მიმდინარე წლის სექტემბერში ბიშკეკში დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურების მორიგი შეხვედრა შედგა. პრეზიდენტებმა მთელი რიგი საკითხები განიხილეს, რომლებიც დსთ-ს წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობებს, ასევე ახალი გამოწვევების და საშიშროებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება. შეხვედრაზე დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა ხელი მოაწერეს განცხადებას დსთ-ს 25 წლისთავთან დაკავშირებით, ნიურნბერგის ტრიბუნალის მუშაობის დასრულების 70 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას, თანამედროვე რეალიებთან დსთ-ს ადაპტაციის შესახებ გადაწყვეტილებას.
გარდა ამისა, გადაწყვიტეს, რომ დსთ-ში 2017 წელი ოჯახის წლად, ხოლო 2018 წელი კულტურის წლად გამოცხადდეს.
ყოფნა, არ ყოფნა?
ბოლოს განვითარებული საერთაშორისო მოვლენების ფონზე სულ უფრო აქტიურად განიხილება მომავალი თანამეგობრობა. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნა, რომლის ფარგლებშიც დსთ-ს ქვეყნებმა შედარებით მჭიდრო ინტეგრაციის განხორციელება გადაწყვიტეს, თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს შორის კონფლიქტები, წარმოშობს შეკითხვებს ორგანიზაციის შენარჩუნების მიზანშეწონილობაზე.
კონფლიქტების გარეშე არც ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას ჩაუვლია. უკრაინის ელჩის გამოსვლის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთთან ყირიმის შეერთება ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ნება-სურვილით მოხდა. კიევს დღემდე არ მოუწერია ხელი დსთ-ს დადგენილებაზე და არც მისი რატიფიცირება მოუხდენია, ამიტომაც “საეჭვოა მას ამ სტრუქტურის მუშაობის ორგანიზებაში რაიმე წვლილის შეტანა შეეძლოს”.
უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის და დონბასის კონფლიქტის დაწყების დღიდან, უკრაინის უმაღლესი ხელისუფლება დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურების სხდომას ბოიკოტს უცხადებს. ოფიციალური კიევი კი აცხადებს, რომ დსთ-დან გასვლა სურს, როგორც ეს საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ გააკეთა.
გარდა ამისა, მოლდოვას გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვა დსთ-ს თავმჯდომარეობაზე, ნათლად წარმოაჩინა ორგანიზაციისადმი ამ ქვეყნის დამოკიდებულება და ევროინტეგრაციისკენ აღებული კურსი.
გარდა ამისა, ორგანიზაციის სამდივნოში, ბიშკეკში, პრეზიდენტები ორგანიზაციის შენარჩუნებასა და განვითარებაზე საუბრობდნენ.
“შეხვედრაზე დსთ-ს არსებული საქმეების მდგომარეობაზე გულახდილად ისაუბრეს, ასევე სამომავლო გეგმებზე და თანამედროვე რეალიებთან თანამეგობრობის მოღვაწეობის ადაპტაციის აუცილებლობაზე. სიხარულით აღვნიშნავ, რომ დელეგაციის ყველა ხელმძღვანელმა ერთხმად დაუჭირა მხარი დსთ-ს მოთხოვნადობას, ასევე არა მხოლოდ ჩვენი რეგიონალური ორგანიზაციის შენარჩუნებას, არამედ მის შემდგომ განვითარებას, განმტკიცებას და გასრულყოფილებას. რაც მთავარია, დსთ-ს მოღვაწეობის ეფექტიანობის ამაღლებას”, – განაცხადა დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ლებედევმა.
დსთ-ს შენარჩუნების საჭიროებას კავშირის უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტიც იზიარებს.
“თანამეგობრობის თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გააკეთოს დასკვნა, თუ როგორ მუშაობდა ორგანიზაცია. 25 წელია ორგანიზაცია თავდაპირველ სახელწოდებას ატარებს და სწორედ ეს არის მთავარი, რაც შეიძლება მისი მუშაობის შედეგებში აღინიშნოს,- ეს არის დსთ-ს, როგორც სრულფასოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის შენარჩუნების აუცილებლობა”, – განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს, სხდომის დასრულების შემდეგ.
ამასთანავე, ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ ორგანიზაციის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის საჭიროა დსთ-ში ცვლილებები.
“ყველა ფიქრობს და მათ შორის მეც, რომ პარალელური სტრუქტურები საჭირო არ არის. ყველაფერი, რაც ხელს უშლის წინსვლას, ყველაფერი რაც ბიუროკრატიად ყალიბდება და მხოლოდ ე.წ. საერთაშორისო ბიუროკრატიის სასარგებლოდ მუშაობს, უნდა გადაეწყოს და სხვა ფორმები მიიღოს, რომლებიც მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული კონკრეტული საკითხების მოგვარებისკენ”, – დასძინა მან.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობა
თანამეგობრობის მომავალზე მოსკოვში ბევრი ისაუბრეს, თანამეგობრობის ახალგაზრდა ინტელექტუალების კლუბის მესამე სხდომის მონაწილეებმაც. სხდომის თემა თანამეგობრობის იუბილეს მიეძღვნა: “დსთ 25 წლისაა: განვლილი გზა და განვითარების პერსპექტივები”.
აღსანიშნავია საინტერესო დეტალი: დსთ-ს მომავალთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ ევრაზიული კავშირისა და თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს, რომლებიც ამ კავშირში არ შედიან. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის არაწევრი ქვეყნების წარმომადგენელმა ახალგაზრდა პოლიტოლოგებმა და ჟურნალისტებმა განაცხადეს,რომ მათი რესპუბლიკები ჯერჯერობით არ აპირებენ ევრაზიულ ინტეგრაციაში მონაწილეობას და მხარს უჭერენ დსთ-ს შენარჩუნებას და განვითარებას. განაცხადეს, რომ დსთ-ს წყალობით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში უვიზოდ გადასვლის უფლება აქვთ, რაც ხელს უწყობს დსთ-ს ქვეყნებს შორის არსებული ჰუმანიტარული (და არა მხოლოდ) კავშირების შენარჩუნებას.
თავად ორგანიზაციის წარმომადგენლების აზრით, დსთ თანამშრომლობის საშუალებას იძლევა ზოგიერთ საკითხში, მაგალითად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებიც ერთმანეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში არიან (სომხეთი და აზერბაიჯანი).
თავის მხრივ, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების წარმომადგენლები სკეპტიკურად უყურებენ დსთ-ს განვითარების შესაძლებლობებს. შეიძლება ითქვას, რომ მათი სკეპტიციზმი საფუძვლიანია. საეჭვოა, ევროინტეგრაციის კურსის მქონე ქვეყნებმა დსთ-ს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება სცადონ, რადგანაც ეს ავტომატურად გულისხმობს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებს და ეს საეჭვოა აშშ-ს და ევროკავშირის გეგმებში შედიოდეს.
გარდა ამისა, დსთ-ს ქვეყნებს შორის არსებული კონფლიქტები ხელს შეუშლის დსთ-ს მომავალში მოქმედ და ეფექტიან ორგანიზაციად გადაქცევაში. შემთხვევითი არ არის, რომ წამყვანი რუსი ექსპერტები, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის მიდგომების თაობაზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ მოსკოვი არ აპირებს ევრაზიული კავშირის “მეორე დსთ-ედ” გადაქცევას. გარდა ამისა, დსთ-ს ფარგლებში შედარებით უფრო მჭიდრო ინტეგრაციის კურსის შემთხვევაში, მისი სტრუქტურები და შეთანხმებები ფაქტობრივად ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ასლი იქნება. ეს კი საეჭვოა, დადებითად აისახოს ევრაზიულ ინტეგრაციაზე.
გარდა ამისა, დსთ-ს ფარგლებში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ზონის და უვიზო რეჟიმის შესახებ გაფორმებული შეთანხმების წყალობით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაერთიანების ვალდებულებების და შეზღუდვების დაწესების აზრი იკარგება. ეს კი ევრაზიულ ინტეგრაციაზე უარყოფითად აისახება.
ამ დროისათვის დსთ-ს შიგნით ჩამოყალიბდა სახელმწიფოების ჯგუფი, რომლებიც სამხედრო-პოლიტიკური (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) და ეკონომიკური კავშირების (ევრაზიის ეკონომიკური კავშირი) ფარგლებში შედარებით უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის არიან განწყობილნი. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან, მხოლოდ ტაჯიკეთი არ არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს უახლესი მომავლის საკითხია. ამიტომაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის, რომელსაც არ სურს ამ კავშირებში გაერთიანება, აუცილებელია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობისთვის საჭირო მექანიზმების და შესაძლებლობების შექმნა. როგორც ამას, მაგალითად ევროკავშირი და ნატო აკეთებენ.
რაც შეეხება დსთ-ს, ორგანიზაციამ საბჭოთა რესპუბლიკების “ცივილიზებული გაყრის” ფუნქცია უკვე შეასრულა და დაარსებიდან 25 წლის შემდეგ, ფორმალურ და არაეფექტიან სტრუქტურად გადაიქცა.
ამ ყველაფერთან ერთად, მაინც საეჭვოა, რომ უახლოეს მომავალში დსთ-ს ქვეყნების ლიდერებმა თანამეგობრობის არსებობა ოფიციალურად შეწყვიტონ. ისინი ყოველწლიურად მოაწყობენ ფორმალურ შეხვედრებს შეთანხმებების და განცხადებების დასამტკიცებლად, რომლებსაც პოსტსაბჭოთა სივრცეზე არსებულ ვითარებებზე არანაირი გავლენა არ აქვთ.
შესაძლებელია იმის პროგნოზირებაც, რომ ადგილი ჰქონდეს ორგანიზაციის მოღვაწეობის მოდერნიზების მცდელობებს, რომელიც საშუალებას მისცემს თანამედროვე რეალიებს და გამოწვევებს მოერგოს. თუმცა, საეჭვოა ეს წარმატებული აღმოჩნდეს.
აიკ ხალათიანი