თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ებრაელი ინვესტორები საქართველოში 100 მილიონამდე დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. ამის შესახებ ნარმანიამ ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
“ეს იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველი ოფიციალური ვიზიტი, სადაც ჩვენ გვქონდა ოფიციალურ დონეზე შეხვედრები. მომზადებული და კონკრეტულად მშენებლობის დასაწყებად უკვე მზადყოფნაშია 6 პროექტი. მათ შორის სამი უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს. ჯამური ღირებულება იმ საინვესტიციო პროექტებისა, რომლებიც ებრაელი ინვესტორების მხრიდან ჩვენს დედაქალაქში უნდა გახორციელდეს, 100 მილიონ დოლარამდეა”, – განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მერის ინფორმაციით, 8-9 სექტემბერს ისრაელიდან დელეგაცია საქართველოში ჩამოვა და ადგილობრივ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავს.