საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, უკვე მერამდენედ, თავის ელექტორატს დაპირებებით კვებავ. საქართველოს ყოველი მორიგი არჩევნების წინ უკრაინიდან ისმის გამოძახილი: – ჩამოვალ, დავბრუნდები, მოვალ ზღვიდან, ჰაერიდან, გვირაბიდან… ამჯერად, დაბრუნების თემას სააკაშვილმა ვიდეორგოლიც მიუძღვნა, სადაც ის, საქართველოში დაბრუნების დაპირებას უკვე მხატვრულად, უკრაინის ბუნებაში სეირნობითა და უკრაინული მზის სხივებით გაცისკროვნებული კადრებიდან იძლევა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, უკრაინა მისი მეორე სახლია. იქ, თავისი პირველი სახლიდან, საქართველოდან ჩავიდა; რომ უკრაინაა ის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე რთულ პერიოდში  მიიღო ისეთი, როგორიც არის, ყოველგვარი პირობებისა და მოთხოვნის გარეშე; რომ სწორედ იქ ჰქონდა ფიქრის დრო, ბევრი საკითხი გადააფასა და მიხვდა მთავარს, რომ “იყო შეცდომები, მათ შორის მძიმე შეცდომებიც”, სამაგიეროდ, ახლა იცის, როგორ ემსახუროს ჩვენს ქვეყნას და როგორც აიცილოს თავიდან ახალი შეცდომები”.

სააკაშვილი ბოდიშსაც იხდის, თუმცა ბევრისთვის გაუგებარი დარჩა ბოდიშის დანიშნულება და მისამართი. ბოდიში რისთვის, რომელი ერთი დანაშაულისთვის?


“შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი, იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში”, – ამბობს სააკაშვილი და დასძენს, რომ მის პრეზიდენტობას ფუჭად არ ჩაუვლია.


ვიდეორგოლის გავრცელებიდან მეორე დღეს, სააკაშვილმა ახლა უკრაინელებს მიმართ და სოციალურ ქსელში ახალი მიმართვა განათავსა, უკრაინელები დაამშვიდა:

“ზოგიერთი ჩემი მეგობარი უკრაინელი, უბრალოდ მისტიროდა ჩემს “გამომშვიდობებას უკრაინასთან”. მინდა დაგამშვიდოთ ყველანი! თავი მაღლა ასწიეთ! ჩვენ უკრაინაშიც ვიბრძოლებთ და საქართველოშიც. ორივეგან გავიმარჯვებთ! ჩემთვის ამ ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ძებნილად გამოცხადებული ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას დადებითად ხვდებიან მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერები და აცხადებენ, რომ თუ სააკაშვილი თავის თავში იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას, რა თქმა უნდა, ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზევე და ქართული საპატიმრო.

თეა წულუკიანი

“ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი ინსტანციის მიერ დადგენილი განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯოს, როდესაც საპატიმროში იქნება”, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა უკვე საკუთარი თანაგუნდელებიც დაღალა.

როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, ის რაც სააკაშვილის ენაზე შეცდომაა, ქართული მართლმსაჯულების ენაზე დანაშაულს ნიშნავს.

“ასე რომ, ჩამოვიდეს, მართლაც ჩამოვიდეს”, – ამბობს რატი იონათამიშვილი.

გიგა ბოკერია

სააკაშვილსა და “ქართული ოცნების” ლიდერებს შორის გადაძახილ-გადმოძახილით შეწუხებულმა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ კი განაცხადა, რომ ეს დისკუსია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

“მე მაქვს ამოცანა, რომ ივანიშვილის დამარცხების შემდეგ ასეთი საკითხები აღარ არსებობდეს. ჩემი და ჩემი პოლიტიკური ამოცანაა, რომ სააკაშვილისთვის, რომელიც არის პოლიტიკურად დევნილი და ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან, მათი დევნა შეწყდეს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება, ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია “ლელოს” პოზიციას, როგორც მისი ლიდერი, თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, ეს კინო უკვე ნანახი აქვს და არ სურს სააკაშვილის წასვლა-მოსვლაზე კომენტარის გაკეთება. ხაზარაძე თავის ამომრჩეველს მოუწოდებს არჩევანი არ გააკეთოს ორ ცუდ ძალას შორის, რომელთაგან ორივე წარსულია.

