ჯერ იყო და 2011 წლის არჩევნებმა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მძლავრი პოლიტიკური ძალა მარტივ მამრავლებად დაშალა და მის ნიდაგაზე რამდენიმე პარტია აღმოაცენ (თავიანთი შორს მიმავალი გეგმებითა და დიდი ამბიციებით), ახლა კი, ამ პარტიულ ნამსხვრევებს უკან აწებებენ და ცდილობენ ისეთი პოლიტიკური ძალა შექმნან, რომელიც 12 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მათ დაბრუნებას უზრუნველყოფს.
26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი უკვე აღარ მალავს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” არ სურთ. მათ განცხადებებში აშკარად იკითხება ქართველი ამომრჩევლის მიმართ ფარული შანტაჟი – თუ გსურთ ევროპული მომავალი მხარი უნდა დაუჭიროთ ხელისუფლების ცვლილებას.
ჯერჯერობით, რასაც ამ ეტაპზე ქართულ პოლიტიკურ ველზე ვხედავთ, არის ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ნამსხვრევები ორ ჯგუფად გაერთიანდნენ და ოპოზიციური ხმების ორი მიმართულებით კონცენტრირება აქვთ გეგმაში: ერთ მხარეს “ენმ” და “სტრატეგია აღმაშენებელია”, მეორე მხარეს კი “ახლები”, “დროა” და “გირჩი-ჯაფარიძე” არიან. გაერთიანების მიზეზი ის 5%-იანი ბარიერია, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში შესასვლელად უნდა გადალახონ.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა – საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს, რომელიც არჩევნებში მე-5 ნომრით იასპარეზებს. ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია “ენმ”-ს მორიგმა ახალმა თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ 8 ივლისს გამართა. მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” უკვე ერთი წელია კოალიციაში არიან.
ახალი პოლიტიკური პლატფორმის ლიდერები არიან: “ენმ”-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა; სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე; დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია; დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი; ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე; პოლიტოლოგი და პროფესორი გია ჯაფარიძე; მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე; სამოქალაქო აქტივისტი ანა მოსაძე; აქტივისტი და ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ფავლენიშვილი; აქტივისტი და სტრატეგია აღმაშენებლის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ლაშა დიაროვი.
როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს პრეტენზია, რომ მთავარი ოპოზიციური მოთამაშე იყოს, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, მათ თავად მონათლეს მათივე პარტია მთავარ ოპოზიციურ ძალად “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. ისინი კოალიციურ მთავრობაზეც არიან თანახმა, ამომრჩეველს კი არწმუნებენ, რომ სწორედ ასეთი მთავრობის პირობებში შევა საქართველო ევროკავშირში.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციამ საერთო ძალისხმევით უნდა გაიმარჯვოს და ამისთვის შევქმენით ერთიანობა. არც ვფიქრობ იმაზე, რომ კოალიციური ხელისუფლება არ იქნება პროდასავლური. დიდი ხნის მანძილზე ვამბობდი, რომ მნიშვნელოვანია კოალიციური მთავრობა და ვფიქრობ, რომ საზოგადოების მხრიდანაც. ეს მოთხოვნა არსებობს. სწორედ კოალიციური ხელისუფლება იქნება ის, ვინც ჩემს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში”, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.
როგორც ბოკუჩავა აცხადებს, ოპოზიციაში ყველას აქვს გაცნობიერებული 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობა და ამისთვის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მათ პლატფორმას არ უერთდება არც პარტია „გირჩი“ და არც გახარიას “საქართველოსთვის“. ისინი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებენ. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ გაერთიანებაში ახალი არავინ და არაფერია. მათივე თქმით, თამარ კორძაია, გია ჯაფარიძე და არმაზ ახვლედიანი ძველი სახეები არიან და ისედაც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ ეს კონფიგურაცია მოცემულობას ვერ შეცვლის, რადგან „ენმ“-ს შანსი არჩევნებზე ნულის ტოლია. ამ გადაჯგუფებებში ისინი უცხოური ძალის ფარულ ხელს ხედავენ.
„უცხოური ძალები ოპოზიციაში ისეთ პიროვნებებსაც კი დააკავშირებს ერთმანეთთან, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანდნენ. მელია ჩაახუტეს კეზერაშვილს, თავზე გვარამია დაასვეს და ათქმევინეს, რომ თურმე რუსეთს უნდა ებრძოლონ შარვლების ჩახდით“, – აცხადებენ „ხალხის ძალაში“.
რაც შეეხება “ლელოს” პოლიტიკურ პერსპექტივას, “გირჩის” ლიდერები ხაზარაძის პარტიას ფეხბურთის მოედანზე მყოფ მოკლეკაბიან ლამაზ გოგონას ადარებენ, ხოლო ნაციონალების 2-ფრონტად გაშლას დამაკმაყოფილებელს უწოდებენ.
„ჯობდა ნაციონალები არჩევნებში ერთი პარტიით გასულიყვნენ, თუმცა ორსაც არა უშავს. რაც შეეხება “ლელოს”, ის არის მოკლეკაბიანი ლამაზი გოგოსავით ფეხბურთის მოედანზე – ყველას უნდა მათ გუნდში იყოს, მაგრამ არა ფეხბურთის სათამაშოდ. როგორც მოკლეკაბიანი ლამაზი ქალი ელვარებს სადღაც, ისე ელვარებს „ლელოს“ ფული”, – აცხადებენ “გირჩში”.
