მაშ ასე, სომხეთი 2024 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თავმჯდომარის რანგში იწყებს. ბოლო თვეების განმავლობაში აქტუალური იყო საკითხი იმის შესახებ, მიიღებდა თუ არა სომხეთი თავმჯდომარეობას, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში არსებული კრიზისის ყოველდღიურად გამწვავების მიუხედავად. თუმცა, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მრავალთვიანი ბოიკოტის შემდეგ, პირადად გაემგზავრა პეტერბურგში, ჩაიბარა თავმჯდომარეობა და დაბრუნდა ერევანში.
მეორე დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ეფექტურად ფუნქციონირებს, მათ შორის სომხეთთან მიმართებაშიც.
სომხეთის ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ სომხეთს ევრაზიის ეკ. კავშირის წევრობისგან მრავალმხრივი სარგებელი აქვს და ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად აფიქსირებს დადებით შედეგებს, სწორედ ევრაზიული ინტეგრაციისა და იმ სარგებელის წყალობით, რასაც ევრაზიული ბაზარი იძლევა. ეს ყველაფერი კი ცოტა არ არის.
ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, თემაზე „სომხეთი ევრაზიის ეკ. კავშირში: მიმდინარე შედეგები და ინტეგრაციის პროცესის თვალსაჩინო პერსპექტივები“, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. ამრიგად, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის რუსული კვლევითი ცენტრის დირექტორის, ევრაზიული ექსპერტთა კლუბის კოორდინატორის არამ საფარიანის თქმით, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისთვის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება.
“2024 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თავმჯდომარის მოვალეობას სომხეთი შეასრულებს. იგი შეეცდება შესამჩნევი მონაწილეობა მიიღოს ევრაზიული ინტეგრაციის პროცესისადმი საერთაშორისო ინტერესის შემდგომი გაზრდის პროცესში. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში განახორციელებს რამდენიმე მსხვილ ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის მაღალკვალიფიციური და პატივცემული სპეციალისტების მონაწილეობით”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია გვესმოდეს და ხმამაღლა ვაღიაროთ, რომ ამ პროცესში მონაწილეობით მნიშვნელოვანი მოგება და სარგებელი გვაქვს“. იქვე დასძინა, რომ სომხეთის ეკონომიკური განვითარების ღერძი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ძირითადად რუსეთთან (95%-ზე მეტი) და გაერთიანების სხვა ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა იყო.
“ევრაზიის ეკ. კავშირი სომხეთის უდიდესი ეკონომიკური პარტნიორია და ჩვენი საგარეო ვაჭრობისა და ეკონომიკური აქტივობის ნახევარზე მეტი მასზე მოდის. წინა წელთან შედარებით, წელს ამ მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის ზრდა 40%-ზე მეტია“, – განაცხადა მან და იქვე დასძინა:
“ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წარმატებული წევრობა, სომხურ-რუსული ეკონომიკური კავშირების განვითარება და გაღრმავება, ევრაზიული ფინანსური სტრუქტურების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანი და მყარი არგუმენტია სომხურ-რუსული კავშირებისა და ურთიერთქმედების შენარჩუნების, განვითარებისა და განმტკიცებისთვის”.
ალტერნატიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის წევრმა თათულ მანასერიანმა ასევე აღნიშნა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება დადებითად მოქმედებს სომხეთზე და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთმა, როგორც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის წევრმა, დიდ ეკონომიკურ წარმატებებს მიაღწია. „და ამ ყველაფერს ჩვენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მივაღწიეთ…“ განაცხადა მან.
მანასერიანის თქმით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობის სირთულეების, კერძოდ, საბაჟოების, ბარიერული გარემოს, კაპიტალის, შრომის თავისუფალი გადაადგილების, კავშირის დიდ ბაზარზე წვდომის არარსებობის მიუხედავად, ეს ყველაფერი უზარმაზარ უპირატესობას ანიჭებს სომხეთს და იმ ეკონომიკური ნახტომის მიზეზს აძლევს, რომელსაც დღეს ქვეყანა განიცდის. სტატისტიკაც ამას მეტყველებს:
”ამგვარად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, სომხეთის საგარეო და ურთიერთსავაჭრო ბრუნვის მოცულობა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41.2% -ით გაიზარდა და 15,445,535.0 აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ სომხეთსა და რუსეთს შორის 2023 წლის 10 თვის განმავლობაში 5.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვრით-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით 40.8% -ით მეტია,. ამავდროულად, ზემოთ აღნიშნულ პერიოდში ექსპორტმა 2.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (63%-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტმა – 2.7 მილიარდი აშშ დოლარი (ზრდა 16.6%) შეადგინა”.
მანასერიანის თქმით, 2022 წელს სომხეთსა და ევრაზიის ეკ. კავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ 5,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 92,7%-ით მეტია. 2022 წელს ექსპორტმა 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 2,8-ჯერ მეტია , ხოლო იმპორტმა 2,7 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა 49%) და რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ალექსეი ოვერჩუკის პროგნოზით, წელს ევრაზიის ეკ. კავშირში ვაჭრობის მოცულობა 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რაც ახალი რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
„ერევანსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მხარეები ეკონომიკურ სფეროში პოზიტიურ დინამიკას აფიქსირებენ. პოზიტიური დინამიკა სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროშიც ფიქსირდება“, – აღნიშნა მანასერიანმა.
შეგახსენებთ, რომ ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს დეკემბრის შეხვედრამდე და სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალურ სამიტამდე , ოფიციალურმა ერევანმა სხვა ევრაზიულ ინტეგრაციულ გაერთიანებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კერძოდ, ოქტომბერში,ბიშკეკში გამართულ ევრაზიის ეკ. საბჭოსა და დსთ-ს სამთავრობათაშორისო შეხვედრებში ფაშინიანს მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ბოლო დროს, სომხურ მხარეს მონაწილეობა არსად მიუღია. ასევე უარი თქვა წლევანდელი სამხედრო წვრთნების სომხეთის ტერიტორიაზე ჩატარებაზე. მაგრამ თუ ერევანს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა, ევრაზიის ეკ. კავშირთან, პირიქით, პრეტენზია არ აქვს. თვით არარატ მირზოიანმაც კი განაცხადა, რომ “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისაგან განსხვავებით, სომხეთში ევრაზიის ეკ. კავშირის კრიტიკა არასოდეს ყოფილა“.
2024 წელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საიუბილეო წელია. იგი უკვე ათი წელია არსებობს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მოსკოვში აღნიშნავს იუბილეს – არსებობის ზუსტად ათი წლისთავს. ამასთან დაკავშირებით, საიუბილეო სამიტი გაიმართა.
ლინა მაკარიანი