ლეიბორისტული პარტიის ოფისში და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებული ოპოზიციის ერთობა ნელ-ნელა იშლება. მის რიგებს გზადაგზა ტოვებენ ამბიციური ლიდერები, თუმცა, ყველა მათგანს ნაციონალების 30-35 %-იანი მხარდამჭერების ხმების თავის მხარეს წაღების იმედი აქვთ. სრულად პროპორციული სისტემისთვის მებრძოლ ოპოზიციას უჭირს საერთო სიაზე შეთანხმება, მათ ჯერ, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიც ვერ გადაინაწილეს და 75-ის ნაცვლად უკვე განახევრებული, 30 მანდატი ვერ გადაინაწილეს. თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან კი ჯერჯერობთ, მხოლოდ 6 ოლქის კანდიდატი ჰყავთ დასახელებული.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობას ერთმანეთს რამდენიმე ამბიციური ფიგურა ეცილება. ყველა მათგანი წინასწარმეტყველურ სიზმრებში თავს უკვე პრემიერ-მინისტრად, პარლამენტის თავმჯდომარედ, თუ ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად ხედავს. ამბიცია ყველას დიდი აქვს, მეორე საკითხია, რა სურს ქართველ ამომრჩეველს. ყველაზე საინტერესო ბოლო სერიაში იქნება, რომელსაც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ვნახავთ. ამასობაში, ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა დატოვეს. როგორც ამბობენ, ვაშაძე პრემიერის პოზიციაზე მისი კანდიდატურის დასახელებასა და გამსვლელ სიაში ნახევარ კვოტაზე უარმა გაანაწყენა. “ენმ”-ში კი ამბობენ, რომ მათი ამომრჩევლის ხმების სხვის კალათში გადანაწილებას არ დაუშვებენ.
თაკო ჩარკვიანი ერთი მხრივ, ტოვებს გაერთიანებას, მეორე მხრივ კი, ამბობს, რომ სააკაშვილის იდეებს იზიარებს და მას ლიდერად მოიაზრებს. ის ცნობილი ქართველი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილია. პოლიტიკური მოღვაწეობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროიდან დაიწო, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერად მოგვევლინა. თაკო ჩარკვიანის აზრით, მაშინ, ვაშაძემ, არჩევნების წაგების მიუხედავად დიდი გამარჯვება დადო. 900.000 ხმის მოგროვება “ენმ”-სთვის დიდი გამარჯვება იყო, ამაზე დიდი წარმატება “ენმ”-ში არავის უჩვენებია, ლეიბორისტების ოფისში გაერთიანებას კი, ჯერჯერობით გამარჯვება არ დაუდია.
რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ის უკვე კარგა ხანია დამოუკიდებლად აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას და მოსახლეობას თავს სოციალურ ქსელში “ლაივებითა” და სხვადასხვა აქტივობებით ახსენებს. “ენმ”-ს რიგები 2016 წელს დატოვა და ცალკე პარტია შექმნა. მიაჩნია, რომ “ნაციონალურ მოძრაობის“ ამომრჩეველი ახალი ტიპის იდეებს ელოდებოდა, რაც არ განხორციელდა. მისივე შეფასებით, პარტია “ნაციონალური მოძრაობისგან” შედგა დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც თავისი ბუნებით ბიძინა ივანიშვილის “მავნებლური” მმართველობის მოკავშირეა.
ცნობილია, რომ გიორგი ვაშაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სიძე – დისშვილის ქმარია. ეს უკანასკნელი კი, სწორედ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მილიარდელ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
გიორგი ვაშაძის ოპოზიციური გაერთიანებიდან “ძალა ერთობაშია” გასვლას კომენტარები მოჰყვა სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდანაც. “ენმ”-ს მხარდამჭერები ურჩევენ ვაშაძეს არ დაივიწყოს სად აიდგა ფეხი, როგორც პოლიტიკოსმა და ვინ დაეხმარა “ფრთების გაშლაში”.
“გიორგის და თაკოს ასეთი ნაბიჯი არ არის შეცდომა, მაგრამ ენმ-ს გაემიჯნაო ამბობენ და თუ ეს სიმართლეა, მაშინ ვერ მოვუწონებ საქციელს! არ ვიცი ტაქტიკურად რას უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს ვინ იყო ის პერსონა, ვინც “ფრთების” გაშლა და “ფრენა ასწავლა”;
“ოპოზიციის მეტად ჩამოყალიბებას ვისურვებდი, ხალხმა უნდა დაინახოს კონკრეტული ფორმა”;
“დემაგოგი, ტექსტი მაინც შეცვალოს, ზუსტად “ოცნების” დაპირებებს რომ ემთხვევა მისი დაპირებები”;
“ძალა ერთობაშია”, ეს სიტყვები პასუხია გიორგის და თაკოს მცდარ ნაბიჯზე”, – წერენ მოქალაქეები სოცქსელში.
ექსპერტ ნიკა ჩიტაძის მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია რამდენიმე, განსხვავებული პოლიტიკური სუბიექტით არის წარმოდგენილი, მათ შორის, უშუალოდ გაერთიანება “ძალა ერთობაშია”, მოსალოდნელი იყო გარკვეული უთანხმოება საარჩევნო სიებთან და მაჟორიტარულ ოლქებში კონკრეტული კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, ცხადია, მსგავსი უთანხმოება ოპოზიციისთვის წამგებიანი და სამწუხაროა, რადგან დღეს მათ ერთიანობა სჭირდებათ და, თუ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამარცხება სურთ, საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით უნდა გამოვიდნენ.
ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციაში გარკვეული შეთანხმება მაინც შედგეს. საუბარია იმაზე, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 22 მაჟორიტარულ ოლქში სურს საკუთარი კანდიდატების წარდგენა, “ევროპული საქართველოს” კი ურჩევენ, 4 კანდიდატურას დაყაბულდეს.
Dalma News-ის კითხვაზე, რამდენად თანმიმდევრულია დღეს ოპოზიცია, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ნაწილობრივ, ანუ ოპოზიცია მოქმედებს კოორდინირებულად, მაგრამ “ენმ” “ქართულ ოცნებასთან” საინფორმაციო ომს აგებს. როგორც ნიკა ჩიტაძე აცხადებს, სწორედ “ოცნების” ხელისუფლების პროპაგანდის შედეგია დღეს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნეგატიური განწყობა “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ.
“რაფალიანცის სიკვდილი, ზურაბ ჟვანიას ე.წ მკვლელობა პროპაგანდაა, ის რომ ბენზინის გადასახადიდან ლიტრზე ერთი ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა – ტყუილია; ის, რომ აწამებდნენ პატიმრებს, ტყუილია. ციხის კადრები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ იყო განხორციელებული და „ოცნებამ“ არჩევნების წინ გამოამზეურა. არსად არ მტკიცდება, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, რომ პრეზიდენტის და პრემიერის ბრძანება იყო, ციხეში პატიმრები ეწამებინათ. პროპაგანდაა ბუტა რობაქიძის სიკვდილი. პოლიციელის გაუფრთხილებელი გასროლის გამო, (რასაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა – რედ.) 3 წლით იჯდნენ ადამიანები ციხეში. დაისაჯნენ. გირგვლიანს, რაც შეეხება, აქაც პროპაგანდაა, იმიტომ, რომ ადამიანი გადაიჩეხა და არ არის დამტკიცებული განზრახ მკვლელობა”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
ნიკა ჩიტაძე არ უარყოფს, რომ “ენმ”-ს ჰქონდა შეცდომები დემოკრატიის მიმართულებით, მაგრამ მიაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში არის ავტორიტარული რეჟიმი. თუმცა, აღიარებს, რომ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიას “ქართული ოცნების” ხელისუფლება მეტ-ნაკლებად უმკლავდება და ეს, მის რეიტინგზე დადებითად აისახება. მას მიაჩნია, რომ არ დარჩა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური პარტია და ლიდერი, რომლებიც ქართველ ამომრჩეველს ხელისუფლებაში ჯერ არ უნახავს. დღეს, ამომრჩეველი ელოდება ცვლილებებს და არა, რომელიმე ძალის უმრავლესობას, ან ჭრელ კოალიციას პარლამენტში.
ანალიტიკოს გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალური ოპოზიცია” კონკურენტუნარიანი ვერ არის და ვერც იქნება. მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელ რეალობაში არ ჰყავს ჯანმრთელი, ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია მთავრობის საგნობრივ კრიტიკაზე. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, რომელმაც დიპლომატიურად მოუწოდა ოპოზიციას წარმოადგინონ საკუთარი პლატფორმა და წინასაარჩევნო პროგრამები.
“ყველა ნორმალურ ქვეყანაში, პარტიები პროგრამებით პაექრობენ, ჩვენთან კი – დეზინფორმაცია, ფსევდოგამოძიებები, ახალგაზრდების ტრაგედიებით სპეკულირება და ა.შ, არის მოდაში. იმედი მაქვს მომავალი პარლამენტი შეძლებს, წარმოქმნას ნორმალური, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია ოპონირება და არა, რაღაც მაიმუნური პერფორმანსების დადგმა”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.
მისივე თქმით, გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანი მზარდი ამბიცია ვერ ჩაეტია ოპოზიციური გაერთიანების ჩარჩოებში. ოპოზიციის დიდ ნაწილს ახასიათებს ჭარბი ამბიციები და თავი უკვე მომავალი პრემიერ-მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარეები ჰგონიათ, რომ მათ მიერ დასპონსორებული ფეისბუქმიმართვებით მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვთ.
“ოპოზიციაში უკვე განხეთქილებაა. ეს ფაქტია. გიორგი ვაშაძე ისე არის გატაცებული თავისი წინასაარჩევნო კამპანიით, რომ ზოგჯერ საკუთარ თავს ესაუბრება. პოლარიზაცია აქტუალური პრობლემაა ამერიკაშიც და ევროპაშიც, თუმცა ევროპაში დეზინფორმაციას სტერილიზაციას უკეთებენ შესაბამისი ევროპული რეგულაციებით, რაც საქართველოში ჯერჯერობით არ არის”, – ამბობს გია აბაშიძე.
როგორც ანალიტიკოსმა Dalma News-ს აცნობა, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს ჭარბ დეზინფორმაციას ევროპული მეთოდებით შეებრძოლოს და შემოიღოს რეგულაციები, რომლითაც საზოგადოებას ტყუილებისგან დაიცავს.
P.S. როგორ შეძლებს “ნაციონალური მოძრაობის” სტაბილური ამომრჩეველი საკუთარი ხმების ოპოზიციის ყველა ლიდერზე გადანაწილებას ისე, რომ პარლამენტში, მათი პარტიების 1%-ზე მეტი მხარდაჭერა უზრუნველყონ, დრო გვიჩვენებს.
გიორგი მესხი