სამახსოვროდ კრიშტიანოს მაისური წამოიღო.
პორტუგალიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე – მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილთან ერთად დოპინგ ტესტზე წაიყვანეს. ამ თემაზე მამარდაშვილმა სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.
“ზეიმი დოპინგის ოთახიდან”, – წერდა გიორგი.
ეს ფაქტი გამოხმაურების გარეშე არც ქართველ გულშემატკივრებს დაუტოვებიათ.
„მართლაც შოკი დამართეს ჩვენმა ლომებმა მსოფლიოს, ქართველებს თანდაყოლილი ,,დოპინგი” რომ გვაქვს, ვერ დაიჯერეს! ამ დოპინგს ქართული ტემპერამენტი, ბრძოლის უნარი, ამტანობა და ზღვა ენერგია ჰქვია! სწორედ ამ ,,დოპინგით” გამოვიარეთ საუკუნეები და მოვედით 21-ე საუკუნეშიც“, – წერდნენ ისინი.
ქართველი ფეხბურთელების წარმატებას სოციალურ ქსელში თემურ ქეცბაიაც გამოეხმაურა. ის 1990-იან წლებში საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშე და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო 2009–2014 წლებში. 2022 წლიდან კი ქეცბაია კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
“მიჭირს იმ სიხარულის ბოლომდე გამოხატვა, რასაც ვგრძნობ, რასაც მთელი 10 დღის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართველ გულშემატკივართან ერთად ვგრძნობდი. როგორც არ უნდა დასრულდეს ევროპის ჩემპიონატი, საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ალბათ, გამარჯვებულიც, რადგან ძნელი წარმოსადგენია, სადმე ისე გააერთიანოს ხალხი ამ წარმატებამ, როგორც ჩვენთან. ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ჩემთვის ეს 10 დღე ყველაზე ბედნიერი და ემოციური პერიოდია, რომელიც ჯგუფური ეტაპის პერიოდში გერმანიაში გავატარე. მადლობა გულშემატკივარს, ასეთი მხარდაჭერისთვის“, – წერს თემურ ქეცბაია.
მიღწეული წარმატებისთვის ის მადლობას უხდის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და თვით ფეხბურთელებს.
საქართველოს მიერ გერმანიაში ჩატარებული შეხვედრების საკუთარ ანალიზს გვთავაზობენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებიც.
გიორგი ცუცქირიძის თქმით, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ვერავინ იტყოდა ჩვენი ნაკრები ამ დონეზე თუ გამოვიდოდა. თუ კი, პირველ შეხვედრაში თურქეთთან ბურთებიც გავუშვით და საგოლე მომენტებიც ბლომად დავკარგეთ, ჩეხეთთან თავდაცვისა და შეტევის ბალანსი შედარებით დასტაბილურდა, ფრეც ამის შედეგია.
ცალკე აღნიშვნის საკითხია მეკარე გიორგი მამარდაშვილის მართლა საარაკო თამაში. ექსპერტის შეფასებით, პორტუგალიასთან გუნდმა აჩვენა ინდივიდუალური და კოლექტიური ფეხბურთის ისეთი ნაზავი, რაც მხოლოდ მაღალი დონის ევრო გრანდებს ახასიათებთ.
„შემთხვევითი არაც მოგებაა და არც ჩვენი ფეხბურთელების დომინირებაა ცალკეულ ნომინაციებში, სადაც 11 მოთამაშიდან 7 მოთამაშეა წარმოდგენილი და ეს განსაკუთრებით ნახევარდაცვაზე და თავდასხმაზე ითქმის. ცალკე საკითხია მეკარე, უნდა ვაღიაროთ ამ დონის გოლკიპერი ჩვენ არ გვყოლია. მეკარე, რომ ზოგჯერ ნახევარი გუნდია სხვა დროსაც დამტკიცებულა. დავაკვირდეთ, ჩვენი დაცვა რომ ასე თავისუფლად და ნაკლები შეცდომებით თამაშობს, სწორედ მამარდაშვილის დამსახურებაა, რადგან მეკარის სიმშვიდე გუნდსაც გადაედება, ფაქტობრივად იგი არის დაცვის ბოლო მზღვეველი. ამიტომ არის დაცვა, რომელიც მუდმივად კრიტიკის ობიექტი იყო, რეალურად ცალკეული შეცდომების გარდა, არც ერთ შეხვედრაში არ ჩავარდნილა“, – აცხადებს Dalma News-თან საუბრისას გიორგი ცუცქირიძე.
მისივე თქმით, ქართველების თამაშის შემდეგ ესპანეთის ნაკრებს წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემა ექნება, რაც შეუფასებლობაშია ასახული. კერძოდ, როდესაც გუნდთან წინა შესარჩევ ციკლში 7:1 გაქვს მოგებული, ცოტა ძნელია ამ ეიფორიიდან გამოსვლა.
ექსპერტის შეფასებით, საქართველოს ნაკრები მზადყოფნის აღმავალ ტრენდზე არის, ეს ფიზიკასაც ეტყოდა, ბურთის გათამაშებასაც და კომბინაციებიც არ დაეწუნებათ.
„ევროპელი საფეხბურთო ექსპერტების შეფასებითაც ჩვენ გვყავს ყველაზე სწრაფად გამქცევი ნაკრები. დარწმუნებული იყავით თუ ესპანეთსაც მოვუგეთ, და ყველაზე დიდი სენსაციაც გამოვაცხვეთ, ჩათვალეთ, რომ ვერც გერმანია და ვერც საფრანგეთი ვეღარ იქნება ჩვენი გამჩერებელი. დიდი გამარჯვებებს მცირერიცხოვანი ერებიც ქმნიან თუ იდეის ირგვლივ არიან შეკრული, დიდი გამარჯვებებიც ახლოა, საქართველო გვიყვარდეს“, – ამბობს გიორგი ცუცქირიძე.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, ნაკრებს 30 მილიონს გადასცემდა. ამასთან, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.
ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართუს“ ჯილდო კარგი ჟესტია, თუმცა, ისინი არა ფულისთვის, არამედ ქვეყნისთვის თამაშობენ.
მისივე თქმით, გუნდში ფულზე არავინ ფიქრობს.
“ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი შედეგები გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და არა ფულისთვის. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს იგივე აზრი აქვს”, – განაცხადა ლოჩოშვილმა.
შორენა პაპაშვილი