სომხეთის პოლიტიკურ სფეროში ახალი ძალით გააქტიურდა სომხეთის BRICS-ში შესაძლო შესვლის საკითხი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოქტომბერში, ყაზანში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს დაესწრება. ამასთან, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის რიგებში გაწევრიანების შესაძლებლობას ხელისუფლებაში ჯერ არ განიხილავენ.
„ამჟამად, BRICS-ში ინტეგრაციის საკითხი ჩვენს დღის წესრიგში არ განიხილება. ყაზანში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მოწვევა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან მივიღე და მეც დავთანხმდი. სომხეთის ლიდერი BRICS-ის სამიტში პირველად მონაწილეობს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მანამდე კი, გვაქვს ევრაზიის ეკონომიკური კავშირი თავისი აშკარა უპირატესობებით, ამ ინტეგრაციის ფარგლებში სომხეთის ეკონომიკის განვითარების ტემპით და იმით, რაც ათი წლის განმავლობაში სომხეთის რესპუბლიკამ გააკეთა.
“სომხეთი EAEU–ში და დიდი ევრაზიული პარტნიორობა“
ერევანში გაიმართა წიგნის „სომხეთი EAEU-ში და დიდი ევრაზიული პარტნიორობა“ პრეზენტაცია, რომელიც გამოაქვეყნდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის რუსულმა კვლევითმა ცენტრმა და კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა (მოსკოვი).
წიგნი იწყება NIIRK-ის დირექტორის ვლადისლავ გასუმიანოვისა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ოჰანეს ხოჰანისიანის მისალმებით. მკითხველისა და ავტორთა ჯგუფისადმი მესიჯები გააგზავნეს: ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს წევრმა (მინისტრმა), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა სერგეი გლაზიევმა და EEC საბჭოს წევრმა (მინისტრმა) გოჰარ ბარსეგიანმა. წიგნის მთავარი რედაქტორები არიან სოციოლოგი, პროფესორი ვალენტინა კომლევა და ისტორიკოსი, პროფესორი გეგამ პეტროსიანი.
პუბლიკაცია მიეძღვნა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის 10 წლისთავს და ამ ორგანიზაციაში სომხეთის თავმჯდომარეობის წელს. ხოლო გამოქვეყნების რეკომენდაცია საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით გაიცა.
„გამოჩენილი რუსი და სომეხი მეცნიერებისა და ექსპერტების სტატიების ეს კრებული იკვლევს სომხეთის მონაწილეობის საკითხებს ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში და ინტეგრაციის პროცესების გავლენას, ასევე დიდი ევრაზიული პარტნიორობის ხედვას და მასში სამხრეთ კავკასიის რეგიონის ჩართვის პერსპექტივებს. სომხურ და რუსულ სამეცნიერო და ანალიტიკურ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, წიგნი ერთდროულად რუსულ და სომხურ ენებზე გამოიცა”, – განაცხადა ევრაზიის ექსპერტთა კლუბის კოორდინატორმა, პოლიტოლოგმა არამ საფარიანმა პუბლიკაციის წარდგენის პრეს-კონფერენციაზე.
მან გაიხსენა, რომ 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს ერევანში გაიმართება ევრაზიის ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. ფორუმი EAEU-ს მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართება. ევრაზიული ხუთეულის პრემიერ მინისტრების ერევნის შეხვედრის წინა დღეს გამოქვეყნებული სტატიების კრებული მოწმობს სომეხი სპეციალისტების მნიშვნელოვან ინტერესს მიმდინარე ინტეგრაციის პროცესების მიმართ.
სწორი კურსი სასურველ შედეგს ნიშნავს
არამ საფარიანის თქმით, 2013 წელს სომხეთმა ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის კურსი დაადგინა,2014 წელს შეუერთდა EAEU-ს და გასული 10 წლის განმავლობაში დაადასტურა, რომ EAEU იყო სწორი და წარმატებული პლატფორმა სომხეთისთვის თავისი ინტერესების და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად.
„დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მატულობს განხილვები სომხეთში BRICS-ის წევრობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. დარწმუნებული ვარ, ამ დებატებში მეცნიერებისა და ექსპერტების პოზიციები გასათვალისწინებელია, რადგან საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას სახელმწიფო უნდა ეყრდნობოდეს მკაფიო მეცნიერულ და საექსპერტო აზრს. გვჭირდება მეცნიერული კვლევების მკაფიო დასკვნა, რომლითაც სახელმწიფომ უნდა იხელმძღვანელოს, რათა ხელი შეუწყოს სახელმწიფო და განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკას“, – განაცხადა საფარიანმა.
სწორედ ამიტომ, უახლოეს მომავალში სომხურ საზოგადოებაში ამ დისკურსის შემდგომი გააქტიურების პროგნოზით, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული კვლევითი ცენტრის სახელით, მან მოიწვია ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლები თანამშრომლობისთვის, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ამა თუ იმ ინტეგრაციულ სტრუქტურაში სომხეთის კონსტრუქციული მონაწილეობის უზრუნველყოფა.
BRICS და სომხეთის ახალი შესაძლებლობები
ბოლო 10 წელიწადს თუ გადავხედავთ, ევრაზიის ეკ. კავშირის წევრობამ სომხეთის ეკონომიკას ბევრი სარგებელი მოუტანა. ამის შესახებ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული კვლევითი ცენტრის ექსპერტმა, ასოცირებულმა პროფესორმა, საერთაშორისო საკითხებში ექსპერტმა გრიგორ ბალასანიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთ დიდ ინტეგრაციულ ასოციაციებში გაწევრიანება პოსტსაბჭოური პატარა ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენებაც უნდა შეძლონ:
„დარწმუნებული ვარ, სწორი პოლიტიკით ეს შესაძლებლობები დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ დღეს ბევრს საუბრობენ ახალ ინტეგრაციულ ასოციაციაზე, სახელწოდებით დიდი ევრაზიული პარტნიორობა.
„ეს იქნება მრავალფენიანი ინტეგრაციის ერთეული, რომელიც მოიცავს უკვე არსებულ უამრავ ინტეგრაციულ ერთეულს, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, იქნება EAEU. ახლა სომხეთისთვის იხსნება ახალი შესაძლებლობა BRICS-თან თანამშრომლობის გაფართოების კუთხით. ნიკოლ ფაშინიანი ამ ასოციაციის სამიტზე, რომელიც ყაზანში გაიმართება, მიიღებს მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, მომავალში სომხეთის გაწევრიანება BRICS-ში მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის, ჩვენი ხალხის ინტერესებზე იქნება დაფუძნებული. ნებისმიერ ინტეგრაციას ახალი შესაძლებლობები მოაქვს და ჩვენც ეს შესაძლებლობები ეკონომიკური აქტივობის დემონსტრირებისთვის უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბალასანიანმა.
მისივე თქმით, BRICS სომხეთისთვის ასევე ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს, როგორც პოლიტიკის, ისე უსაფრთხოების სფეროში, რადგან ნებისმიერ ეკონომიკურ ინტეგრაციას თან სდევს უსაფრთხოების სერიოზული შესაძლებლობები. ამის მაგალითი მრავლად არსებობს, თუნდაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია.
„დარწმუნებული ვარ, BRICS-ში გაწევრიანების შემთხვევაში და მომავალში ასევე დიდი ევრაზიული პარტნიორობის ფარგლებში, სომხეთის უფრო დიდი აქტივობა ასევე დიდ გავლენას მოახდენს სომხეთის უსაფრთხოებაზე, რადგან ის ზესახელმწიფოები, რომლებიც ინვესტიციას დებენ BRICS-სა და ამ დიდი ევრაზიული პარტნიორობის მეგა-პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულნი არიან რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებითა და აწ უკვე არსებული, თუ პოტენციური პრობლემების სწორად მოგვარებით. ეს სომხეთის უსაფრთხოებისთვის სერიოზული შესაძლებლობაა“, – დაასკვნა გრიგორ ბალასანიანმა.
ლინა მაკარიანი