“8 წლის წინ ვიღაცის გაშვებით რომ “ოცნება” მოვიდა დღეს, როცა დაჭაობებულ ქვეყანაში იგივე სცენარი შემოდის, ამაზე საერთოდ არ მინდა საუბარი. არ უნდა აირჩიო ორ ცუდს შორის, არ უნდა აირჩიო წარსულს შორის. ჩვენ ვართ ახალი სტანდარტის დამაარსებელი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ლადო ბოჟაძე

სააკაშვილი ბოლო დროს დამაზიანებელ ფიგურად იქცა “ნაციონალური მოძრაობისთვის”. არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ის ფიგურა, რომლის გარშემოც შესაძლებელია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი და საარჩევნო პერიოდში მისი ყოველი გამოჩენა ასხამს, თუ არა “ქართული ოცნების” წისქვილზე წყალს, ამასთან დაკავშირებით Dalma News-მა ექსპერტ ლადო ბოჟაძის მოსაზრება მოისმინა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი, რომელიც წარმოდგენილია ამერიკული ორგანიზაცია “ედოსონ რისერჩის” და საერთაშორისო რესპუბლიკური ორგანიზაციის (IRI) კვლევებში, პირველ რიგში შემაშფოთებელი თავად “ნაციონალური მოძრაობისთვის” უნდა იყოს. ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაწყებულმა ოპოზიციის გაერთიანების კამპანიამ – ძალა ერთობაშია, მათ სასარგებლოდ ვერ იმუშავა და ახლა, “ნაციონალური მოძრაობისთვის” სააკაშვილის ფიგურის წარმოჩენაა საჭირო; რომ “ენმ”-ს ელექტორატი, ეს საკუთრივ მიხეილ სააკაშვილის ელექტორატია და ვერც ერთი სხვა ლიდერი ვერ გასწევს მის მაგივრობას.

მეორე საკითხია აქვს თუ არა სააკაშვილს უფლება გახდეს ქვეყნის პრემიერი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, თუ არა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიაში ჩაეწეროს. საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ერთადერთი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თუ წავა მორიგ კომპრომისზე და სააკაშვილს დაუბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას.

“ნაციონალები იმას თუ გეგმავენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ და კონსტიტუციას შეცვლიან, ეს მათი რეიტინგიდან გამომდინარე, ცოტა ღიმილისმომგვრელია. სიის პირველ ნომრადაც, რომ დაასახელონ სააკაშვილი, ცესკო ასეთ სიას დაახარვეზებს და მოითხოვს სააკაშვილის სიიდან ამოღებას, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც ვერ დარეგისტრირდება საპარლამენტო სიაში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მას წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაც კი, ეკრძალება”, – აცხადებს ექსპერტი ლადო ბოჟაძე.

მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი იყო, როცა ქართულ მართლმსაჯულებას გაექცა და უკრაინას შეაფარა თავი. იქაც არ იყო მოწყენით. უკრაინის მოქალაქეობა ხან ჩამოართვეს, ხან დაუბრუნეს.

“სახურავ-სახურავ იარა, ქოჩრით ათრიეს რესტორანში, დაიჭირეს, მერე ცრემლებით დასველებული წერილი გაუგზავნა უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს და ძლივს გამოვიდა ციხიდან. მერე თითქოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი უნდა გამხდარიყო, თითქოს დღემდე ყველაზე დიდი რეფორმატორია და მოქმედი პრეზიდენტის, ზელენსკის გარდა ყველას უფროსია უკრაინაში, სინამდვილეში საშუალო დონის ჩინოვნიკიც არ არის, ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე საქართველოში ბრუნდება. უკვე მერამდენედ ატყუებს თავის მომხრეებს და კვებავს ცრუ დაპირებებით, რომ ჩამოვა. ხან ზღვიდან მოდის, ხან ხმელეთიდან, ხან გვირაბს თხრის. თუ დაბრუნდება, ყველა ველოდებით”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოში თავისი ნებით თუ ჩამოვა, კარგი იქნება, რადგან მისი ექსტრადიციისთვის საჭირო აღარ იქნება დამატებითი დოკუმენტები. 2-კვირიანის ნაცვლად, პირდაპირ 7-წლიან კარანტინს გაივლის საქართველოში, ევროპული დონის ციხეში. საკითხის იუმორისტულ ნაწილს თავი რომ დავანებოთ და სააკაშვილის დაბრუნების შესახებ ბოლო განცხადება საგნობრივად განვიხილოთ, ფაქტია, რომ მისი ყოველი ასეთი განცხადება იწვევს მისი ელექტორატის გააქტიურებას.

