სააგენტო EADaily-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში “სომხეთი: რა არის სპეცსამსახურების და პოლიციის მასშტაბური მარცხის მიზეზი?”, პოლიტიკური მიმომხილველი არმენ ხანბაბიანი შეარაღებული ჯგუფის “სასნა ცრერ”-ის წევრების მიერ ერევანში საპატრულო პონკის ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებული ვითარების გაანალიზებას ცდილობს.
ქვემოთ სტატიას სრულად წარმოგიდგენთ
ერევანში შეიარაღებული დაჯგუფება “სასნა ცრერ”-ის წევრების მიერ საპატრულო პოლკის ხელში ჩაგდების შემდეგ, ვითარება კვლავაც დაძაბულია. დროდადრო სროლების ხმა ისმის. გაიზარდა დაჭრილების რაოდენობა. მებრძოლები ჩაბარებას არ აპირებენ. მათი მხარდამჭერი აქციები რეგულარულ ხასიათს ატარებს და მონაწილეთა რაოდენობაც დღითიდღე მატულობს. არსებულ ვითარებაში შეუძლებელია იმის თქმა, თუ როგორ და როდის მოიძებნება გამოსავალი.
სამაგიეროდ, საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: როგორ დაუშვეს მსგავსი ვითარება? ადგილობრივი მედია წერს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახური და პოლიცია პასუხისმგებლობებს ერთმანეთს აკისრებს. ძირითადად ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა პოლიციის ხელმძღვანელობას იმაში ადანაშაულებს, რომ “არასაკმარისად აკონტროლებდა მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურას”, რის შედეგადაც შეიარაღებული პირების ჯგუფი ზემოთ აღნიშნულ რაზმს დაესხა თავს.
თავის მხრივ, პოლიციაში მიანიშნებენ, რომ ნაწილში თავდასხმის დროს 8 ადამიანი იყო, ხოლო მებრძოლები – რამდენიმე ათეული. გარდა ამისა, პოლიცია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს პრეტენზიებს თავად უყენებს და მიანიშნებს, რომ სწორედ ეს სპეცსამსახური ახორციელებს ოპერატიულ შიდა დაზვერვას, თუმცა თავდასხმის მზადების შესახებ მან არაფერი იცოდა და შესაბამისად, ვერავინ გააფრთხილა.
ეს მით უფრო გასაკვირია, რადგანაც დაახლოებით ერთი თვის წინათ, იარაღის უკანონო შეძენის, შენახვის და გადაადგილების გამო, რადიკალების ლიდერი, ცნობილი პოლიტიკოსი და ყარაბაღის ომის გმირი ჟირაირ სეფილიანი დააკავეს. ამის შემდეგ მისმა თანამოაზრეებმა ღიად განაცხადეს, რომ “სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტის დაკავებას გეგმავდნენ”. თუმცა ძალოვნების სიფრთხილის გასაძლიერებლად და მათი ოპერატიული და აგენტურული მოღვაწეობის გასააქტიურებლად საკმარისი არც ეს აღმოჩნდა.
როგორც ცნობილმა მეცნიერმა და პროფესორმა სურენ ზოლიანმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, “ხელისუფლება პარალიზებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი ოპერაცია ვერ განხორციელდებოდა. როგორ შეძლო 30-მა ადამიანმა,რომლებიც მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან და მათი ტელეფონები ისმინება, იარაღის შეგროვება და პოლიციის მთელი, 40 საგუშაგოს დაკავება? მეჩვენება, რომ ხელისუფლების ერთ-ერთმა მიმართულებამ ამ ოპერაციას ჩატარების უფლება მისცა. სწორედ ძალოვნებმა უნდა აგონ პასუხი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა მსგავსი რამის დაშვება”, – მიაჩნია პროფესორ ზოლიანს.
