კორონავირუსის გავრცელების პერიოდში სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინეს. ახალგაზრდა მოხალისეებმა, ბლოგერებმა, ბიზნესმენებმა, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებმა საკუთარი სახსრებით ახლობლების დახმარება გადაწყვიტეს.
პროგრამა “ვესტი”-ში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნაჩვენები იყო, მოძრაობა “ასტრახანის ოლქის ახალგაზრდობის” კოორდინატორი არტურ ოგანესიანი და მისი მოხალისე მეგობრები, რომლებიც მედპერსონალს საკუთარი ავტომობილებით ემსახურებოდნენ.
ჩანაფიქრმა გაამართლა – არტურმა და მისმა მეგობრებმა ადგილობრივ ექიმებს, რომლებიც სამსახურამდე მისასვლელად ძალიან დიდ დროს და ენერგიას კარგავდნენ, მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქეს. მედდა ნადეჟდა ბონდარენკო ემოციებს ვერ მალავდა: “რა თქმა უნდა, ახლა სამსახურში სიამოვნებით მივდივარ. მშვიდად მძინავს და კარგი განწყობით ვიღვიძებ“.
მოხალისეებს მედპერსონალი, მხოლოდ სამსახურში კი არა, სახლშიც მიჰყავთ, რითაც იგებენ იმ დროს, რომელიც თუნდაც ერთი ავადმყოფის დახმარებისთვის იქნება საჭირო. აღნიშნული აქცია რუსეთში მასშტაბურ ხასიათს იღებს!
მაგალითად, ბიზნესმენი ვადიმ მელქუმოვის იტალიური რესტორანი მოსკოვში, ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალსა და საერთო საცხოვრებლების მობინადრეებს ცხელ-ცხელი ვახშამით უმასპინძლდება. ზოგიერთი ექიმის ცვლა 24 საათს გრძელდება, ხოლო სამჯერადი კვება საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის გათვალისწინებული არ არის.
“ჩვენი დაწესებულება დღეში ერთ კერძს – ვახშმისთვის ამზადებს. ეს არის: მაკარონი, რავიოლი, პიცა ან სხვა ცხელი კერძი. ცოტა ხნის წინ, რუსული კერძი – „ბესტროგანოვი“ მომზადდა. ერთი ულუფა საშუალოდ, 350 გრამია. კერძები საავადმყოფოში კურიერებს მიაქვთ. შემდეგ მოხალისეები ექიმებს ურიგებენ”, – თქვა იტალიური რესტორნის მმართველმა, ალექსანდრე რუსნაკმა “კომსომოლსკაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში.
აღნიშნული ობიექტი ექიმებისთვის დღე-ღამეში 35 ულუფა საკვებს ამზადებს და თითო ვახშამი მეპატრონეებს 7500 რუბლი უჯდებათ. მელქუმოვის თქმით, მზარეულები ყოველდღიურად ცდილობენ ექიმებს იტალიური კერძებით ასიამოვნონ: „ჩვენი რესტორნის ინსტაგრამის გვერდზე ექიმები მადლობებს გვიხდიან და წერენ, რომელი კერძი მოეწონათ ყველაზე მეტად. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ვცდილობთ, ექიმებს ერთჯერადად კი არა, კარანტინის დასრულებამდე დავეხმაროთ“.
ბიზნესმენის თქმით, რესტორანს ამჟამად შემოსავალი არ აქვს და მხოლოდ ერთი-ორი ადამიანი საბრძოლო სულის შესანარჩუნებლად მუშაობს.
სიკეთის კეთებისგან თავი არც კომპანია “ტაშირის” გუნდს შეუკავებია, რომელიც ბიზნესმენს და მეცენატს, სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის. ჯერ კიდევ 20 მარტს, როდესაც კორონავირუსის გავრცელება ახალი დაწყებული იყო, კომპანიაში განაცხადეს, რომ გაიხსნა საავადმყოფო covid-19-ით დაინფიცირებული პაციენტებისთვის.
“52 ათასი კვ.მეტრის ფართობის სამედიცინო ცენტრი, XX საუკუნის 50-იან წლებშია აგებული, ამჟამად ტექნიკურად მოძველებული სამშობიარო სახლის ადგილზე გაიხსნა”, – ნათქვამია „არმენია თუდეის“ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
23 მარტს გახსნილი საავადმყოფო გათვლილია 500 პაციენტზე ( 2-3 საწოლი თითო პალატაში), ხოლო ბიქსირებული განყოფილებები ყველა საჭირო აპარატურით არის აღჭურვილი. კლინიკაში 34 ექიმი – თერაპევტები და ვიწრო პროფილის სპეციალისტები მუშაობენ. ლაბორატორიაში დღე-ღამეში კორონავირუსის ანალიზზე 500 კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი.
ბარსეგიანის ოჯახის შესახებ ინფორმაცია სოჭადან, რომლებიც სამედიცინო ნიღბებს კერავენ, ძალიან სწრაფად გავრცელდა. ხუმრობა ხომ არ არის – საკერავ მანქანას არა მხოლოდ ოჯახის მეთაური გიორგი ბარსეგიანი, არამედ მისი მშობლები – ასმიკ და ჰამლეტი, ასევე ბიძაშვილი ლუსინეც მიუსხდნენ. ბარსეგიანები ყოველდღიურად 250 ცალ პირბადეს კერავენ, რასაც შემდგომ, მოხალისეებსა და კარანტინში მყოფი ადამიანების ზედამხედველ მედპერსონალს უსასყიდლოდ ურიგებენ.
“სოჭის სამკერვალო ინიციატივის” შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი მოჰყვა. მათ შორი იყო ელენა კონდრატიევას კომენტარი, რომელმაც დაწერა: “აქ ყველაზე მეტად მომეწონა სიტყვა “წარმოება”. ერთი შეხედვით, სამედიცინო ნიღბის შეკერვა იოლი საქმეა, მაგრამ ეს მხოლოდ პროფესიონალებისთვის. მაგალითად, მე, როგორც კერვის მოყვარულმა, ერთი პირბადის შეკერვას მინიმუმ 3 საათი მოვანდომე. ძალიან ბევრი დეტალია, რომლის ზედმიწევნით დაცვაა საჭირო. წარმომიდგენია ბარსეგიანების ოჯახმა, როგორი სამკერვალო ტექნოლოგია შეიმუშავა, რომ ასე სწრაფად კერავენ. ნებისმიერი შემთხვევაში, ისინი ძალიან ყოჩაღები არიან”.
როგორც აღმოჩნდა, ამ ოჯახის წევრები მართლაც ყოჩაღები არიან, რადგანაც პროფესიონალური სამკერვალო გამოცდილება არც ერთს არ აქვს!
“ჩვენი ოჯახის წევრებს, კერვასთან შეხება არასდროს გვქონია. მამაჩემი პროფესიით მზარეულია, დედაჩემი მთელი ცხოვრება დიასახლისია, ჩემი და სილამაზის სალონში მუშაობდა, მე შემდუღებელი ვარ. როდესაც სამედიცინო ნიღბების კერვას შევუდექით, ყველა ჩვენს ნაცნობს გაუკვირდა. გვირეკავდნენ და გვეკითხებოდნენ: თქვენ რა სარგებელს იღებთო? – არც არაფერს! ჩვენ ამას აბსოლუტურად უფასოდ ვაკეთებთ. ზოგჯერ, პროცესი რომ არ გაჩერდეს, რაღაც-რაღაცეებს თავადაც ვყიდულობთ. ახლა, მაგალითად რეზინი გაგვითავდა და ლენტებზე გადავედით. მსურს მივმართო ყველას, ვისაც შეუძლია დაგვეხმაროს და პირბადეებისთვის რეზინი მოგვაწოდოს, ძალიან მადლიერები ვიქნებით”, – განაცხადა გიორგიმ “ყუბანის ახალი ამბებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
“ჩვენს ოჯახს პირბადეების კერვის საკუთარი ტექნოლოგია აქვს. პირველ რიგში, ვამზადებთ ნიმუშებს, შემდეგ ოჯახის უფროსი, ჰამლეტი იწყებს ნიღბების საჭირო მატერიის 20/30 სანტიმეტრის ზომებზე დაჭრას, ჩვენ კი საკერავი მანქანებით ვკერავთ. შემდეგ საქმეში ასმიკი ერთვება, რომელიც რამდენიმეფენიან ნიღბებს, რამდენიმეჯერ და კარგად აუთოებს დეზინფექციის მიზნით”, – დასძინა გიორგიმ.
