ალექსანდრე პუშკინის შემოქმედებას მთელს მსოფლიოში იცნობენ და მისი დაბადების წლისთავი ხშირად აღინიშნება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ამჯერად, დიდი პოეტის დაბადებიდან 225 წლის იუბილე სომხეთის დედაქალაქში აღინიშნა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: მოსკოვის მთავრობა, ქ. მოსკოვის საგარეო ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, მოსკოვის თანამემამულეთა სახლი და მოსკოვის სახლი ერევანში.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ყველაზე პატარა სტუმრებისთვის ქვიშის ანიმაცია მოეწყო, რომლის დროსაც ცენტრის – “Ammos” მხატვარმა ამალია ხუბლარიანმა მაყურებლის წინაშე ალექსანდრე პუშკინის ზღაპრების მაგია გააცოცხლა, რომელსაც არაერთი თაობა ჰყავს შთაგონებული. მოხუცი მეთევზე და ოქროს თევზი, მოჩხუბარი მოხუცებული, მეფე დადონი, ოქროს მამალი, შამახანის დედოფალი და პუშკინის ზღაპრების სხვა გმირები რევანში, მოსკოვის სახლის სტუმრების წინაშე გაცოცხლდნენ.
“სასიხარულოა, რომ ჩვენი პატარა მაყურებელი დღეს დიდი ცნობისმოყვარეობით უყურებს ქვიშის ნახატების შექმნის პროცესს, რომელიც ჩვეულებრივ ანიმაციასთან შედარებით არსებითად მარტივი გასაგებია. ერთია პროფესიონალი მხატვრის მიერ წარმოდგენილი ზღაპრის მოსმენა და მეორეა ეკრანზე შესაბამისი ქვიშის გამოსახულებების გამოჩენა. უფრო მეტიც, როგორც შევნიშნე, ეს ბევრისთვის სიახლე იყო და ზოგიერთი ბავშვი სპექტაკლის შემდეგ ქვიშის მაგიდას მიუახლოვდა და ენთუზიაზმით ცდილობდა ქვიშისგან რაიმეს გამოსახვას. ვფიქრობ, ღონისძიებამ მათი ინტერესი აღძრა როგორც ქვიშის ანიმაციის ხელოვნების, ისე პუშკინის ზღაპრების მიმართ“, – განაცხადა ანიმაციური თეატრის Ammos Sand-ის ხელმძღვანელმა რუზანა სარგსიანმა კორესპოდენტთან საუბარში.
წარმოდგენას განსაკუთრებული ინტერესი შესძინა სტანისლავსკის სახელობის ერევნის რუსული დრამატული თეატრის მხატვარმა ანტონ აგაჯანიანმა, რომელმაც ბავშვები დაატყვევა საყვარელი გმირების შესახებ საინტერესო ამბების თხრობით და მათ საინტერესო ვიქტორინა მოუწყო.
„უნდა ვაღიარო, ძალიან მიყვარს ბავშვებთან მუშაობა, მსიამოვნებს საბავშვო სპექტაკლებში თამაში და როცა მათთვის პუშკინის ზღაპრების წასაკითხად მიმიწვიეს, სიამოვნებით დავთანხმდი. გავოცდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ თანამედროვე ბავშვები კარგად იცნობენ კლასიკოსების ნაწარმოებებს, ჩვენმა პატარა მსმენელმა იცოდა როგორც “მეთევზის ზღაპარი და თევზი”, ასევე „ზღაპარი ოქროს მამალზე“, რომლებიც წარმოდგენილი იყო ქვიშის ანიმაციის გამოყენებით. შემდეგ, მათ საჩუქრად გადაეცათ ალექსანდრე პუშკინის ზღაპრების წიგნები. ვფიქრობ, ძალზედ მნიშვნელოვანია ბავშვებს კლასიკური ნაწარმოებები გააცნო და ეს ღონისძიება, დარწმუნებული ვარ, ამ ბავშვებს ლიტერატურით დაინტერესებაში დაეხმარებათ. – განაცხა ჩვენთან საუბარში ანტონ აგაჯანიანმა.
