სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდა. მოსახლეობა ელექტროენერგიაზე საფასურის გაზრდას კვლავ აპროტესტებს. გუშინ, რესპუბლიკის მოედანზე, სამოქალაქო ინიციატივის “ადექი, სომხეთო!” აქტივისტები შეიკრიბნენ, მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
პირველი შეტაკება მაშინ მოხდა, როდესაც აქტივისტებმა, ტრიბუნის მოსაწყობად, მოედანზე საბურავები მიიტანეს. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა საბურავების აღება მოსთხოვეს და განაცხადეს, რომ მიღებული ინფორმაციით, დემონსტრანტები საბურავების დაწვას აპირებენ.
აქტივისტებმა სამართალდამცველების მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც ყველაზე აქტიური მონაწილეები, მათ შორის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი ანდრიას ღუკასიანი, დააკავეს და პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.
დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრანტებმა ქუჩა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან ახალი დაპირისპირება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ასაკოვანი დემონსტრანტის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.
დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ამ სამართალდამცველს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა და მიმდინარეობს შიდა სამსახურეობრივი მოკვლევა.
სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ რესპუბლიკის მოედანზე საპოროტესტო აქციებს დილამდე გააგრძელებენ. მიტინგის ჩატარება იგეგმება 4 სექტემბერსაც.
სამოქალაქო ინიციატივის “ადექი, სომხეთო!” მონაწილეები ერევნის ცენტრში მდებარე რესპუბლიკის მოედანზე მჯდომარე აქციებს 27 ივლისიდან მართავენ. ისინი ელექტროენერგიის გაძვირების შესახებ ბრძანების გაუქმებას, საზოგადოებრივი მომსახურების დარეგულირების კომისიის წევრების თანამდებობიდან გათავისუფლებასა და “სომხეთის ელექტროქსელების” სახელმწიფო მფლობელობაში გადაცემას მოითხოვენ.