2020 წლის სექტემბერში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მორიგი, საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა.“2050 წლისთვის სომხეთის მოსახლეობა 5 მილიონამდე უნდა გაიზარდოს”, – განაცხადა მან სომხური ტრანსფორმაციის სტრატეგიის პრეზენტაციისას.
მაგრამ მსგავსი პოპულისტური განცხადებების მიღმა, რეალური წინაპირობები თუ არსებობს და რამდენად შესაძლებელია ასეთი პერსპექტივა?
2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სომხეთის მუდმივი მოსახლეობა 2 მილიონ 928 ათას 914 ადამიანს შეადგენდა. ეს არის წინა წლის აღწერის მონაცემები. ამასთან, 2011 წლის მოსახლეობის ბოლო აღწერის შემდეგ, მუდმივი მოსახლეობა დაახლოებით 90 ათასი ადამიანით შემცირდა. შემდეგ კი იყო პანდემია, 44-დღიანი ომი…
ფაშინიანის განცხადება გააკრიტიკეს და შემდგომ წლებში ამას ოპონენტები გამუდმებით ახსენებდნენ.
2024 წლის თებერვალში, სტატისტიკურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც სომხეთის მოსახლეობამ 2024 წლისთვის 2,991 მილიონს მიაღწია, რაც წელიწადში 1,8%-ით ან 53,4 ათასი ადამიანით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2023 წლის სექტემბერში 100 000-ზე მეტმა სომეხმა, ცნობილი მოვლენების შემდეგ, მთიანი ყარაბაღი დატოვა და სომხეთში დასახლდა.
ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ მათგან ათი ათასზე მეტი სომხეთის რესპუბლიკიდან მესამე ქვეყნებში გადავიდა, ძირითადად რუსეთის ფედერაციაში. ამრიგად, სომხეთის მოსახლეობის ზრდა ძირითადად არცახის ფაქტორით არის განპირობებული და არა შობადობის მატებით.
2023 წელს სომხეთში 36 265 ადამიანი დაიბადა, 2022 წელს – 36 623 ბავშვი, რაც ასევე 270-ით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით. ამდენად, თუმცა უმნიშვნელოდ, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთში შობადობის შემცირება შეინიშნება. ამ მხრივ, ვითარების უახლოეს წლებში საგრძნობლად გაუმჯობესების პერსპექტივა არ სჩანს, რამაც შესაძლოა, ფაშინიანის ამბიციური გეგმა რეალობად 2050 წლამდე ვერ აქციოს.
სომხეთის მთავრობა განაგრძობს იმ პროგრამების მხარდაჭერას, რომლებიც მიზნად ისახავს შობადობის ზრდის წახალისებას. ამგვარად, ის ოჯახებს ერთჯერად დახმარებას უწევს: პირველი და მეორე ბავშვის დაბადებისას 300 000 დრამის, მესამეს დაბადებისას 1 მლნ, მეოთხეს დაბადებისას 1,5 მლნ დრამის ოდენობით. ხოლო 2022 წლიდან მესამე და მომდევნო ბავშვებისთვის ოჯახები ასევე მიიღებენ თვეში 50 000 დრამს, სანამ ბავშვი ექვი წლის გახდება. თუმცა , ამ ცვლილებების მიუხედავად, ვითარება ჯერ არ გამოსწორებულია.
კიდევ ერთი პრობლემა
ეს არის სომხეთში დაფიქსირებული რეპროდუქციული ასაკის მამაკაცებისა და ქალების რაოდენობის დისბალანსი. ექსპერტები განგაშს ტეხენ: დღეისათვის ერთ ზრდასრულ ქალზე შობადობა 1,7-ია, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი მინიმუმ 2,2 უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რომელიღაც ისტორიულ ეტაპზე შობადობის მაჩვენებელი სიკვდილიანობა ძე ნაკლები იქნება. თუ გავითვალისწინებთ მხოლოდ იმას, რაც ბოლო წლებში მოხდა -2020 წლის 44-დღიან ომში რამდენიმე ათასი დაღუპული მამაკაცი, სომხეთში ქალები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ჭარბობენ. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიგრანტების ძირითადი ნაწილი მამაკაცები არიან და მათგანი ბევრი სამშობლოში აღარ ბრუნდება, ეს ყველაფერი რეპროდუქციული ასაკის მამაკაცებსა და ქალებს შორის დისბალანსს იწვევს. მით უფრო რომ ვითარების უკეთესისკენ შეცვლის ნიშნები არ სჩანს.
არადამაიმედებელი პროგნოზები
2022 წელს გაეროს მოსახლეობის განყოფილებამ გამოაქვეყნა მსოფლიოს მოსახლეობის ახალი პროგნოზი 2100 წლამდე. ამ პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობა 2 მილიონ 816 ათას ადამიანამდე შემცირდება, რაც, როგორც ვხედავთ, ერთი იოტითაც არ აახლოებს ჩვენს ქვეყანას ნიკოლ ფაშინიანის მიერ გაჟღერებულ ციფრთან.
სტრატეგიული კვლევებისა და ინიციატივების ანალიტიკური ცენტრის ექსპერტმა გრანტ მიქაელიანმა თავის მხრივ, დაასკვნა, რომ მოსახლეობის არსებული სქესობრივი და ასაკობრივი სტრუქტურის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, ნაყოფიერების, შობადობისა და მიგრაციის მოსალოდნელი დინამიკის საფუძველზე, 2050 წლის ბოლოს სომხეთის მოსახლეობა 2 მილიონ 571 ათასი ადამიანი იქნება, რაც საკმაოდ ახლოსაა გაეროს საშუალო შეფასებასთან.
„მომავალი 26 წლის განმავლობაში სომხეთის მოსახლეობია მთლიანად დაახლოებით 300 ათასი ადამიანით შემცირდება. რაც, ერთი მხრივ, არც ისე დრამატულია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ სომხეთში ბევრი ადამიანია, ვისაც „სჯერა“, რომ ქვეყანაში 2,5 მილიონი, ან ნაკლები ადამიანია, მაგრამ თუ გადავხედავთ დეტალებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ბევრ მოსალოდნელ პროცესს ექნება უარყოფითი შედეგები როგორც დემოგრაფიული, ასევე ეკონომიკური და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თვალსაზრისით“.,- ამბობს გრანტ მიქაელიანი.
დასასრულს, მინდა ვთქვა, რომ ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ერთადერთი ლიდერი არ არის, რომელმაც ისეთი ციფრები გააჟღერა, რაც ბოლო ათწლეულების ტენდენციების გათვალისწინებით, რეალობად ვერ იქცა. თავის დროზე, მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პროგნოზირებდა, რომ 2040 წლისთვის სომხეთის მოსახლეობა 4 მილიონი იქნებოდა… დიდი ალბათობით, სწორედ ამ განცხადებამ უბიძგა ფაშინიანს ეთქვა , რომ 2050 წლისთვის 5 მილიონი იქნებიან… მაგრამ როგორც ცხოვრება და რაც მთავარია – მშრალი გათვლები აჩვენებს, არც 4 მილიონი იქნება 2040 წელს (როგორც სერჟ სარგსიანმა დაპირდა), და არც 5 მილიონი – 2050 წელს (როგორც ნიკოლ ფაშინიანი დაგვპირდა)…
ლინა მაკარიანი