საღამოს ცენტრის საგამოფენო დარბაზში „პუშკინის ჩაის წვეულება“ გაიმართა, რომლის დროსაც თეატრისა და კინოს მსახიობმა, რეჟისორმა, დრამატურგმა, რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის პედაგოგმა, დარია კაზეევამ, ალექსანდრე პუშკინის ნაწარმოების მიხედვით მონო სპექტაკლი წარმოადგინა.
„ჩემთვის ყოველთვის დიდი სიხარულია ერევნის მაყურებლის წინაშე გამოსვლა, რადგან ვხედავ ჭკვიან თვალებს და მესმის მაყურებლის ცოცხალი გამოხმაურება, მით უმეტეს, რომ დღეს დაგეგმილზე ორჯერ მეტი ხალხი მოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერევანში მოსკოვის სახლის სტუმრებს უყვართ პოეზია, პუშკინის შემოქმედება და ზოგადად კულტურა. ეს ჩემთვის სასიხარულია იმითაც, რომ ძალიან მიყვარს პუშკინი და “ვმეგობრობ” ევგენი ონეგინთან, რომელსაც ჩემი სპექტაკლი ეძღვნება და მასთან ყოველი შეხება ჩემთვის ახალი აღმოჩენაა. ამიტომ, ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ სპექტაკლისთვის მომზადება. რაც შეეხება დარბაზში არსებულ ატმოსფეროს, ის უბრალოდ გასაოცარი იყო: მაყურებელი ხალისით გამოეხმაურა და ცოცხალი კონტაქტი ჰქონდა ჩემთან“, – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს დარია კაზეევა.
ღონისძიებაზე ასევე ისაუბრა საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატმა, პიანისტმა რუბენ კოზინმა. «ამ საღამოსთვის მოვამზადე არაერთი ნაწარმოები, რომლებიც, ჩემი აზრით, ალექსანდრე პუშკინის შემოქმედებას შეესაბამება. ეს არის ოთხი ფრაგმენტი ჩაიკოვსკის ყველასთვის საყვარელი ციკლიდან “სეზონები”. ეს არჩევანი იმით აიხსნება, რომ თუ “ევგენი ონეგინი” რუსული ცხოვრების ენციკლოპედიაა, მაშინ “სეზონები” იმდროინდელი რუსული მუსიკალური კულტურის კვინტესენციაა. ჩემთვის ძალზედ სასიამოვნო იყო დღეს, ამ ღონისძიებაზე საზოგადოების წინაშე წარდგენა. სხვათა შორის, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ზაფხულის არდადეგების მიუხედავად სავსე დარბაზი ვიხილე. უნდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან საინტერესო აუდიტორიაა, რომელსაც ძალიან უყვარს პოეზია და მუსიკა“, – დასძინა ჩვენთან საუბარში პიანისტმა.
საღამო პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საუბრით დასრულდა, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატთან, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსული და მსოფლიო ლიტერატურისა და კულტურის კათედრის ასოცირებულ პროფესორ სონა მარგარიანთან.
՚მოსკოვის სახლი ერევანში მუდმივად მართავს მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც გამოჩენილი რუსი მოღვაწეების იუბილეებს ეძღვნება. ვიმედოვნებთ, ამ საღამოს წყალობით ჩვენი სტუმრები კიდევ უფრო უკეთ გაეცნენ ალექსანდრე პუშკინის შემოქმედებას და აღმოაჩინეს მისი ნიჭის ახალი, მათთვის აქამდე უცნობი ასპექტები“, – განაცხადა ერევანში, მოსკოვის სახლის ღონისძიებების ორგანიზების მთავარმა სპეციალისტმა თავის დასკვნით სიტყვაში ცოვინარ ამირიანმა.