ყოველი ზაფხულის სეზონი, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე მომაკვდინებლად ზემოქმედებს. საგარეო თუ საშინაო ფაქტორების გამო, ლარი კატასტროფული სიჩქარით ეშვება დაბლა. წლევანდელმა ზაფხულმა, წინა წლების რეკორდი ნამდვილად მოხსნა. “ქართული ოცნება” ხელს ოპოზიციისკენ იშვერს, “ნაციონალური მოძრაობა” კი, მათი მმართველობის პერიოდში გამყარებული ლარით იწონებს თავს, მოსახლეობის ინტერესები – ორივე მათგანისგან უგულვებელყოფილია.
რამდენად სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას ხელისუფლება და შესაძლებელია თუ არა ლარის ვარდნას საქართველოში, სოციალური აფეთქება მოჰყვეს, ამის შესახებ, Dalma News-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე ესაუბრა.
– როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას?
– არ მიმაჩნია, რომ, რაღაც კატასტროფული, ან უკიდურესი ვითარებაა. ეს არის მოგვარებადი პრობლემები თუ ხელისუფლება სწორ მაკროეკონომიკური პოლიტიკას გაატარებს. ჩვენ ძალიან ბევრი გამოუყენებელი რესურსი გვაქვს – ადამიანური, მატერიალური და ფინანსურიც. 20 წელია ვერ აეწყო ქვეყნის ეკონომიკა. მთელი ამ წლების განმავლობაში, ხელისუფლებები მემკვიდრეობით პოლიტიკას ატარებენ. აქტიურად ვარ დაკიდებული იმპორტზე, როცა ძალიან ბევრი რამ შეიძლება ადგილზე წარმატებით იწარმოებოდეს.
– მემკვიდრეობით პოლიტიკაში რას გულისხმობთ?
– ნორმალურ სახელმწიფოებში ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობა არის წინა ხაზზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთის ამომრჩეველი ხელისუფლებას არჩევნებზე ძალიან სერიოზული განაჩენს გამოუტანს. სწორედ მთავრობასა და მოსახლეობას შორის ეს უკუკავშირი, ანუ შედეგის აუცილებლობა, იკავებს იმ წონასწორობას, რაც არის დასავლურ ქვეყნებში. ჩვენთან ეს არ არის – პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ეს მარტო საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ეს მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების პრობლემაა. ხელისუფლებები ნაკლებად ცდილობენ შედეგზე გასვლას და არჩევნების შემდეგ ავიწყდებათ, რომ მათ დიდი ვალდებულებები გააჩნიათ ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე.
– ხელისუფლებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ ლარის კურსი ეცემა და მოსახლეობაში უკმაყოფილება მატულობს?
– ეს უკვე ხელისუფლების პრობლემაა. ხელისუფლებაში მყოფ “ოცნებას” 7 წლის წინათ ფანტასტიკური ნდობა ჰქონდა, მოსახლეობა მასზე უდიდეს იმედს ამყარებდა და სამწუხაროდ, ამ 7 წლის განმავლობაში თუ შეიცვალა მოსახლეობის “ოცნებისადმის” დამოკიდებულება, ეს ნამდვილად ხელისუფლების ბრალია და ვერანაირი ოპოზიცია ამას, უბრალოდ, ვერ შეძლებდა. მოლოდინები ფაქტობრივად არ იქნა რეალიზებული და ადამიანებმა უკეთესობა ვერ იგრძნეს. თუმცა ქვეყანა იზრდება, სტაბილური ვითარებაა მშვიდობის თვალსაზრისით, მაგრამ სუსტია სოციალური პოლიტიკა, ეროვნული შემოსავალი სხვადასხვა ფენებს შორის ხელმისაწვდომი არ არის და მხოლოდ ვიწრო წრეში ხდება მისი მოხმარება. ეს კი, იწვევს იმას, რომ ერთი მხრივ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, მეორე მხრივ – ადამიანები ისევ ღარიბები და დაუსაქმებლები არიან.
– როდესაც “ოცნება” მოვიდა, მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წამოიწყეს, იგივე სოფლის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ შედეგი არ ჩანს, რატომ?
– იმის თქმა, რომ არაფერი კეთდება, სწორი არ იქნება. შესაძლოა საკმაოდ ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ეს არის ეპიზოდები და ფაქტობრივად, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი პროექტები. არის მაღალი ხარისხის პროტექციონიზმი და ის, რაც მნიშვნელოვანია საბაზრო ეკონომიკისთვის, რომ ღია კონკურენტული გარემო შეიქმნას და რესურსები კონკურენტულ საფუძველზე განაწილდეს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოში არ არის.