ლადო ბოჟაძის მოსაზრებით, დღეს თუ ვინმეს არ აძლევს ხელს ჭრელი ოპოზიცია, პირველ რიგში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. სააკაშვილისთვის იდეალურია ე.წ შავ-თეთრი არჩევნები, რომ “ქართული ოცნების” ალტერნატივა მხოლოდ “ენმ” იყოს. ასეთ შემთხვევაში ნაციონალებს აქვთ რესურსი 2020 წლის პარლამენტში ყველაზე ძლიერ, ოპოზიციურ ძალად იყვნენ წარმოდგენილნი, მაგრამ 1%-იანი ბარიერი ნაციონალებს ამ შანსს აკარგვინებს.

“58 პოლიტიკური პარტია გატარდა რეგისტრაციაში, 4 პარტია კიდევ დაემატება. ამ არჩევნებში ვეებერთელა საარჩევნო ბიულეტენი გვექნება, სადაც ეწერება ერთი “ქართული ოცნება” და დანარჩენი ყველა ოპოზიციური პარტია. ამდენად ამომრჩეველს, რომელიც არ აპირებს ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს, საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი ექნება. მაგრამ თუ ეს არჩევნები გაშავ-თეთრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, იმ იმედით, რომ მიშა ჩამოვა, გადაწყვეტს, რომ სააკაშვილისკენ წავიდეს ეს ხმები”, – ამბობს ლადო ბოჟაძე.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას, თუ რამე დასაკლები აქვს, ისედაც დააკლდება, თუ რამე ასაღები აქვს, ისედაც აიღებს. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ბოჟაძის პროგნოზით, “ენმ” -ს მაჟორიტარები წაგებისთვის არიან განწირულები. ამიტომ სააკაშვილი ვა-ბანკზე მიდის.

რა იქნება მისი შემდგომი ნაბიჯი. ლადო ბოჟაძის მოსაზრებით, მალე უნდა ველოდოთ სააკაშვილის დაბრუნების მეორე ეტაპს, როცა თავის ელექტორატს ეტყვის, – “ენმ” რომ გაიმარჯვებს, ჩამოვალ და ვიქნები პრემიერ-მინისტრიო. ახლა კი არ ჩამოვალ, როცა შეიძლება ბორკილები დამადონ და ციხეში გამამწესონო.

ვახტანგ მაისაია

მათ შორის, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ციხის სისასტიკე, ერთ-ერთი ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიაა. მისი შეფასებით, სააკაშვილი პოლიტიკური სატირის ნიმუშად გადაიქცა, თუმცა ეს საქართველოს ხელისუფლებას მოდუნების უფლებას არ აძლევს. ექსპრეზიდენტის მიერ უცხო ქვეყნიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოში ძაბავს პოლიტიკურ ვითარებას და სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებას შეიცავს.

“დროა, საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლი მიუყენოს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მან ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დაუმორჩილებლობისა და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამხობისკენ მოუწოდა. ამ მუხლის საფუძველზე სრულებით შესაძლებელია მისი ექსტრადიცია მოითხოვოს პროკურატურამ”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ყველა დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი, საკუთარი ნებით არასდროს ჩამოვა საქართველოში, მას ციხეში ჩაჯდომის ეშინია და კარგად იცი, რომ ქართულ პოლიტიკაში დასაბრუნებლად, სულ მცირე, ვანო მერაბიშვილის (სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი პრემიერი და შს ექსმინისტრი) გზის გავლა მოუწევს.

შორენა პაპაშვილი