ამასთან დაკავშირებით შეიძლება აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის გამოცდილი ხელმძღვანელი, მდიდარი “საბჭოთა” გამოცდილების ჩეკისტი გორიკ აკოფიანი, რომელიც სპეც.სამსახურებს სათავეში ჯერ კიდევ 12 წლის წინ ჩაუდგა, თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ეს მოვლენა არც ისე მოულოდნელი იყო, რადგანაც აკოფიანი 70 წლის იყო და სახელმწიფოს მეთაურმა, რამდენჯერმე გაახანგრძლივა ამ თანამდებობაზე მისი მუშაობის ვადა. მთავარი მოულოდნელობა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 35 წლის გიორგი კუტოიანის დანიშვნა იყო. ეს უკანასკნელი მანამდე პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა და სპეც.სამსახურებთან შეხება არ ჰქონდა. ერევნის მოქალაქე კუტოიანი 2002 წელს დაიბადა. რუსეთში, როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ფრიადზე დაამთავრა, შემდეგ საკანდიდატო დისერტაცია ერევანში დაიცვა და ფლეჩერის სკოლაში (აშშ-ს ტაფტის უნივერსიტეტი) ადამიანის უფლებებისა და დიპლომატიის კურსი გაიარა. მუშაობდა რესპუბლიკის გენპროკურატურაში, ომბუდსმენის აპარატში და კერძო ადვოკატად. ხუთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის თანაშემწე იყო, ცოტა ხნის წინათ კი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობდა.
გავრცელდა ჭორები, რომ ახალგაზრდა იურისტმა ასეთი შესანიშნავი კარიერის მოწყობა იმის წყალობით შეძლო, რომ იგი პრეზიდენტის სიძის მიხეილ მინასიანის მეგობარია. ეს მართლა ასეა თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რომ, როგორც მაშინ ერევნული გაზეთი “ჟოხოვურდი” წერდა, კუტოიანმა თავის უწყებაში საკადრო რეფორმები დაუყოვნებლივ დაიწყო, რასაც მთელი რიგი განყოფილებების ხელმძღვანელობის, საშუალო წოდების ოფიცრების გათავისუფლება მოჰყვა. თანამდებობიდან ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მოადგილეც გაათავისუფლეს.
ირწმუნებოდნენ, რომ სპეცსამსახურებში “წმენდა” ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობდა. მალე ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყურადღების ცენტრში “სხვა სამთავრობო სტრუქტურებიც მოხვდა, მათ შორის სახელისუფლებო შემადგენლობა”.
სავსებით შესაძლებელია ასეც იყოს. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მთელი რიგი ოფიცრების განთავისუფლება უარყოფითად აისახა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შიდა აგენტურის კავშირებზე, რადგანაც, როგორც ცნობილია, მოქალაქეებს შორის არსებული, კარგად გაწრთვნილი ინფრომატორები ახალ თანამშრომლებთან ავტომატურად არ აგრძელებენ მუშაობას, მით უფრო თუ მათ წინანდელ კურატორს ამა თუ იმ მიზეზის გამო, ამის სურვილი არ აქვს. ახალმა თანამშრომლებმა თავიანთი ინფორმატორების ქსელი დამოუკიდებლად უნდა შექმნან.
ქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის დასაწყისში საკადრო ცვლილებების შედეგად ინფორმაციის მნიშვნელოვანი არხი დაკარგა. ამას არაპირდაპირი სახით ადასტურებს ის, რომ არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია რადიკალების მიერ თავიანთი ლიდერის დაკავების საპასუხოდ გახმაურებულ ღია მუქარას.
ასეთი ვერსია, რაღაც დონეზე თუ არ ამართლებს, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის აშკარა წარუმატებლობას მაინც განმარტავს. თუმცა, სავსებით გაუგებარია, არსებული ვითარება, როგორ ვერ შენიშნეს პოლიციურ სტრუქტურებში, რადგანაც, როგორც ცნობილია, მათ ინფორმაციის ფართო ქსელი აქვთ. სხვათა შორის, საპატრულოში შეჭრილი მებრძოლები ირწმუნებიან, რომ იქ დაახლოებით 200 ადამიანის სია იპოვეს, რომლებიც მათი აზრით, პოლიციაზე მომუშავე “დამსმენები” არიან. ცხადია, ასეთი ადამიანი ბევრად უფრო მეტია. ბოლო დროს რესპუბლიკის საპოლიციო სტრუქტურაში სერიოზული საკადრო ცვლილება აღარ მომხდარა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კავშირი ინფორმატორებსა და ოპერატიულ შემადგენლობას შორის გაწყვეტილი არ ყოფილა.
ამიტომაც, პოლიციის არასაკმარისი მუშაობის შესახებ კითხვას აშკარა პასუხი არ აქვს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ პასუხის გაცემა უწყების ხელმძღვანელ, გენერალ ვლადიმერ გასპარიანსაც უჭირს. ბოლო დროს იგი უკვე აღარ ჩნდება პუბლიკის წინაშე და მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, სხვა შემთხვევებში ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე მას უარი არასოდეს უთქვამს. ეს შესაძლოა იმის დასტური იყოს, რომ პოლიცმეისტერის მუშაობით “ზევით” არც ისე კმაყოფილები არიან.