“ვირუსის გავრცელებით და კარანტინის დაწესებით, ყველანი უმუშევრები დავრჩით. ტელევიზორში ვნახეთ ერთი სომხური ოჯახი, რომელმაც ადგილობრივ მთავრობას სთხოვა სამედიცინო ნიღბების შესაკერად საჭირო მასალა მიეწოდებინა. დედაჩემმა მაშინვე თქვა: მაინც უსაქმოდ ვზივართ და ნიღბების კერვა ჩვენც მოვსინჯოთ. კეთილ საქმეს მაინც გავაკეთებთო”,- ამბობს გიორგი.
თქმა და გაკეთება ერთი იყო! ქალაქის მმართველობამ ბარსეგიანების ოჯახს მარლა, ძაფი და სამედიცინო პირბადის ნიმუში მიაწოდა.
კიდევ ერთი სიამაყის მიზეზი – საფრანგეთში მცხოვრები სომხები არიან. ისინი ტელეკამერების ობიექტივში მაშინ მოხვდნენ, როდესაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დამცავ პირბადეებს და ხელთათმანებს ხალხს ურიგებდნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას თავიანთი ვინაობა არ გაამჟღავნეს, უბრალოდ თქვეს, რომ წარმოშობით სომხები არიან და ისეთ გარემოში გაიზარდნენ, სადაც ადამიანების უანგარო დახმარება ისწავლეს.
“ჩვენ სომხები ვართ, ისე ვართ გაზრდილები, რომ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ”, – გაავრცელა მათი ფრაზა „რუსარმინფომ“ წყაროზე დაყრდნობით.
არანაკლები კეთილშობილებით გამოირჩეოდნენ სომეხი ტაქსისტები ბარსელონაში. “ამ რთულ დროს, სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები ბარსელონაში სამედიცინო პერსონალს ტაქსების უფასო მომსახურებას სთავაზობენ”, – ასეთი ინფორმაცია გავრცელდა ესპანეთის სომხური სათვისტომოს გვერდზე – Los Armenios. ამ გვერდზევე გამოქვეყნდა იმ ტაქსისტების სახელები და ტელეფონის ნომრები, რომლებიც მედპერსონალს უფასოდ მოემსახურებოდნენ.
ფორსმაჟორულ ვითარებაში მოყვასის დახმარების ერთ-ერთი ბრწყინვალე მაგალითი იყო რუსეთში მოღვაწე მომღერალი და ვიდეობლოგერი, დავით მანუკიანი, რომელიც ფსევდონიმით DAVA არის ცნობილი. ბლოგერმა ვიდეო თავის გვერდზე პირველ აპრილს ატვირთა და ეს რეალურად მოხდა. დავითმა და მისმა მეგობრებმა ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ერთი ტონა წიწიბურა და დიდი რაოდენობით ტუალეტის ქაღალდი შეიძინეს, რომლისთვისაც 56 ათასი რუბლი (დაახლოებით 700 აშშ.დოლარი) დახარჯეს. გარდა ამისა, აქციისთვის დახარჯული ფული youtube-ის არხზე რეკლამების ხარჯზე არ ანაზღაურებულა.
“ვიდეო მონეტიზაციის და რეკლამის ინტეგრაციის გარეშე!!! გულიდან წამოსული დახმარება!!! გმადლობთ, რომ მომეცით ასეთი შესაძლებლობა!”, – წერს DAVA თავისი ვიდეოს ანოტაციაში.
თუ ვიმსჯელებთ იმაზე, რამდენად აქტიურები და ენერგიულები იყვნენ დავითი და მისი მეგობრები წიწიბურას და ტუალეტის ქაღალდის დარიგებისას, ისინი მართლაც გულით აკეთებდნენ ამას. ეს სინამდვილეში მთელი გულით გაკეთდა. გამვლელები გაოცებულები და გახარებულები ართმევდნენ მათ ამ საჩუქრებს. ზოგიერთი ტროლეიბუსიდან და ტაქსიდანაც კი გადმოდიოდა იმისთვის, რომ ტუალეტის ქაღალდი და წიწიბურა შეხვედროდათ. ბიჭები უპირატესობას მოხუცებს ანიჭებდნენ. რამდენიმე შეკვრა წიწიბურას მათ ხელჩანთებში და კალათებში უწყობდნენ. ბევრი მათგანი საკვებს ფრინველების და ძაღლებისთვისაც ითხოვდა: “მე მათ ვკვებავ, შვილო … მადლობა… ზუსტად ახლა მაღაზიაში მივდიოდი”. “სხვები სევდიანად, მაგრამ მაინც ხუმრობდნენ: “წარმატებებს გისურვებთ! მითხარით, აღარ იქნება ხომ ვირუსი? კიდევ რამეს ხომ არ დაარიგებთ?”.
„თვალცრემლიანი ვუყურებ… ჩვენთან, უკრაინაშიც იგივე ვითარებაა, მით უფრო, რომ აქ პანდემიის პიკია… დავა, შესანიშნავი ხარ! ცრემლებს ვერ ვიკავებ.“ „ღმერთი, ალბათ, ხარობს ასეთი ადამიანი რომ შექმნა!“. „სულის შემძვრელია! ყოღაც ბიჭებო! გიყურებთ და ვტირი… სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას სამყარო, როგორც შენ და შენი მეგობრები ხართ, დავით!“ „დავით, გიყურებ და ვხვდები რა კარგი ადამიანი ხარ. შესანიშნავი მამა და მეუღლე იქნები!“ – ასეთია კომენტარები, რომელიც მოჰყვება ვიდეორგოლს – „წიწიბურა შენთვის. უფასოდ!“ და რომელმაც 6 დღეში 450 ათასი ნახვა დააგროვა.
“ამ ვიდეოთი იმის ჩვენება კი არ მინდოდა, რა მაგარი ვარ… მე ბლოგერი ვარ და ყველაფერს ვიღებ, რასაც ვაკეთებ. მთელი ჩემი ცხოვრება თქვენს წინაშეა, ამიტომ შექებას არ ველი… უბრალოდ უყურეთ… ეს ვიდეო, უბრალოდ სიყვარულს გაჩუქებთ და განწყობას აგიმაღლებთ“, – ამბობს დავით მანუკიანი ვიდეოს ბოლოს, რომლის გადაღებაც დედამისის სახლში დაასრულა და სადაც მორჩენილი მცირედი ტვირთი მიიტანა.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭორები, რომ საკვების დარიგებას პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს. თუმცა, საკარანტინო ზომების გამკაცრებამ ჩანაფიქრს ხელი შეუშალა. თუმცა, მანუკიანის ერთჯერადი აქციაც წარმატებით დასრულდა. სინამდვილეში, ხალხის რეაქციის მიხედვით, ბევრ ადამიანს სჭირდებოდა არა წიწიბურა, არამედ პოზიტივი და ყურადღება. ერთ-ერთმა გოგონამ, რომელსაც არც წიწიბურა აუღია და არც ქაღალდი, დავითს ნახევრად ხუმრობით მიმართა: “შეიძლება უფასოდ ჩახუტება?” – “შეიძლება!” – გაისმა გულწრფელი პასუხი. ეს სცენა მრავალი ადამიანის სულს შეეხო, რადგანაც ასეთ რთულ დროს გაერთიანებულები და ჩახუტებულები, თუნდაც ფიქრებით, ერთმანეთის გვერდით უნდა ვიდგეთ!
ირინა გრიგორიანი