– პრობლემა ქვედა რგოლებშია?
– პრობლემა არის, დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის დამახასიათებელი – დამოუკიდებელი ინსტიტუტების, რეგულაციის დამოუკიდებელი მექანიზმების არარსებობა.
– ლარის გაუფასურება რამდენად შეიძლება დავუკავშიროთ თურქეთის ეკონომიკის გავლენას და ტურისტების შემცირებას?
– იგივე თურქეთი და 20-21 ივნისის მოვლენები, ეს არის შოკები. რაღაც ფუნდამენტალური, უარყოფითი ძვრები ქვეყნის ეკონომიკაში არ ყოფილა. ეს არ არის ფუნდამენტალური მაჩვენებლების გაუარესების შედეგი, ეს არის, იგივე პოლიტიკური და საგარეო შოკი. მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ლარს მაინც უდიდესი ფუნდამენტალური პრობლემა აქვს. სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და განსაკუთრებით მონეტარული პოლიტიკის გამო, საქართველოში, ლარი ძალიან მცირე ეკონომიკის 20%-ს თუ შეადგენს. დანარჩენი შევსებული აქვს დოლარს. ამიტომ, როცა დოლარიზაციის ასეთი მაღალი ხარისხია, იქ ლარის სიმცირის გამო და იმის გამო, რომ ქვეყანა დაკიდებულია იმპორტზე და ვალუტის მყარი წყაროები არ გააჩნია, ოდნავი შოკის შემთხვევაში ხდება ლარის რყევა.
ამასთან მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მონეტარულ პოლიტიკაში სისუსტე არის წყალწყალა და უაზრო, ე.წ ნეოლიბერალური შეხედულებების დომინირება. როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტიო აცხადებს, რომ არ ერევა ბაზრის მოქმედებაში და ბაზარი თვითონ არეგულირებს ლარის კურსს. ეს იმდენად უტვინო განცხადებაა და პროფესიული თვალსაზრისით სისულელეა, რომ კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ამიტომ არის ქვეყანაში ის მდგომარეობა, რაც არის.
– როგორ ახერხებდა წინა ხელისუფლება ლარის კურსის შენარჩუნებას?
– “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის დროზე, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა 2007 წელს, ინვესტიციების შემოდინების რეკორდული მაჩვენებელი იყო – 2 მლრდ 135 მლნ აშშ დოლარამდე, სად წაეღოთ ეს ფული არ იცოდნენ და ამოიღეს ბრუნვიდან, შესაბამისად, ლარი არანორმალურად გაამყარეს. რაც ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის განუვითარებლობას. ფული იყო იმდენი, რამდენიც ხელისუფლებას ემსახურებოდა.
გამყარებული ლარი, როცა 1 აშშ დოლარი 1.42 ლარი ღირდა, იყო უაზრობა, იმიტომ, რომ ასეთი ძლიერი ეკონომიკა და ფინანსები საქართველოს არ გააჩნია. ამან ფაქტობრივად მოიტანა ის, რომ დღეს, 2-ჯერ მეტი ეკონომიკა შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს იყო უფულო ეკონომიკა. მცირე და საშუალო ბიზნესს ხელი არ მიუწვდებოდა ფინანსებზე, მხოლოდ ძალიან მცირე ჯგუფს და ამან, რა თქმა უნდა, შეაფერხა ეკონომიკური ზრდა. თანაც ხელისუფლების პოლიტიკა იყო ასეთი, – რატომ უნდა ვაწარმოოთ ქვეყნის შიგნით, მოდი, ვიყიდოთ ქვეყნის გარეთ. ანუ ისევ წყალწყალა ნეოლიბერალური შეხედულება, რომელიც დღეს უკვე სანაგვეზეა მოსროლილი.
– ლარი ზედმეტად არის თუ არა დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე. უარყოფითად იმოქმედებს თუ არა ტურისტების შემცირება ქვეყნის ეკონომიკაზე, იმ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, რომლებიც ამ სფეროში არიან დასაქმებულნი?
