საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველომ რევოლუციებზე უარი თქვა და ქვეყანა დიდი ხანია, განვითარებისა და ევოლუციის გზით მიდის. თეა წულუკიანი პარლამენტში დღეს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.
წულუკიანის თქმით, სიმბოლურია, რომ შეხვედრა თბილისში, პარლამენტის იმ ისტორიულ შენობაში იმართება, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და რევოლუციები ნახა.
“ძალიან სიმბოლურია, რომ ეს შეხვედრა სწორედ ამ ისტორიულ შენობაში ხდება. ეს ის შენობაა, სადაც ძალიან ბევრი ისტორიული და პოლიტიკური მოვლენა მომხდარა. ამ შენობამ საქართველოს დამოუკიდებლობა და რევოლუციები ნახა, მაგრამ საქართველომ რევოლუციებზე უარი თქვა და ჩვენ განვითარებისა და ევოლუციის გზით მივდივართ. ამ ქვეყანაში, ევოლუციის პროცესში ღია მმართველობის პარტნიორობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს”, – განაცხადა წულუკიანმა.
საერთაშორისო კოლფერენციას “ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები” სტუმრები მსოფლიოს 32 ქვეყნიდან ესწრებიან.
კონფერეციაზე სიტყვით გამოსვლისას რევოლუციების თემაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც და განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში, გლობალიზაციის, ინტერნეტის, სხვა ტექნოლოგიური რევოლუციების საუკუნეში, წარმომადგელობითი დემოკრატიის ტრადიციული ფორმები აღარ არის საკმარისი.
მისივე შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია განვლილი გზა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყანა ახალ ტექნოლოგიებს, ინოვაციურ მიდგომებს დაეუფლოს. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა ქართველ პოლიტიკოსებს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება, თუ როგორ ხერხდება მეტი ეფექტიანობის, მეტი შედეგიანობის მიღწევა ამ პროცესში.