მათი აზრით „ლელოს ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, არჩევნებში პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას. ახალი პარტიის ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, მოლაპარაკებები „გრძელი და რთული“ იყო და ახლა ისინი ერთიან საარჩევნო კამპანიას დაიწყებენ. საარჩევნო ნომრად 4-იანი აიღეს, გაერთიანების სახელზე ჯერ კიდევ მსჯელობენ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” “ენმ”-თან გაერთიანება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ეს არის არა 2 თანაბარი ძალის გაერთიანება, არამედ ერთი სუსტი ძალის მიწებება უფრო ძლიერ ძალაზე ანუ „სტრატეგია აღმაშენებლის“ შეერთება ნაციონალებთან.
“ასეთი შეერთება შეიძლება სხვებსაც იზიდავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროცესში ჩართულები ვერ აღმოჩნდნენ და “აღმაშენებელმა” სხვებს დაასწრო. დასწრება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ერთიანი სიით უნდა გავიდეს ნებისმიერი კომბინაცია. ეს ხომ არ არის ის პარტია, რომელსაც გამარჯვების მაღალი შანსი აქვს და მთელ სიას გაიყვანს პარლამენტში? ჯერჯერობით მას 12-წლიანი გამოცდილება ეუბნება, რომ მთელ სიას ვერ გაიყვანს. 10 კაცი თუ გაიყვანეს, მადლობელი უნდა იყვნენ. ბევრი პარტია, რომ გაერთიანდეს, ამდენი ადგილი სიის პირველ ათეულში არ არის, თანაც ნაციონალებს ალბათ, არ ენდომებათ, რომ მათთან მოსული ხმები გადაანაწილონ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს აჩუქონ”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების ლიდერები დღეს, არ ლაპარაკობენ იმაზე, რაც ყველაზე მთავარია, პოლიტიკური სუბიექტების შეერთებით შეერთდება თუ არა ამომრჩეველი? ეს კი, დიდი ალბათობით, გათვლილი და გაანგარიშებული არ აქვთ, სხვა შემთხვევაში არ ექნებოდათ ამდენი დაშლა-აღდგენის პროცედურები.
ბუნებრივად იბადება კითხვა, არის კი “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთ გაერთიანებაში ყოფნა მომგებიანი?
რამაზ საყვარელიძის აზრით, ფაქტია, რომ ქართველი ამომრჩეველი ბოლო 12 წელია “ენმ”-ს არ უშვებს ქვეყნის მმართველობის სადავეებთან, მაგრამ თუ კი დასავლეთის ინტერესს გავითვალისწინებთ, გამჭვირვალედ ჩანს, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” მოყვანა უნდათ.
„არ ვარ რომანტიკულად განწყობილი ადამიანი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. მით უმეტეს, მინახავს უცხოელების მოქმედება 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ დროს. რადგან დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ რაიმე მიზეზით შეცვალოს საქართველოში ჯიუტი ხელისუფლება და ერთადერთი ალტერნატივაა „ენმ“, მაშინ ის ეცდება ყველა ხერხი გამოიყენოს ამ ცვლილებისთვის. მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, გამოვლინდება არჩევნებში დარღვევები თუ არა“, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების ინტერესშია, რაც შეიძლება ნაკლები დარღვევა დაფიქსირდეს და არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და გამჭვირვალედ.
რაც შეეხება ნაციონალების სხვა ნამსხვრევების: „ახლების“, “დროასა” და “გირჩი – ჯაფარიძის” გაერთიანებას, პოლიტოლოგის აზრით, ამ პარტიების 1-2 %-იანი რეიტინგი მაღალი შანსის მოლოდინს არ ბადებს.
“გარდა ამისა, საზოგადოებრივ აზრთან შესაბამისობაც ნაკლებია ამ პოლიტიკურ ფიგურებთან, ერთმა შარვალი ჩაიხადა, მეორე ნაგვის მანქანებზე დარბოდა, როგორც შეიძლება მათზე სერიოზულად საუბარი?”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია „გირჩი- ჯაფარიძეს“, „დროასა“ და „ახლებს“ სააკაშვილის ბიუროკრატიულ ნარჩენებს უწოდებს. მისი აზრით, ეს პარტიები “ნაციონალური მოძრაობის” კლონირებაა ქართველი ამომრჩევლისთვის სერიოზულად არ აღიქმებიან.
მაისაიას აზრით, 26 ოქტომბრის არჩევნების მეტად რთული იქნება. ოპოზიციური ფლანგიდან ხმების აღების ყველაზე მეტი შანსი აქვთ „ლელოს” და გახარიას პარტიას. ხმების საკმარის რაოდენობას ვერც “ქართული ოცნება” მიიღებს და ადვილი შესაძლებელია ქვეყანა საპარლამენტო კრიზისის წინაშე დადგეს.
“ფიქრობს, რომ დაბალი იქნება ამომრჩეველთა აქტივობა. „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს საკმარის ხმებს და დავდგებით საპარლამენტო კრიზისის წინაშე. ხელახლა მოგვიწევს პარლამენტის არჩევა. ხელისუფლების სათავეში კვლავ დარჩება „ქართული ოცნება“, – განუცხადა Dalma News-ს მაისაიამ.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გაირკვევა ის, თუ ქართველი ხალხი რომელ მიმართულებას აირჩევს. თუ ისევ „ოცნებას“ მიანიჭეს უმრავლესობა, მაშინ გასაგები იქნება, რომ დასავლეთის სახელმწიფოებს საქართველოში არაფერი ესაქმებათ, თუ დაკომპლექტდება კოალიციური მთავრობა და შენარჩუნდება პროევროპული საგარეო კურსი, მაშინ ქვეყანაში დასავლეთის ინტერესები კიდევ უფრო გაძლიერდება.
შორენა პაპაშვილი