– აქ არის პრობლემა ის, რომ საქართველო ჩამოკიდებულია იმპორტზე და ექსპორტი აქვს ძალიან სუსტი. ამიტომ, ექსპორტით შემოდინებული უცხოური ვალუტა აბსოლუტურად არ ყოფნის საიმპორტო ოპერაციებს. ჩვენი არასწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენი 1,5 მლნ მოსახლეობა, რომელიც გარეთ არის გასული, რამდენს გადმორიცხავს საქართველოში, საკუთარ ოჯახებში და ტურისტი რამდენი შემოვა. საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის ტურიზმზე აწყობა შეცდომა იყო. განა მართლა ბევრი ტურისტი მოაკლდა ქვეყანას, ცუდი მოლოდინების გამო მივიღეთ ლარის კურსის ვარდნა.
– ანუ პანიკის შედეგია?
– დიახ. არავინ იცის რა მოხდება, ეროვნული ბანკი გონივრულს არაფერს ამბობს, მთავრობა დუმს, ბუნებრივია მოსახლეობასაც და ბიზნესსაც, ვისაც ფული აქვს ხელზე, სასწრაფოდ მირბიან და ყიდულობენ ვალუტას, რომ უარესისგან დაიცვან თავი. რომ იყოს ღია პოლიტიკა და ლარის დევალვაციის უფრო გეგმაზომიერი ვადები, ბიზნესიც და მოსახლეობაც დაგეგმავდა ამას ისე, რომ დანაკარგები მინიმალური იქნებოდა. დღეს, ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, სწორედ ეს არცოდნა არის პანიკის საფუძველი.
– რა რეკომენდაციას მისცემდით ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას?
– აქ განსაკუთრებული რეცეპტი არ არის საჭირო. მე გახლავართ ერთ-ერთი ავტორი ქვეყნის განვითარების კონცეფციისა, სადაც ყველაფერი დაწერილია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება არ არსებობს. პირველი და უმთავრესი არის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დასაქმების უზრუნველყოფა, რაც თავისთავად, უამრავ პრობლემას შეარბილებს. ეს უმთავრესი ამოცანაც არ დგას პოლიტიკის შუაგულში. თუ ზრდა არ იქნება, ვიქნებით ისევ ამ მდგომარეობაში. ხოლო ზრდა რომ იყოს, საჭიროა ჩვენი რესურსის განვითარებაზე მობილიზაცია, რასაც პოლიტიკა და სტიმული სჭირდება.
– დასაწყისში ბრძანეთ, რომ ქვეყანას აქვს რესურსი დაძლიოს კრიზისი, რაში მდგომარეობს ეს რესურსი?
– ეს არის პირველ რიგში ის, რომ ადამიანთა დიდი მასა დაუსაქმებელია. საქართველოში უმუშევრობა ძალიან მაღალია. ოფიციალურად კი არის 12%, მაგრამ 1 მლნ 125 000 ადამიანი თვითდასაქმებულად ითვლება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი უდიდესი ნაწილი რეალურად უმუშევარია. როდესაც ბანკებში, რამდენიმე მლრდ ლარი დეპოზიტებზე დევს და არ მიდის ეკონომიკაში, ვლაპარაკობთ, რომ უცხოელი ინვესტორები გვჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მექანიზმი არ გვივარგა, რომ ეს ფული წავიდეს ეკონომიკაში. მესამე – მატერიალური რესურსები ქვეყანაში და ეკონომიკური სექტორები, რომლებიც ძალიან განუვითარებელია, პირველ რიგში გადამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, რომელსაც შეუძლია ბიო პროდუქციაზე აქცენტირება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რომელიც პატარა ქვეყნებისთვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესი უზრუნველყოფს დასაქმებას და ინოვაციურ საქმიანობა. მხოლოდ მსხვილი ბიზნესია პრივილეგირებული, მცირე და საშულო ბიზნესი ფაქტობრივად საკუთარი ტანჯვით განაგრძობს ცხოვრებას, რაც ძალიან ბევრ რამეს ართულებს.
– არის თუ არა მოსალოდნელი ქვეყანაში სოციალური აფეთქება?
– საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც სოციალური უკმაყოფილება პოლიტიკურ საკითხებში გადაიზრდება. პარადოქსია, მაგრამ ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სოციალური საკითხები არ დგას წინა პლანზე. სოციალური აფეთქების მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მართებს ეს ნეგატიური ფონი ცოტათი მაინც შეარბილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი თუ გაგრძელდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, არ მგონია, ხელისუფლებას რაიმე სერიოზული რესურსი შერჩეს.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი