საქართველოს კონსტიტუციის ოც წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა ინიციატივა, რომ კონსტიტუციის დღე, 24 აგვისტო უქმედ გამოცხადდეს.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაუსვამს ხაზს ამ დოკუმენტის მიმართ თითოეული მოქალაქის კუთვნილებას. გარდა ამისა, მარგველაშვილს სურს კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით, დაწესდება საპრეზიდენტო ახალგაზრდული კონკურსი – “ჩვენი კონსტიტუცია”, რაც “გარკვეულ წილად ახალი ტალღა იქნება ახალგაზრდებს შორის დებატებისა და კონსტიტუციის შესწავლისთვის.”
“დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი, კონსტიტუციის პოპულარიზაციის, მისი საერთო სახალხო დოკუმენტად გახდომისთვის ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაებმება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ინიციატივას გუშინვე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ისედაც ბევრი უქმე დღეა და ქვეყანამ უნდა იშრომოს იმისთვის, რომ კონსტიტუცია ცხოვრებაში დაიგეგმოს. “პრეზიდენტს ჰქონდა ეს იდეა, ამაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა ისედაც ძალიან ბევრი უქმე დღეები გვაქვს. ჩვენ უნდა ვიშრომოთ, რომ კონსტიტუცია ცხოვრებაში დაიგეგმოს,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კმაყოფილია, რომ კონსტიტუციის ახალი მკითხველები საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მოქალაქეები არიან. ამის შესახებ უსუფაშვილმა გუშინ, პრეზიდნეტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს კონსტიტუცია ხდება გამაერთიანებელი დოკუმენტი განსხვავებული მსოფლმხედველობის, განსხვავებული აღმსარებლობის საქართველოს მოქალაქეებისთვის.
“ზოგჯერ კონსტიტუციას სხვადასხვანაირად ვკითხულობთ, მაგრამ ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლო გვყავს, რომელიც სათანადოდ განსჯის ასეთ საკითხებს და ეს არის სწორი გზა, ეს არის კონსტიტუციური დამკვიდრების გზა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. როგორც მოქმედი პარლამენტის, ისე კონსტიტუციის მიმღები საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები, მთავრობის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, კულტურის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.პრეზიდენტისა და პრემიერის “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდებზე საზეიმოდ გადაღებული “სელფებიც” დაიდო.
პრემიერის შეფასებით სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარება იმით განისაზღვრება, რამდენად დემოკრატიულია ქვეყნის კონსტიტუცია და როგორ ვიცავთ მას მოქალაქეები.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დღევანდელი ხელისუფლების მიზანი სწორედ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუციის შემუშავება და ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა, სადაც კანონის უზენაესობა ყველასთვის გარდაუვალი იქნება. “ჩვენი მიზანია, ავაშენოთ ნამდვილად დემოკრატიული, პროგრესული, ევროპული სახელმწიფო და შევქმნათ ისეთი ძირითადი კანონი, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. მეამაყება, რომ ჩვენმა მთავრობამ უკვე უამრავი რამ გააკეთა იმ ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რომლებიც კონსტიტუციის დაცვას უზრუნველყოფენ, იქნება ეს პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, სასამართლო თუ მედია. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც სრულიად თავისუფალია მთავრობის ზეგავლენისგან,” – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
20 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც საქართველომ მიიღო ქვეყნის ძირითადი კანონი – კონსტიტუცია.